დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი „გოდოს მოლოდინში“
2011/01/31 13:05:22

აბსურდის თეატრის კლასიკური პიესა - სამოელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“ სულ მალე ლადო მესხიშვილის თეატრის სცენაზე განხორციელდება.

დამდგმელი რეჟისორია პაატა მილორავა, რომლის სცენურ და კინონამუშევრებს კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი.

 

კითხვაზე, რატომ „გოდოს მოლოდინში?“ - პაატა მილორავა ასე გვპასუხობს: „როდესაც თეატრალურ სამყაროს ვეზიარე, პირველად მაშინ გავეცანი ირლანდიელი მწერლის სამოელ ბეკეტის პიესას „გოდოს მოლოდინში“ ესაა აბსურდის თეატრი, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და გადავწყვიტე, ამ პიესის მიხედვით დამედგა ჩემი სადებიუტო სპექტაკლი. მაგრამ, რაღაც მიზეზთა გამო, ასე არ მოხდა, მოგვიანებით კი საქართველოს ერთ-ერთმა უპირველესმა რეჟისორმა, ბატონმა რობერტ სტურუამ, რუსთაველის თეატრის სცენაზე გააცოცხლა აღნიშნული პიესა. ამან ჩემი ოცნების განხორციელება ერთხელ კიდევ გადასწია. თუმცა თავს პირობა მივეცი და სპექტაკლი არ ვნახე, რათა, ჩემდა უნებურად, დიდი რეჟისორის ზეგავლენა არ განმეცადა. საერთოდ, სპექტაკლს ახასიათებს ასეთი რამ: იბადება, მცირე ხნით არსებობს და კვდება, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. „გოდოს მოლოდინში“ აღარ არის რუსთაველის თეატრის რეპერტუარში და, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კვლავ მივუბრუნდი ჩემი ახალგაზრდობის სურვილს.

რეჟისორს მსახიობები განსაკუთრებულად ჰყავსშერჩეული:

„მე ჩემი სპექტაკლისათვის მსახიობები თავიანთი ნიჭისა და პროფესიონალიზმის ნიშნით ავიყვანე. პიესის მიხედვით, სპექტაკლში ხუთი მსახიობი თამაშობს, ოთხი მთავარი როლია, ერთიც - ეპიზოდური. შერჩეული მსახიობებიდან სამი ჩვენი თეატრის მსახიობია: უმშვენიერესი მარიკა სამანიშვილი, ასევე ნიჭიერი თენგიზ ჯავახაძე და ახალგაზრდა, პერსპექტიული და, მიუხედავად ასაკისა, უკვე წარმატებული მსახიობი აბელ სოსელია.

რაც შეეხება მეოთხე გმირს, მისთვის დამახასიათებელი ტალღის, მუხტის დანახვა რუსთაველის თეატრის მსახიობში, ქალბატონ რუსუდან ბოლქვაძეში შევძელი. ის სულ სხვაა, მისგან სხვა ენერგეტიკა მოდის, ისე ირგებს თავის როლს, თითქოს, მართლაც მისთვის არის შექმნილი.

მეხუთე როლზე ჯერაც თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი რეზო ქაროსანიძე დავამტკიცე. მიუხედავად ასაკისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მისი დებიუტი არ არის, ნათამაშები აქვს ისეთ წარმატებულ სპექტაკლებში, როგორიცაა „რომეო და ჯულიეტა“, „ანა კარენინა“.

როგორც რეჟისორი, თავს კარგად მაშინ ვგრძნობ, როდესაც ჩემი მსახიობები ჩემი თანარეჟისორებიც არიან, აქტიურად ერთვებიან როგორც საკუთარი, ასევე სხვა მსახიობების შემოქმედებით პროცესში, მსჯელობენ, აფასებენ, ჩემთვის მხოლოდ ასეთი მუშაობაა მისაღები“, - გაგვიმხილა ბატონმა პაატამ.

- და როდის მოვა გოდო?

ამ კითხვაზე პაატა მილორავას ასეთი პასუხი აქვს: „სამწუხაროდ, სპექტაკლის დადგმა დროში გაიწელა. - თეატრის ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ სპექტაკლის დადგმის ბრძანებას ხელი 2009 წლის მაისში მოაწერა, მას შემდეგ მრავალჯერ შეჩერდა მასზე მუშაობა, თუმცა, „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ და მეც ეს ჩემთვის სასარგებლოდ გამოვიყენე, სხვა თვალით, სხვა კუთხით შევხედე სპექტაკლს. უკვე წელიწადი და ცხრა თვეა, მასზე ვმუშაობ და რამდენჯერაც თარიღი დავასახელე, იმდენჯერ რაღაც მიზეზის გამო გადაიდო პრემიერა. თითქოს „ჩემი ენა ცუდად მაქვს დაცდილი“.

თეატრის განრიგის მიხედვით, სპექტაკლის პრემიერა, დაახლოებით, თებერვლის მეორე ნახევარშია დანიშნული“. რეჟისორის თქმით, ჩვენი საზოგადოების ცუდი სენია, მუდამ ვიღაცის ან რაღაცის იმედად ყოფნა. მართალია, ეს პიესა ირლანდიელმა მწერალმა ფრანგი ხალხის ხასიათის მიხედვით შექმნა, მაგრამ ქართულ ხასიათსაც დაინახავთ“, სპექტაკლის გმირები უზარმაზარ სცენაზე ქაოსურად დაბორიალობენ, იმედი აქვთ, რომ ვიღაც მოვა („გოდო“, ინგლისური სიტყვა God (ღმერთი) ანალოგია, თუმცა ამ შემთხვევაში, ღმერთი, არ იგულისხმება) ვინც მათ ნაცვლად ყველაფერს გააკეთებს, მათ უპატრონებს, აჭმევს, ასმევს, ჩააცმევს... ამის გამო პერსონაჟები ერთმანეთთან სულ დაპირისპირებულნი არიან, თუმცა აბსურდის თეატრში მათი იმედები ცრუვდება.

პრემიერაზე ერთი უცნაურობაც იქნება: რეჟისორის გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება, პრემიერაზე არ გაიყიდება არც ერთი ბილეთი, ლოჟებსა და იარუსებზე, მაყურებლები მხოლოდ პარტერში დასხდებიან.

„ეს იმდენად რთული პიესაა, რომ, მაპატიოს ყველამ, მაგრამ ნაკლებად წიგნიერი ადამიანი ვერ გაიგებს. ამას სულ სხვა მაყურებელი სჭირდება, ვინც მზად არის ამის აღსაქმელად, ამიტომ მინდა, რომ მოსული სტუმრები მხოლოდ პარტერში ისხდნენ, რათა უკეთ შეიგრძნონ მთლიანად სპექტაკლი, უკეთესად მიიღონ მსახიობებისგან წამოსული მუხტი, უკეთ დაინახონ მათი ჟესტიკულაცია, რომ უკეთესად შეაფასონ. ჩემი სურვილია, აქედან გასულმა მაყურებელმა მცირე ხნით მაინც იფიქროს სპექტაკლზე, იფიქროს „გოდოს მოლოდინის“ ამაოებაზე, თუკი ასე მოხდება, მე ჩავთვლი, რომ პრემიერამ წარმატებით ჩაიარა“.

 

ნესტან ჩაგელიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1769
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია