დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქიმერიონმა“ თავისი საქმიანობა საქველმოქმედო აქციით დაიწყო
2010/04/12 12:53:27

10 აპრილს დილიდან ქუთაისის სავაჭრო ცენტრ „პოპულში“ მხიარული მელოდიების ნაცვალად, გალაკტიონის ლექსები ისმოდა. ამის მიზეზი წიგნის მაღაზია „ქიმერიონისა“ და წიგნის მოყვარულთა კლუბის პრეზენტაცია გახლდათ.

 

გამომცემლობა „P.S.“-მა დიდი ხნის ოცნება აისრულა. ოღონდ - ნაწილობრივ. ჯერ მხოლოდ წიგნის მაღაზიითა და წიგნის მოყვარულთა კლუბის დაარსებით.  „დიდი ხნის ოცნება“ უფრო დიდ გეგმებს უკავშირდება. მაგრამ ამის შესახებ წერა  „მერე“-სთვის გადავდოთ,“ როცა ოცნებები ახდება, აუხდენელი ოცნებები ხომ არ არსებობენ. ამჯერად მხოლოდ ასრულებულზე ვისაუბროთ.

 

ქუთაისი წიგნის მაღაზიებით განებივრებული ნამდვილად არ არის, ამიტომაც პრეზენტაციას სტუმრების ნაკლებობა არ უგრძვნია. გვეწვივნენ მწერლები, მსახიობები, მასწავლებლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. უბრალოდ, წიგნის მოყვარულები.

 

პრეზენტაციას ძალიან მცირე ოფიციალური ნაწილი ჰქონდა, სტუმრებს გაზეთ „P.S.“-ის რედაქტორები ნატო გუბელაძე და ნანული ცხვედიანი წიგნის მოყვარულთა კლუბის სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა, ტელეკომპანია „რიონის“ გენერალურმა დირექტორმა თამილა ღვინიანიძემ და კიდევ რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა ეს კარგი წამოწყება შეაქეს და აქცენტი იმაზე გააკეთეს, რამდენად მნიშნველოვანია დღეს წიგნის მაღაზია ქუთაისისთვის. მსახიობი გიზო კაკაურიძე თავისი სახელითაც მიესალმა სტუმრებს და მწერალ ოტია იოსელიანის სათქმელიც, ოტიასებურად, ოტიას ხმაზე სთქვა.     

 

კლუბმა თავისი არსებობის პირველი დღე საქველმოქმედო აქციით დაიწყო. „შეიძინე წიგნი და შენივე ავტოგრაფით აჩუქე „ბავშვთა სოფელს“.

ბავშვთა სოფლის აღსაზრდელები: ლიკა მეშველიანი, გიორგი და თიკო ბარბაქაძეები ბავშვთა სოფლის დირექტორთან, ლევან ბალიაშვილთან ერთად მოვიდნენ წიგნების „მაღაზია „ქიმერიონის“ პრეზენტაციაზე.

 

გიორგი ბარბაქაძეს ყველაზე მეტად ისტორიული წიგნები მოეწონა. მას ძალიან უყვარს კითხვა, ამიტომაც „ქიმერიონის“ ბევრი წიგნი შეიცნო. თუმცა, ბევრი ისეთებიც იპოვა, ჯერ რომ არ წაუკითხავს. განსაკუთრებით ისტორიული და პოლიტიკური შინაარსის. (არადა, ასაკით არც თუ დიდი ბიჭია, 10-12 წლის), ამიტომაც აქციის მსვლელობას დიდი გულისყურით ადევნებდა თვალს. მის დაიკოს, თიკოს კი მსოფლიოს ატლასი მოეწონა, ექვის წლის პატარა ლიკა  დედაენითა და ზღაპრების წიგნით დარჩა მოხიბლული.

 

„ძალიან მიხარია, რომ ეს მაღაზია გაიხსნა, მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ღონისძიებები, რადგან ქუთაისი არ არის განებივრებული ამ მხრივ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადამიანებში გაიღვიძებს ქველმოქმედების სურვილი და ძალიან ბევრ წიგნს წავიღებთ „ბავშვთა სოფელში“, - განაცხადა „ბავშვთა სოფლის“ დირექტორმა ლევან ბალიაშვილმა.  

 

ქველმოქმედების სურვილი მართლაც ბევრ ადამიანს გაუჩნდა, ერთ-ერთი პირველი თემურ კეპულაძე იყო, რომელმაც ოტია იოსელიანის  წიგნი შეიძინა და  „ბავშვთა სოფელს“ აჩუქა. პირველს სხვა ბევრიც მოჰყვა.

 

ქუთაისის თვითმმართველობის კულტურის სამსახურის უფროსმა გიზო თავაძემ „ქიმერიონში“ შეძენილი წიგნიც გადასცა „ბავშვთა სოფელს“ და კიდევ, ლამის ერთი ყუთი წიგნები აჩუქა, რომელიც ქუთიასის მერიის დაფინასნებით გამოვიდა.

გიზო თავაძე: „ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, მნიშვნელოვანია წიგნის მაღაზია, არც კი ვიცოდი, ვინ იდგა „ქიმერიონის“ უკან, მაგრამ როცა გავიგე, რომ ქუთაისში წიგნის მაღაზია გაიხსნა, ძალიან გამიხარდა. აუცილებელია, ახალგაზრდებს შევაყვაროთ კითხვა.“

წიგნები ბავშვთა სოფლისთვის სხვა ბევრმა სტუმარმაც შეძინა.

 მაკა ხეცურიანი: „არაჩვეულებრივი ინიციატივაა. დღევანდელი თაობა დაშორებულია წიგნს, წიგნის მაღაზია და წიგნის მოყვარულთა კლუბი კი საუკეთესო გზაა მათ დასაბრუნებლად. აქციაც ძალიან კარგი მოფიქრებაა, ბავშთა სოფლის აღსაზრდელებისთვის წიგნი საუკეთესო საჩუქარია.“

 თამთა თურმანიძე, ხელოვნებათმცოდნე: „ქიმერიონში“ ძალიან დიდი არჩევანია, წიგნები ყველა კატეგორიისთვის არის გათვლილი. ძალიან პატარებისთვის, ბავშვებისთვის, დიდებისთვის. კარგია, რომ საშუალება აქვთ, თანდათან ჩამოყალიბდნენ გემოვნებიან მკითხველებად.

 ლალი შენგელია, ჟურნალისტი: „მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ბუმია, წიგნი მაინც შეუცვლელია, მსგავსი სახის ღონისძიებები კი თანდათან დააახლოვებს წიგნთან ჩვენს ახალგაზრდობას. ძალიან მომეწონა საქველმოქმედო აქციის შინაარსიც.“

საქველმოქმედო აქციაში ბევრმა სტუმარმა მიიიღო მონაწილეობა. ვფიქრობთ, ჩვენმა მკითხველმა მათი სახელები უნდა იცოდნენ:

საბა კუპრაშვილი, მერაბ კეზევაძე, თამარ ღვინიანიძე, (ტკ „რიონი“), სოსო ყურაშვილი, გიორგი გუბელაძე, ია გურეშიძე, ამირან ხვადაგიანი, ტ/კ „მეგა TV“, მადონა ბასილაძე, მაკა ხეცურიანი, ნინო თვალთვაძე, ზეკო ხაჩიძე, ლალი შენგელია, სოფო კარანაძე, მარიკა ვაჭარაძე, შპს „დაჩი“ - ავთანდილ კაჭახიძე, მანანა ქურციკიძე, თამთა თურმანიძე, ზურაბ ქაჯაია, თინათინ დვალიშვილი, ირმა კლდიაშვილი, გიზო თავაძე, მანანა მჟავანაძე, მადონა არაბიძე, თემურ კეპულაძე, ნინო უგლავა, მანანა მანაგაძე, ტანია ჩაჩხიანი, ლუკა ბელიაშვილი, ბარბარე სვანაძე, ზეინაბ ბურჯანაძე, გაზეთი „P.S.“

აქცია „შეიძინე წიგნი და აჩუქე ბავშვთა სოფელს შენი ავტოგრაფით, „ქიმერიონში“ კიდევ ერთ კვირას გაგრძელდება. იმედია, ამ ჩამონათვალს ბევრი სხვა ადამიანიც შეემატება.

„ქიმერიონისთვის“ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ერთად უნდა აღვადგინოთ მივიწყებული ლიტერატურული სალონური შეკრებები, წიგნის კითხვის მივიწყებული ტრადიცია და ერთად დავაბრუნოთ მომავალი თაობა წიგნთან. ჩვენ ყველა სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში მივალთ და აუცილებლად შემოვიკრებთ წიგნის მოყვარულ ადამიანებს. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1729
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია