დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მუზეუმის პროექტი მზადაა!
2011/03/14 13:07:22

ქუთაისის ისტორიული მუზეუმის არსებული შენობის რეაბილიტაციისა და ახალი სამუზეუმო შენობის საპროექტო სამუშაოები 2007 წლის მიწურლიდან, მთავრობის ინიციატივით დაიწყო. 200 000-ზე მეტი ექსპონატი, რომელსაც მუზეუმი ფლობს, არასაკმარისი ფართის გამო გადანაწილებულია სხვა შენობებშიც. ამიტომაც არსებული ნაგებობის გვერდით იგეგმება ახალი სამუზეუმო შენობის აგება.  დღევანდელი მუზეუმის  შენობა მე-19 საუკუნის ნაგებობაა. იგი  ქუთაისის ცენტრში, მჭიდრო განაშენიანებაშია ჩართული, ამიტომ, პროექტის მიხედვით, ახალი მუზეუმის შენობა თბილისის ქუჩის მიმართულებით განვითარდება. ეს არ არის დამოუკიდებელი მოცულობა. იგი მუზეუმის არსებულ შენობასთან ორგანულადაა დაკავშირებული - განაცხდა ჩვენთან საუბრისას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს  მუზეუმ-ნაკრძალებისა და სამუზეუმო კოლექციების მართვის სამსახურის უფროსმა ირმა დოლიძემ.

 

გაზეთ „P.S.“-ს ირმა დოლიძე ესაუბრა ქუთაისის მუზეუმის პროექტთან დაკავშირებით და დაწვრილებით მოგვითხრო, თუ რა სტადიაშია პროექტი.

მივყვეთ ქრონოლოგიურად.

მუზეუმის რეკონსტრუქციისა და ახალი სამუზეუმო შენობის კონცეფცია ეკუთვნის გერმანელ არქიტექტორს იან შტორმერს. იგი რამდენჯერმე იყო საქართველოში და შექმნა მუზეუმის ესკიზური პროექტი. პარალელურად მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის (ნაგებობის სახელოვნებათმცოდნეო, გეოლოგიური, კონსტრუქციული და ა.შ.) კვლევები. არსებული შენობის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობისას, მისი იერ-სახის შენარჩუნების გვერდით, მნიშვნელოვანი იყო ახალი სამუზეუმო შენობის, მისი საფასადო ნაწილის ორგანული კავშირი მოედნის იერ-სახესა და განაშენიანებასთან, - აღნიშნავს ირმა დოლიძე. - 2008 წელს იან შტორმერმა კულტურის სამინისტროში მოაწყო ქუთაისის მუზეუმის პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები. წარმოდგენილი პროექტით მუზეუმი ოთხსართულიანი ნაგებობაა - თანამედროვე მუზეუმისთვის აუცილებელი სივრცეების გათვალისწინებით. საინტერესოდაა გააზრებული ფონდებში დაცული კოლექციების ე.წ. ღია დეპოში განთავსების იდეა (ნაცვლად დახურული, საფონდო სივრცეებისა), რაც დაინტერესებულ დამთვალიერებელს, ექსპოზიციასთან ერთად, ფონდების ნახვის შესაძლებლობასაც მისცემს და, ამავდროულად, კოლექციათა დაცვის ყველა პირობასაც უზრუნველყოფს. 

 

იან შტორმერის კონცეფცია, რომელიც საფუძვლად დაედო ახალი სამუზეუმო შენობის პროექტს,  მომდევნო ეტაპზე, დამუშავდა ქართველი სპეციალისტების მიერ (არქიტექტურული ნაწილი, კონსტრუქციული ნაწილი და სხვ.). ქუთაისის მუზეუმზე მუშაობა „ინდასტრ კომპანია“-ს დაევალა. მათი შექმნილია სათაფლიის პროექტიც.

პროექტით მუზეუმის შენობის საერთო ფართობია 10 000 კვ.მ. აქედან 4 000 კვ.მ. დაეთმობა საექსპოზიციო სივრცეებს. მუზეუმის არსებული შენობა ახალი ნაგებობის ნაწილი, კერძოდ, ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე სეგმენტი იქნება. ახალი მუზეუმის პროექტში, ასევე, მოაზრებულია წიგნების მაღაზია, საკონფერენციო დარბაზი, კაფე, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო სივრცე და სხვ. 

პროექტზე მუშაობის პარალელურად მიმდინარეობდა მუზეუმში დაცული კოლექციების შესწავლა-სისტემატიზაციისა და ფოტოფიქსაციის პროცესი. მომზადდა სპეციფიკური ფორმატის კითხვარი, რომელიც ცალკეულ ექსპონატზე ინფორმაციის დამუშავებისა და მათი კატეგორიებად (საექსპოზიციო და საფონდო) განსაზღვრის შესაძლებლობას ქმნის. მუზეუმში დაცული კოლექციების დიდი ნაწილი სწორედ ამ პრინციპით ინტეგრირდა  საგანგებოდ შექმნილ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

2010 წელს, ეროვნული საააგენტოს მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა ბერძენი ექსპერტი დიმიტრიოს გრამენოსი, თესალონიკის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპოზიციის ხელმძღვანელი და ამ მუზეუმის ყოფილი დირექტორი. ქუთაისის მუზეუმის კოლექციათა გაცნობის შემდეგ მან დაამუშავა ახალი ექსპოზიციის კონცეფცია, რომელიც კოლექციათა წარმოდგენის თემატურ პრინციპზეა აგებული. იგი ხუთ ქრონოლოგიურ პერიოდს მოიცავს (უძველესი ხანა, ქრისტიანობამდე პერიოდი, შუა საუკუნეები, ახალი პერიოდი და ქუთაისი).  „აღნიშნული კონცეფცია სიახლეა ჩვენი სამუზეუმო ცხოვრებისთვის და განსხვავდება ექსპოზიციათა წარმოდგენის გავრცელებული პრაქტიკისგან. ქუთაისის მუზეუმის გამოფენა დამთვალიერებელს შესთავაზებს დასავლეთ საქართველოს ისტორიას, კულტურას, ყოფას და იგი მთელ საქართველოსთან კონტექსტში იქნება ნაჩვენები“. - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირმა დოლიძემ. 

ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვინაიდან ქუთაისი არის დასავლეთ საქართველოს ცენტრი, მუზეუმი უნდა გადაკეთდეს მთლიანად დასავლეთ საქართველოს მუზეუმად. არქიტექტურული პროექტი დასრულებულია და განსახორციელებლად მზადაა. ამჟამად მიმდინარეობს საექსპოზიციო მასალების დამუშავება ზემოაღნიშნული კონცეფციის მიხედვით, რაც მომავალში ახალი სამუზეუმო შენობის მუდმივ ექსპოზიციად იქცევა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1775
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია