დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირინე აბჟანდაძე - „მძიმე ფოტოგრაფი“
2010/03/29 12:47:42

ამ სამყაროში ბევრი რამ არის საკეთებელი, მითუმეტეს, თუ ხელოვანი ხარ, თუ სხვანაირი ხედვა გაქვს და სხვანაირად დანახული წამი შეგიძლია შეაჩერო.  

ირინე აბჟანდაძეს „მძიმე ფოტოგრაფს“ ეძახიან. რას იზამ, დღეს ასეთი ფორმულირებაა, თუ ვაშლს და მარწყვს არ იღებ და შენი ფოტო სხვებს საფიქრალს უჩენს, ე.ი. მძიმე ხარ!

ამაში არაფერია ცუდი, პირიქით. ხელოვანის ბედია ასეთი. წარმოსახვაში სხვანაირად ლაგდება სამყარო. მერე ისევ აიშლება ხოლმე ყველაფერი, კვლავ ალაგებ...

ამ ცხოვრებაში ერთი რამეა მთავარი: შენი თავი იპოვო და ის საქმეც მთელი ცხოვრება უნდა აკეთო. მას გაუმართლა: ფოტოგრაფია უკვე მისი ნაწილია.

„იცით, ალბათ, ცნობილი ფოტოგრაფი იური მეჩითოვი. მას რომ ვხვდებოდი, ვგრძნობდი, ჩემი საქმეც ფოტოგრაფია იყო, მაგრამ ძალიან დიდხანს ვერ გავუბედე თქმა. მერიდებოდა. როგორც იქნა, გავბედე და საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენი მისგანაც.“  

ახსოვს პირველი ფოტოც და პირველი ფოტოაპარატიც. 90-იანი წლები იყო, პერფორმანსის თეატრის სპექტაკლი.

„ისე დამემართა, კაცი მეზღვაურობას რომ აპირებს და ცურვა არ იცის, ფოტოაპარატი არ მქონდა, იური მეჩითოვისაგან ვთხოულობდი... ფირიც კი არასდროს შემიძენია.“

იმაზე არ უფიქრია, რომ არაქალური პროფესია აირჩია, ერთი მარტივი მიზეზის გამო: საზოგადოების აზრი მისთვის არასდროს ყოფილა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი.

„სიმართლე გითხრათ, იმის გამო, რომ ქალი ვარ, არც დაბრკოლება მიგრძვნია ამ პროფესიაში და არც - პირიქით. ალბათ, იმიტომ, რომ მე არ ვაქცევ ასეთ დიფერენცირებას ყურადღებას.“

თავიდან ყველაფერს აჩერებდა ერთ წამად, დაუზარელად მუშაობდა, მისთვის ერთნაირად საინტერესო იყო ქორწილებიც, დაკრძალვებიც, მიტინგებიც, სიძველეები და თანამედროვე კონსტრუქციებიც. მერე თანდათან უკვე იმასაც მიხვდა, რა და როდის უნდა გადაეღო.

როცა იწყებდა, ყოველთვის თან ჰქონდა ფოტოაპარატი, დღეს უკვე - აღარ. ესაა, თვალით და გონებით მაინც ყოველთვის მუშაობს. თვალით „იღებს“ ფოტოებს.

ავტოპორტრეტი 12 წლის წინ გადაიღო. ის არ აინტერესებდა, საკუთარი სამყარო დაენახა „სხვისი“ თვალით, უბრალოდ, კომპოზიციურად „მოუხდა“ ლამაზ „ვიტრინებს“.

ამბობს, რომ თვითონ ფოტოზე უფრო საინტერესოა, ვიდრე რეალურად.

„თუმცა, ჩემს სამყაროს, ვიზუალურ გამოსახულებაზე მეტად, ჩემი ნამუშევრები გამოხატავენ. ადამიანი ხშირად ინიღბები, სხვა რამის მატარებელი ხარ და სხვას აჩვენებ. როგორც კი ნამუშევრებს ეხება საქმე, იქ ვეღარ შეინიღბები. დასკვნებიც იოლად კეთდება.“

თან სულ რაღაცას ეძებ, პოულობ, მერე ისევ ეძებ და ასეა დაუსრულებლად:

„არ მესმის, რას ნიშნავს ხელოვანისთვის ადგილის დამკვიდრება, რაღაც ნიშის პოვნა. თუ ხელოვანი ხარ, ე.ი. ბუნებით ხარ მაძიებელი ადამიანი. ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია. მთავარია თემა, კონცეპტი, მერე, დროთა განმავლობაში, ეს ყველაფერი თანდათან  იხვეწება.“

შესაბამისად, მის ფოტოობიექტივშიც თანაბრად ხვდება როგორც ისტორიული ძეგლები, ასევე არქიტექტურის თანამედროვე ნიმუშები, რკინის კონსტრუქციები, მედიცინის ბოლო მიღწევები.

მართალია, „მძიმე ფოტოგრაფს“ ეძახიან, მაგრამ ფოტოებს მხოლოდ თავისთვის არ იღებს, სხვებიც ხვდებიან მის ჩანაფიქრს, სწვდებიან მის თემებს, კონცეფციას...

საკუთარ თავში ცალ-ცალკე არ მიჯნავს ხელოვანსა და, უბრალოდ, ირინეს.

„ერთი უბრალო ადამიანი ვარ, რომელიც ღმერთმა დააჯილდოვა ნიჭით. ყველა ადამიანი ქმნის თავის თავს, მაგრამ ეს თავისთავად ხდება, შენგან დამოუკიდებლად და არა ისე, რომ რაღაცა ძალდატანებით მიიტმასნო.“

მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში ოჯახმა თავისი წვლილი შეიტანა.

„არასდროს მქონია კონფლიქტი საკუთარ ოჯახში, ძალიან კარგად მიგებდნენ და მეც ძალიან ვუგებ მათ. ესაა, დედაჩემის გარდა, ოჯახის სხვა წევრებმა ჩემი არჩევანი თავიდან არასერიოზულად მიიღეს და ჩათვალეს, რომ  ეს უბრალო გატაცება იყო.“

ფოტოგრაფიის გარდა, სხვა გატაცებაც აქვს: ირინეს სხვანაირი დამოკიდებულება აქვს ნივთების მიმართ. აგროვებს: ქვებს, ძველ მინას, ლითონს. 

„მიყვარს სიძველეები, ქვები, მეგობრები მეძველმანესაც კი მეძახიან. გამოდებული მაქვს ხოლმე სახლში, მერე მბეზრდება და ვცვლი ექსპოზიციას. საერთოდ, ამ ნივთებთან ერთად შენ  თვითონ ალაგებ სამყაროს.“

მის სამყაროში მხოლოდ ცხოვრების მეგზური არ არის, ისიც - ჯერჯერობით. „ვერ ვიტყვი, რომ ეს ვინმეს ბრალია, ვერ ვიტყვი, რომ ამისთვის ვერ მოვიცალე, ან სხვამ ვერ დამინახა, ან ჭკვიანი ქალის შეეშინდათ. ადამიანს ღმერთი რასაც აძლევს, ყველაფრისთვის აქვს დრო. ალბათ, უფალს არ უნდოდა.“

თუმცა, მარტო არც არასდროს უგრძვნია თავი, უამრავი მეგობარი, არაჩვეულებრივი ოჯახის წევრები, ამ გრძნობას არასოდეს უშვებენ მასთან.

„შეიძლება, ათი შვილის დედამ იგრძნოს თავი მარტოსულად. სიმარტოვე  ნამდვილად არ არის დამოკიდებული იმაზე, გყავს თუ არა ცხოვრების მეგზური.“

სხვა ბევრი რამეცაა ამ ცხოვრებაში, მითუმეტეს, მაშინ, როცა ხელოვანი ხარ, როცა შეგიძლია, წამი გააჩერო და მერე ადამიანებმა თუნდაც, დაგარქვან „მძიმე ფოტოგრაფი“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1651
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია