11 სექტემბერს დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. მწერლის გაცოცხლებული პერსონაჟების სანახავად, სოფელ სიმონეთის მოსახლეობასთან ერთად, სხვადასხვა რაიონიდანაც ჩამოსულიყვნენ.
„მანველიძეების ოჯახის“ წევრებს ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები ასახიერებდნენ: ნინო აბესაძე, გვანცა დადიანიძე, ლიკა კევლიშვილი, ნინო გოშაძე, თეონა ხუსკივაძე, გიო გლოველი და ბაადურ ტაბატაძე.
სპექტაკლის რეჟისორია მამუკა ცერცვაძე, მხატვარი ნათია ბერაძე, ლოტბარი ომარ გველესიანი, ქორეოგრაფი დავით ბაქრაძე.
ინსცენირების ავტორმა, მწერალმა და დრამატურგმა რეზო კლდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: „ეს პიესა დავით კლდიაშვილის ერთგვერდიანი ესკიზის - „მანველიძეების ოჯახის“ მიხედვით გავაკეთე, რომელშიც, ფაქტობრივად, აკუმულირებულია მწერლის მთელი მსოფლმხედველობა. ის პირველად 2001 წელს მეტეხის თეატრში დადგა სანდრო მრევლიშვილმა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ამ საუკუნის და ათასწლეულის პირველი პრემიერა, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რადგან თეატრალურმა საზოგადოებამ, თეატრის დღეს, წლის საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებლის ტიტული მიაკუთვნა როსტომ მანველიძის როლის შემსრულებელს, აწ განსვენებულ თემურ ნაცვლიშვილს.
შესანიშნავია თვითონ ის ფაქტი, რომ სპექტაკლი დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა და მას უშანგი ჩხეიძის სახელობის ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები შესანიშნავად თამაშობდნენ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო როსტომ მანველიძის და დათიას როლის შემსრულებლები. მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ და ბედნიერი მივდივარ სიმონეთიდან“, - აღნიშნა რეზო კლდიაშვილმა.
თავად მსახიობებს ამ, ცოტა არ იყოს, უჩვეულო გარემოში, ღია ცის ქვეშ თამაში არ გასჭირვებიათ, რადგან იმ 18 დღის განმავლობაში, რაც სპექტაკლისთვის ემზადებოდნენ, განსაკუთრებულ მხარდაჭერას და სითბოს გრძნობდნენ სიმონეთელებისგან. რეპეტიციებიც ყოველთვის მაყურებელთან ერთად მიმდინარეობდა.
„ეგზოტიკურ გარემოში ვმუშაობდით, თუმცა რთული არაფერი ყოფილა. კლდიაშვილი არის ჩვენი სისხლი და ხორცი, ამისთვის არანაირი გარდასახვა და რაღაცეების ძებნა არ გვჭირდებოდა, იმიტომ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ სულ აქ გვიწევდა ყოფნა, სახლ-მუზეუმის ეზოში. საინტერესო იყო იმით, რომ ჩვენს კოლექტივს ასე, თეატრს გარეთ, არასოდეს უმუშავია. ძალიან დიდი მადლობა მთელ სოფელს იმისთვის, რაც გაგვიკეთეს. დიდი პატივისცემით, სითბოთი და სიყვარულით გვექცეოდნენ“, - აღნიშნა დათიას როლის შემსრულებელმა, მსახიობმა ბადრი ტაბატაძემ.
მაყურებელი, რომელსაც უკვე თითქმის დაზეპირებული ჰქონდა დიალოგები, ოვაციებით ხვდებოდა თითოეული მსახიობის გამოსვლას. მოხარულები იყვნენ იმითაც, რომ დავით კლდიაშვილი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
„ვფიქრობ, ტრადიციების აღორძინება, წარსულისკენ გადახედვა, მუდმივ კავშირზე მეტყველებს წარსულთან და ეს ყველაფერი მომავალსაც ახალ ცხოვრებას მისცემს. მიხარია, რომ კლდიაშვილის ცრემლგარეული ირონია მისივე სახლ-მუზეუმში ასე მშვენივრად გაცოცხლდა“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მაყურებელმა გოჩა სხილაძემ.
სპექტაკლს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გუბაზ მეგრელიძეც ესწრებოდა. მან თავისი შთაბეჭდილება ასე გაგვიზიარა: „ვფიქრობ, სპექტაკლმა კარგად ჩაიარა. ძალიან კოლორიტულ გარემოში წარიმართა, იმიტომ, რომ დავით კლდიაშვილის ნაწარმოებს თამაშობდნენ მისივე სახლ-მუზეუმში. ეს არ არის ახალი ფორმა, მაგრამ ძალიან საინტერესოა თვითონ გარემო, სპექტაკლიც ძალიან კარგად წავიდა, თითქოს დავით კლდიაშვილის სული ტრიალებს ამ აივანზე და ეზოში.
სპექტაკლი ტოვებს ძალიან კარგ შთაბეჭდილებას. აქ არის ის სევდანარევი იუმორი, რაც ახასიათებს დავით კლდიაშვილს და ეს კარგად მოაქვთ მსახიობებს მაყურებელთან. შინაარსობრივადაც კარგად არის დატვირთული. სიმღერაშიც, რომელსაც პერიოდულად, ჩხუბების დროს ასრულებენ, კარგად ჩანს მათი განწყობა, ურთიერთდამოკიდებულება, მისწრაფებები... ის გარემო, რომ შინ ჩხუბია, გაუგებრობა და გარეთ გამოდიან მხიარულები, - ესეც თავისებურ გარემოს ქმნის და გმირების შინაგან ბუნებას ახასიათებს.
ვფიქრობ, თუ დამკვიდრდა სიმონეთში დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების ფესტივალი, თუ შეიკრიბება საქართველოს ყველა თეატრი, სადაც კლდიაშვილი იდგმება (და მე არა მგონია, ასეთი თეატრი არ არსებობდეს), ეს იქნება ძალიან დიდი ზეიმი და პატივისცემა, როგორც მწერლისადმი, ასევე, ეროვნული განწყობა გვექნება ყველას და ყველანი გავიხარებთ დავით კლდიაშვილის სამყაროთი“.
...სპექტაკლის დაწყებამდე სახლ-მუზეუმში რამდენიმე წუთით შემოირბინა თერჯოლის რეაბილიტირებული ცენტრის საზეიმო გახსნაზე ჩამობრძანებულმა პრეზიდენტმა, რომელმაც ორიოდე სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას, შემდეგ კი ჟურნალისტებთან და თანმხლებ ექსკორტთან ერთად გაუჩინარდა.