საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ არ მიიღეს 4 წლის პაციენტი ბავშვთა საავადმყოფოში?
2012/07/02 12:36:36

ოთხი წლის გიორგიმ ვალერიანის აბები დედის დაუკითხავად დალია. ბავშვი სასწრაფოდ წაიყვანეს უბნის პოლიკლინიკაში.

 

ექიმების განცხადებით, იქ კუჭის გამოსარეცხად საჭირო აპარატურა არ ჰქონდათ, ამიტომ დედათა და ბავშვთა დიაგნოსტიკურ სამკურნალო ცენტრში გაუშვეს. მორიგე ექიმმა ბავშვი არ მიიღო და მხოლოდ საუბრით შემოიფარგლა, მიზეზად კი „ბატონები“ დაასახელა - გიორგის    „ჩუტყვავილა“ აქვს. სწორედ ამ მიზეზით, ექიმის თქმით, ბავშვს ვერ დააწვენდნენ და პროცედურებს ვერ ჩაუტარებდნენ, საავადმყოფოში მყოფ ბავშვებსაც რომ არ გადასდებოდათ. მან მოწამლული ბავშვი ინფექციურში გაუშვა.როგორც აღმოჩნდა, გიორგი ინფექციურის პაციენტი არ იყო და უკანვე, ბავშვთა საავადმყოფოში დააბრუნეს.

ამასობაში დროც გადიოდა და, შესაძლო იყო, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე დამუქრებოდა...

გიორგის დედა ია ჭანჭალეიშვილი გვიამბობს:

„როდესაც პოლიკლინიკიდან ბავშვთა საავადმყოფოში მივედით, მიმღებმა მიგვიღო, მაგრამ მორიგე ექიმმა, სახელად მარინამ, გვითხრა, რომ ბავშვს ვერ დააწვენდნენ, რადგან მას ბატონები ჰქონდა და შესაძლოა, სხვა პაციენტებს გადასდებოდათ. ინფექციურში გაგვიშვეს, საიდანაც ისევ უკან დაგვაბრუნეს. არც ამჯერად გაგვიწიეს დახმარება და იძულებული გავხდით, შინ წამოვსულიყავით. სახლში სასწრაფო გამოვიძახე და, ჩვენს ბედზე, კარგი ექიმი შეგვხვდა, რომელმაც, გაბრაზებულმა, უკანვე წაგვიყვანა და ახლა უკვე პირდაპირ მთავარ ექიმთან შეგვიყვანა. მან ბავშვი გასინჯა და დაგვამშვიდა, რომ საფრთხე გადავლილი იყო - ეს იმის გამო, რომ, როცა გავიგე, ბავშვმა წამლები გადაყლაპა, მაშინვე სოდიანი წყალი დავალევინე. ესე იგი, მე რომ დროულად არ დამელევნებინა სოდიანი წყალი და დავბნეულიყავი, გაფიქრებაც არ მინდა, ბავშვს რა დაემართებოდა.“

რატომ არ მიიღო ბავშვთა საავადმ-ყოფოს ექიმმა მოწამლული ბავშვი მაშინ, როდესაც შეიძლებოდა, სულ ნახევარ საათში დასრულებულიყო ის პროცედურები, რაც გიორგისთვის უნდა ჩაეტარებინათ?

რისთვის არსებობენ ექიმები ბავშვთა საავადმყოფოში მაშინ, როდესაც  ოთხი წლის პაციენტის სიცოცხლე საფრთხეშია?

ჩვენ ამ კითხვებით ქუთაისის დედათა და ბავშვთა სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრს დავუკავშირდით. ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ნამდვილად, გუშინ შემოვიდა პაციენტი, რომელსაც ვალერიანის ტაბლეტები ჰქონდა დალეული და ჰქონდა მეოთხე-მეხუთე დღის ჩუტყვავილა, ინფექციური დაავადება. პაციენტის სუბიექტური და ობიექტური მონაცემები, მით უმეტეს, ვალერიანის ფონზე, იყო აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი, პაციენტს მიეცა რჩევა, რომ რადგანაც ეს იყო ინფექციური დაავადება, მიემართა ინფექციური საავადმყოფოსთვის - იმიტომ, რომ მსგავსი პათოლოგიის პროფილით მომსახურება დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში არ ხდება. ის არის მხოლოდ ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი. ჩანაწერში მითითებულია, რომ მიეცა სიტყვიერი რჩევა, გაიაროს ინფექციონისტის კონსულტაცია. მარტო იმაში კი არ არის საქმე, რომ ეს იყო ეპიდემიის საშიშროება პაციენტის კლინიკაში მოთავსების შემთხვევაში, - კლინიკას არ აქვს  სალიცენზიო საქმიანობის უფლება ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით“.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2159
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია