დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატარა უფლისწულმა ბავშვები აატირა
2009/12/07 15:51:44

27 ნოემბერს ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო თეატრში ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის „პატარა უფლისწულის“ პრემიერა შედგა.

„ეს ამბავი დიდი საიდუმლოებითაა მოცული ჩემთვის. ისევე როგორც თქვენთვის, ვისაც პატარა უფლისწული გიყვართ. მთელი ქვეყანა შეიცვლება, თუ სადღაც, სამყაროს რომელიღაც უხილავ მხარეში, ბატკანმა, რომელიც თვალით არ გვინახავს, ვარდი შეჭამა. ახედეთ ზეცას და იკითხეთ: „შეჭამა ვარდი ბატკანმა თუ არა? და დაინახავთ, როგორ შეიცვლება ყველაფერი, მაგრამ დიდები ვერასოდეს მიხვდებიან, რამოდენა რამაა ეს,“ - გვეუბნება ეკზიუპერი, ინსცენირების ავტორი, დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია ბექა ყურაშვილი, მხატვარი - გელა ღაჭავა; თოჯინების მხატვარი - დავით კოკელაძე; თოჯინების ოსტატები - მარინა ლებანიძე, მაგდა ღვინერია; ტექნიკური რეჟისორი - მირიან გაგოშიძე.

მფრინავისა და მელას როლი წარმოდგენაში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა აბელ სოსელიამ შეასრულა. უფლისწული კი- ბაქარ დეისაძემ; გველი და მეფარნე - ნუნუ ქუთათელაძე იყო; გეოგრაფი - იმედა აბზიანიძე; პატივმოყვარე - სერგო ქუთათელაძე.

პატარები ჟრიამულითა და ოვაციებით შეხვდნენ პატარა უფლისწულის გამოჩენას. თუმცა წარმოდგენის მსვლელობის დროს ხშირად ტიროდნენ და რამდენიმე მათგანი მშობელმა დარბაზიდანაც კი გაიყვანა. პრემიერა ერთ საათს გაგრძელდა. დასრულების შემდეგ კი ჩვენ გავესაუბრეთ სპექტაკლის შემქმნელებს.

სპექტაკლზე მუშაობის დროს ყველაფერი ძალიან რთულია. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა „პატარა უფლისწულის“ შესახებ. რეჟისორი თუ ბევრს ლაპარაკობს, ე.ი. ბოლომდე არ იხარჯება, - საკმაოდ სიტყვაძუნწად გვიპასუხა რეჟისორმა ბექა ყურაშვილმა.

აბელ სოსელია, მთავარი როლის შემსრულებელი: „თავიდან ყველა როლი რთულია და მუშაობა სჭირდება, მაგრამ, თუ მაქსიმალურს მოითხოვ და თავს არ დაზოგავ, შედეგები ძალიან კარგი იქნება, რაც მსახიობისთვის უდიდესი სტიმული და სიამოვნებაა. საერთოდ, საკუთარი შესაძლებლობებით ყოველთვის უკმაყოფილო ვარ, ალბათ, ეს კარგიცაა.

ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. როცა მათ რაღაცა კარგს ვეუბნები, ისრუტავენ და იმახსოვრებენ. მე დღეს უამრავი თვალცრემლიანი ბავშვი დავინახე, რაც იმის დასტურია, რომ ბავშვის გულთან მივიდა ყველაფერი ის, რისი თქმაც მინდოდა მათთვის. ისინი სწავლობენ სიყვარულს, მეგობრობას, ის გულისტკივილი ესმით, როცა ადამიანები ერთმანეთს ემშვიდობებიან. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ უფლისწული ბოლომდე არ დაემშვიდობა მეგობარს, ის მაინც ნახავს მელას“.

თავისი შთაბეჭდილება გაგვიზიარა ნორჩ მაყურებელთან ერთად მოსულმა, ქალბატონმა მარინა შაშიაშვილმა: „პატარები მთელი  გულისყურით, სულგანაბული უსმენდნენ სპექტაკლის მსვლელობას და აპლოდისმენტებს არ წყვეტდნენ ემოციური მომენტების დროს. მე ძალიან მომეწონა და ნასიამოვნები ვარ დღევანდელი დღით“.

იმ დღეს თეატრიდან ბევრი ჩაფიქრებული პატარა გავიდა.

 

ნანა კუკულავა

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2070
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია