საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქვიტირში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია...
2010/07/26 12:43:51

ქვიტირელები, ისე, როგორც შარშან, წელსაც დასხდნენ და მოითათბირეს; მართალია, სოფლის კრებებზე მთელი სოფელი ვერ გამოიტყუეს, მაგრამ კრება მაინც შედგა და სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხისთვის პრიორიტეტებიც შეირჩა.

 

წყალტუბოს რაიონში,  ქვიტირის თემისთვის წელს 52 ათასი ლარი გამოიყო. ქვიტირის თემში სამი სოფელი შედის - ზედა ქვიტირი, ქვედა ქვიტირი და მესხეთი.

თუ სოფელ ქვიტირში გამვლელ გლეხს გააჩერებ და სოფლის დახმარების პროგრამაზე შეეკითხები, აუცილებლად დაიბნევა და გეტყვის, რომ ნაკლებად ინფორმირებულია.

„კი, ვიცი, რაღაც კრება ჩაატარეს, მაგრამ მაშინ არც მე და არც ჩემს ოჯახობას არ გვეცალა. მერე თქვეს, სასაფლაო შემოღობესო. ძალიანაც კარგი ქნეს, რომ სასაფლაო შემოღობეს, ოღონდ ესაა, მთელი ფართობი არ შემოუღობავთ. არადა, სასაფლაო ისეთი რამაა, ყველას ღმერთმა აცილოს და, იზრდება... მერე ღობეს იქით დავკრძალოთ მიცვალებულები?! გაზეთში მაინც ნუ გამწერთ, გამგებელი კარგი ბიჭია და არ მინდა, ეწყინოს(?)“, - გვითხრა ბატონმა ამირანმა.

წელს ზედა ქვიტირში სოფლისთვის გამოყოფილი თანხით სასაფლაო და სოფლის ტაძარი შემოღობეს. ქვედა ქვიტირში სასმელი წყლის მილები შეცვალეს, მესხეთში კი კულტურის სახლი გადახურეს.

„გამოყოფილი 52 ათასი ლარი ასე გადავანაწილეთ, მოსახლეობამ თვითონ აირჩია, რა - როგორ სურდათ, ყველაფერი კანონის ფარგლებში გაკეთდა, სოფლის კრებებზე სხვა პრიორიტეტებიც გამოიკვეთა, მაგრამ საბოლოოდ ამაზე შეჯერდნენ,“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში ქვიტირის თემის რწმუნებულმა ზაზა ჭეიშვილმა.

ქვიტირის მკვიდრი ჯეირან მამაგეიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას ფლობს.

„დიდი ხანია, სოფელი ცდილობდა, როგორმე სასაფლაო და ტაძარი შემოეღობა, მრევლმა თანხაც კი ავკრიბეთ, მაგრამ ძალიან მწირი თანხა შეიკრიბა და საბოლოოდ ეკლესიას შევწირეთ. ამიტომ, როგორც კი საშუალება გაჩნდა, ეს პრობლემა მოგვეგვარებინა, მაშინვე მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება. რკინის მესრით შემოიღობა სასაფლაოს ტერიტორია და გაუკეთდა რკინის ჭიშკარი, თუმცა, სოფელში აზრთა სხვადასხვაობა მაინცაა, ზოგი ამბობს, რომ სასაფლაოს მთელი ტერიტორია უნდა შემოღობილიყო, ანუ ის ნაწილიც, სადაც ჯერჯერობით მიცვალებულები არ არიან დასაფლავებულები, მაგრამ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას საწინააღმდეგო აზრი აქვს,“ - ამბობს ჯეირან მამაგეიშვილი.

ქვედა ქვიტირში, მეტნაკლებად, მაინც ყველა კმაყოფილია. მართალია, სოფელში ბევრი სხვა პრობლემაცაა, მაგრამ ამჯერად, მთავარია, რომ სასაფლაოებს ძაღლები და საქონელი აღარ სტუმრობენ ხოლმე.

მედიკო ბაზაძე, ქვიტირის მკვიდრი: „კმაყოფილები ვართ, რაც კარგს გააკეთებენ, მით უკეთესია.“

ქეთევან ლობჟანიძე, ქვიტირის მკვიდრი: „წელს სასაფლაო შემოგვიღობეს, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ერთადერთი, რაც ყველას ძალიან გვინდა, სოფელ ქვიტირის ცენტრის კეთილმოწყობაა, გვინდა, უკეთესი გამგეობის შენობაც გვქონდეს, მაგრამ რწმუნებულმა გვითხრა, ამ პროექტის ფარგლებში ადმინისტრაციული შენობების კეთილმოწყობა არ შედისო.“

როგორც ჩანს, ქვიტირში  ხალხი  ხელისუფლებაზეც ზრუნავს...

ზედა ქვიტირში სოფლის დახმარების პროგრამის რეზულტატი სახეზეა, სასაფლაოს რკინის მესერი აკრავს და დიდი რკინის ჭიშკარიც იქვეა.

მესხეთში კი, ჯერჯერობით, უფუნქციო კულტურის სახლი გადახურეს, რომელმაც ფუნქციონირება რომ დაიწყოს, კაპიტალური რემონტია საჭირო. არადა, ჯერ მხოლოდ სახურავია. სხვა დანარჩენი როდის იქნება, არავინ იცის. ისიც ბუნდოვანია, მესხეთელები რაში გამოიყენებენ სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გადახურულ კულტურის სახლს.

რაც შეეხება ქვედა ქვიტირს, სოფლის დახმარების პროექტის ფარგლებში გონივრული გადაწყვეტილება კი მიიღეს და სასმელი წყლის მილები შეცვალეს, მაგრამ წყლის მოლოდინში არიან. 

„მილები გამოცვალეს, მაგრამ მთავარ მილზე ჯერჯერობით მიერთებული არ არის“.

„სოფელი წყლით ქუთაისმა უნდა მოამარაგოს, მთავარი მილი კი, რომელზეც ეს მილები უნდა მიერთდეს, ქუთაისის წყლის მილების რეაბილიტაციის პროცესშია ჩასმული და ამ რეაბილიტაციის დასრულებას ველოდებით,“ - განაცხადა ზაზა ჭეიშვილმა.

ასე რომ, ქვიტირელებიც, ქუთაისელებთან ერთად, მოთმინებით ელოდებიან წყლის მილიონიან - მილენიუმის პროგრამის დასრულებას. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2160
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია