დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკელი ტენორი ქუთაისის ოპერის თეატრში
2011/02/28 12:26:47

24 თებერვალს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გალა კონცერტი გაიმართა სახელწოდებით    „სიყვარულის ჰანგები“. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი განახლებული ორკესტრით, რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით, ძველი და ახალი სოლისტებით და განსაკუთრებული სტუმრით - ამერიკელი ტენორ მარკ ჰელერით წარსდგა ქუთაისელი მაყურებლის წინაშე. ჰელერმა ცნობილი ოპერებიდან შეასრულა როგორც სოლო პარტიები, ასევე - ადგილობრივ ოპერის სოლისტებთან ერთადაც, რამაც შეკრებილი საზოგადოების აღფრთოვანება და გულწრფელი აპლოდისმენტები გამოიწვია.

გაზეთ „P.S,“-თან საუბარში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველმა როზა დვალიშვილმა განაცხადა:

„ეს არის საქველმოქმედო ნაბიჯი ბატონი ჰელერის მხრიდან, რადგანაც დაგვთანხმდა, ჰონორარის გარეშე ემღერა ჩვენს ოპერაში. მეოთხე დღეა, რაც ჩვენთან იმყოფება და ეს პირველი ვიზიტი არის საწყისი თანამშრომლობისა მასთან და მის საპროდიუსერო ფირმასთან ერთად, რომელიც გაგრძელდება. დღევანდელი კონცერტი არის არამარტო კონცერტი კონცერტისთვის და მსმენელისთვის, არამედ ეს არის ძალიან კარგი პარტნიორობის დასაწყისი ამ ორ დაწესებულებას შორის. ჰელერი მომღერალია, რომელსაც დაპყრობილი აქვს რამდენიმე ევროპული და აზიური ქვეყნის საოპერო დარბაზები. მას ნამღერი აქვს კოპენჰაგენში, ლასკალაში, მეტროპოლიტენოპერაში. მან ასევე ჩვენთან ყოფნის დროს მასტერკლასები ჩაუტარა ახალგაზრდა მომღერლებსა და კონსერვატორიის სტუდენტებს. ასე რომ, ეს ურთიერთობა გაგრძელდება მარკ ჰელერთან“.

რევაზ ჯავახიშვილი, დირიჟორი: „რასაკვირველია ეს არ იყო მაქსიმუმი, რაც შეუძლია ჩვენს ორკესტრს, რადგანაც მეტი პოტენციალია ჩვენს მუსიკოსებში, რაც ჯერ კიდევ არ ჩანს და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ახალი ინსტრუმენტების არქონა, ძველი ინსტრუმენტები, პრინციპში, ყველა გადასაგდებია, თუმც არის დაპირებები, რომლის შესრულებასაც ველოდებით.

დღევანდელი შეხვედრით ჩვენ ვაჩვენეთ წლევანდელი ჩვენი ხმები, გავხსენით ხმების სკივრი და ეს იყო პრეზენტაცია ჩვენი თანამშრომლობისა მათთან, ვინც კონკურსი გაიარა და მას შემდეგ მოხვდნენ ჩვენს დასში და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტი სწორედ ამ თვალსაზრისით.

რაც შეეხება დღევანდელი ჩვენი სტუმრის, მარკ ჰელერის ვიზიტს, საერთოდ, ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, ყველაფერი უცხოური ძალიან მომხიბვლელად ჟღერს, მაგრამ ეს ადამიანი ნამდვილად საერთაშორისო დონის  მომღერალია და ეს არის, ასე ვთქვათ, ხიდი ჩვენსა და ევროპულ, ამერიკულ ბაზარს შორის. ის ჩამოიყვანს მომღერლებს და საერთაშორისო ასპარეზზე გვექნება გასვლის საშუალება.“

მარკ ჰელერმა, როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა: „მინდა ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო, რომ ვიყავი ამ არაჩვეულებრივ განახლებულ ოპერაში და გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები. კონცერტი დასრულდა წარმატებით და 100 პროცენტით შესრულდა ჩანაფიქრი. 10 ბალიანი შეფასების სისტემას თუ გამოვიყენებ, მინდა 11 ქულით შევაფასო ორკესტრიც და მაყურებელიც, რომელიც თითქმის გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა და ბოლომდე გაგვიძლო.

ჩვენი შეხვედრა ასევე შედგა ოპერის მენეჯერებთან, ქალაქის მერთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, რომელიც შეეხება თეატრის მომავალს, ზოგადად მისი ბენდის შექმნას და პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1685
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია