საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კვამლი დასახლების თავზე
2011/07/11 12:45:49

მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესი“ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის“ გარეშე მუშაობს!

 თუკი თქვენ არ ხართ მესხეთის, ბაკისუბნის, თაბუკაშვილის სამხრეთ ნაწილის, კონსტანტინე გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრები, ამ შემთხვევაში ნამდვილად გაგიმართლათ, რადგან მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესი“ თქვენს მეზობლად არ მუშაობს და თქვენს ჯანმრთელობას არ ვნებს.

წითელი ბოლი, რომელიც ირგვლივ გაზის სპეციფიკურ სუნს აფრქვევს, ქარხნიდან ნელა მოედინება, გარშემო ყველაფერს ბურუსში ხვევს, რის გამოც იქ მცხოვრებნი ცხელ ზაფხულში ვერც კარს აღებენ და ვერც ფანჯარას.

მაშინ, როდესაც ხელისუფლება ქვეყანაში გატარებული რეფორმებით და ახალი კონსტიტუციით საერთაშორისო დონეზე იწონებს თავს, ჩვენს ირგვლივ არაერთი დაუსჯელი ფაქტი რჩება, რასაც, რატომღაც, ვერავინ ამჩნევს...

მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესი“ ორი წლის წინ გაიხსნა, თუმცა გახსნიდან არცთუ მცირე დროში ქარხნის გარშემო არაერთი პრობლემა შეიქმნა. საწარმოში დასაქმებული მუშახელი ხელფასის აუღებლობის გამო გაიფიცა. გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცულების ნაწილი ღამე სახლებიდან გამოიყვანეს და დაიჭირეს, დაკავების სავარაუდო მიზეზად პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა დასახელდა.

მაგრამ ქარხნის გარშემო არსებული პრობლემები ამით არ სრულდება. მოსახლეობა, რომელიც ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, საწარმოდან წამოსული კვამლის მიერ გამოწვეულ, გაუსაძლის პირობებზე საუბრობს. მათ პრობლემის შესახებ ბაკისუბნის ტერიტორიული მართვის ორგანოს და ქუთაისის თვითმმართველობას აცნობეს. ამ ფაქტს ადასტურებს ბაკისუბნის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ოლეგ კუკულავაც, თუმცა, მოსახლეობის მრავალი მცდელობის და ხელისუფალთა დაპირების მიუხედავად, პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება.

ჩვენს ქვეყანაში საქმე ახლობლობით რომ კეთდება, სიახლე აღარავისთვის არის და არც შერჩევითი სამართალი აკვირვებს ვინმეს, რისი მაგალითიც ჩევნს გარშემო მრავლადაა, ნებისმიერ მცირე თუ დიდ საწარმოს, რომელიც არსებულ ნორმებს არღვევს, მკაცრად ისჯება.

ერთ-ერთი ფაქტორი, რასაც საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს, არის გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, რომელსაც უშუალოდ გარემოს დაცვის სამინისტრო გასცემს, თუმცა ფაქტი, რომელსაც ამ საქმის ძიებისას წავაწყდი, ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. ქარხანას, რომელიც ტონობით ლითონს ამუშავებს და რომელსაც მოსახლეობა ჯანმრთელობის დაზიანებაში სდებს ბრალს, არ გააჩნია „გარემოზე ზემოქმედების ნებართვა“. გარემოს  მონიტორინგის სააგენტოს ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით კი, ამ ნებართვის გარეშე ერთი დღით მუშაობაც კანონდარღვევად ითვლება.

როდესაც გარემოს დაცვის სამინისტროს დავუკავშირდით, აღმოჩნდა, რომ „ჰერკულესზე“ არ ყოფილა  გაცემული  „გარემოზე ზემოქმედების ნებართვა!“ 

 

***

მივყვეთ ქრონოლოგიურად. მაშინ, როდესაც კანონი ქარხანას ნებართვის აღებას ავალდებულებს (რაც რატომღაც უყურადღებოდ არის დატოვებული), პარალელურად, საქართველოს კონსტიტუციაშივე ვკითხულობთ: კანონის რეგულირების სფერო არის ისეთი ორგანიზებული საქმიანობა ან ქმედება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს და ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომატებული საფრთხით.

კონსტიტუციაშივე არის ჩაწერილი, რომ ნებისმიერ მძიმე მეტალურგიულ წარმოებას, რომელიც საათში ტონაზე მეტ პროდუქციას აწარმოებს, გარდა ლითონთა ცივად დამუშავებისა და საიუველირო წარმოებისა, უნდა ჰქონდეს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.

ნებართვის აუცილებლობაზე საუბრობს გარემოს დაცვის სამინისტროს ყოფილი დასავლეთ-ცენტრალური რეგიონალური სამმართველოს ყოფილი უფროსი, ამჟამად საქართველოს „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი  თემურ  კეპულაძე: „მსგავსი  ტიპის  საწარმოს  უნდა  ჰქონდეს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. ეს არის საჭირო იმისათვის, დადგინდეს რა ტექნოლოგიები და რა გაწმენდითი საშუალებებია გამოყენებული, ანუ რა შემარბილებელი ღონისძიებებია გატარებული, რა გავლენას ახდენს გარემოზე და შესაბამისად ადამიანზე.

საწარმო გადასარევიც რომ იყოს, მისი ფუნქციონირება არ შეიძლება, რადგან კანონის მოთხოვნა არ არის შესრულებული. ადმინისტრაციულ კოდექსში არის შესაბამისი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ამ კანონდარღვევის დასჯას, განმეორებით შემთხვევაში კი სასჯელი მკაცრდება.

თუმცა ჩნდება ეჭვი იმისა, რომ დაახლოებით ორი წლის მანძილზე ნებართვის გაუცემლობა სხვა ქვეტექსტს ხომ არ ატარებს. მაგალითად, მავანი ამით ხომ არ ცდილობს, უხეშად რომ ვთქვათ, ინდოელი ინვესტორების მოცილებას (მსგავსი მაგალითები კი არაერთია)? რადგან კანონდარღვევაზე, რომლის შესახებაც იცის თითქმის ყველა შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ, რატომ არავინ ამახვილებს ყურადღებას? თუმცა ეს ჩვენი დაინტერესების მთავარი თემა არ არის.           

ასევე საინტერესოა: პრეზიდენტმა, რომელმაც საწარმო არაერთხელ გახსნა და რომელიც ყოველ ჯერზე გვახსენებს, რაოდენ დიდი საქმე გაკეთდა ქვეყნისთვის, რისთვისაც მათ მოსახლეობამ ყოველდღე მადლობა უნდა შესწიროს, - მართლა არ იცის ამ ფაქტის შესახებ და რიგითი მოკვდავებივით მასაც თვალში ნაცარს აყრიან, თუ პირველი პირიც ამ კანონდარღვევაზე თვალს ხუჭავს?

 

ჩაატარონ ობიექტური გამოძიება და გვითხრან, ვნებს თუ არა ეს საწარმო ჩვენს ჯანმრთელობას? 

 

გამონაბოლქვით შეწუხებული მოსახლეობის პრობლემამ რედაქციამდეც მოაღწია და მის გასაცნობად კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლებს  ვეწვიეთ. შორიდან დანახული პრობლემა გაცილებით რთული და მძიმე. აღმოჩნდა.

ნონა ვახანია, კ.გამსახურდიას ქუჩის მცხოვრები: „ისეთი საშინელი კვამლი შემოდის, სუნთქვის საშუალებაც არ არის, ჩვენს ჯანმრთელობასთან ერთად ყველა პროდუქტს სპობს და ანადგურებს. აღარც ხილი მოდის და აღარც ბოსტნეული. აქ, ბაკისუბანში რომ დაბინძურებული პროდუქტი მოვა, იმას ხომ ქალაქში წაიღებს გლეხი გასაყიდად და ეს პროცესი უმართავ სახეს მიიღებს. ვითხოვთ დაგვეხმარონ, მაგრამ ჩვენთვის არავის სცალია და ჩვენზე არავინ წუხს.“

ედიშერ რევიშვილი, იურისტი, კ.გამსახურდიას ქუჩის მცხოვრები:  „აქ დავიბადე და აქ გავიზარდე, კომუნისტების ეპოქაში, 70-იან წლებში ამუშავდა რკინა-ბეტონის ქარხანა, რომელიც იწოდებოდა №2 ქარხანად. კომუნისტებმა განსაზღვრეს, - მოსახლეობასთან ახლოს იყო ქარხანა, მაგრამ მათ ისეთი მავნე გამონაყოფები არ ჰქონდა, რომელიც ვნებდა მოზარდების, ბავშვების, მოხუცების ჯანმრთელობას. ეს, იყო უბრალოდ, ნედლი ბეტონის გამომშვები წარმოება, ცემენტით და ინერტული მასალების შეზავებით მზადდებოდა ბეტონი, რომელიც ხმარდებოდა მშენებარე ობიექტებს. პრაქტიკულად, არავითარი მტვერი, არავითარი გამონაყოფი და არავითარი მავნე ნივთიერებები არ იყო. მოგეხსენებათ, ეს ძველი საწარმოები დინოზავრებივით გაქრნენ. ახალი ცხოვრება მოვიდა და სულ სხვა ხედვა აქვს ყველას მშენებლობასთან და წარმოებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ და ჩვენდა საუბედუროდ, ხალხისაგან დამოუკიდებლად განსაზღვრეს, დააპროექტეს და ინდოელებს მიჰყიდეს ქარხანა. თუმცა მარტო ეგენი არ არიან, ოლიგარქებიც არიან ჩართულნი ამ საქმეში. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი: ხალხის ჯანმრთელობა, მათი ინტერესები, განსაკუთრებით - ბავშვების სიცოცხლე სხვენზეა შემოდებული. წინასწარ არ გაუმხელიათ, რომ აქ რკინის გადასამუშავებელი ქარხანა უნდა აშენებულიყო. ამ წარმოებას კი თავისი ტექნოლოგიები აქვს, უკეთდება ათასნაირი მინარევები.

მართალია, იურისტი ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, მეტალურგიული მხარეც, არის ძალიან მავნე გამონაბოლქვი, დიდი დოზით რკინის დუღილის პროცესში, მეორე - მანგანუმს უმატებენ და მესამე, რაც ყველაზე მთავარია, გადამუშავებაში და დნობაში არის მეორადი ნედლეული ასე ვთქვათ, რკინის ნარჩენები, ჯართი, რომელსაც მოსახლეობიდან, ასევე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებიდან იღებენ. ღმერთმა უწყის, ამ ჯართში რა არის, შესაძლებელია, იყოს რადიოაქტიური მასალები, რადგან არ არის გამორიცხული, სამხედრო ტექნიკაც მოჰქონდეთ. ერევა სხვადასხვა ზეთები, საგოზავები, მაზუთი... ე.ი 24 საათის განმავლობაში აუტანელი მდგომარეობაა. თუ დასავლეთიდან არის ატმოსფერული წნევა მოჭარბებული და ოდნავ მაინც თუ უბერავს ან არ უბერავს დასავლეთის ქარი, განსაკუთრებით ღამით, საშინელი მდგომარეობაა. ძალიან ცუდად გავხდი პირადად მე. ბავშვი არაერთხელ გაგვიხდა ავად, მუდმივი წნევები დასჩემდა ოჯახის წევრებს. მარტო ჩვენ არ ვართ ამ დღეში, ასეა აქ მცხოვრები ყველა მოსახლე.

ამასთან დაკავშირებით თხოვნით მივმართეთ ჩვენს მერიას. წარმოება მავნეა, ვიცით, რომ მილიონებია დახარჯული,. თავის დროზე არ მოხდა შეთანხმება ხალხთან და ეს არის მთავრობის და ეკოლოგიური სამსახურების ბრალი, რადგან მნიშვნელობა არ მიანიჭეს ხალხს, ჩვენ მოგვიძულეს და და მავანთ მისცეს საშუალება ქარხნის გახსნის. ახლა გაკეთებულია, ხომ? კეთილი ინებონ და ფილტრები, რომელიც ასე ძვირი ღირს, დააყენონ, თორემ ხალხი ისეთ მდგომარეობაში არის, ძალიან მალე ააფეთქებს მაგ შენობას მთლიანად. მაგათი არც სპეცნაზის გვეშინია და არც ჯარების.

მეორე საკითხი - კომპენსაცია მისცენ ამ ხალხს, შეაფასონ ეს ყველაფერი, გაგვიშვან აქედან და გამოაცხადონ მკვდარ ზონად. გადასვლაზეც არ ვართ წინააღმდეგი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ეს გაუდაბნოებული მხარე.

მივმართეთ მერიას, მაგრამ მერია ამ საქმეს არ წყვეტს, რადგან ეს არის მარიონეტული ორგანიზაცია, რომელიც ცენტრალური მთავრობის მიერ იმართება. ესენი არაფერს წარმოადგენენ საქართველოში.

ეს არის „ცისკარას დევი“, რომლითაც ჰაერი გვაქვს მოკეტილი.  ჩვენი უბედურება ამით არ მთავრდება. თუ არის აღმოსავლეთის ქარი,  დღე იქნება ქარხნის ბოლი და ღამე - ახლომდებარე ნაგავსაყრელი რომ არის, იმის ნამწვავი გვკლავს. ნარჩენებს უკიდებენ ცეცხლს, რაც გამოყოფს მეთანს. ნარჩენები მთლიან წვას ვერ ასწრებს, მოდის კვამლი, ედება აქაურობას. ამ ქარხნის კვამლზე ნავთს ასხამს და ვართ გაუსაძლის სიტუაციაში.

მოვითხოვთ სპეციალური სახელმწიფო კომისიის გამოყოფას, რომ შეიყვანონ არასამთავრობო ორგანიზაციები, დადონ ობიექტური საექსპერტო დასკვნა, თუ რა მავნე შედეგი მოყვება ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თუ დაგვიწერენ, რომ ჩვენი პანიკა უადგილოა, ხმას არ ამოვიღებთ და თუკი საშიშ ზონაში ვართ, კომპენსაცია გაგვიკეთონ და აქედან გაგვიშვან.

ეს ქარხანა თბილისმა გააკეთა და ის აქ არ ჩამოვა და ხმასაც არ ამოიღებს, ხელი მოაწერა გარემოს დაცვამაც და შესაბამისმა სამინისტროებმა. ეგენი ახლა საკუთარ აქტს შეეწინააღმდეგებიან?

ნანი გრიგალაშვილი: „როდესაც ეს აშენდა, არ ვიცოდით, რა კეთდებოდა, როდესაც გაუშვეს ქარხანა, უკვე გვიანი იყო, რადგან ცუდად იმოქმედა ჩვენზე. ჩემი მეუღლე ამ ქარხანამ შეიწირა, გამოიწვია უამრავი დაავადება, შეერყა ჯანმრთელობა და დაიღუპა, ამ დღეშია აქ მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი. აშენებულს ხომ ვერ დაანგრევენ, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ.

ჩამოვა სააკაშვილი და ეუბნებიან, ფილტრები გვიყენიაო, რაც ტყუილია. ღამით უნდა ნახოთ, აქ რა მდგომარეობა არის. არავის ჩვენ არ ვენაღვლებით.“

 

ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ეს ქარხანა, ვიდრე იქ მოყვანილი პროდუქტი 

 

ქარხნის მუშაობის და მისი უვნებლობის შესახებ რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს ქარხნის ხელმძღვანელობას.

პაატა ჩხენკელი, გენერალური დირექტორი: „ინდურ-ქართული ერთობლივი ქარხანა ამუშავებს სხვადასხვა პროფილის სამშენებლო არმატურას. აღნიშნული პროდუქცია იყიდება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც - აზერბაიჯანში, სასომხეთში და ირანში. ვამუშავებთ იმ ჯართს, რომელიც საზღვარგარეთ ექსპორტზე გადიოდა. ქარხანაში 400 ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული, მთლიანად ინფრასტრუქტურაში კი 1000 კაცამდე.

ჩადგმული გვაქვს 260 ფილტრი, თითო არის სამმეტრიანი, გაივლის ეს კვამლი ფილტრებს, გადამუშავდება რამდენიმე ფენად და შემდეგ მილებიდან გადის გარეთ. ჩაყენებული გვაქვს გამწოვი სისტემა, და ამ მხრივ უსაფრთხოების ზომები დაცულია. ყველა ფილტრს ვამოწმებთ და 4-5 თვის ინტერვალით სისტემატურად ვცვლით. ამ ეტაპზე 380 ცალი გვაქვს საწყობში, რა წუთში დაგვჭირდება, გამოვცვლით.

- ბატონო პაატა, გასულ წელს მუშები გაიფიცნენ, რა იყო ამის მიზეზი? 

- ჩვენი ინფორმაციით გაიფიცა რამდენიმე ადამიანი. პრინციპში, ჩვენდამი მოთხოვნები არ იყო ჩამოყალიბებული, ჩვენ ვერ გავიგეთ გაფიცვის მიზეზი, წერილობით არ მოუმართავთ, ეს მოხდა სპონტანურად და რა მიზეზს ისახავდა, ჩვენთვის წარმოუდგენელია. ქალაქ ქუთაისში, სადაც მძიმე მეტალურგია მძვინვარებდა და რამდენიმე ათეული წლით მოკვდა, სამუშაო ადგილი არ იყო და ოცი წლის შემდეგ კაცმა სამსახური მიიღო და დასაქმდა, იმის მერე გასაფიცი არაფერი არ უნდა ჰქონოდა, როცა ჰქონდა მაღალი ხელფასი.

- ხელფასის დაგვიანება არ იყო გაფიცვის მიზეზი? 

დაგვიანება იყო, ორი კვირით იყო, მაგრამ ქარხანაში მსგავსი რამ ხდება. მითუმეტეს, ახალ წარმოებაში, რომელიც სრული დატვირთვით არ მუშაობს.

- ამიტომ მოხდა გაფიცულთა დაკავება? 

- დაკავება? არ ვიცი მე, რა მოხდა, წარმოდგენა არ მაქვს, შეიძლება აქ რაღაც სხვა მიზეზი იყოს, რადგან, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ანალოგიური ტალღა იყო სხვა საწარმოშიც და ეს ტალღა მოადგა აქაურობასაც. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო გათვლილი საბოტაჟზე. რატომ მსგავსი რამ იმის შემდეგ არ მოხდა? თუკი უხელფასობის გამო მიდის სამსახურიდან, რა, სიცოცხლეს თუ საფრთხე შეექმნა, არ წავა? მართალია, სამკერვალო ფაბრიკასთან შედარებით მძიმე სამუშაოა, მაგრამ ისეთი არაფერი არ არის.

- მოსახლეობა აცხადებს, რომ ამ საწარმოს მშენებლობის შესახებ არაფერი იცოდა და ისინი არავის არ გაუფრთხილებია.

- მოსახლეობასთან რეფერენდუმი იმის შესახებ, საწარმო აშენდეს თუ არ აშენდეს, არსად არ ხდება მსოფლიოში (არადა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ საქართველოს კანონი ავალდებულებს ნებისმიერ პირს, ორგანოს - გაითვალისწინოს საზოგადოების აზრი, როდესაც საქმე მის ჯანმრთელობას და მით უმეტეს სიცოცხლეს ეხება. ნ.ჩ.) არსებობს შესაბამისი ორგანიზაციები, რომელთანაც უნდა შეთანხმდეს, რა ნორმების დაცვით უნდა მოხდეს მისი ამუშავება და ჩვენ ყველა ამ ორგანიზაციიდან დადებითი პასუხი მივიღეთ. ეს კომუნისტების დროიდან იყო სამრეწველო ზონა და ამ სამრეწველო ზონაში ამუშავდა ეს საწარმო, რამაც ძალიან დიდი სტიმული მისცა ზოგადად საქართველოში მძიმე მრეწველობის განვითარებას.

- რამდენადაც ცნობილია, მსგავსი წარმოება უნდა ფუნქციონირებდეს დასახლებული პუნქტიდან მოშორებით.

- ეს გააჩნია, რა ტიპის წარმოებაა, რამდენად მიესადაგება იმ ნორმებს. ამ შემთხვევაში, აქ არანაირი ნორმები დარღვეული არ არის.

- თუკი მოსახლეობა ექსპერტის დახმარებით დაადგენს, რომ კვამლი, რომელიც ამ საწარმოდან გადის მათი ჯანმრთელობისათვის და სოფლის მეურნეობის პროდუქტებისათვის საზიანოა, ამ შემთხვევაში, რა ზომებს მიმართავთ?

- ესეთი რამ არ უნდა იყოს, მაგაზე არ არის ეს გათვლილი, არ უნდა აღმოჩნდეს!.. რას ნიშნავს სოფლის მეურნეობის პროდუქტი! არამგონია, რომ იქ რაიმე იყოს დაზიანებული. არ ვიცი, აქედან რა მანძილზეა ეგ სათბურები, მაგრამ დამეთანხმეთ იმაში, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ასეთი წარმოება, ვიდრე იქ მოყვანილი პროდუქტი. მოსახლეობას ძლიან ბევრი რამ არ ესმის და გაუგებარია საზოგადოებისთვის. რომ ითხოვენ პენსიას, სოციალურ და ათასნაირ დახმარებას, როგორ უნდა გაიცეს და როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, თუ ასეთი საწარმოებიდან ფული არ შევიდა ბიუჯეტში!

კი ვიცით, რომ მერიაში განცხადება შევიდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სხვანაირად არაფერი განვითარდება, თუ არ განვითარდა წარმოება და ყველაზე მთავარი არის მეტალურგია. ბიზნესმენები, რომელთაც აქ ფული ჩადეს, რისკავენ, რადგან არავინ იცის, როდის მოახერხებს ეს საწარმო სრული დატვირთვით ამუშავებას. აქ 40 მილიონი ლარის ინვესტიციაა ჩადებული და არავის აქვს გარანტია, მოხერხდება თუ არა ამ ინვესტიციის ამოღება. მოსახლეობის მთავარი დაინტერესება ფულია, ითხოვენ სახლების და მიწის კომპენსაციას, მაგრამ ერთი კითხეთ, როგორ ადგილზე უნდათ სახლები და მიხვდებით, მათი პროტესტის მიზეზი რაც არის.

 

***

გენერალური დირექტორის მოსაზრების საპირისპიროს ამტკიცებენ ყოფილი მუშები და იმ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ, რაშიც ყოფნა უწევდათ, რის გამოც გაიფიცნენ და სათანადოდ დაისაჯნენ კიდეც: „არ იყო წყალი, საპირფარეშო, სააბაზანო, ხელები მაინც რომ დაგებანა. არც სპეცფორმა და არც უსაფრთხოების ნორმები იყო დაცული. რამდენიმე მუშა მძიმედ დაშავდა, მაგრამ მათ ბიულეტენიც კი არ მისცეს. რა პირობები, საკუთარ ხელფასსაც კი არ გვაძლევდნენ! საკუთარ ქვეყანაში უუფლებონი გავხდით, არც პატრონი გვყავს და არც კანონი გვიცავს“.

 

***

დიდი ხანია, ძაღლის ყეფა ქარავანს ვეღარ აჩერებს და, სავარაუდოდ, არც ამჯერად შეიცვლება რაიმე მოსახლეობის სასიკეთოდ, რადგან, საკმაო ხანია, რაც მეტალურგიული ქარხნის გარშემო მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1984
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია