დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ენათმეცნიერების ინსტიტუტმა დედაენის დღე წიგნების პრეზენტაციით აღნიშნა
2011/04/15 12:37:09

14 აპრილს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა.  ღონისძიების ფარგლებში ინსტიტუტის თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღე წიგნების პრეზენტაციით მიულოცეს.

ინსტიტუტის დირექტორმა 14 აპრილის შესახებაც ისაუბრა. 1978 წელს რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ნებას, კონსტიტუციის 78-ე მუხლში ცვლილებების შეტანის თაობაზე. აღნიშნული ცვლილების მიხედვით ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული ყოველწლიურად აღინიშნება ქართული ენის დღე.

ენათმეცნიერების ინსტიტუტში „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ ახალი რედაქციის II ტომისა და ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონის (ნაკვეთი II) პრეზენტაცია გაიმართა. განმარტებითი ლექსიკონი 8 ტომისგან შედგება. პირველი ნაწილი 2007 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერითა და პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით გამოიცა. ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ დანარჩენი ტომების დამუშავებული რედაქციით გამოცემა უახლოეს მომავალში მოხდება.

ინსტიტუტის ქართული ენის მეტყველების კულტურის განყოფილებაში მომზადდა ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი. ენათმეცნიერების ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ლექსიკონის მომზადება განპირობებულია პრაქტიკული მიზანდასახულობით. ლექსიკონის I ნაკვეთი ზეპირ მეტყველებაში დაშვებულ ორთოგრაფიულ-სტილისტიკურ შეცდომებს ეყრდნობოდა, ხოლო II ნაკვეთი ითვალისწინებს თანამედროვე პრესაში (ე.ი. წერილობით წყაროებში) დადასტურებულ და ყველაზე გავრცელებულ ენობრივ შეცდომებს. მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელისა და ლექსიკონის მთავარი რედაქტორის განცხადებით ეს წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს ქართული ენის მართლწერისა და სტილისტიკის საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. მასში აღწერილია ყველა ის შეცდომა, რასაც ქართულ მედია-სივრცეში ვხვდებით, მოცემულია ამ შეცდომების ახსნა-განმარტება თავისი მაგალითებით.

 

თამარ ვაშაკიძე (მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი): ყოველთვის მინდოდა, რომ ჩვენს საყვარელ ჟურნალისტებს კარგად ესაუბრათ. მათ საუბარს ისმენს მთელი საქართველო. თუ გამოიყენებთ ამ ლექსიკონს, იგი დაგეხმარებათ სწორად მეტყველებაში, მე ასე ვფიქრობ. პირველი ტომი უკვე გამოიცა 2009 წელს და განმეორებით – 2010 წელს, მეორე ტომი ჟურნალისტებს საჩუქრად დაურიგდება.

 

ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის, ლალი ეზუგბაიას, განცხადებით ორივე წიგნი ერთი დიდი საქმის სამსახურშია. ეს არის ქართული სალიტერატურო ენის საუნჯის აღნუსხვა და სწორი ფორმების მიწოდება მომხმარებლისთვის.

 

ლალი ეზუგბაია: თქვენ  შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ ჟურნალისტის? განა მხოლოდ ჟურნალისტები უშვებენ იმ შეცდომებს, რაც ასახულია ამ წიგნში?  ეს წიგნი ყველასთვის არის, ვისაც აინტერესებს მართლწერა, ორთოგრაფია. ჩვენ განსაკუთრებით ხაზი გავუსვით და წინ წამოვწიეთ ჟურნალისტის როლი დღევანდელ საზოგადოებაში. ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი იქცა ჩვენი ცხოვრების შემადგენელ ნაწილად. ახალგაზრდები გასნაკუთრებით ყურადღებას აქცეკენ იმას, თუ როგორ მეტყველებს ჟურნალისტი, როგორ წერს.  ამ შემთხვევაში ჩვენ ერთად, მეცნიერები და ჟურნალსტები,  ნამდვილად შევძლებთ, ხელი შევუწყოთ ქართული სალიტერატურო სიწმინდის დაცვას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1917
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია