დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბავშვების თვალით დანახული ბავშვობა
2011/05/30 12:45:09

„მინდა მქონდეს ტელეფონი, რომელიც ჩემი ”მის და დედის მო”ებნაში დამეხმარება“

ბავშვობა ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების ყველაზე მთავარი ეტაპია, რომელიც ზოგისთვის ზღაპარს ჰგავს, ზოგისთვის კი მხოლოდ ცუდი მოგონებებით არის სავსე. ამ ბოლო დროს, დემოკრატიის განვითარების მცდელობასთან ერთად, საუბარი დაიწყო ბავშვთა უფლებების დაცვაზე. თუმცა, უფლებებს ყოველთვის თან ახლავს მოვალეობები და არ შეიძლება მხოლოდ თავზე ხელის გადასმის პოლიტიკით აღვზარდოთ მომავალი თაობა, რისი ტენდენციაც შეინიშნება.

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა, როგორც მოგეხსენებათ, და კვლავ დაიწყება საუბარი მომავალი თაობის სამართლებრივ უფლებებზე, მაგრამ არა - მოვალეობებზე. ამ კუთხით უკვე ბევრი რამ დაიწერა და ერთ მდინარეში მეორედ შესვლას აღარ ვაპირებ.

ამიტომ, ბევრი ფიქრის შედეგად, ასეთი რამ გადავწყვიტე: გამეკეთებინა ერთ-ერთი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისა და საკუთარი ოჯახების მქონე ბავშვების სურვილების შედარება. ამ კუთხით უკეთ დავინახავთ, რა სჭირდებათ და რაზე ოცნებობენ ბავშვები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ეს პერიოდი აუცილებლად ზღაპარს უნდა ჰგავდეს.

მათ ნააზრევს უცვლელად გთავაზობთ:

ანანო შალიკიანი: „ჩემი ბავშვობა, ჩემი აზრით, ძალიან კარგი და მრავალფეროვანია, რადგან მე ვცხოვრობ ჩემს ოჯახში და მყავს საყვარელი ადამიანები. ისინი ჩემზე ზრუნავენ. არ მინდა ჩემი ცხოვრების შეცვლა, არ მინდა ჩემი პატარა ზღაპარი დაიმსხვრეს. ჩემი ბავშვური მოსაზრებით, ბავშვისთვის ყველაზე საჭიროა თავის ოჯახში დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით გაიზარდოს.“

ბავშვთა სახლის აღსაზრდელების ვინაობას ბოლომდე შეგნებულად არ დავაკონკრეტებ, ეს გადამწყვეტი არ არის, ვფიქრობ.

სტელა, ბავშვთა სახლის აღსაზრდელი „საქართველოშიც და სხვა ერებშიც ბევრი ბავშვია დაცული. მე ეს ძალიან მიხარია. ბავშვთა დღეს მე ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად შევხვდები. ძალიან მსურს, რომ მქონდეს ტელეფონი, რომელიც ჩემი ძმის და დედის მოძებნაში დამეხმარება.“

ლუკა ბაბუნაშვილი: „ჩემი ბავშვობა არის ძალიან კარგი, ხალისიანი და მშვიდი. მინდა იყოს თავისუფლება. არ არსებობდეს ცეკვა, მუსიკა. მინდა იყოს მხოლოდ სკოლა, რომ განათლება მივიღო. ბავშვისთვის საჭიროა თამაში და სწავლა. მინდა იყოს სკოლაში გასართობები და მთელი დღე ჩემს ამხანაგებთან გავატარო.“

ნათია, ბავშვთა სახლის აღსაზრდელი: „პირველი ივნისი არის ბავშვთა დღე და ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ჩემი ოცნებაა, მქონდეს სახლი და ვცხოვრობდე ჩემს დასა და მშობლებთან ერთად.“

ლიზი კილაძე: „ჩემი ბავშვობა მშვენიერია, მე ძალიან მომწონს და მინდა ყველას ასეთივე ჰქონდეს. ბავშვისთვის საჭიროა კარგი გარემო, სიმშვიდე, მრავალფეროვნება, განათლება და სულიერად აღზრდა. მინდა, რომ ყველას კარგი, სიმშვიდით სავსე, ოჯახური და თბილი გარემო ჰქონდეს.“

ონისე, ბავშვთა სახლის აღსაზრდელი: „მიხარია, ბავშვთა დღე რომ მოდის. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ მქონდეს ტელეფონი და კომპიუტერი. კიდევ მინდა მქონდეს ისეთი თბილი და მოსიყვარულე ოჯახი, როგორიც არასდროს მქონია. რა თქმა უნდა, ბევრი ოცნება მაქვს, მაგრამ ამათი ასრულება ყველაზე მეტად მინდა. მცირე საოჯახო ტიპის სახლში ძალიან გამგები ხალხია და ყურადღებას მაქცევენ.“

ანი ბასილაძე: „მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დედა მყავს გვერდით. მოკლედ გეტყვით: თუ დედა გყავს გვერდით, შენი ბავშვობის წლები ბედნიერი და სრულყოფილი იქნება. ძალიან მხიარული და სიცოცხლით სავსე ბავშვი ვიყავი, ახლაც ასეთი ვარ. ბავშვური ოცნება ის იყო, რომ გამოვსულიყავი სამშობლოსთვის სასახელო ადამიანი. ახლაც არ მაქვს აზრი შეცვლილი და იმედია, არც არასდროს შემეცვლება. მადლობა მინდა გადავუხადო დედას და მამას, მათ შემაყვარეს სამშობლო და დედა-ენა.“

ლიკა, ბავშვთა სახლის აღსაზრდელი: „მე ძალიან მიხარია, პირველი ივნისი რომ მოდის და ბავშვებს ყურადღებას მიაქცევენ. მე ძალიან მინდა, მქონდეს კომპიუტერი. მადლობელი ვარ, რომ ვცხოვრობ ჩვენს დიდ ოჯახში და არსებობენ ირგვლივ ისეთი კეთილი ადამიანები, რომლებიც ჩვენთვის ზრუნავენ და გვეკითხებიან, რა გვსურს.“

კონსტანტინე გოლეთიანი: „მე ძალიან კარგი ბავშვობა მაქვს და სხვანაირი არც მინდა, რადგან ღმერთმა ასეთი საყვარელი ოჯახი მომცა. ჩემი აზრით, ბავშვისთვის საჭიროა ოჯახში სიყვარული და, რაც მთავარია, სწავლა. მე იმით ვარ კმაყოფილი, რაც მაქვს და ბედნიერებისთვის სხვა არაფერი მჭირდება.“

ლაშა, ბავშვთა სახლის აღსაზრდელი: „მე გულითა და სულით ვულოცავ მსოფლიოს ყველა ბავშვს ამ დღესასწაულს. როგორც ყველას, მეც მაქვს ნატვრა. ძალიან მინდა მქონდეს კომპიუტერი, ხარისხიანი ფეხბურთის ბურთი, სათამაშო ფორმა, კარგი ტანისამოსი, ველოსიპედი და კედები.“

P.S. უფროსებო! გთხოვთ, ცოტა მეტი ყურადღება და სითბო გამოიჩინოთ ბავშვების მიმართ!“

 

***

ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ახლა იმაზე ოცნებობენ, რომ პირველ ივნისს ქუთაისში ჩამოვიდნენ და ისე გაერთონ, როგორც სხვა პატარები.

მათ უბრალო ყურადღება სჭირდებათ, ადამიანური სითბო და ღიმილი. იმიტომ, რომ ბავშვები არიან და უფროსების მზრუნველობა მოსწონთ. მაგრამ არ უყვართ, როცა დანაპირებს არ უსრულებენ და მათ თავიანთი პიარისთვის იყენებენ. ამიტომ, ერთ-ერთი მათგანის სიტყვებს დავესესხები: „უფროსებო! გთხოვთ, ცოტა მეტი ყურადღება და სითბო გამოიჩინოთ ყველა ბავშვის მიმართ“ და არა მარტო პირველ ივნისს. გახსოვდეთ, რომ მომავალი მათია...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1831
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია