დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ძველი აბაშა, მდინარე ზანა...
2011/05/23 12:47:56

ყოველთვის, როდესაც 15 მაისი - კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღე მოახლოვდება, ერთი ადამიანი გამახსენდება ხოლმე. ვიცი, რომ იგი, საკუთარი ტრადიციისამებრ, აუცილებლად წაიყვანს მოსწავლეებს ძველ აბაშაში, გამსახურდიების ნაფუძვარზე, აჩვენებს დიდი მწერლის ბავშვობის ნატერფალებს და საოცარი ნეტარებით შეასრულებს 20 წლის მანძილზე არც ერთხელ დარღვეულ „რიტუალს“ - წვიმა იქნება, ქარი თუ მზე, - უთუოდ ჩავა „მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარეში“, ზანაში...

ეს ადამიანი ეროვნული მოძრაობის ქუთაისელი აქტივისტი,  მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი, იოსებ ოცხელის საზოგადოების თავმჯდომარე ნანი ჟორჟოლიანი გახლავთ.

ის ფაქტი, რომ კონსტანტინე გამსახურდია ყოფილი ქართული გიმნაზიის მოსწავლე იყო და ორგანიზაცია               „ცხრა მუხას“ ერთ-ერთი დამაარსებელი, განსაკუთრებული სიამაყის საფუძველს აძლევს ამ გიმნაზიის დღევანდელი მემკვიდრის - მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, სიამაყე კი ცოდნასა და შემეცნებაში რომ გარდაისახოს, ქალბატონი ნანი, აგერ უკვე წლებია, მერამდენე თაობას ასწავლის დიდი წინაპრის დაფასებას, თანამედროვეობასთან კავშირში ტრადიციული ღირებულებების გაფრთხილებას.

15 მაისს კიდევ ერთი ავტობუსი ჩავიდა ქუთაისიდან ძველ აბაშაში და მეათე-მეთერთმეტეკლასელთა კიდევ ერთმა ნაკადმა დაათვალიერა კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი. კიდევ ერთხელ ახმაურდნენ ზანას ნაპირებთან ახალგაზრდა ქუთათურები და კიდევ ერთხელ გაოცდნენ ნანი მასწავლებლის „რიტუალით“...

წყლიდან ამოსული ნანი მასწავლებელი კი სკოლის ცხოვრების ძალიან საინტერესო ფაქტებს იხსენებდა და ისიც გვიამბო: 40 წლის წინათ როგორი შეხვედრა მოუწყვეს ბრწყინვალე პედაგოგმა, მეორე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ელიკო ნუცუბიძემ და მისმა მოსწავლეებმა კონსტანტინე გამსახურდიას, ასევე კინოფილმ „დიდოსტატის მარჯვენის“ დამდგმელ კოლექტივს მცხეთაში.

წვიმიანი დღე იყო, ცრიდა. მეათეკლასელმა ზურიკომ ფეხთ გაიხადა და თავადაც შევიდა პატარა მდინარეში. მისი თანატოლები მხიარულად ამხნევებენ.

- ზურიკო, რატომ შედი მდინარეში? - ვეკითხები.

- რა ვიცი, მასწ., გულმა გამიწია. - უბრალოდ მპასუხობს.

ახალი თაობა იწყებს მამულის სიყვარულის შეცნობას.

 

ნანა ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4282
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია