დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ბულბული დეიდა“ - თოჯინების თეატრიდან
2010/06/21 12:48:59

16 წლის იყო, პირველად თოჯინების თეატრში რომ მივიდა და იქ საკუთარი სამყარო აღმოაჩინა. უკვე 37 წელია მარინა მსხვილიძე საკუთარ სულს თოჯინებში დებს და ბავშვები ზღაპრულ სამყაროში გადაჰყავს. თვითონაც ამ სამყაროს ბინადარია. თოჯინებს კი ყოველთვის ცოცხალ არსებებად აღიქვამს: მათაც უხარიათ, სწყინთ, სტკივათ, აქვთ საკუთარი ხასიათი. საღამოს კი, თაროზე მოკალათებულები იძინებენ, მანამ, სანამ ქალბატონი მარინა მივა და თავიდან შთაბერავს სულს.

 

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში ქალბატონ მარინასთან სასაუბროდ რომ მივედი, სპექტაკლისთვის ემზადებოდა. ნუნუ ჯავახიშვილის „მზის შვილებში“ ბულბული უნდა ეთამაშა. ბავშვები უკვე დარბაზში იყვნენ შეკრებილი და სპექტაკლის დაწყებას მოუთმენლად ელოდნენ, ქალბატონმა მარინამ თოჯინებით სავსე ოთახში რომ შემიყვანა.

„ეს პრინცესა რაფაელაა სატკბილეთის ქვეყნიდან. აი, ბატის ჭუკი, ცისფერი ზღარბი, მელაკუდა, უცხოპლანეტელი, ბულბული, რომელიც რამდენიმე წუთში უნდა გავაცოცხლო, - სათითაოდ გამაცნო მის მიერ გასულიერებული პერსონაჟები. მათ მართლა ცოცხალი არსებებივით უყურებდა, - ყოველი მათგანი ისე მიყვარს, მარტო თოჯინებად ვერ აღვიქვამ. ყოველი მათგანი იმდენჯერ განმისახიერებია, რომ ვუყურებ, ცოცხალი არსებები მგონია. თოჯინას ხელში რომ დავიჭერ, მგონია ცოცხალი არსება მიჭირავს და იმას ვთამაშობ“.

ყველაფერი თოჯინებით დაიწყო. სულ პატარა იყო, მათთან თამაშის დროს ხმის ტემბრსაც რომ იცვლიდა. ეს დედას მეგობარმა, მხატვარმა ჟორა ბერეჩიკიძემ შეამჩნია და ურჩია, ბავშვი თოჯინების თეატრში მიეყვანა.

„ჟორას თქმით მოვედი თოჯინების თეატრში, როცა სკოლა დავამთავრე და მას შემდეგ აქ ვარ. მართალი გითხრათ, როცა უკან მოვიხედავ და თვალს შევავლებ განვლილ ცხოვრებას - ნოსტალგია მიპყრობს, უცებ გაილია წლები, ამ თეატრში რომ მოვედი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ბატონი მურმან ფურცხვანიძე იყო ჩემი რეჟისორი, პირველი როლიც მან მომანდო. ახლაც კარგად მახსოვს, პირველი სპექტაკლით გამოწვეული შიში, შემდეგ ტაში, ყვავილები, თეატრმცოდნეთა შეფასებები“.

ამბობს, რომ როლებსა და რეჟისორებში ყოველთვის უმართლებდა. არც მაყურებელი და ტაში მოჰკლებია.

„უამრავ გამოცდილ და კარგ რეჟისორთან მიმუშავია. სხვათაშორის, სულ მიმართლებდა. როცა ახალგაზრდა ვიყავი და ვოცნებობდი: ნეტავ, ეს როლი მათამაშათქო, - ზუსტად იმ როლს შემომთავაზებდა რეჟისორი.“

ასე ითამაშა პირველად ეკატერინე გაბაშვილის „მაგდანას ლურჯაში“ პეტო. სწორედ პეტო იყო მისი პირველი როლი. მერე იყო: ბატის ჭუკი, პრინცესა რაფაელა, მელაკუდა, ბულბული, ცისფერი ზღარბი, უცხოპლანეტელი - სულ 300-მდე პერსონაჟი. მიუხედავად იმისა, რომ 37 წელია სცენაზე დგას, ყოველი გასვლის წინ დღემდე ისეთივე ემოციები აქვს, როგორც პირველად.

„ამდენი წელია მოვდივარ და ემოცია დღესაც ბევრია. პირველად რომ გავედი სცენაზე და აჩქარებული მქონდა გული, დღემდე ასე ვარ“.

როგორ იქმნება როლი? სამაგიდო რეპეტიციაზე ჯერ ესკიზის მიხედვით თოჯინას ხასიათს ურჩევენ. სპექტაკლის დაწყებისთანავე კი, როგორც ქალბატონი მარინა ამბობს, თოჯინა თვითონ ითხოვს ხასიათს და მსახიობიც თავად ემსგავსება პერსონაჟს. საკუთარი წარმატების ფორმულაც აქვს: „სიყვარულის ნიჭი“. პატარების სიყვარული ის აუცილებელი კომპონენტია, რომლის გარეშეც არაფერი გამოვა!

„ყველა როლს თავისებურად უნდა მიუდგე, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებულია ის, რომელიც შენ გაინტერესებს ყველაზე მეტად. თუ მსახიობი ხარ, თოჯინა უნდა გააცოცხლო და პატარები ისე დააინტერესო, რომ შეაყვარო ის როლი. დიდი სიყვარულით უნდა გადაიყვანო ზღაპრულ სამყაროში. ხანდახან ქუჩაში ბავშვები მეძახიან: „მელაკუდა დეიდა მოდის“, ან „კურდღელი დეიდა მოდისო“. ასე რომ დაგიძახებენ, ეს უკვე საამაყოა. ასე მოვდივარ დღემდე, ამით ვცოცხლობ, ვთამაშობ - ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება. ბავშვების გახარებულ სახეებს რომ ვუყურებ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ბევრჯერ სიხარულის ცრემლითაც მიტირია“.

რამდენიმე წლის წინ ტრაგედია დატრიალდა, ქალბატონ მარინას მეუღლე გარდაეცვალა. ამის შემდეგ, თეატრში დაბრუნებას აღარ აპირებდა, მაგრამ... მაინც ვერ შეძლო მის გარეშე.

„ეს ნამდვილად ჩემი სამყაროა, ასე რომ არ იყოს, ტრაგედიის შემდეგ ვერ დავბრუნდებოდი, მაგრამ ისევ აქ ვარ და ვაგრძელებ მუშაობას. რომ არა ჩემი კოლეგები, არ ვიცი ამ ყველაფერს როგორ გადავიტანდი. ყველანი გვერდში მიდგანან“.

სცენაზე გასვლის დროც მოვიდა, უფრო სწორად - თეჯირს მიღმა, საიდანაც ერთი საათის განმავლობაში ბავშვები ზღაპრულ სამყაროში უნდა გადაიყვანოს. ბავშვები ემოციებს ვერ მალავენ: ესაუბრებიან თოჯინებს, ტაშს უკრავენ, ამხნევებენ... თუმცა, სპექტაკლის დამთავრებისას, ემოციები მსახიობებში არანაკლები იყო. წინ კიდევ ბევრი როლია, ბავშვების გახარებული სახეები... - ყველაზე დიდი ბედნიერება მისთვის სწორედ ეს არის.

„მინდა, ჩემს თეატრს ვუსურვო, წარმატებული იყოს, რადგან თოჯინების თეატრი, ეს  ბავშვების სამყაროა, ზღაპრული, სიკეთით სავსე სამყარო, სადაც სიმართლე, გულწრფელობა და სიყვარული მეფობს... სადაც სიყვარულია, იქ ხომ უფალიცაა...“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1663
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია