საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„რაცხა ტრუბები კი მეიტანეს, მარა გაკეთებული არაფერია...“
2011/01/20 14:13:10

იყო დრო, სოფელშიც ისევე იგრძნობოდა სიცოცხლის ხალისი, როგორც ქალაქში. არსებობდა საბავშვო ბაღები, საშუალო სკოლები, ბიბლიოთეკები, კინო. ყველაფერ ამის საფუძველს კი დასაქმებული ხალხი ქმნიდა, რომლებიც ფაბრიკებსა და ქარხნებში მუშაობდნენ. დღესდღეობით ეს ყველაფერი წარსულის ილუზიაა. ამიტომაც გვაქვს სახეზე დაცარიელებული და უდაბნოდ ქცეული სოფლები. ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ,,სოფლის დახმარების“ პროგრამის განხორციელება დაიწყო, სადაც თვითონ მოსახლეობამ უნდა შეარჩიოს, რა არის აუცილებელი მათთვის. თუმცა რამდენად არის ჩართული სამუშაოების განხორციელებაში, ეს სხვა საკითხია. 

 

წყალტუბოს რაიონის სოფელი ჟონეთი ზედა და ქვედა ჟონეთისგან შედგება.სამწუხაროდ, ქვედა ჟონეთი სტიქიის ზონად ითვლება, რადგან მდინარე რიონი გაზაფხულზე ძალიან დიდდება, ეზოები მთლიანად იტბორება, ამიტომ წარმოუდგენელია რაიმე მოსავლის მიღება. სახლების პირველი სართული სილით არის დაფარული. ასეთი პირობების გამო სოფელი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა. თუმცა არსებობს სხვა პრობლემებიც, რომლებიც ადგილზე დარჩენილთ აწუხებთ.

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 2010 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 11 ათას 848 ლარი გამოიყო. რამდენად იყო ჩართული მოსახლეობა პრიორიტეტების განსაზღვრაში? მიიღეს თუ არა სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობა? როგორ გადანაწილდა ეს თანხა? რომელ სფეროს ეკუთვნის განხორციელებული სამუშაოები? ამ საკითხების გასარკვევად სოფლის მოსახლეობას და ადმინისტრაციული  ერთეულის რწმუნებულს კახა იოსელიანს გავესაუბრეთ.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ადგილობრივები მთავარ პრობლემად მდინარე რიონის კალაპოტის შეცვლას ასახელებენ, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებას ძალიან დიდი თანხა სჭირდება. სოფლის მთავარი შემოსავალი ჩაის მოყვანა იყო, დღეს კი ეს ვერ ხერხდება, ამიტომ მოსახლეობის უმეტესობა უმუშევარი და გაჭირვებულია.

რას ფიქრობენ ეს ადამიანები? (საუბრის სტილი დაცულია):

ნაზი ჯანელიძე: „ჩვენს საკეთილდღეოდ არავინ არაფერს ფიქრობს.თუ დეიწყეს ეს სოფლის დახმარების პროექტია, თუ რაცხა, გაგვაგებიონ ნორმალურად. არც წყალტუბოს მთავრობა, არც ჩვენი გამგეობა არაფერს აკეთებს, ვის ვეკუთნით, ვერ გავიგეთ. წელს არც ლობიო მოგვსვლია და არც სიმინდი. არავინ არ დაგვეხმარა. აღმოსავლეთში რომ დოურიგეს ხალხს პურის ფქვილები, ჩვენ არ გვინდოდა? წყლის ტრუბების გაკეთება კაია,  მარა რო მეიტანეს და დაყარეს, ბოლომდე არ უნდა მიიყვანონ, რაც დეიწყენ? იმას გადასაბმელები უნდოდა, ჩვენ სად გვქონდა მაგის ფული? დაამთავრონ, დაწყებული რაც აქვთ, და იმას ჰქვია გაკეთებული საქმე.“

ლოლა იობიძე: „რა პროგრამა იყო, ჩვენ რა ვიცით? რაცხა ტრუბები კი მეიტანეს, მარა რამდენი გადეიხადეს, რა ვიცით? გაკეთებული არაფერია. აწყვია ავდარში, სიცხეში, გარეთ და პატრონი არავინ ყავს. მთავარი გაკეთებაა, მარტო რომ შემეიტანეს და ხალხს დაანახეს, რა არი? ვინმე კონტროლი არ უნდა ყავდეს? ან ის გვითხრან ნორმალურად, როდის გააკეთებენ. იმედია, მალე მოუვლიან ამ საქმეს.“

მილები სოფელში აპრილ-მაისში მიიტანეს და მოსახლეობის ეზოებში დააწყვეს. თუმცა გაკეთებული ჯერ არაფერია. რთული რელიეფის გამო მოსახლეობამ ვერ შეძლო, თავისი ძალებით დაემონტაჟებინა“.

,,სასმელი წყლის მილები 20-25 წელია არ შეცვლილა. სოფლის კრებაზე ხალხთან ერთად გადავწყვიტეთ, თანხა შემდეგნაირად გადაგვენაწილებინა: წყლის მილები შევიძინეთ ქვედა ჟონეთში 4548 ლარით, სათაო წყლის ნაგებობის რეაბილიტაციისთვის 4245, სასმელი წყლის ავზისთვის 1180, ხოლო ზედა ჟონეთში მილების შესაძენად 1875 ლარი გამოვყავით. წელს მილები ვიყიდეთ. ვინაიდან ხალხმა თავისი ძალებით ვერ შეძლო მათი მიწაში ჩადება და წყლის გაყვანა, ამ საქმეს სჭირდებოდა სპეციალური ტექნიკა, ამიტომ ხალხთან ერთად გადავწყვიტეთ, მომავალი წლისთვის გამოყოფილი თანხით დავამონტაჟოთ.შეიძლება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილმა თანხამ მოიმატოს, მაგრამ თუ იგივე თანხა მოგვცეს. დაწყებული სამუშაოების დასრულებისთვის მაინც გვეყოფა. დარჩენილი ფულით კი ბობოხიძეების უბანს გავუკეთებთ კიდევ მილებს,“ - განაცხადა ჟონეთის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულმა კახა იოსელიანმა.     

ისევ სოფლის მკვიდრნი:

რომან იობიძე: „ჩვენ ვერ მოვახერხეთ გაკეთება. გასაჭრელი იყო  კლდე. გადაბმებზე იყო პრობლემები, ფული არ გვქონდა, რომ თავად შეგვეძინა ეს მასალა, გამგებელმა გვითხრა, რომ სპეციალისტებს მოიყვანენ, იმედია, სოფლის მოსახლეობასაც ჩართავენ სამუშაოს შესრულებაში. გამოყოფილი თანხა როგორ გადანაწილდა, რაში რა დახარჯეს,  ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს. ვიცით მხოლოდ, რომ მილები მოიტანეს“.

გიული ბობოხიძე: „არავის ჩვენთვის არაფერი უკითხავს. რამდენი იყო გამოყოფილი, არ ვიცოდით. მოიტანეს თავისთვის მილები. მარა, ამ საქმისთვის მარტო მოტანა არ კმარა.  თავისებური მოწყობილობა უნდა. უპატრონოდ რო დაყარეს, შეიძლება განიავდეს. თუ რამეს გააკეთებენ სოფელში, არჩეულმა კაცებმა უნდა აკონტროლონ. ვთხოვე გამგებელს, რომ მოეძებნა ადამიანი, რომელიც მრიცხველებს შეამოწმებდა, რადგან ამასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, ბევრმა არ იცის ზუსტი ანგარიში, მარა არავინ გამიგონა. ცოტა მეტ თანხას თუ გამოყოფენ, კაი იქნება, იქნებ დეეტყოს რამე გაკეთებულის.“

ჟონეთის მოსახლეობის გამოკითხულთა უმრავლესობა საკმარისად არ მიიჩნევს გადმორიცხულ თანხას, რადგან ეს ფული ოდნავადაც არ ამსუბუქებს პრობლემებს, რაც მათ აწუხებთ. მათი თქმით, სჯობს უფრო სოლიდური თანხა გამოყონ და ხარისხიანად ,სრულყოფილად შეასრულონ სამუშაოები. ადგილობრივები კიდევ ბევრ პრობლემაზე საუბრობენ. მათი თქმით „ქვის კარიერები“ დიდ საფრთხეს უქმნის როგორც ხალხს, ასევე პირუტყვსაც. რადგან ქვები მთიდან ცვივა და ყანებში გორდება. თითქმის არ არსებობს ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა. სასაფლაო ზედა ჟონეთშია, ქვედა ჟონეთის მცხოვრებლებს კი წყლით ჩარეცხილი საცალფეხო ბილიკით უწევთ სიარული. მოძველებული ელექტრო-ენერგიის გადამცემი ხაზები ზამთარში თოვლს ვერ უძლებენ და ხშირად ითიშება შუქი.

პრობლემა ბევრია, სოფლის დახმარების პროგრამა კი, იმედი ვიქონიოთ, ცოტათი მაინც შეუმსუბუქებს ხალხს ყოფას. რადგან, როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა გვითხრა, „თუ სოფელი არ გაძლიერდა, ქალაქი საიდან იქნება მდიდარი?“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2077
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია