დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიმფონიური ორკესტრი იუბილარი ხდება
2011/10/31 11:52:26

თეიმურაზ კობახიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი 1977 წელს შეიქმნა.

 

არსებობის თითქმის 35 წლის მანძილზე მან გამოკვეთილი სიტყვა თქვა ქალაქის სულიერ ცხოვრებაში.

„დღევანდელ ქართულ საზოგადოებას მივიწყებული აქვს (თუ დავიწყებული არა) მსოფლიოში განთქმულ ქართველ, საბჭოთა და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნების იმ დირიჟორთა და სოლისტთა არასრული სახელები, რომლებიც კონცერტებს მართავდნენ ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან, - აღნიშნავს პროფესორი ირინა სარუხანოვა, - სწორედ ამ კოლექტივის შემწეობით გაეცნენ ჩვენი ქალაქის მსმენელებს: ვახტანგ ჟორდანია, თეიმურაზ მათურელი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები: ოდისეი დიმიტრიადი, ვერონიკა დუდაროვა, ზურაბ ანჯაფარიძე, ზურაბ სოტკილავა, იგორ ოისტრახი, ვერა გორნოსტაევა, ლევ ფედოსეევი, მიხეილ პლეტნიოვი, ჯეიმს ბრუკსი, ელისო ვირსალაძე, გივი აზმაიფარაშვილი, რევაზ ტაკიძე, ლექსო თორაძე, ვახტანგ მაჭავარიანი, ლიანა ისაკაძე, თამარ გაბარაშვილი, ვლადიმერ ვიარდო, ალექსანდრე სლობოდიანიკი, ილმარ ლაპინში, სანდრო დე პალმა, მაიკლ გრუპე, მარია იანაკოვიჩი, ვლადიმერ ბოგორადი, ლევ მარკიზი, გიგლა ქაცარავა და სხვები.

ორკესტრის დირექტორმა დიმიტრი იამანიძემ, რომელსაც ვთხოვეთ, ამ შესანიშნავი შემოქმედებითი კოლექტივის განვლილ გზასა და დღევანდელობაზე მოეთხრო, საუბარი სწორედ ზემოთ მოხსენებული კონცერტებით დაიწყო:

- მათი საშემსრულებლო და მხატვრული დონე იმდენად მაღალი იყო, რომ სპეციალისტებმა ორკესტრის შემოქმედებითი ცხოვრების ამ პერიოდს (1977-1992 წლები) „რენესანსული“ უწოდეს და „ოქროს ასოებით“ ჩაიწერა ქალაქის ხელოვნების ისტორიაში.

ორკესტრს შექმნისას სამი დირიჟორი თავკაცობდა - თეიმურაზ კობახიძე, რევაზ ხურცილავა და იმ დროისათვის ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა შემოქმედი თენგიზ ჭუმბურიძე. მათ ღრმად გაითავისეს იმ უდიდესი შემოქმედებითი ტვირთის სიმძიმე, რასაც სიმფონიური მუსიკა ჰქვია. რევაზ ხურცილავამ პირველი რეპეტიციისათვის ა. დვორჟაკის მეხუთე სიმფონია შეარჩია, თეიმურაზ კობახიძემ - გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, მისივე განუყრელი მეგობრის, ოთარ თაქთაქიშვილის პირველი სავიოლინო კონცერტი და შემსრულებლად მოიწვია სასიქადულო მევიოლინე ლიანა ისაკაძე. თენგიზ ჭუმბურიძის არჩევანი ფ. ლისტის სიმფონიური პოემის „პრელუდიების“ ინტერპრეტირებაზე შეჩერდა.

- ბატონო დიმიტრი, გავიხსენოთ პირველი კონცერტი...

- ეს იყო სიმფონიური ორკესტრის გახსნისადმი მიძღვნილი კონცერტი. იგი დღემდე დაუვიწყარია მსმენელებისათვის, რომლებიც 1977 წლის 16 ივნისს ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის მოწმენი გახდნენ. კონცერტმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ეს ხაზგასმით ითქვა, როგორც უშუალოდ დარბაზში, ისე - სხვადასხვა ტრიბუნიდან.

ჩვენთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ წინ უსასრულო გზა გველოდა: საშემსრულებლო ოსტატობის, ანსამბლურობისა... თითოეული ორკესტრანტის ოსტატობა, უნიჭიერეს და უძლიერეს დირიჟორებთან ერთად, ქმნიდა მუსიკის ჰარმონიულ, ულამაზეს სამყაროს.

კონცერტის დღეებში სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოდიოდნენ ცნობილი პიროვნებები. მათ შორის ჩვენი მუდმივი სტუმრები იყვნენ აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი - ვლადიმერ ჯერგენია, შემდგომში კი - ანატოლი ხაგბა. ახლაც ყურში ჩამესმის მათი ხატოვანი შედარება: თქვენი ორკესტრი ღიაა, როგორც რომიო.

- ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრს თავიდანვე დაებედა დიდ მუსიკოსებთან თანამშრომლობა...

- დიახ, ასე იყო. ლიანა ისაკაძის შემდეგ ქალაქი გაეცნო დიმიტრი ბაშკიროვს, რომელიც ელისო ვირსალაძის ბებიის, ძირძველი ქუთაისელი ქალბატონის, ანასტასია ვირსალაძის აღზრდილი  გახლდათ. სრულიად ახალგაზრდა ჭაბუკი პარიზში მარგარეტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს კონკურსში მონაწილეობდა და გრან-პრი დაიმსახურა. იგი პირველი გახლდათ მათ შორის, ვინც საბჭოთა პიანიზმის ისტორიაში საზღვარგარეთ ასეთი უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ლეგენდარული ელისო ვირსალაძე, რომელმაც სწორედ იმ პერიოდში გახსნილ კინოსაკონცერტო დარბაზ „საქართველოში“ შუმანის გენიალური ქმნილება - საფორტეპიანო რე მაჟორული კონცერტი შეასრულა ხურცილავას დირიჟორობით.

ორკესტრისათვის განსაკუთრებული აღმავლობის წლები იყო პერიოდი, როცა მოსკოვის დიდი თეატრიდან საქართველოს დაუბრუნდა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი. მან თავის უსაყვარლეს აღზრდილს, თეიმურაზ კობახიძეს ერთად მუშაობა შესთავაზა ისეთ დიდ მუსიკალურ ტილოებზე, როგორიც ჩაიკოვსკის სიმფონიებია. იმდროინდელ მსმენელს დღესაც ახსოვს ამ ორი დიდი ხელოვანის საკონცერტო საღამოები; დიდი თეატრიდან დაბრუნებული, სსრკ სახალხო არტისტის ზურაბ ანჯაფარიძის 16 შემოქმედებითი საღამო დასავლეთ საქართველოში, კონსტანტინე გამსახურდიას საიუბილეო საღამო, რომელიც მის მშობლიურ სოფელ ზანაში გაიმართა და კიდევ ორკესტრის ცხოვრების მრავალი სხვა, დაუვიწყარი ფურცელი. მათ შორის განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე დიდი ქართველი დირიჟორის ვახტანგ ჟორდანიას სახელთან დაკავშირებული ეპიზოდი.

მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ეს საინტერესო ხელოვანი ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფარს მოითხოვდა, 1983 წლის, 6,11 და 12 აპრილს ქუთაისში დირიჟორის პულტთან იდგა. ამ კონცერტებზე, მისივე მოწვევით, სოლისტი გახლდათ ჩაიკოვსკის, ვენიავსკის, სიბელიუსის საერთაშორისო კონკურსების გრან-პრის მფლობელი ვიქტორია მულოვა. ქუთაისში გამარჯვებები იზეიმა ახალგაზრდა ვახტანგ მაჭავარიანმაც, რომელიც ამჟამად ევროპის გასტროლიორი დირიჟორია.

სიმფონიური ორკესტრის წყალობით, ქუთაისს კარგად ახსოვს ლექსო თორაძის ვირტუოზული საშემსრულებლო ხელოვნება, რომელმაც შემდგომ, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის ეგიდით, მთელ მსოფლიოს გრიგალივით გადაუარა.

- გვახსოვს ანშლაგები თქვენს კონცერტებზე...

- ეს ანშლაგები მხატვრული კოლექტივის სარეპერტუარო პოლიტიკამ და სოლისტ-გასტროლიორთა უბადლო შერჩევამ განაპირობა. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ თბილისსა და ბათუმში ჩვენს ორკესტრში აღზრდილი და დაოსტატებული ბევრი მუსიკოსი მოღვაწეობს, მრავალი კი ისრაელში წავიდა და იქ განაგრძობს წარმატებულ შემოქმედებით ცხოვრებას.

სიმფონიური ორკესტრი 1992 წელს, სამი თვით, კომერციული გასტროლით იმყოფებოდა ესპანეთის თითქმის ყველა ქალაქში და ორასამდე კონცერტი გამართა. თითოეულ კონცერტს ათასობით მსმენელი ესწრებოდა და ელექტრონული და ბეჭდვური მედიის მაღალი შეფასება დაიმსახურა.

- კიდევ რა მნიშვნელოვან ფაქტებს გაიხსენებდით ორკესტრის ისტორიიდან?

- 2008 წელს, ქალაქის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ორკესტრს მიენიჭა უდიდესი ნოვაციების ავტორის, უნიჭიერესი დირიჟორისა და პიანისტის, ქუთაისის საოპერო თეატრისა და სიმფონიური ორკესტრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის სახელი. იგი ჩამოვიდა ქუთაისში, როგორც კლავიატურის მეფე და იმიერში გადასახლდა, როგორც დიდი მაესტრო და ეროვნული მოღვაწე.

ორკესტრის პირველი დირექტორი 1979 წლის 12 ოქტომბრამდე იყო დევის ახვლედიანი, მას შემდეგ დღემდე მე გახლავართ.

2006 წლიდან ორკესტრის დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი, რომელიც ამჟამად საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიცაა.

- ქუთაისის სიმფონიური ორკესტრის საკონცერტო მოღვაწეობა არამარტო მაღალი რანგის მუსიკალური ხელოვნების წარმოჩენას ემსახურებოდა, არამედ გამორჩეული იყო იმითაც, რომ რუდუნებით ზრდიდა მუსიკალური ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებლებს...

- მართლაც, თუ ორკესტრის ოცდათოთხმეტწლიან შემოქმედებას გადავხედავთ, მოსწავლე-ახალგაზრდობასთან კავშირი, მათთან მუსიცირებაში გავლილი ყოველი წუთი და წამი უმნიშვნელოვანესია ჩვენთვისაც, ჩვენი ქალაქისთვისაც და სრულიად საქართველოსათვის.

სიმფონიურ ორკესტრთან პირველი ნაბიჯები და გამოსვლები ჰქონდათ ქუთაისელ მოსწავლეებს, შემდგომში - საერთაშორისო კონკურსების ლაურეატებს: ინგა ქაშიკიშვილს, მზია ჯაჯანიძეს, ბესიკ ნამჩევაძეს, სოფიო ოდიშარიას, მანანა კუციას, თეა ჩხენკელს - ესენი ყველანი ჩვენი თანაქალაქელი, შესანიშნავი მუსიკოსის ციცინო თოდუას დაფრთიანებული არიან. ასევე ჩვენს ორკესტრთან თანამშრომლობდნენ პირველად: ირმა ფცქიალაძე, ზაზა ფურცელაძე, მარიკა მაჩიტიძე, გიგლა ქაცარავა, დავით ჩაჩუა და სხვები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვალერი ბასილაძის შემოქმედება (ამჟამად მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია).

ორკესტრმა ბავშვობიდანვე მიაპყრო ყურადღება ნიჭიერ გოგონას მარიკა მაჩიტიძეს. შემდგომ იგი თავისი ლირიული, თბილი და ლამაზი ტემბრის ხმის წყალობით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტად ჩაირიცხა. ბოლოს, ლადო ათანელის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატიც გახდა.

დღეს ორკესტრი აქტიურად უდგას მხარში წყალტუბოს სამუსიკო სკოლის აღზრდილს, ამჟამად ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დამამთავრებელი კლასის ნიჭიერ მოსწავლეს, პიანისტ გიორგი საჯაიას. მას რამდენიმე საკონცერტო ნაწარმოები შესრულებული აქვს თეიმურაზ კობახიძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მათ შორის - გერმანელი პროფესორის, ფრანც ვასერმანის დირიჟორობით. გიორგი საჯაია არის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი. 16 წლის გიორგის მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო - „ქართული კულტურის დესპანი“-ს დიპლომი და მედალი.

„21-ე საუკუნის უმშვენიერეს შემსრულებლებად“ მონათლა ევროპამ და ამავე დროს ჩვენმა ქალაქმა ანა ყიფიანი და ირმა გიგანი. მათი მუსიცირება ჩვენს ორკესტრთან დაუვიწყარია. საერთოდ, ჩვენი ორკესტრი მუდამ ახლოს იდგა დედაქალაქის ნიჭიერ ახალგაზრდობასთან. ორკესტრს სულ პატარები ახსოვს: ვალერიან შიუკაშვილი, მზია სვიმონიშვილი, ირაკლი ჩიჯავაძე, მამუკა სიხარულიძე, მეგი თოფურიძე, შოთა გოგოძე.

გვეამაყება ისიც, რომ ჩვენი საკონცერტო ამპლიტუდა იმდროინდელი რუსეთის მომავალი თაობის აღზრდასაც მისწვდა: პალინა ოსეტინსკაია, ვალერი ოისტრახი, ნატალია ვლასენკო, იგორ ხაცკო - აი, მათი არასრული სია...

ჩვენს ორკესტრთან შემოქმედებით ურთიერთობებში დახვეწილ მუსიკოსებად ჩამოყალიბებული ახალგაზრდობის სია უაღრესად ფართოა და სრულყოფილად მხოლოდ ორკესტრის საარქივო მასალებშია დაცული.

- როგორ ემზადებით 35 წლის იუბილესათვის?

-  საიუბილეო საღამო, ალბათ, იანვრის ბოლოს გაიმართება (თარიღი დამოკიდებულია იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის გამოცემასა და პრეზენტაციაზე). შესრულდება საფრანგეთში მოღვაწე კომპოზიტორის, ჯაბადარის საფორტეპიანო კონცერტი - ავთანდილ მამაცაშვილის დირიჟორობით და ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის (ყოფილი კონსერვატორია) მოსწავლეების მონაწილეობით (პედაგოგ მანანა კუხიანიძის კლასი). რეზო ტაკიძის დირიჟორობით აჟღერდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის IV სიმფონია და მე-4 საფორტეპიანო კონცერტი (სოლისტი - დირიჟორის ქალიშვილი ანი ტაკიძე). კულტურულ-სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებების გაერთიანების თანადგომით, გაგრძელდება ლექცია-კონცერტები ქუთაისის სამუსიკო სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობ, საზოგადოებას დააინტერესებს ჩვენი საიუბილეო პროგრამა, რაზეც სერიოზულად ვმუშაობთ.

 

ესაუბრა ნანა ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2590
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია