საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჰოლივუდი გორში
2010/02/01 12:40:42

რუსეთ-საქართველოს ომმა, ერთი წლის შემდეგ, პოლიტიკიდან კინემატოგრაფიაში გადაინაცვლა. შარშანდელი აგვისტოს მოვლენები აქტუალური კინო-ბაზარზე და რეჟისორთა შომოქმედებაში გახდა. რუსეთ-საქართველოს ომი აქტუალური ჰოლივუდისთვისაც აღმოჩნდა. თრილერი, პირობითი სახელწოდებითGEORGIA“, ყველაზე გახმაურებული, სოლიდური და ვარსკვლავურია მის სხვა წინამორბედებთან შედარებით. ენდი გარსია და ველ კილმერი - კინო-კრიტიკოსთა შეფასებით, ეს გაბრენდებული სახელები - უკვე წინაპირობაა სურათის წარმატებისთვის. ფილმი ამერიკელი ოპერატორისა და ქართველი ქალის სიყვარულის ისტორიაზეა აგებული. სცენარის მიხედვით, ფილმის მთავარი გმირები, ჟურნალისტები, საომარი მოქმედებების ცენტრში აღმოჩნდებიან და იბრძვიან მიუკერძოებელი პოზიციის შესანარჩუნებლად.

„ცაზე თვითმფრინავების გამოჩენამ, ქუჩებში ტანკების მოძრაობამ და ქალაქის ცენტრში გაჩენილმა ცეცხლმა აგვისტოს ომი გამახსენა, კარგად ვიცოდი, რაც სინამდვილეში, ხდებოდა გორში, მაგრამ სცენები იმდენად იყო მიახლოებული რეალობასთან, რომ განცდებს ვერაფერს ვუხერხებდი.“ - „აშკარაა, რომ კარგად ორგანიზებულ და მეტად მაღალი დონის პროექტთან გვაქვს საქმე,“ - ამბობს გორელი ციალა მიმინოშვილი.

„ვუყურებდი  გადაღების პროცესს და მახსენდებოდა, როგორ ავიყვანე  იმ დროს, დაბნეულმა, ბავშვი და უმისამართოდ გავიქეცი. ნამდვილი გამეორება ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ ის ყველაფერი, რაც ჩემი თვალით ვნახე მაშინ და ახლა, თითქმის იდენტურია,“ - ამბობს გორში მცხოვრები მარიკა ზაქარაშვილი.

მანანა ჩოხელი: „პირადად ჩემთვის ძალიან ცუდი შეგრძნება იყო, იმიტომ, რომ როცა გავიარე და ისევ დავინახე ცეცხლწაკიდებული ქალაქი, სიმართლე გითხრათ, გული შემეკუმშა და ძალიან ცუდად გავხდი. ჩემი ორივე შვილი მონაწილეობდა ომში და ამიტომ განსაკუთრებით რთული იყო ამ ყველაფრის გახსენება. საერთოდ, სიმართლე რომ გითხრათ, ქალაქში გასვლაც აღარ მინდოდა, ისე ვიყავი.“

- ი მაგრამ, მსოფლიო რო ნახავს ამ ფილმს და ის ფაქტი, რომ ჰოლიუდის მსახიობები გორში იყვნენ, არ არის სასიამოვნო?

- ფაქტი შეიძლება სასიამოვნოა და ზოგადად ფილმის იდეაც კარგია მაგრამ, ჯერ ადრე იყო, მე მგონი, ამ სცენების ისევ გამეორება. ისედაც მთელი ზაფხული შიშში გავატარეთ, რომ შესაძლებელია, კონფლიქტი განახლებულიყო და, მგონია, რომ არ უნდა ეთამაშათ ხელახლა ჩვენს განცდებსა და ემოციებზე.

ეს უკვე ის ემოციებია, რაც ადგილობრივებმა ჰოლივუდის  გორში სტუმრობისას განიცადეს. თუმცა შედარებით ახალგაზრდა თაობისთვის, ყველაფერი უფრო მარტივად აღსაქმელი და საამაყოც კი აღმოჩნდა.

ქეთი და ანი კეჩხუაშვილები, თეონა ლომინაძე, გორის უნივერსიტეტის სტუდენტები: „ჩვენ არა, მაგრამ ჩვენი მეგობრები მონაწილეობდნენ გადაღებებში. როგორც ვიცი, ინგლისურის ცოდნა იყო საჭირო, თუმცა ზოგი უიმისოდაც იყო წასული. ისე შიშის ფაქტორი არ მქონია, პირიქით, მეამაყებოდა კიდეც, რომ ჩემს ქალაქში ცნობილი მსახიობები იყვნენ ჩამოსულები.“

გიორგი კიკნაძე, აბიტურიენტი: „მე წინასწარ ვიცოდი, ფილმი რომ უნდა გადაეღოთ და საშიში არაფერი იყო, ამიტომ არც შემშინებია და პირიქით, მაგრად მესიამოვნა, რომ ჩემი ქვეყანა ყურადღების ცენტრში იყო და განსაკუთრებით - ჩემი ქალაქი. ასეთი ამა-ყი არასდროს ვყოფილვარ, როგორც ამ ფილმის გადაღების დროს. რატომაც არ უნდა იყოს ერთი ობიექტური ფილმი ამ ომის შესახებ. თუკი კუსტურიცას აღებინებენ რუსები თავიანთი ვერსიით ფილმს, ჩვენ რატომ არ უნდა გადავიღოთ ვითომ. თან ისიც არის, რომ, მაგალითად, მე პოლიტიკა არ მაინტერესებს და საერთოდ საინფორმაციოს არ ვუყურებ და ბევრი ჩემნაირია კიდევ, ვისაც შესაძლებლობა ექნება, ამ ფილმით გაიგოს, რა მოხდა აგვისტოში საქართველოში და ვინ იყო დამნაშავე ამ ომში.“

2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ როგორც მხატვრულ, ისე დოკუმენტური ფილმები შეიქმნა. მას მიეძღვნა დოკუმენტური ფილმი „რუსეთის გაკვეთილები“, რომლის ერთ-ერთი რეჟისორიც ანდრეი ნეკრასოვია. მომხდარის გაანალიზების სხვა რუსული მცდელობებისგან განსხვავებით, ფილმს ქართულ მედიაში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილობრივ, ალბათ, იმიტომაც, რომ ფილმის რეჟისორ ანდრეი ნეკრასოვს კრემლის აპოლოგეტს ვერ უწოდებ.

ტენდენციურობით გამოირჩევა დოკუმენტური ფილმი „ომი 08.08.08“. ღალატის ხელოვნება“. მსგავსი შინაარსისა და პათოსის ამსახველია „აგვისტოს დღიურებიც“, რომელიც  უკრაინულმა ტელე-არხმა „ინტერ პლიუსმა“ აჩვენა.

კინომწარმოებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჰოლივუდის ფილმში მთავარია ანტისაომარი გზავნილი, მაგრამ, მედიის შეფასებით, არსებობს შიში, რომ ის მოვლენების განვითარების შესახებ საქართველოს მთავრობის ვერსიას წარმოაჩენს. ამ მოსაზრებას ის ფაქტი ამყარებს, რომ მთავრობამ კინომწარმოებლებს საჯარო შენობები, მათ შორის - პარლამენტი და პრეზიდენტის სასახლე, ასევე - სამხედრო ნაწილები დაუთმო. ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი პაპუნა დავითაია კი უკვე მინისტრია და მმართველ გუნდს წარმოადგენს.

გადაღებების პროცესში, ბუნებრივია, ქალაქში „რუსული“ ტანკები და ავიაციაც გამოჩნდა. ხორციელდებოდა აფეთქებების ინსცენირება,დაიწვა ასობით საბურავი, ქუჩები კი ადამიანებისა და ცხოველების ფიტულებით იყო სავსე. დაზიანდა ასფალტის საფარი და საკანალიზაციო ჭები, რომელთა აღდგენაც გორის გამგეობის 2010 წლის ბიუჯეტიდან მოხდება.

„ჩვენ დავეხმარეთ როგორც ინფრასტრუქტურული რესურსებით, ასევე ადამიანური რესურსებითაც, გამგეობამ ყველაფერი გააკეთა, რომ შექმნოდათ მაქსიმალური კომფორტი ამ ფილმის წარმატებით გადაღებისა. დავუთმეთ გამგეობის შენობა, დავეხმარეთ ქუჩების გადაკეტვაში, ყველა ადამიანური რესურსის მოძიებაში, ჩართული იყვნენ ჩვენი სამეურნეო ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებოდნენ გამწვანებაში, დასუფთავებაში და ასე შემდეგ. ჩვენ მათ გამოვუყავით, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ, ამწეკრანები,სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები, სახანძროს მანქანები და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკა“ (გამგეობის აპარატის უფროსი კახა ტოლუაშვილი).

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და თავად ექთნები ფილმის გადაღების  ყველა სცენას  დაესწრნენ, საამისოდ კი შესაბამის სამსახურს ბრიგადების ხშირი ცვლა და 24 საათიან რეჟიმში მუშაობა უწევდა, თუმცა, მათი თქმით, ემოციურ ფონზე მოსახლეობის მხრიდან სასწრაფოს ხშირი გამოძახება არ დაფიქსირებულა.

ქართულ-რუსულ ომზე შექმნილი ფილმის პრემიერა 2010 წლის გაზაფხულზე შედგება. მისი რეჟისორი ლაური მორი არიოლა ანუ რენი ჰარლინი 1959 წელს დაიბადა ფინეთში. იგი მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია, რომლის ანგარიშზე ისეთი ცნობილი ფილმებია, როგორებიცაა „კერკეტი კაკალი 2“, „მთამსვლელი“, „ღრმა ცისფერი ზღვა“ და კინომანიაკ ფრედი კრიუგერზე გადაღებული „თელას ქუჩის კოშმარის“ მეოთხე ნაწილი.

ხელისუფლება, რომლის წარმომადგენელი პაპუნა დავითაია ფილმის შექმნის  პროცესში აქტიურად არის ჩართული, მასში ფინანსურ მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. ფილმის ბიუჯეტთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ მხოლოდ არაოფიციალურ დონეზე ვრცელდება. ამ კონტექსტში რამდენიმე ვერსია გამოიკვეთა ერთ-ერთის მიხედვით, ფილმი 35 მილიონი დოლარი ჯდება, მეორეს თანახმად - 20 მილიონი. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან ფილმის გადაღებებს აფინანსებს მადნეულის კორპორაცია და ქართული კინოცენტრი. საქართველოს მთავრობამ კი ფილმის გადაღებისათვის 40 000 დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა გამოყო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1204
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია