საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ადმინისტრაციული შენობების რემონტი ხალხის ინტერესების ხარჯზე
2010/07/26 12:46:19

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 2010 წელს სოფელ ნახშირღელისათვის 33 365 ლარია გამოყოფილი. ეს თანხა სოფლის მოსახლეობას საკუთარი სურვილითა და ინიციატივით შეეძლო, განეკარგა. თუმცა, ბევრი სხვა სოფლის მსგავსად, ნახშირღელეშიც პრიორიტეტები გამგებელმა დასახა.

„ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს. ისიც კი არ ვიცოდი, რაიმე თანხა თუ იყო გამოყოფილი ჩვენი სოფლისთვის. საერთოდ, ვის აინტერესებს ხალხის აზრი. თვითონ რაც აწყობთ, იმას აკეთებენ,“ - ამბობს სოფელ ნახშირღელის მცხოვრები ციალა გოშაძე.

ნახშირღელის თემის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი გამგებელი, ახლა უკვე მთავარი სპეციალისტი ამბობს, რომ ყველას აზრს ვერ დაეკითხებოდნენ და 630 კომლიან სოფელს კარდაკარ ვერ ჩამოივლიდნენ პრიორიტეტების შესარჩევად.

„ჩვენ ყველა უბანში გვყავს თავკაცები და ისინი გამოხატავენ სწორედ მთელი უბნის პოზიციას. გვქონდა კრება, რომელსაც უბნებიდან წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ერთობლივად ვიმსჯელეთ და შევჯერდით, თუ რა სახის პროექტები უნდა განგვეხორციელებინა,“ - ამბობს ნახშირღელის თემის ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი მამია ნიკოლაძე.

სოფელ ნახშირღელის „უბნის თავკაცების“ მიერ შერჩეული პრიორიტეტები ასე გამოიყურება: 12 გრძ/მ ბოგირის მოწყობა მეორადი მილით ცინაძეებისა და გოშაძეების უბანში - 1250 ლარი, ბორნის შეკეთება – 2000 ლარი, სკოლისა და კრავიშვილების უბანში 288 გრძ/მ ღვარსადენის მოწყობა – 700 ლარი, სოფლის ცენტრში საპირფარეშოს მოწყობა – 1600 ლარი, საუბნო გზებზე ინერტული მასალის შეზიდვა და გაშლა – 3403 ლარი, საბავშვო ბაღის ინვენტარის შეძენა – 2000 ლარი. ყველაზე დიდი თანხა - 13650 ლარი, სხვა სოფლების მსგავსად, ნახშირღელის ადმინისტრაციული შენობის რემონტს მოხმარდა.

სოფლის მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ პრიორიტეტები არასწორად იქნა დასახული, მათი ინტერესები კი – უგულებელყოფილი.

„რად გვინდოდა გამგეობის გარემონტება, მაგას ჯობდა ბორანი გაეკეთებინათ წესიერად ჩვენს უბანში. იმ კაბინეტებში 5-6 კაცი ზის და ამით კიდევ მთელი სოფელი სარგებლობს,“ - ამბობს სოფელ ნახშირღელის მცხოვრები თამარ გოშაძე.

მოსახლეობაში კიდევ ერთი უკმაყოფილების საგანს სოფლის ტრაქტორი წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ სახელადაა სოფლის. „სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში“ სოფლის ბალანსზე არსებული ტრაქტორის მარაგინაწილების შეძენა მოხდა, სულ 1000 ლარის ღირებულების. მიუხედავად იმისა, რომ ტრაქტორი ერთი შეხედვით სოფლის კუთვნილებაა და მისი ნაწილების შესაძენადაც სოფლის ფული დაიხარჯა, მოსახლეობა ვერანაირი უპირატესობით ვერ სარგებლობს. ისინი ფართობის დახვნისათვის იხდიან როგორც საწვავის, ისე მომსახურების ფულს.

როგორც გავარკვიეთ, აღებული ფული ნაცვლად სოფლის ბიუჯეტისა, ტრაქტორისტის ჯიბეში მიდის.

„ეს ფული, იცით, როგორი რაღაცაა? ისევ ტრაქტორს სჭირდება. ნაწილებია შესაძენი, ათასი ხარჯია. ამიტომ დახვნის ფული ტრაქტორისტთან რჩება,“ - ამბობს ნახშირღელის თემის ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი მამია ნიკოლაძე.

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, ხალხი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობს და მათთვის გამოყოფილ თანხებს გამგებლები ანაწილებენ.

 

მანანა ქველიაშვილი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2264
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია