საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მომეცით პოლისი!
2010/07/12 13:42:00

რამდენიმე დღის წინ გაზეთ „P.S.“-ის ცხელ ხაზზე მოქალაქემ დარეკა, რომელიც ჩვენს დახმარებას ითხოვდა. 54 წლის ნათელა კაპანაძე ბავშვობიდან პირველი ჯგუფის ინვალიდია. ის მხოლოდ ინვალიდობის პენსიას - 80 ლარს იღებს, თუმცა სოციალურ სააგენტოს მაინც მიმართა მხოლოდ იმ მიზნით, რომ პოლისი მიეღო.  

„აქამდე ვრეკავდი იქ და სისტემატურად ვახსენებდი მათ თავს. ჩემი 10 დღის წამალში 200 ლარი გადაიხადეს ჩემმა ოჯახის წევრებმა. კედელ-კედელ დავდივარ, თუ არადა, ერთი სკამი მაქვს და იმაზე დაყრდნობით გადავაადგილდები სახლში. სულ ჩემთვის ვის ცალია, აქ რომ დამიჯდეს და მიყუროს. განაცხადი ორჯერ დავწერე. მერე, რომ არ ჩამომივიდა პოლისი, ვიკითხე, რატომ არ მივიღე-თქო და ასე მითხრეს, მაღალი ქულები ჩამოგივიდაო. კიდე დავწერე და მერე ასე მითხრეს, სულ ცოტათი გადაცდა თქვენი მონაცემები ზღვარსო. თანაც ასე მითხრეს, სახლში მარტო უნდა ცხოვრობდე და გეკითხებით, ჩემი მარტო დატოვება შეიძლება? მარტო საჭმელს ვერ შევჭამ და წყალს ვერ დავლევ. ორივეჯერ სხვადასხვა პიროვნება მოვიდა შემოწმებაზე. ასე მითხრეს, სახლი და კარი გაქვსო. ეს, რაც აქ არის გაკეთებული, ჩემს რძალს მშობლებმა მისცეს. მე ფულს კი არ ვითხოვ, არამედ პოლისს, ექიმთან მისვლა რომ შევძლო. თანაც ეს სახლ-კარი ჩემი არ არის - ჩემი ძმისაა. მითხრეს, მარტო შენზე არ შეიძლება პოლისი, ვინც წერია, ყველაზე უნდა მოვიდესო. აქ 5 ვწერივართ, ერთი ნათესავიც წერია, რომელიც ამოსაწერია, რადგან ჩვენთან აღარ ცხოვრობს. ახლა მე მხოლოდ პირველი ჯგუფის ინვალიდობის პენსიას ვიღებ 80 ლარს. მე უკვე მრცხვენია, ათჯერ და ასჯერ როგორ შევაწუხო ეს ადამიანები. ხალხს ორ-ორი მანქანა ჰყავს სახლში და იმათ კი მისცეს. ერთხელ რომ დავრეკე, ვუთხარი, დირექტორის, უფროსის ტელეფონის ნომერი მომეცით, მინდა დაველაპარაკო-თქო და არ მომცეს. ასე მითხრეს, რათ გინდაო. აქ მოდი და ნახეო. მე იქ მიმსვლელი, რომ არ ვარ, ეს მათ კარგად იციან, მე ეზოშიც ძლივს დავდივარ ახლობლების დახმარებით.“ - თქვა ჩვენთან საუბარში ნათელა კაპანაძემ.

ნათელა კაპანაძე ძმასთან და რძალთან ერთად ჭყონდიდელის ქუჩაზე ცხოვრობს. სწორედ მათ უმადლის, რომ დღეს ოდნავ მაინც შეუძლია სიარული და გადაადგილება. პოლისი კი იმისთვის უნდოდა, ფული, რომელიც ოჯახის წევრებს მის ექიმებში და წამლებში ეხარჯება, ოდნავ მაინც დაეზოგა მათთვის.

ნათელას ძმა, ომარ კაპანაძე კი დაჟინებით ითხოვს: „მოვიდნენ და ნახონ, ხომ ხედავ, რა დღეშია, ამას არ უნდა ჰქონდეს პოლისი? ჩემი დაა და რაც შეგვეძლება, მე და ჩემი შვილები კი გავუკეთებთ, მაგრამ ამას თუ არ ეკუთვნის პოლისი, მაინტერესებს, სხვას ვის უნდა მიეცეს? მე არაფერი არ მინდა, გარდა იმისა, ვისაც ეკუთვნის ამ პოლისების დანიშვნა და გაცემა, აქ მოვიდეს და ნახოს ჩემი და, უბრალოდ შეხედოს ადამიანური თვალით და ამის მერე განსაზღვროს, ეკუთვნის თუ არა. ნერვები არ უვარგა არც მას და არც ჩვენ. ბოლოს და ბოლოს, იმ ზომამადე ვარ მისული, ამ ჩემს დას იქ მივუყვან, ნახონ და შეხედონ, რა მდგომარეობაშია. ეს კი არის დავარდნილი, მაგრამ იქ ისინი ხომ დადიან ფეხზე, მოვიდნენ და ნახონ. აგენტი რომ მოვიდა, სახლი დაათვალიერა, ზევით ავიდა და ასე თქვა, თქვენ რა დასახმარებელი ხართო. მე მაგათ სახლის აშენებას კი არ ვთხოვ, არამედ ექიმის და წამლის ფულს.“

ლია ნოსელიძე, მეზობელი: „ამაზე უარესად როგორ უნდა იყოს ადამიანი, რომ პოლისი მიეცეს. მოდიან, ოჯახს ნახულობენ და ამის მერე უარს ეუბნებიან. მართალია, ძმა და რძალი ყავს, მაგრამ ყველას მისი პრობლემები აქვს. არჩევნები რომ იყო, იმ პერიოდში ცხიმების დაგროვება ჰქონდა და ეს უფასოდ ამოუღეს. რომ არ ყოფილიყო არჩევნები, ალბათ, ახლაც საოპერაციო იქნებოდა. ისიც, უბანში იყო მოსული ჩვენი მაჟორიტარი და თვითონ სიმწრით გადავიდა, შეხვდა და სთხოვა, ოპერაციის გაკეთებაში მიხმარებოდნენ. პირველ საავადმყოფოში გაუკეთეს ოპერაცია და მადლობელიც ვართ. მაგრამ ესენი ფულად დახმარებას ხომ არ ითხოვენ? პოლისი იმისთვის უნდა, ექიმთან რამე რომ დაჭირდეს - მივიდეს. პოლისი ისეთებს აქვს გაგეცინება. ჩვენ მთელი ზამთარი ერთად ვართ და ასე ერთად მივჩოჩიალობთ და მოვჩოჩიალობთ. მე ამ ოჯახის ტკივილი ზუსტად ვიცი და ვიცი, თუ როგორ უვლიან და ეხმარებიან ნათელას ოჯახის წევრები, მაგრამ ხომ შეიძლება, ამ ადამიანზე სახელმწიფომაც იზრუნოს?“

ჩვენ შევეცადეთ ნათელა კაპანაძის განაცხადის მოძიებას, რომელიც მისი ძმის, ომარ კაპანაძის სახელზე იყო დაწერილი. ქუთაისის ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოში მათ მიერ დაწერილი განცხადება მართლაც აღმოჩნდა, რომელიც 2008 წლით თარიღდება. ამდენად, კაპანაძეების ოჯახს კვლავ შეუძლია განცხადების შევსება, რადგან პერიოდი რომელიც საჭიროა განმეორებითი განაცხადის შესავსებად, უკვე გასულია. რაც შეეხება ქულების რაოდენობას, ის 70 000 აჭარბებს.

ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მოადგილე ნინო ჭიღლაძე: „კაპანაძე ომარის ოჯახში დარეგისტრირებულია ოთხი წევრი. აქ სარეიტინგო ქულა არის 70 270. ანუ ამ სარეიტინგო ქულის მიხედვით ის ვერ მიიღებდა დახმარებას. თუმცა ოჯახს შეეძლო, განმეორებით მოეთხოვა ქულების გადამოწმება 2009 წელს. რადგან ეს დეკლარაცია შევსებული არის 2008 წლის 9 ოქტომბერს. მათ დღესაც შეუძლიათ მოითხოვონ განმეორებითი გადამოწმება. თანაც, გვაქვს ახლა სარეიტინგო ქულების განსაზღვრის ახალი მეთოდი და დეკლარაციის შევსება ახალი მეთოდით  მოხდება.  აქვე  გეტყვით,  რომ  ოჯახის  ნებისმიერ  ერთ-ერთ სრულწლოვან წევრს შეუძლია მოვიდეს, შეავსოს განცხადება განმეორებით შეფასების მოთხოვნით. აქ არ არის აუცილებელი თავად ნათელა კაპანაძის მოყვანა, რომელიც პირველი ჯგუფის ინვალიდია. ის პირველი ჯგუფის პენსიას ავტომატურად აიღებს და დეკლარაცია - მისი პირველი ჯგუფის ინვალიდობა უნდა დაფიქსირდეს, რადგან ამას ქულების დათვლის დროს მნიშვნელობა ენიჭება.“

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, სახელმწიფომ უკვე დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ ოჯახს დახმარება უძრავი ქონების შემოწმებით არ დაენიშნოს. ცოტა ხნის წინ ამ საკითხზე თავად პრეზიდენტმაც ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ პოლისების დანიშვნის პროცედურა და დეკლარაციის შევსება კიდევ ერთხელ გადასახედია. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დეკლარაციაში ოჯახში მაცივრის, ტელევიზორის და გაზქურის  ქონა   „სიმდიდრედ“   და „ფუფუნებად“ არ ჩაითვლება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია