დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული სცენის ზეიმი ქუთაისში
2011/01/24 12:52:52

თეატრის აზრი, უწინარესად, ეს ყოფილა და დღესაც ის არის, რომ ბუნებას სარკედ გაუხდეს, სათნოებას მისი სახისმეტყველება აჩვენოს, ბიწიერებას - მისი უმსგავსოება, დროებასა და ხალხს მისი ვითარება და ნაკვალევი“, - ასე განსაზღვრავს უილიამ შექსპირი ხელოვნების ამ დარგის ფუნქციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

ქართული პროფესიული თეატრი 1850 წლიდან იწყებს არსებობას მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის მმართველობის დროს და მის პირველ დადგმად გიორგი ერისთავის „გაყრა“ ითვლება.  თეტარის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის, გოგი ქავთარაძის განცხადებით, ქართული თეატრი ყოველთვის ერის ინტერესების სადარაჯოზე იდგა. მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში ქართულად საუბარსაც კრძალავდნენ, მაინც იდგმებოდა სპექტაკლები მშობლიურ ენაზე და უბრალო ადამიანებს შეეძლოთ ამ გზით სულიერი საზრდოს მიღება.

14 იანვარს, ტრადიციულად ქართული თეატრის დღე აღინიშნება. საზეიმო ცერემონია 2011 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში შედგა. საღამოს ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი სხვადასხვა თეატრის წარმომადგენლები, მსახიობები, რეჟისორები და, უბრალოდ, თეატრის მოყვარულები.

„ნამდვილად მიხარია, რომ დღეს ეს ზეიმი ქუთაისში აღინიშნება. მე თეატრალი კაცი ვარ, ამასთან ერთად, ბაბუაჩემი, ვალერიან შალიკაშვილი იყო მესხიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. ვფიქრობ, საქართველოს ყველა ქალაქში უნდა ზეიმობდნენ ამ თარიღს და ასეთ საღამოებს უნდა ესწრებოდეს თეატრის ყველა გულშემატკივარი. ვულოცავ თქვენს მკითხველს ახალ წელს და ბედნიერებას ვუსურვებ სრულიად საქართველოს,“ - აღნიშნა საღამოზე მოწვეულმა, პანტომიმის თეატრის ფუძემდებელმა, საქართველოს სახალხო არტისტმა ამირან შალიკაშვილმა.

ხელოვანებმა ეს თარიღი 161-ედ აღნიშნეს, ხოლო ქუთაისმა უკვე მეოთხედ უმასპინძლა ამ დღისადმი მიძღვნილ საღამოს - ეს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის, გოგი ქავთარაძის გადაწყვეტილებაა, რომელსაც, კულუარული ინფორმაციის თანახმად, ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა დასჭირვებია ამ იდეის სრულყოფისთვის. საღამოს მსვლელობისას რეჟისორებს, მსახიობებს, თეატრმცოდნეებსა და ტექნიკურ პერსონალს გადაეცათ სხვადასხვა სახის პრემიები და გამოვლინდა დაწესებულ ნომინაციებში გამარჯვებული თეატრის მოღვაწეები. ნუცა ჩხეიძის სახელობის პრემია გადაეცა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობს ცირა აბზიანიძესა და შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობს მარი ჯანაშიას.  

„ეს დღე მოულოდნელობით იყო სავსე. თავისთავად, მოულოდნელობა იწვევს ემოციას. ჩემი განწყობა ათმაგად ამაღლებულია, ვიდრე ჩემი კოლეგების. მე ამ სცენაზე დიპლომი დავიცავი და ამდენი წლის შემდეგ ისევ აქ ვღებულობ ასეთ საპატიო პრემიას. ჩემს წარმატებას ვუძღვნი ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდლამდე მოსვლაში დამეხმარა. გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, ღმერთმა გვაბედნიეროს და უფალი გვფარავდეს ქართული თეატრის საკეთილდღეოდ,“ - ჩვენთან საუბრისას აღნიშნა ცირა აბზიანიძემ.

უშანგი ჩხეიძის სახელობის პრემიის ლაურეატები გახდნენ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრის მსახიობი რენე აბესაძე და საქართველოს დამსახურებული არტისტი დავით დვალიშვილი - მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის.

იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია კი გადაეცათ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობს გოგა პიპინაშვილსა და რუსთაველის თეატრის მსახიობ ჯემალ ღაღანიძეს. „ქუთაისი რუსთაველის თეატრის დასისთვის მეორე სცენაა. სად არ ვყოფილვართ, სად არ გვითამაშია სპექტაკლები, მაგრამ ისეთი მაყურებელი, როგორიც აქაა, არსად შემხვედრია. ამას ბევრი ჩემი  კოლეგაც აღიარებს. ქუთაისი თეატრალური ტრადიციების დამცველი და გამგრძელებელია. ამიტომ, ნამდვილად უპრიანია თეატრის დღის აქ აღნიშვნა. ეს ჯილდო კი ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის და ძალიან საპატიოც. ვულოცავ ყველა ქუთათურს შობა-ახალ წელს და წარმატებებს ვუსურვებ,“ - თავისი ემოციები გაგვანდო საქართველოს სახალხო არტისტმა ჯემალ ღაღანიძემ.

ასევე, საღამოს მსვლელობისას რუსთაველის თეატრის მსახიობს ზაზა პაპუაშვილსა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლს „ანა კარენინა,“ გადაეცათ ლადო მესხიშვილის სახელობის პრემიები.

თეატრის დღესთან ერთად, 14 იანვარს აღინიშნა თეატრის მოღვაწეთა კავშირის 130 წლისა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის დაარსებიდან 150 წლის იუბილე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1857
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია