საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მარინე - ჩვეულებრივიც და არაჩვეულებრივიც
2010/07/26 12:48:48

იგი ასეთია: ერთი შეხედვით კუშტი და უკარება, თითქოს თავისებური და მარტოსული... მაგრამ თუ მასთან ერთ საათს მაინც დაჰ-ყოფ, საოცარ ადამიანთან აღმოჩნდები: კეთილია და მიმტევებელი, უღალატო მეგობარი და საოცრად დიდი სულის მატარებელი.

მარინე გაგოშიძე თითქმის სამი ათეული წელია, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სრულუფლებიანი წევრია. ძალიან ახალგაზრდა, თითქმის ბავშვი იყო, თეატრში რომ მივიდა და მიიტანა მისთვის დამახასიათებელი საოცარი თვისებები, იუმორი და კისკისი, ადამიანების სიყვარული და მეგობრობა. თეატრში მუშაობით დიდი გამოცდილება შეიძინა და შვილივით შეიყვარა თეატრი, რეჟისორის თანაშემწის თანამდებობა მისთვის უსაყვარლეს პროფესიად იქცა.

ბევრ ცნობილ და ნიჭიერ რეჟისორთან იმუშავა და მათი გულწრფელი ქებაც დაიმსახურა, ვინაიდან, მოგეხსენებათ, სპექტაკლის დადგმის შემდეგ სწორედ რეჟისორის თანაშემწეა მისი ბატონ-პატრონი. წვლილი აქვს შეტანილი პატარების საყვარელ ისეთ თოჯინურ წარმოდგენებში, როგორიცაა: ბაუმის „პირიმზე“, გერნეტის „ბატის ჭუკი“, ლინდგრენის „კარლსონი და ბიჭუნა“, შვარცის „წითელქუდა“, კეჟერაძის „ურჩი ბაჭია“ და მრავალი სხვა.

ყოველთვის, როცა გახალისებული პატარა მაყურებელი ტაშს უკრავს და საყვარელ თოჯინურ გმირებს შეძახილებით ამხნევებს, მარინემ იცის, რომ სპექტაკლი შედგა და რეჟისორის თანაშემწემ თავისი საქმე წარმატებით შეასრულა.

ქუთაისის ქუჩებში ალალად, თავისი ჩვეული სტილითა და მანერით დააბიჯებს მარინე გაგოშიძე - ადამიანი, რომელსაც დიდი სამეგობრო და სანათესაო ახვევია გარს, 28 ნათლული კი სიყვარულსა და სითბოს არ აკლებს. იგი ყველას უყვარს, აფასებენ მის ერთგულებასა და მეგობრობას. თავადაც იცის სიყვარულის ფასი - დედამ, ქალბატონმა ნიგრი რაზმაძე-გაგოშიძემ ხომ სწორედ ასეთად აღზარდა ერთადერთი ქალიშვილი.

„მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც ყველა მოკვდავი, მოვედი ამ ქვეყანაზე იმისათვის, რომ მიყვარდეს ადამიანები და ვთესო სიკეთე, ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე, ნახევარი კიდევ გასავლელი მაქვს,“ - ამბობს მარინე.

 

***

თოჯინების თეატრში. მესამე ზარი ირეკება... რეჟისორის თანაშემწე მარინე გაგოშიძე ჩვეულ ამპლუაშია...

 

ალექსანდრე გიგაური

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1334
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია