საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საჩხერეში მოსახლეობამ მხოლოდ პრიორიტეტები შეარჩია
2010/07/12 13:41:16

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში საჩხერეს ცენტრალური ხელისუფლებისგან 774 096 ლარი ხვდა წილად. ამ თანხას წინა წელს ნაშთად დარჩენილი 10 104 ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 14000 ლარი დაემატა, საერთო ჯამში კი 150 პროექტი განხორციელდა.  

საჩხერის ერთ-ერთმა სოფელმა წინა წელს ამ პროგრამის ფარგლებში გამო-ყოფილი თანხის ათვისება ვერ შეძლო, ამიტომაც ნაშთად დარჩენილი თანხა მთავრობის განკარგულების შესაბამისად წელს გამოიყენეს.

როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსი ნოდარ მეგრელიშვილი ამბობს, რადგანაც ჯერ ფულს გამოყოფენ და პროექტებს მერე ადგენენ, გამოყოფილი თანხა და პროექტების ღირებულება თანხვედრი არ არის.  ამიტომაც თანხა ხან ზედმეტია, ხანაც - პირიქით. როცა თანხა ნაკლებია, ადგილობრივი ბიუჯეტი წააშველებს ხოლმე ხელს.

„იმის გამო, რომ 500-600 ლარი აკლდება, პროექტს ხომ ვერ გავაჩერებთ? ამიტომაც ჩვენი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოვყოფთ თანხებს,“- განაცხადა ჩვენთან საუბარში ნოდარ მეგრელიშვილმა.

პრიორიტეტები საჩხერეშიც ანალოგიური იყო, როგორც სხვა რეგიონებში: გზები, წყალი, სარიტუალო შენობები, ჭურჭელი. რაიმე განსახვავებული და ორიგინალური არ მოუფიქრებიათ.

საჩხერის რაიონში სულ თორმეტი თემი შედის: კობულის, სარეკის, ცხომარეთის, ჩიხის, ჭალის, არგვეთის, გორისის, საირხის, ჯალაურთის, მეჯევისა და ჭალოვანის.

თანხები ასე გადანაწილდა: კობულის თემს 82 166 ლარი, სარეკის თემს  - 48 832 ლარი, ცხომეთის თემს - 19 486 ლარი ; ჩიხის თემს - 90 734 ლარი; ჭალის თემს - 137 894 ლარი; არგვეთის თემს 128 437 ლარი; გორისის თემს - 39 437ლარი; საირხის თემი - 39 022 ლარი; ჯალაურთის თემი - 48 472 ლარი, მერჯევის თემი - 46 956 ლარი; ჭალოვანის თემს - 40 359 ლარი.

კობულის თემში სოფლები კორბოული, შომახეთი და ნაგვზარა შედის. კორბოულში გადაწყვიტეს, რომ მათთვის გამოყოფილი 41 092 ლარით შეეძინათ პლასტმასის მილები, გაეკეთებინათ საავტომობილო გზა, კეთილმოეწყოთ მგზავრთა მოსაცდელები, განეხორციელებინათ მეზობელ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია, ადმინისტრაციული შენობაც გაერემონტებინათ და ერთი ტრაქტორიც შეეძინათ. შომახეთში მხოლოდ ორი პრიორიტეტი გამოარჩიეს: ტრაქტორი იყიდეს და სოფლის გზა შეაკეთეს. ნიგვზარაში კი სასმელი წყლის სისტემა მოაწესრიგეს, გზები და მოსაცდელები კეთილმოაწყვეს და ტრაქტორიც შეიძინეს.

სარეკის თემში შემავალმა სოფლებმა სარეკმა, ბაჯითმა პლასტმასის გადაბმული მილები შეიძინეს. ქვემოხევმა კი საავტომობილო გზები კეთილმოაწყო.

გზების კეთილმოწყობა და პლასტმასის მილების შეძენა აირჩიეს ცხომეთის თემში შემავალმა სოფლებმა.

ჩიხის თემში შემავალი სოფლების მთავარი პრიორიტეტიც პლასტმასის მილების შეძენა და გზების რეაბილიტაცია იყო.

სხვა თემებშიც ანალოგიური პრიორიტეტები აირჩიეს: გზა ან წყალი, ზოგიერთმა თემმა გზას და წყალს სკვერის ან საბავშვო ბაღის შენობის შეკეთება, სტადიონებისა და სასაფლაოების შემოღობვა, ან ჯამ-ჭურჭლის შეძენა აირჩია, როგორც იტყვიან, ფეხი იქამდე გაშალეს, სადამდეც საბანი გასწვდათ...

თანხები პრიორიტეტების მიხედვით მთელს მუნიციპალიტეტში ასე გადანაწილდა: პლასტმასის მილების გადაბმულების შეძენა (ტრანსპორტირების ღირებულების ჩათვლით) 147 300 ლარი, სასმელი წყლის სისტემების, წყაროების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა - 27 677 ლარი, მისასვლელი საავტომობილო და საუბნო გზების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის პროგრამა - 133 345 ლარი, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობის პროგრამა 67185 ლარი, ხიდ-ბოგირების რეაბილიტაციის პროგრამა - 30 800 ლარი, ადმინისტრაციული შენობების რემონტისა და მისი ეზოების შემოღობვის პროგრამა 53 294 ლარი, „დტ-75“ მარკის ტრაქტორების შესყიდვა - 18000 ლარი, სასაფლაოების შემოღობვის პროგრამა - 46 737 ლარი, ჭურჭლის შესყიდვა - 1200 ლარი, სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად ლითონის მილების შესყიდვა - 8211 ლარი, გაბიონების მშენებლობის პროგრამა -  44 104 ლარი, სარიტუალო დარბაზის მშენებლობა - 65 722 ლარი, სტადიონების შემოღობვა და კეთილმოწყობა - 55 333 ლარი,  საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია - 25 966 ლარი, სკვერების მოწყობა - 37 012 ლარი, 130 ცხ. ძალის სიმძლავრის ბულდოზერის შესყიდვა - 35 900 ლარი.

როგორც ნოდარ მეგრელიშვილმა გვითხრა, საჩხერელებს მხოლოდ პრიორიტეტების შერჩევა ანდეს, სხვა ყველაფერი მთავრობამ გააკეთა.

ნოდარ მეგრელიშვილი: „ამ პროექტის შესახებ მოსახლეობას  საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ აცნობეს. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სოფლებში გაიმართა კრებები და პრიორიტეტები იქ შეირჩა. სხვა დანარჩენზე პასუხისმგებლები ჩვენ ვართ.

 არ არის ხალხში ის ინტელექტუალური დონე, რომ მათ პროექტები შეადგინონ, ყველა პროექტი ჩვენთან, გამგეობაში დაიწერა. ერთ პირთან მოლაპარაკებებიც ჩვენ ვაწარმოეთ, ხელშეკრულებებიც ჩვენ დავდეთ,  სანამ სამუშაოები არ შესრულდა, თანხა არ გადაგვიხდია. ეს სამუშაოებიც ჩვენ ჩავიბარეთ.“

საჩხერეში სამუშაოების 90 % დასრულებულია ისე, როგორც სხვა რაიონებში, სოფლის დახმარების პროგრამა აქაც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო.

ერთადერთი სოფელი, სადაც არცერთი პროექტი არ განხორციელებულა, სოფელი პერევი იყო - ოსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. შესაბამისად, იქ არც პრიორიტეტები შეურჩევიათ და არც სამუშაოები ჩატარებულა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2269
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია