საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
წაართვეს თუ თავად აჩუქა "შიტრიტ ჯგუფმა" შენობა ქუთაისის მერიას?
2013/08/19 19:26:20

რამდენიმე დღის წინ ქუთაისში, გრიშაშვილის 7 ნომერში მდებარე შენობაზე უჩვეულო წარწერა გაჩნდა, შენონის კედლებსა და მინებზე წითელი საღებავით წერია „წართმეულია“.

psnews.ge შეეცადა, გაეგო, ვის საკუთრებაში იყო შენობა და რას ნიშნავდა მასზე დატანილი წარწერა. რისთვისაც შენობაზე გამოკრულ პლაკატზე მითითებულ ნომერზე დავრეკეთ. მამაკაცმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა დაადასტურა, რომ „შიტრიტ ჯგუფის“ წარმომადგენელი იყო, გვირჩია, რომ, თუ რატომ წერია შენობაზე სიტყვა „წართმეულია“,  მერიაში გაგვერკვია.  როგორც მანვე აღნიშნა, შენობის თითქოსდა არასწორად გასხვისების გამო, ამჟამინდელ მესაკუთრესა და მერიას სასამართლო დავა აქვთ. სხვა ინფორმაციის მოცემისგან თავი იმ იმედით შეიკავა, რომ შენობასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიასთან მოლაპარაკებას შეძლებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის და პრივატიზების სამსახურის არქივიდან ამოღებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ 888.21 კვ. მიწის ფართზე მდებარე შენობა შპს „შიტრიტ ჯგუფმა“ 2011 წლის 18 თებერვლს შეიძინა. გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს ქალაქის იმჟამინდელი მერი გია თევდორაძე და შპს „შიტრიტ ჯგუფის“ წარმომადგენელი ნატალია კვანტალიანი აწერენ. ხელშეკრულებაში ჩადებული ქვეპუნქტით, მყიდველი იღებდა ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც, გრიშაშვილის 7 ნომერში სასტუმროს მოწყობა 2013 წლის პირველ იანვრამდე უნდა დასრულებულიყო. ამ დრომდე კი შენობის მხოლოდ გარე ფასადია მოწესრიგებული. შეგახსენებთ, რომ შენობა ქუთაისის იმ უბანში მდებარეობს, რომლის მთლიანი რეაბილიტაცია  რამდენიმე წლის წინ მოხდა.

ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ირაკლი გიორგაძე ადასტურებს, რომ შენობა შპს „ შიტრიტ ჯგუფის“ საკუთრებაში იყო, თუმცა აღნიშნა, რომ „შიტრიტ ჯგუფს“ ხელშეკრულებით ნაკისრ  ვალდებულებაში თავად ჰქონდა   დარღვევები, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ აქვს შესრულებული, რის გამოც საჯარიმო ვალდებულებები ეკისრება. ასევე, აღნიშნა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მერიას შეუძლო, ხელშეკრულება შეეწყვიტა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არავითარი სასამართლო პროცესი არ მიმდინარეობს და არ ვიცი „შიტრიტ ჯგუფის“ წარმომადგენელმა ეს რატომ განაცხადა. მით უმეტეს, რომ შენობა ჯერ წართმეული არაა. საერთოდ, ტერმინი „წართმეული“ ჩვენთან არ არსებობს. თუ ეკუთვნის აღნიშნულ კომპანიას, მისი საკუთრება იქნება და თუ დარღვევებია, ჩამოერთმევა.

2011 წლის თებერვალში ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობისგან გრიშაშვილის 7 ნომერში მდებარე შენობის შეძენის შემდეგ,  2013 წლის მარტში „შიტრიტ ჯგუფმა“ აღნიშნული შენობა კვლავ მერიას გადმოსცა საკუთრებაში და ამ დროისათვის მერიის კუთვნილებაა. ახლა კი, „შიტრიტ ჯგუფის“ უფროსმა, გვარად ფილიპიამ განცხადება შემოიტანა და შენობის დაბრუნებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საქმეში დევს ხელშეკრულება, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ „შიტრიტ ჯგუფმა“ შენობა საკუთარი სურვილით აჩუქა მერიას. საქმეში ასევე დევს პარტნიორთა კრების ოქმი, რომლითაც ქონება ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა. ამიტომ უცნობია, რის საფუძველზე აცხადებს „შიტრიტ ჯგუფი“, რომ შენობაზე იძულებით ათქმევინეს უარი. რამდენადაც ცნობილია, ეს საქმე პროკურატურაშიც შევიდა, მაგრამ მოსარჩელემ პროკურატურაში ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ ქონებაზე უარი ვინმემ ძალით ათქმევინა. პირიქით, დოკუმენტებს სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ შენობას მერიას უბრუნებდნენ, თავად აწერენ ხელს“-აღნიშნა ირაკლი გიორგაძემ.

ცნობისათვის 2011 წელს შპს „შიტრიტ ჯგუფმა“ ქუთაისის მერიასთან ხელშეკრულება 13 მიწის ნაკვეთსა და მათზე მდებარე შენობა-ნაგებობის შესყიდვაზე გააფორმა.

 P.S. ჩვენ ვაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას და იმედი გვაქვს, რომ "შიტრიტჯგუფი" ღიად ისაუბრებს იმაზე, წაართვეს თუ ნამდვილად თვითონ აჩუქა ეს სადავო შენობა მერიას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3235
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია