დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მეორე დედაქალაქის ორმაგი სახე
2010/10/18 13:30:20

მცირე დოსიე:

გელა მშვენიერაძე დაიბადა 1963 წელს, ქუთაისში. თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა        „ქუთქალაქპროექტში“.

1991 წელს წავიდა რუსეთში, სადაც 20 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ფირმაში წამყვან არქიტექტორად. რუსეთში მეგობართან ერთად დაარსებული აქვს ფირმა  „DNA“.

თითქმის ერთი წელია, ქუთაისის მთავარი არქიტექტორია.

 

ჩვენს ქალაქს დღეს ორმაგი სახე აქვს. ცენტრალური ტელევიზიით ხშირად უჩვენებენ რეაბილიტირებული ქუთაისის „წინხედს“. თუმცა მხოლოდ ამ ქალაქის მცხოვრებლებმა (და არა მარტო ჩვენ) ვიცით, რომ ზოგიერთ ლამაზ შენობას ოთხი კედლის ნაცვლად, მხოლოდ ერთი აქვს - წინა ფასადი (იმისთვის, რომ „თვალმა სვას, თვალმა ჭამოს, გული კი მშიერი დარჩეს?“).

როგორი იქნება ახლო მომავალში რეაბილიტირებული უძველესი ქალაქი? რა სტილის ახალი ნაგებობები შეემატება? ექნება თუ არა „მეორე დედაქალაქის“ შესაბამისი შენობები? როდის დაიწყება განახლების მეორე ეტაპი? ამ და სხვა თემებზე მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გელა მშვენიერაძესთან ვისაუბრეთ.

 

მთავარ თემამდე:

 

- ეს რომელი გაზეთია, „P.S.“- იგივე „პოსტსკრიპტუმი“? სად გამოდის?

- დიახ,„პოსტსკრიპტუმი“. ქუთაისში გამოდის. არასოდეს გინახავთ, ან წაგიკითხავთ? რომ იცოდეთ, ჩვენს ქალაქში დღეს მხოლოდ ყოველკვირეული ორი გაზეთი გამოდის...

- არა, არ წამიკითხავს. ოპოზიციურია?

- არა, არც ოპოზიციურია და არც სამთავრობო, დამოუკიდებელი გაზეთია.

- „ყვითელია“?

- არც „ყვითელია“, მგონი, საინტერესო და პრობლემურ თემებზე ვწერთ. შეგიძლიათ, წაიკითხოთ...

 

თანამედროვე ქუთაისის არქიტექტურული სტილი

 

ნუ გაგიკვირდებათ და, დღესდღეობით, რეაბილიტირებულ შენობებს, როგორც ბატონი გელასაგან შევიტყვეთ, საკუთარი განსაზღვრული სტილი არ ჰქონიათ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არქივებში შემონახული ნახაზების მიხედვით იბრუნებს პირვანდელ იერსახეს. სხვა შენობები კი არქიტექტორების თვალთახედვიდან გამომდინარე იქმნება. უშუალოდ სტილს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება.

გ.მ. - ძველ ქუთაისში, ძირითადად, ბაროკოს, კლასიკური სტილისა და რკინა-ბეტონის, ე.წ. საბჭოთა კავშირისათვის დამახასიათებელი ნაგებობები იქმნებოდა. თუ არ ჩავთვლით ეკლესიებს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რომლებიც გასულ საუკუნეებში არის აგებული. მაგალითად, მარჯანიშვილის სახელობის თეატრი...

- ლადო მესხიშვილის...

- ა... ლადო მესხიშვილის. მარჯანიშვილის თეატრი თბილისშია, ხომ?

- დიახ...

- ადრე ფასადები ეკლარის ქვით იყო მოპირკეთებული. ქუთაისში რომ ჩამოვედი (ბატონი გელა 20 წელი რუსეთში ცხოვრობდა, დაახლოებით ერთი წელია, რაც ჩამოვიდა და მთავარ არქიტექტორად მუშაობს), შენობებზე მომრავლებული დამხვდა მინა, მეც ამ მიმართულებას გავყევი. მუშაობას ვიწყებთ ისეთი ნაგებობების შექმნაზე, რომლებიც მიწისძვრის დროს 9 ბალს გაუძლებს. მინა, ასეთ შემთხვევაში, ეფექტური მასალაა, ნაკლებ ხარჯთან არის დაკავშირებული და ვიზუალურადაც ლამაზია.

... მთავარი არქიტექტორის თქმით, მინის იქნება პარლამენტის საინფორმაციო ცენტრიც, რომლის გაკეთებაც თავდაპირველად ცენტრალურ ბაღში (ისტორიულ ბულვარში!!!) უნდოდათ, მაგრამ, საზოგადოების პროტესტის გამო, რკინის გისოსები აიღეს და ახლა უკვე სახვითი ხელოვნების გალერეის წინ დგამენ...

გ.მ. - რამდენად შეესაბამება ამ ადგილს, ვერ გეტყვით(?!!), მაგრამ ეს შენობა აუცილებელია... აქ იქნება დიდ ეკრანზე ნაჩვენები, თუ როგორ მიმდინარეობს პარლამენტის მშენებლობა. როდესაც დასრულდება, მოგეწონებათ, გალამაზდება სკვერი, ორსართულიანი მინის შენობა მთელი ღამე ლამაზად იქნება განათებული. აქვე მინდოდა გამეკეთებინა ტურისტებისთვის, ასე რომ ვთქვათ, ადგილი (ბატონი გელა, ალბათ, საინფორმაციო ბიუროს გულისხმობს), სადაც ქალაქის რუკის მიხედვით მიიღებდნენ ღირსშესანიშნავ ძეგლებზე ინფორმაციებს. ვნახოთ... რაც შეეხება საინფორმაციო ცენტრს, პარლამენტის შენობის დასრულებისთანავე, დაახლოებით ორი წლის შემდეგ, გაუქმდება.

- ქალაქში ძალიან მომრავლდა ლატარეის ჯიხურები. არის თუ არა განსაზღვრული ადგილები, სადაც ისინი უნდა დაიდგას?

- ეს ყველაფერი წინასწარ შეთანხმებულია. არ შეიძლება, დაიდგას იქ, სადაც ფეხით მოსიარულეებს დისკომფორტი შეექმნებათ, ან სხვისი ბიზნესის განვითარებას შეუშლის ხელს, ასევე - პარლამენტის, თეატრის, ოპერის წინ და მსგავს ადგილებში.

- თქვენი ერთწლიანი მუშაობის პერიოდში, რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა?

- სასტუმრო „ქუთაისის“, სავაჭრო ცენტრის (ჭავჭავაძის გამზირზე), დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი (აღმაშენებლის ქუჩაზე) და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტი განვიხილეთ და დავამტკიცეთ.

- როდესაც ამ თანამდებობაზე დაინიშნეთ, არქიტექტურის სამსახურში მოხდა კადრების ცვლილება, თქვენ თუ იყავით ჩართული ამ პროცესში?

- პირადად მე, მირჩევნია გამოცდილი და კვალიფიციური კადრი მყავდეს, ვიდრე ახალი ავიყვანო და თავიდან დავიწყო ყველაფერი. მე უშუალოდ არ ვმონაწილეობდი ამ პროცესში. იყო ჩემს მიმართ რამდენიმე შეკითხვა დასმული... რა კრიტერიუმით აირჩიეს კადრები, არ ვიცი, ალბათ, პროფესიონალიზმის მიხედვით.

 

მწარე გამოცდილება

- რეაბილიტაციის პირველი ეტაპი რომ დასრულდა, ქუჩებში ისევ გვხვდებოდა ამოყრილი ფილები და კვლავ თავიდან იწყებოდა „დასრულებული“ სამუშაოები...

- თითქმის 15-18 წელია, ჩვენს ქალაქში არაფერი გაკეთებულა. ტენდერში გამარჯვებული ფირმები მზად არ იყვნენ, ხარისხიანად შეესრულებინათ ვალდებულებები.

- რომელ ფირმებზეა საუბარი?

- მე   არ   ვიცი,   ზუსტად   ვერ  გეტყვით(???)  ამ  გამოცდილებიდან   გამომდინარე, ჩვენ დეტალურად ვითხოვთ შესრულებული სამუშაოების ნუსხას, ვამოწმებთ ტექნიკურ აღჭურვილობას, მიუხედავად იმისა, რომ კანონში წერია, ვინც ნაკლებ ფასს ითხოვს, იმას მივანიჭოთ უპირატესობა (???), ვცდილობთ, კვალიფიციური ფირმა მოვძებნოთ.

 

რეაბილიტაციის მეორე ეტაპი

გ.მ. - პროექტები გაკეთებულია, ახლა შეთანხმების პროცესშია. აღდგენილი და გალამაზებული იქნება თამარ მეფის და ფალიაშვილის სახელობის ქუჩები. შეიძლება შენობებს ერთი სართული კიდევ დაემატოს. ზუსტი დრო, როდის დაიწყება მეორე ეტაპი და რამდენი თანხა იქნება გამოყოფილი, არ ვიცი.

 

მომავლის ქუთაისი (მანჰეტენად ქცეული)

- მთლიანად ცენტრი იქნება გამშვენიერებული: რუსთაველის, ჭავჭავაძის, აღმაშენებლის, თამარ მეფის, ფალიაშვილის ქუჩები. შემდეგ კი, ალბათ გარე უბნებსაც მიექცევა ყურადღება. გვინდა ჩამოვიყვანოთ ისეთი ტექნიკა, რომელიც ნაკლები დანახარჯით მოგვცემს საშუალებას, ფასადები გავალამაზოთ. ძალიან კარგი არქიტექტორების ახალი თაობა მოდის, ასეთი ტემპით თუ გავაგრძელეთ, ჩვენს ქალაქში გაჩნდება თანამედროვე შენობები, როგორებიც არის იტალიაში, საფრანგეთში. თუ კი მომრავლდება ასეთი ნაგებობები, როგორიც ბავშვთა გასართობი ცენტრი იქნება (ძველი კინო „საქართველოს“ შენობის ადგილზე), შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისი მანჰეტენად გადაიქცევა (???).

 

*** 

მანჰეტენი კარგია, უფრო ზუსტად, საუკეთესოა, ოღონდ - ამერიკაში. ჩვენ კი საქართველოში ვართ, 3500 წლის ქალაქში, სადაც ისტორიული ბულვარია, ბაგრატია, რიონის სანაპიროა, „მეფეთ უბანია“...   ვინძლო,   მანჰეტენთან დამსგავსებით ტრადიციულ ქუთაისთან „განმსგავსება“ არ დაგვემართოს (ისე, გოგონები კი მინდა დავამშვიდო: თუ ირგვლივ მინის შენობები იქნება, სარკის ტარება ნამდვილად აღარ დაგვჭირდება).

 

იმედი ვიქონიოთ, ქალაქის მთავარი არქიტექტორი, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ჩანაფიქრი აქვს, სამომავლო პროექტებში ქუთაისის ტრადიციული არქიტექტურის თავისებურებებსა და ინდივიდუალობასაც გაითვალისწინებს.

 

სალომე კაპჭელაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1771
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია