დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგობა ქუთაისში
2009/11/30 11:54:17

23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქში კულტურული, სპორტული თუ შემოქმედებითი ხასიათის ბევრი ღონისძიება ჩატარდა. მერიის კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურისთვის, ღონისძიებების ჩასატარებლად კიდევ ერთი მიზეზი იყო ვარდების რევოლუციის ექვსი წლისთავის აღნიშვნაც.

ღონისძიებამ, რომელმაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სპორტული გარბენით აიღო სტარტი, მოგვიანებით მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გადაინაცვლა, სადაც წარმოდგენილი იყო კლუბ „ღია ჩარჩოს“ თეატრალური წარმოდგენა სახელწოდებით „ილია მართალი“.

„ილია მართალი“ ილია ჭავჭავაძის ცნობილი ნაწარმოებების ინსცენირებას და მისი ნაკლებცნობილი თხზულებების სცენურ ვარიანტებს წარმოადგენდა, რომელთა განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ დღევანდელ ყოფას ასახავდა.

მოგვიანებით, ლადო მესხიშვილის აკადემიური თეატრის მცირე სცენაზე, ხათუნა გედენიძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ბოლოს კი, დღე ლადო მესხიშვილის დიდ სცენაზე, ყოფილი ჯეოსტარელების კონცერტით დასრულდა.

საღამოში მონაწილეობდნენ: სალომე ბაკურაძე, თიკა მახალდიანი, ნინო წიკლაური, გიორგი სუხიტაშვილი, ქეთი გომართელი და „ვარსკვლავების აკადემიის“ მონაწილე ქეთი ორჯონიკიძე. მომღერლებმა სხვადასხვა ჟანრის, როგორც ქართული, ისე უცხოური სიმღერები შეასრულეს.

„დიდი დღესასწაულია და მინდა, რომ ამ ლამაზი კონცერტით ხალხმა ისიამოვნოს. ეს არის დასკვნითი კონცერტი, სადაც ყველა - ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა - ისიამოვნებს და ერთმანეთს მიულოცავენ დღევანდელ დღეს“, - გვითხრა მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა გიზო თავაძემ.

კონცერტის დაწყებამდე გიორგი სუხიტაშვილიც ჩავწერეთ:

„ამ წუთას არ ვიცი, რა სიმღერას ვიმღერებ, სცენაზე გასვლისას გადავწყვეტ, გააჩნია, ემოციურად როგორ ვიქნები. ეს დღესასწაული ჩემთვის დაბადების დღეზე არანაკლებ სასიხარულოა, თუ უფრო მეტი არა. განწყობა მაქვს ძალიან ამაღლებული, გიორგობის დღეს ყოველთვის ვივსები ყველანაირი დადებითი ემოციით. ქუთაისელი მაყურებლის წინაშე ეს ჩემი პირველი გამოსვლა არ არის, ბევჯერ მქონია კონცერტი - იქნებოდა ეს ჯგუფი, თუ სოლო სიმღერა. აქ უფრო მეტად ტემპერამენტიანი მაყურებელია, უფრო უშუალო და ნაკლებკომპლექსიანი, რასაც ხშირად ვუჩივით ხოლმე სხვადასხვა რეგიონებში,“ - აღნიშნა გიორგიმ.

კონცერტით მაყურებელი კმაყოფილი დარჩა. „ძალიან ვისიამოვნე, ჯეოსტარელებმა არაჩვეულებრივად იმღერეს. მინდა ყველა ქუთათურს მივულოცო დღევანდელი დღე და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთი ლამაზი დღე გვაჩუქა“, - შთაბეჭდილება გაგვიზიარა ერთ-ერთმა მსმენელმა, მარიამ ლომთაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1754
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია