დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დროა,დავიწყოთ მზადება მელიტონ ბალანჩივაძის 150 წლის იუბილესათვის!
2011/01/24 12:55:34

24 დეკემბერს მელიტონ ბალანჩივაძეს 148 წელი შეუსრულდა. ეს არ არის საიუბილეო თარიღი, მაგრამ ჩვენი მიზანიც ესაა:

საიუბილეო თარიღამდე დრო ჯერ კიდევ არის და იმედი გვაქვს, საზოგადოება ამ თარიღის აღსანიშნავად ისე მოემზადება, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოღვაწეს - მელიტონ ბალანჩივაძეს შეეფერება.დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს ისტორიის იმ ფურცლების გულდასმით გადაფურცვლა, რომლებიც საუკუნეების მიჯნაზე მყოფ საქართველოზე მოგვითხრობენ.

ამ მოკლე პერიოდში ისტორიის კატაკლიზმებს შორის მოქცეულმა საქართველომ თითქოს ბუნების რაღაც ძალების დახმარებით შვა მთელი თაობა, რომელმაც უფსკრულის პირას მყოფი ქართული იდეის კიდევ ერთხელ გადარჩენა შეძლო. თუკი ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაში დღეისთვის რაიმე ხელმოსაჭიდი ფასეულობა და სულიერება არსებობს, ეს ამ დიდი მოღვაწეების თავდადებული შრომის, ენთუზიაზმის, თავგანწირვისა და იდეისადმი ერთგულების შედეგია. სამწუხაროდ, ამ თაობას არ დასცალდა ახალი, თანამედროვე სამყაროს შესატყვისი ქართული იდენტობის ცნობიერებაში ისეთ შრეებამდე შემოტანა, რომელსაც ქართული საზოგადოება დღეს საყრდენად გამოიყენებდა.

...„ძალზე მოკლედ თუ ვიტყვით, მისი (იგულისხმება ილია ჭავჭავაძე. ავტორი) ძალისხმევა წარმოადგენს დრამატულ მცდელობას იმისა, რომ ქართული ისტორიის ნაფლეთებისაგან, პრეტერისტული თუ ეთნოგრაფიული ილუზიებისაგან, ისტორიული ძალების ნაშთებისა თუ ოპტიმიზმის სუსტი და, ხშირად, ილუზორული გამოვლინებებისაგან ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოებრიობის იდეა აგებულიყო  (ზაზა  ფირალიშვილი,  „ილია: ისტორიული კონტექსტი და პიროვნება“).

ვფიქრობთ, რომ ქართული საზოგადოება სწორედ ამ პერიოდის სულიერებას და დინამიურობას ვერ შეიგრძნობს სათანადოდ, ჩაჭიდებულია რა დემოკრატიისა და ლიბერალიზმის პოსტულატებს, უხეშად მანიპულირებს ამ ცნებებით და, საბოლოო ჯამში, ფუნდამენტალიზმად აქცევს მას.

ჰომო სოვიეტიკუსის ძერწვის პერიოდში საქართველოს საზოგადოება ისეთ ისტორიულ ნაპრალებში მოექცა, საიდანაც მხოლოდ მითოლოგიზებული წარმოდგენებიღა ასაზრდოებდა მის ნებელობას. საბჭოთა პერიოდში თანდათანობით განიდევნა ის ავანგარდული, შემოქმედებითი, ენთუზიასტური სული, რომელიც საუკუნის დასაწყისის საქართველოში უკლებლივ ყველგან სუფევდა.

მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ვსწავლობდი ბათუმში და კაციშვილს არ გასჩენია აზრი, მოსწავლეებისათვის მოეყოლა, ვის სახელს ატარებდა სკოლა...“ - ვკითხულობთ ვინმე დავითის ჩანაწერს ქართულ ვებგვერდზე. ბათუმის სასწავლებელი ერთ-ერთია მელიტონ ბალანჩივაძის დაარსებულ სკოლებს შორის. ეს სევდისმომგვრელი კომენტარი მიგვანიშნებს სწორედ იმ სიცარიელეზე, რომლის ამოვსებას ვერანაირი გაბედული რეფორმებით ვერ შევძლებთ, სანამ ჩვენ საკუთარ ინტელექტუალურ რესურსებს ინტენსიურად, ინტერდისციპლინირებული კვლევებით არ ავამოქმედებთ.

ვფიქრობთ, რომ სანამ ქართული საზოგადოება დღეს საკუთარი იდენტობის ძიებაში, ნიჰილიზმის და ფსევდოაღმოჩენების ქაოსურ კორიანტელში ბოლომდე არ გახვეულა, უპრიანი იქნებოდა, ფუნდამენტურად გადაგვეხედა ქართული ავანგარდის პერიოდისათვის. დარწმუნებულნი ვართ, დიმიტრი უზნაძისა თუ მელიტონ ბალანჩივაძისნაირი ადამიანების ნამოღვაწარში დღევანდელი, მაგალითად, განათლების რეფორმებისათვის ბევრი საინტერესო დასაყრდნობი მასალა აღმოჩნდება.

მელიტონ ბალანჩივაძე ქართული კულტურისათვის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწეა. მისი ისტორიული მნიშვნელობა დღეისათვის აღარ არის ფართო საზოგადოების ცნობიერებაში. ქართული კლასიკური მუსიკის საწყისებთან, პროფესიული მუსიკის განვითარებისათვის, ქართული ტრადიციული მუსიკის გადარჩენისათვის მისი წვლილი მხოლოდ მუსიკალურ სამყაროშია ცნობილი.

მელიტონ ბალანჩივაძე ავტორია არა მხოლოდ ქრონოლოგიურად პირველი ეროვნული ოპერისა, არამედ მისი კომპოზიციები სხვადასხვა მუსიკალურ ფორმებად პირველად შეიქმნა საქართველოში. ასეთია მისი რეჩიტატივი (ოპერიდან - „დარეჯან ცბიერი“ 1896/1936), კანტატა, „დიდება ზაჰესს“ (1927), რომელიც პირველი ნიმუშია პლენარული მუსიკისა, საორკესტრო ნაწარმოები „ქართული ეროვნული მარში“ (1921), რომანსები.

მიუხედავად საკომპოზიციო ტექნიკის არასრულყოფილებისა, რასაც სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები უდევს საფუძვლად, უდავოა ბალანჩივაძის მელოდიის, კანტილენის გამომსახველობა. მელიტონ ბალანჩივაძის ისტორიული როლი სრულიადაც არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი კომპოზიციებით. უფრო მეტიც, ვიტყოდი, რომ კომპოზიტორი ბალანჩივაძე „დაიჩაგრა“ საკუთარი ეროვნული მოღვაწეობის ხარჯზე. მელიტონ ბალანჩივაძის შემოქმედების გადახედვისას აუცილებელია ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება. მისი დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, იმდენად შთამბეჭდავია, რომ საზოგადოებისაგან გაცნობიერებას იმსახურებს. ზაზა ფირალიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, მ. ბალანჩივაძე იყო „ვისაც სურდა და მზად იყო, ქართულ ეროვნულ იდეას, უფრო სწორად, ამ იდეის აქ და ახლა არსებობას მომსახურებოდა, რათა შედეგად დამკვიდრებულიყო ერთი პლასტი მაინც ქართული სულიერებისა („ილია: ისტორიული კონტექსტი და პიროვნება“).

სამწუხაროა, რომ ჩვენ, რომელიმე მემორიალურ დაფასთან მდგომნი, შესაძლოა, ვერ ვხვდებოდეთ, თუ რატომ არის ესა თუ ის დაწესებულება მელიტონ ბალანჩივაძის სახელთან დაკავშირებული, ან იყო არის ის ქართველებისათვის ისეთ სათაყვანებელ ადგილას დასაფლავებული, როგორიცაა ბაგრატის ტაძრის გალავანი.

მელიტონ ბალანჩივაძის ცხოვრება გარკვეულად განისაზღვრა 1880 წელს ფილიმონ ქორიძის საქართველოში დაბრუნებით. ფილიმონ ქორიძე (ცნობილი მომღერალი, ბანი, მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრების სცენებზე წარმატებით გამოდიოდა და მელიტონ ბალანჩივაძის ნათესავი იყო დედის მხრდიდან. 1880 წლის 25 ივნისს თბილისში, არწრუნის თეატრში (შემდგომ გრიბოედოვის თეატრი), ფილიმონ ქორიძის კონცერტი გაიმართა, რაზედაც „დროება“ წერდა: „...და ახლა, როდესაც მის (ფ. ქორიძის. ავტორი) ნიჭს თვით ევროპის ეატრებშიაც ღირსეულად აფასებენ, არ გვივიწყებს ჩვენცა და არც თვითონ ავიწყდება, რომ რაც ბუნებას კაცისათვის ნიჭი მიუცია, პირველად თავის მამულს, თავის მოძმე მამულიშვილებს უნდა მოახმაროსო“.

ამ მოკლე საგაზეთო ამონარიდიდანაც კარგად ჩანს ის სულისკვეთება, რაც ამ პერიოდის საქართველოში სუფევდა. ფილიმონ ქორიძემ დათმო თავისი კარიერა, პირადი კეთილდღეობა, დარჩა საქართველოში, პიანისტ მეუღლესთან (პეტერბურგელი პიანისტი ზინაიდა მიხაელოვნა ვორობიცი) ერთად, და მთელი თავისი შემდგომი ცხოვრება ქართული საგალობლების ჩაწერას მოანდომა, რითაც მან თავისი ცხოვრება ფასდაუდებელ და საშვილიშვილო საქმეს მიუძღვნა. მის გვერდით დადგა ახალგაზრდა მელიტონ ბალანჩივაძე.

და თუ, ბოლოს და ბოლოს, ქართული მუსიკის უცვლელად შენახვას შევუდექი, მეტწილად მელიტონისა და ჩემი მეგობრების - აკაკის, გიორგი წერეთლის, დიმიტრი ყიფიანის რჩევა-წაქეზებით, მერე გავბედე... და ამ გამბედაობის დაფასება მომავალი თაობის საქმეა...“ - ჰყვება ფილიმონ ქორიძე (პ. ხუჭუას მონოგრაფიის მიხედვით).

მელიტონიც თმობს თბილისის საოპერო თეატრში თავის ახალდაწყებულ კარიერას და, ფილიმონთან ერთად, 1883 წელს ქუთაისში გადადის. ფილიმონ ქორიძე და მელიტონ ბალანჩივაძე სათავეში უდგებიან დიდ ეროვნულ საქმეს - ქართული მუსიკის გადარჩენას.

ქუთაისში წასვლამდე, 13 მარტს, მელიტონმა გამართა კონცერტი, მის მიერ დაარსებული, 12-კაციანი გუნდით. ასეთი ღონისძიებები დიდ ეროვნულ საქმედ აღიქმებოდა, რასაც ადასტურებს იქ დამსწრე საზოგადოების ჩამონათვალიც: ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვ. ამ დროს მელიტონი მხოლოდ 21 წლის იყო!

სამწუხაროდ, გაზეთის ფორმატი ქუთაისის პერიოდზე უფრო დეტალური თხრობის საშუალებას არ გვაძლევს. არადა, ქუთაისი და იქ მოღვაწე ადამიანები მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა ქართული კულტურის ისტორიაში და განსაკუთრებულ შესწავლას იმსახურებს.

1889 წელს პროფესიული დონის ასამაღლებლად მ. ბალანჩივაძე პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც მისი უფროსი ძმა, ნიჭიერი მხატვარი ვასილ ბალანჩივაძე დ. სარაჯიშვილის სტიპენდიანტი იყო. მ. ბალანჩივაძემ პეტერბურგში 28 წელი გაატარა. ამ პერიოდის მანძილზე ის სამშობლოში ყოფნას შვებულებების დროს მაინც ახერხებდა.

აქ მხოლოდ ძალიან მოკლედ ვახსენებთ პეტერბურგის პერიოდში გაწეულ ღვაწლს.

ანტონ რუბინშტეინი მელიტონს, როგორც ნიჭიერ სტუდენტს, სტუდენტური გაჭირვების პირველ წლებში ჩუქნის პიანინოს და ეხმარება სტიპენდიით.

მელიტონი პეტერბურგის კულტურულ საზოგადოებას დაუახლოვდა და, როგორც ჩანს, მისდამი კეთილგანწყობა დიდი იყო. პეტერბურგში, ისევე როგორც საქართველოში, მელიტონი ძირითადად საზოგადოებრივი ცხოვრებით არის დაკავებული. ამ დროისათვის რუსეთში უკვე დაარსებულია ყოველწლიური ე.წ. „ქართული საღამოები“ (პირველი ჩატარდა 1861 წელს), რომლებიც დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. მ. ბალანჩივაძე სათავეში უდგება „ქართული საღამოების“ მოწყობას და მას საყოველთაო ღირსშესანიშნაობად აქცევს. 1897 წლის 20 დეკემბერს შემდგარ, რიგით 30-ე „ქართულ საღამოზე“ პირველად აჟღერდა ნაწყვეტები პირველი ქართული ოპერიდან „თამარ ცბიერი.“ 1937 წელს მოსკოვში გამართული ქართული კულტურის დეკადისათვის ამ ოპერას ახალი რედაქციით „დარეჯან ცბიერი“ ეწოდა. ოპერის პირველი გამოცემა 1901 წელს კი ბაგრატიონ-მუხრანსკიმ დააფინანსა. ოპერის ერთ-ერთ საბალეტო ნომერს სახელგანთქმული მოცეკვავე მარიუს პეტიპა ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ  „ქართული საღამოები“ საქველმოქმედო იყო და რუსეთში ქართველი სტუდენტების დახმარებას ემსახურებოდა.

მხოლოდ პეტერბურგში, 1903 წლის მონაცემებით, 3000-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობდა. ამ პერიოდის სათვისტომოები და მათი მოღვაწეობა თავისი ორგანიზებულობით, შინაარსით ცალკე თემაა და ბევრ საინტერესო ფურცელს შეიცავს, რომელიც, ჩვენი აზრით, დღევანდელ დიასპორის სამინისტროსაც გზამკვლევად გამოადგებოდა.

1901 წელს მელიტონის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - მან 100-მანეთიანი ლატარიით 200.000 მანეთი მოიგო. მისი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა და, შესაბამისად, მისი გულისხმიერების არეალიც გაიზარდა. ის ბევრს ეხმარებოდა და მნიშვნელოვანია, რომ მან პირველად გამოსცა მიხაილ გლინკას წერილების სრული კრებული, რაზედაც პროფ. ა.ვ. ოსოვსკი წერდა: . ბალანჩივაძემ მ.. გლინკას წერილების სრული კრებულის გამოცემით თავის თავს ძეგლი აუგო...“

მ. ბალანჩივაძე აქვეყნებდა წერილებს ქართულ და რუსულ პრესაში, სადაც, აქ მოყვანილი ამონარიდით, მისი პოზიცია გამოკვეთილია: ევგენი ონეგინის სახელოვან ავტორს (იგ. პეტრე ჩაიკოვსკი. ავტ.) არ შეეფერებოდა, გადაეცმია ქართული თვითმყოფი და პატივსაცემი ჰანგისათვის მსუბუქი, მისთვის შეუფერები სამოსი და სრულებით უცხო და სხვა სახელით გაესტუმრებინა მსოფლიოში“. - წერს მელიტონ ბალანჩივაძე ჩაიკოვსკის მიერ ბალეტ „მაკნატუნაში“ გამოყენებული „იავნანას“ შესახებ, რომელსაც ჩაიკოვსკიმ „არაბული ცეკვა“ უწოდა. მანამდე, ენისელში, თავად ჯორჯაძის მამულში, ეს სიმღერა ჩაიწერა ქართული მუსიკის დიდმა მოამაგემ იპოლიტოვ-ივანოვმა, ვისგანაც ჩაიკოვსკიმ ეს ნოტები მიიღო.

1895 წელს პეტერბურგში მყოფი მელიტონი, გაბრაზდა რა ვინმე რუს რეცენზენტზე, რომელიც სვანურ სიმღერას ველურს და პრიმიტიულს უწოდებდა, ჩავიდა სვანეთში, პირველად ჩაწერა რამდენიმე სვანური სიმღერა, თან წამოიყვანა სამი სვანი და ქუთაისში კონცერტები გამართა. მელიტონ ბალანჩივაძე პირველია ქართველ მუსიკოსთა შორის, ვინც საზოგადოებას სვანური სიმღერის მშვენება ამცნო. პეტერბურგის პერიოდშივე ჩაწერა მან კახური სიმღერები.

მელიტონ ბალანჩივაძის მეუღლე მარია ვასილიევა იყო და მათ ოთხი შვილი შეეძინათ. უფროსი, ნინო, ბავშვობაში გარდაიცვალა; თამარი, ნიჭიერი მხატვარი, 1943 წელს ლენინგრადის ბლოკადას ემსხვერპლა; გიორგი (ჯორჯ ბალანჩინი) ცნობილი ქორეოგრაფი, 1924 წელს გასტროლებიდან აღარ დაბრუნებულა ახლად შექმნილ სსრკ-ში;  ანდრია, ცნობილი ქართველი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, მამის გზის ღირსეული გამგრძელებელი გახლდათ.

1917 წელს მელიტონ ბალანჩივაძე საქართველოში ბრუნდება, სადაც ის 1937 წელს გარდაიცვალა.

სასიხარულოა, რომ ბალანჩივაძეების საგვარეულო ტრადიცია ქართული კულტურის სამსახურისათვის კვლავ გრძელდება. შვილიშვილებიდან ჯარჯი - პიანისტია, ცისკარა - ბალერინა, შვილთაშვილი ანტონი კი - მხატვარი.

ამ სტატიით ჩვენ ასევე გვსურს, ხმა მივაწვდინოთ სათანადო უწყებებს. სწორედ დროული იქნებოდა, ახლა დაწყებულიყო მზადება, დაგეგმილიყო რამდენიმე პროექტი, რომელიც მელიტონ ბალანჩივაძის ნამოღვაწარს მიეძღვნებოდა. აუცილებლად მიგვაჩნია ბალანჩივაძის აუდიოჩანაწერების გამოცემა. დარწმუნებული ვართ, ასეთ პროექტში ჩვენი სასიქადულო ვოკალისტები სიამოვნებით მიიღებდნენ მონაწილეობას.

სამწუხაროა, რომ მელიტონ ბალანჩივაძეზე მწირი, ცნობების გარდა, ინტერნეტში არანაირი მასალა არ იძებნება. აქვე დავძენთ, რომ ქართული ინტერნეტ-საძიებლები სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს და ამ დიდი ხარვეზის სწრაფად ამოვსებას სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით უნდა ცდილობდნენ.

 

მარიკა ლაფაური-ბურკი

გერმანიიდან

 

რედაქციისაგან:

მელიტონ ბალანჩივაძის ნატერფალები ჯერაც თბილია ქუთაისში. მისი დაარსებულია (1918 წ.) ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელი, რომლის დირექტორიც თავად იყო მოგვიანებით. ჩვენს ქალაქთანაა დაკავშირებული მისი მოღვაწეობის რიგი ასპექტები.

დაკრძალული იყო ბაგრატის გალავანში, საიდანაც 1956 წელს გადაასვენეს მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ისიც რად ღირს, რომ ქუთაისის საოპერო თეატრი სწორედ მისი სახელობისაა. და, ალბათ, სწორედ ამ განახლებული შენობიდან უნდა  დაიწყოს ჩვენი ეროვნული კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ოპერა „თამარ ცბიერის“ ავტორის, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის - მელიტონ ბალანჩივაძის საიუბილეო პატივგებაც საქართველოში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2287
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია