დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„გოლგოთის გზა“, „ წითელი ისტორია“
2011/05/16 12:50:00

„დრო, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ქაოსურად ინგრეოდა ეკლესიები, როცა მონასტრების ადგილზე აბანოები იხსნებოდა, როცა ბერ-მონაზვნებს ძალით ხდიდნენ ანაფორებს და დაუმორჩილებლებს კი სასტიკად ანადგურებდნენ, როცა წითელი იმპერიის მესვეურები ქულებს იწერდნენ დიდი ბელადის თვალში, ვინ უფრო მეტ ეკლესია-მონასტრებს და მათ ბინადრებს გაანადგურებდა“... დრო საბჭოთა ფორმაციის მოღვაწეობისა ჩვენს ქვეყანაში და ბოლშევიკების დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ - სწორედ ეს იყო თამარ ბელქანიას ფილმის „გოლგოთას გზის“ ძირითადი თემა. მისი ჩვენება 12 მაისს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა რექტორატის ორგანიზებით.

ფილმის წარდგენა ქუთაისელი საზოგადოებისათვის ანდრია პირველწოდებულის დღეს მოხდა და ესწრებოდნენ როგორც საერო, ისე სასულიერო პირები.

„დღევანდელ დღეს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. დღეს ერთად დგას ერი და ბერი, ამ ერთიანობას ჩვენ არ დავთმობთ, რადგან დღეს დიდი წმინდანის ხსენების დღეა, რაც შეეხება ფილმს, ეს არის ჩვენი მძიმე წარსული, ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, მაგრამ, ჩვენ რომ ერთად ვართ, ეს არის მთავარი, „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია,“ - განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ.

სამწუხაროდ, ფილმის ჩვენებას ვერ დაესწრო თავად ავტორი, ქალბატონი თამარ ბელქანია, რომელმაც არქივში აღმოაჩინა უნიკალური კადრები. ეს გახდა საფუძველი დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი, მრავლისმთქმელი ფილმის შექმნისა. მასზე მუშაობა და მსჯელობა მიმდინარეობდა ერთი თვის მანძილზე, მაგრამ გაკეთდა ერთ კვირაში.

ფილმის შესახებ რეჟისორის ასისტენტს, ტექსტის ავტორს და რედაქტორს, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს ვესაუბრეთ: 

„აუცილებელი იყო პატრიარქის ჩაწერა. უწმინდესი, ძირითადად, ექსკლუზივს არ იძლევა, მაგრამ როდესაც გაიგო ჩემგან, რომ ისეთი შინაარსის ფილმი უნდა გაკეთებულიყო, სადაც ბოლშევიკური იმპერიის აგრესია გამოჩნდებოდა, დათანხმდა.  ფაქტობრივად ფილმი აიგო პატრიარქის ინტერვიუზე, ანუ მისი საუბრის ტექსტებს დაედო დოკუმენტების სახით არქივში მოძიებული კადრები. ემოცია ძალიან დიდი იყო, თუმცა მაინც ცივი გონებით ვიმუშავეთ, ნაკლებად ჩანს ჩვენი ემოცია, კარგად დაინახავს მაყურებელი ქვეყნისა და ეკლესიის მძიმე ისტორიას. მიუხედავად ყველაფრისა, პატრიარქი მიმტევებელია. ის ამბობს, რომ აუცილებელია, ვიცოდეთ ჩვენი მძიმე ისტორია, თუ რა ჭირი გვარგუნა ბოლშევიზმმა, მაგრამ შურისძიების გზას არ უნდა დავადგეთ. ეს იყო მისი სწავლება.

ფილმი არის მძაფრი, მაგრამ აუცილებელია, გავეცნოთ, რადგან, თუ არ იცი შენი ისტორია, ვერ დაგეგმავ შენს მომავალს“. 

ფილმის ჩვენების პარალელურად მოეწყო ფოტოგამოფენა „წითელი ისტორია“. წარმოდგენილი იყო კომუნისტების მიერ დანგრეულ ეკლესია-მონასტერთა და დევნილ ბერ-მონაზონთა უნიკალური ფოტოები.  

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1887
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია