საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„პაჭკას“ სექტა
2011/10/10 12:20:24

სამტრედიის სასაფლაოზე გვიან ღამით ჩატარებული „რიტუალები“

სექტემბრის შუა რიცხვებში სამტრედიაში 16 წლის გოგონა გაუჩინარდა. მოზარდი, რომლის სახელის და გვარის დასახელებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს, 4 დღე და ღამე იძებნებოდა. პოლიციას ამის შესახებ მანამ არავინ აცნობა, სანამ კიდევ ერთი შემთხვევა არ მოხდა - დაიკარგა ამავე ბავშვის მეგობარიც. ამჯერად პოლიციის რაიონულ სამმართველოში აღიძრა საქმე.

არაოფიციალური ვერსიების თანახმად, სამტრედიაში, დაახლოებით 2-3 წლის წინ, რელიგიური დაჯგუფება თუ სექტა ჩამოყალიბდა, რომელსაც 37 წლის სამტრედიელი, ვინმე ზაზა ნინუა, მეტსახელად „პაჭკა“ ხელმძღვანელობდა. ამ ახალგაზრდა კაცს თინეიჯერები როკ-კონცერტებზე დაჰყავდა ხოლმე. თავდაპირველად ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. როკ მუსიკაზე შეყვარებული ბავშვები შემოქმედებით საღამოებს აწყობდნენ სხვადასხვა რაიონსა თუ ქალაქში. შარშან სვანეთშიც წასულან უკრაინელების შოუ კონცერტზე დასასწრებად. ბავშვები არსად თანხას არ იხდიდნენ დაჯგუფების წევრობით მინიჭებული პრივილეგიის გამო. იმასაც ყვებიან, რომ როცა სვანეთში გამგზავრებულან, ოჯახის წევრებს არაფერი სცოდნიათ და ძალიან უნერვიულიათ. თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა მაინც არაფერი თქმულა.

სამტრედიაში უამრავი ადამიანი (მათ შორის - შემთხვევითი გამვლელებიც) გამოვკითხე. ისინი ერთსა და იმავეს მიამბობდნენ: რომ მოზარდები, რომლებიც ამ გაურკვეველ სექტაში არიან, ცოცხალ კატებს ატყავებენ, სისხლს კი ერთმანეთს სთავაზობენ. ეს სექტის ერთგვარი რიტუალია, რომელიც გვიან ღამით, მეტწილად სასაფლაოებზე სრულდება. საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული და შემდეგ ნაპოვნი ბავშვების საქმეც თურმე ამ ფაქტს უკავშირდება.

არასრულწლოვნების საქმეს გამომძიებელი ნინო მიქაძე იძიებს, თუმცა მან მომხდართან დაკავშირებით ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

წყაროებზე დაყრდნობით, დაკარგული გოგონები „პაჭკას“ სახლში იმალებოდნენ. მოგვიანებით კი, რაც პოლიციამ მათ ადგილსამყოფელს მიაგნო, „პაჭკა“ დაიჭირეს, თუმცა, როგორც ყვებიან, თანხის გადახდის შემდეგ ის გაათავისუფლეს. არასრულწლოვნების საქმე გაუპატიურების მუხლით აღიძრა. სამტრედიაში ასეთი 25-მდე მოზარდიაო, ამბობენ, თუმცა მათ შესახებ ოფიციალურად მაინც არაფერია ცნობილი. წყაროებიდან ისიც გავარკვიეთ, რომ ერთ-ერთი ბავშვის მშობელი პოლიციის თანამშრომელია. საერთოდაც, ამ მოზარდთა მშობლების უმრავლესობას საკმაოდ სოლიდური თანამდებობა უკავიათ, ამიტომაც არავის აწყობს საქმის გამოაშკარავება. თუმცა გოგონას დაკარგვამ აჟიოტაჟი მაინც გამოიწვია.

ზემოხსენებული მოზარდი ამჟამად თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობს. თუმცა ჯერ კიდევ წინა სასწავლო წელს ის სამტრედიის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. ამიტომ, შესაბამისად, ამ სკოლის დირექტორს ვთხოვე კომენტარის გაკეთება.

ქალბატონი მარინა,  სკოლის დირექტორი: „ეს ბავშვი 15 სექტემბერს ჩვენთან, სკოლაში მოვიდა საბუთების გადასატანად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უნიჭიერესი, მოწესრიგებული და ძალიან ჩამოყალიბებული გოგოა. ორშაბათს სკოლაში ბავშვის ბაბუა მოვიდა და მითხრა, შვილიშვილი გადამყავსო. ეს ნამდვილად არ გამიხარდა, იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი მოსწავლე იყო. თბილისის სკოლაში გადაჰყავდათ და ჩვენც, შესაბამისად, საბუთები გავატანეთ. გატაცების ამბავი რამდენიმე კვირის შემდეგ გავიგე და არ მჯეროდა. ის კი მქონდა გაგებული, რომ ვიღაც მოსწონდა, ასაკით ბევრად უფროსი, მაგრამ უკვე ჩვენი მოსწავლე აღარ იყო და ვერც ბავშვთან დალაპარაკებას შევძლებდი. გატაცების ამბავი, არა მგონია, სიმართლე იყოს. ალბათ, თვითონ, თავისით დანებდა. სექტის წევრობაც წარმოუდგენელი მგონია. მოდით, ამ საკითხს სხვა თვალითაც შევხედოთ. დღევანდელი ქუჩა, გიზო ნიშნიანიძის სიტყვებით რომ ვთქვათ, აკადემია ნამდვილად არ არის. ოჯახი დაინგრა, დედ-მამა დაშორდნენ, ბავშვიც დაიბნა და ცოტა ისეთ წუმპეში აღმოჩნდა, სადაც, ფაქტობრივად, დაკარგა ქალიშვილობა...“

ჩვენ ვცადეთ მოზარდების ნათესავები მოგვეძებნა, მაგრამ მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

მეტად გაურკვეველი სექტის შესახებ ისიც გვითხრეს, რომ უცხოელებისაგან ფინანსდება. „განწმენდის პროცესი“, თურმე გვიან ღამით იმართება. დაჯგუფება ყოველთვე თითო ადამიანით უნდა შეივსოს, უმეტესად - ახალგაზრდა გოგო-ბიჭებით. ნორჩი გოგონების ქალწულობა სექტაში მიღების აუცილებელი პირობაა... ქალწულობის დაკარგვის აქტი კი სექტის წევრებისათვის ზეიმად და განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად ითვლება.

როგორც გავიგეთ, სექტის წევრები გაქცეულები იყვნენ, თუმცა რამდენიმე დღეში პოლიციამ მათ ადგილ- სამყოფელს მიაგნო.

როგორ განვითარდება მოვლენები, ამას უკვე გამოძიება დაადგენს. იმედია, ოფიციალურ ინფორმაციასაც მივიღებთ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2045
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია