საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქუთაისური ვარიანტი
2010/07/26 12:48:14

2010 წელს ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამის ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახების  დახმარებისათვის  120  ათასი  ლარია  გამოყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ თანხა ერთი შეხედვით  სოლიდურად  გამოიყურება, ის მაინც არაა საკმარისი. 

მრავალშვილიან დედებს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება, ისინი გამუდმებით სთხოვენ მერიას დახმარებას, მაგრამ ვერ იღებენ.

10 შვილის დედა ქეთევან შალამბერიძე რამდენიმე თვის წინ თურქეთში წავიდა სამუშაოდ. მანამდე მთელი ხუთი წლის მანძილზე ითხოვდა მერიისგან დახმარებას, თუმცა - უშედეგოდ.           „მრავალშვილიანი ოჯახებისადმი დახმარება და დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტა სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მრავალშვილიანი ოჯახები საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან ყოველმხრივ თანადგომას საყოფაცხოვრებო და სოციალური პრობლემების მოსაწესრიგებლად,“ - ეს ხმამაღალი ჩანაწერი ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში მხოლოდ ჩანაწერად დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან სახსრები გამოყოფილია, მერია ნაკლებად ზრუნავს სოციალურად შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე.

უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში მერია მრავალშვილიანებს დახმარებას უხსნის. საქმე იმაშია, რომ დახმარება მხოლოდ იმ ოჯახებზე გაიცემა, ვისაც ჰყავს ოთხი და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე) შვილი. როგორც კი ერთ-ერთ მათგანს 18 წელი შეუსრულდება მრავალშვილიან დედას დახმარება უწყდება, ადგილობრივი თვითმმართველობა დარჩენილ სამ არასრულწლოვანზე აღარ ზრუნავს.

„თუ ერთ-ერთი მაინც გახდა სრულწლოვანი, სამწუხაროდ, დახმრება უწყდებათ, რადგან სწორედ ესაა ამ პროგრამის ერთ-ერთი მოთხოვნა. არასწორი მიდგომაა - დანარჩენ სამს ხომ უნდა დახმარებაო. იგივე მიდგომით შეიძლება, თქვენც გჭირდებათ დახმარება ბიუჯეტიდან და არც მე არ მაწყენდა, ისევე ,როგორც ნებისმიერ ქუთაისელს, მაგრამ ბიუჯეტი ამისთვის ხომ არ არსებობს,“ - ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურის უფროსი არჩილ მუკბანიანი.

დახმარებას, რომელსაც მრავალშვილიანი დედები იღებენ, ერთჯერადი სახე აქვს და წელიწადში 500 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს ამ დახმარებას ქუთაისში მცხოვრები 200 მრავალშვილიანი დედა მიიღებს.

„დახმარებას ერთხელ ვიღებ წელიწადში. უკეთესი იქნება ყოველთვიური სახე რომ ჰქონდეს, თუნდაც მცირედი. კარგი იქნება ერთჯერადი სახე რომ არ ჰქონდეს,“ - ამბობს 5 შვილის დედა ეკა ნიკოლაიშვილი.

„გარდა ამისა, ყოველი მეოთხე, მეხუთე და შემდეგი შვილის გაჩენის შემთხვევაში ჩვენ დედებს ფულადი თანხით ვეხმარებით. მეოთხეზე - ოთხასი ლარით, მეხუთეზე - 500 ლარით და ასე ზევით,“ - ამბობს არჩილ მუკბანიანი.

კიდევ ერთი პრობლემა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ეხება. ერთი შეხედვით მერიამ მრავალშვილიანი ოჯახები საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილა და ისინი დევნილთა ყოფილ საცხოვრებელში - ბაგა-ბაღ „ნარჩიტას“ შენობაში შეუშვა. შენობაში, რომელშიც ნაწილი ფანჯრები ჩამსხვრეულია და წვიმის დროს წყალიც ჩადის.

„ჩემს მეუღლეს იმ დღეს მოტყდა ფეხი, როცა ამ შენობაში გადმოვედით. ორსულად ვიყავი მეხუთე შვილზე. ბავშვი იმ იმედით გავაჩინე, რომ მერიიდან ფულად დახმარებას მივიღებდი. მძიმე პირობებში გვიწევს ცხოვრება, ჩემს მეუღლეს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა, ნაოპერაციებს სარეაბილიტაციოდ სამკურნალო თანხები სჭირდებოდა, მაგრამ ვერ იმკურნალა და კოჭლი დარჩა. არადა, ტრავმის მიღებამდე ოჯახს ხელოსნობით არჩენდა,“ - ამბობს 6 შვილის დედა ნინო ჯანგველაძე.

ზემოაღნიშნული მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რაც მრავალშვილიან ოჯახებს აწუხებთ. ადგილობრივი ბიუჯეტით მათთვის განსაზღვრული დახმარება კი იმდენად მიზერულია, რომ ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. მოვალეობის მოხდად ჩაითვალოს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან და სხვა არაფერი.

 

ცნობისათვის:

2010 წელს ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისათვის 1 712 ათასი ლარია გამოყოფილი. ეს თანხა სხვადასხვა სოციალურ პროგრამებზე შემდეგნაირადაა გადანაწილებული. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა 116 ათასი ლარი, მედიკამენტებით დახმარების პროგრამა - 41 ათასი ლარი, სამედიცინო დახმარების პროგრამა - 279 500 ლარი, სამხედრო ძალებში გასაწვევად მოზარდთა წინასწარი სამედიცინო შემოწმების პროგრამა - 40 ათასი ლარი, სამედიცინო დაზღვევის პროგრამა - 200 ათასი ლარი, ვეტერანთა სარიტუალო დახმარების პროგრამა - 24 ათასი ლარი, მიცვალებულთა დასაფლავების პროგრამა - 30 ათასი ლარი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა - 120 ათასი ლარი, სოციალური ღონისძიებების პროგრამა - 150 ათასი ლარი, უფასო მგზავრობის პროგრამა - 101 ათასი ლარი, მატერიალური დახმარების პროგრამა - 125 ათასი ლარი, უფასო კვების პროგრამა - 485 ლარი.

ერთი შეხედვით 1 712 ათასი ლარი დიდი თანხაა, მაგრამ მერია გაცილებით მეტს ხარჯავს საკუთარ თავზე. ეს მაშინ, როცა ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების შენახვა, ხელფასები და მივლინებები, მილიონ ლარზე მეტი ჯდება.

 

მანანა ქველიაშვილი

ანი ონიანი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1982
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია