საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დუბლირებული პროექტები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში
2010/07/12 13:37:25

სოფლის დახმარების პროგრამა „თითო პროექტი თითო სოფელს“ უკვე მეორე წელია, რაც მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში ცალკეულ მუნიციპალიტეტებზე გარკვეული თანხა იყოფა, ხოლო  მუნიციპალიტეტები ამ თანხებს სოფლების მიხედვით ანაწილებენ. აღნიშნული  პროგრამა ზესტაფონის მუნიციპალიტეტშიც ხორციელდება.

2009 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 18 თემი შედის, რომელიც დაყოფილია 56 სოფლად. სოფლის დახმარების პროგრამა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ხორციელდება.  მუნიციპალიტეტში 2009 წელს ამ პროგრამის ფარგლებში 445, 282 ლარი დაიხარჯა. მოსახლეობამ პრიორიტეტები თავად შეარჩია. აღნიშნული თანხა ასე გადანაწილდა: სასმელი წყლის სისტემები - 78 111 ლარი, საკანალიზაციო სისტემები - 3395 ლარი, სანიაღვრე არხები - 49 971 ლარი, შიდა გზების რეაბილიტაცია - 90 665 ლარი, სპორტული მოედნების მოწყობა- 51 860 ლარი. სასაფლაოების შემოღობვა 63 582 ლარი, ხოლო 100 ათასი ლარი სხვა სამუშაოების შესასრულებლადაა გაწერილი.  ამ პუნქტში გაწერილი თანხა  ცალკეულ სოფლებში არსებული პრობლემების გადასაჭრელად დაიხარჯა, მათ შორის - ეკლესიების გადასახურად და მგზავრთა მოსაცდელების გასაკეთებლად.

2010 წელს, სხვა რაიონების მსგავსად ზესტაფონის მუნიციპალიტეტს სოფლის დახმარების პროგრამის  ფარგლებში  გამოყოფილი თანხა გაუორმაგდა და 876 737 ლარით დაფინანსდა. პრიორიტეტების მიხედვით თანხა ასე გადანაწილდა: სასმელი წყლის სისტემები - 101 430 ლარი, სანიაღვრე არხები - 103 370 ლარი, შიდა გზების რეაბილიტაცია - 280 326 ლარი, ხიდების რეაბილიტაცია - 52 868 ლარი, სპორტული მოედნების მოწყობა - 72 922 ლარი. სასაფლაოების შემოღობვა - 12 ათასი ლარი, ეკლესიის შემოღობვა 84 933 ლარი, ნაპირსამაგრი სამუშაოები - 4 301 ლარი. მგზავრთა მოსაცდელების მოწყობა-  89 270 ლარი, თავშეყრის ადგილების მოწყობა - 34 872 ლარი.

„სიმართლე რომ ვთქვათ, ამ პროგრამით უკმაყოფილო არა ვართ, სასაფლაო შემოგვიღობეს და სასმელი წყლის მილებიც შეგვიძინეს. თუმცა არ გაუკეთებიათ სოფლის გზები. გვეუბნებიან, გაკეთდებაო, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს გაკეთებული. არადა ყველაზე საჭირო გზაა ჩვენთვის,“ - ამბობს ქვედა საზანოს მცხოვრები თამაზ კობახიძე.

მის მსგავსად სოფელ ქვედა საზანოსა და ქვედა საქარაში ბევრია უკმაყოფილო. მოსახლეობა ამბობს, რომ მათი პრიორიტეტი იყო გზა, მაგრამ მუნიციპალიტეტმა ეს არ გაითვალისწინა და გზის შეკეთების ნაცვლად  მგზავრთა მოსაცდელები ააშენა.

„შეუძლებელია ჩვენს გზებზე გავლა, საშინლადაა დანგრეული, ქვედა საზანოდან 20 წუთში შეიძლება ზესტაფონში ჩასვლა, დანგრეული გზის გამო კი ერთი საათი გვჭირდება. ცუდი გზის გამო ტრანსპორტიც აღარ დადის“ - ამბობს ქვედა საზანოს მცხოვრები თენგიზ სამხარაძე.

 რატომ არ იქნა პრიორიტეტების შედგენის დროს მოსახლეობის ინტერესი გათვალისწინებული, ამ ფაქტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შემდეგნაირად ხსნიან:

„ქვედა საქარისა და ქვედა საზანოს თემებზე გამავალი გზა რომ ურთულეს მდგომარეობაშია, ფაქტია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სარეაბილიტაციოა 14 კმ-მდე გზის მონაკვეთი. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ წლების წინ აქ დაგებული იყო ასფალტი, რომელიც სრულად ამორტიზებულია. შესაბამისად, ამ მონაკვეთზე უნდა დაიგოს ან ასფალტი ან ბეტონის გზა. ამ სამუშაოების დაფინანსება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის ყოვლად შეუძლებელია, ამიტომ დავაყენეთ შუამდგომლობები საქართველოს მთავრობასთან. იყო საუბარი, რომ აქტიურად განიხილებოდა მოსამზადებელი სამუშაოები ხარჯთაღრიცხვების შესადგენად, რომ იკვეთებოდა პერსპექტივა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაწყებულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჯერჯერობით, ჩვენც გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში ვართ,“ - ამბობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ალანია.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ცალკეული ფირმები ახორციელებენ, რომელიც მუნიციპალიტეტმა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეარჩია. რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების ჩაბარებას, ამ პროცესში მოსახლეობაც მონაწილეობს. ცალკეული სამუშაოს დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელზეც სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა აწერს ხელს. ხოლო მუნიციპალიტეტიდან პროგრამის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი. სხვა რაიონებისაგან განსხვავებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სამუშაოებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ იბარებენ.

„სამუშაოს დასრულების შემდეგ დგება ოქმი, რომელზეც ხელს აწერს სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ნახევარზე მეტი. რაც შეეხება სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩაბარებას, ეს განაპირობა  ორმა მოტივმა: ჩვენ სამსახურში გვყავს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მშენებლები ინჟინრები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის სამუშაოები შესასრულებელი ისეთი კუთხით, რომლის სპეციალისტიც არ მყავს. შესაბამისად უნდა მოვიწვიო ვიღაც და გადავიხადო ფული. რახან ფული უნდა დავხარჯო, ბარემ მოვიწვიე ნორმალური აკრედიტირებული ორგანო, რასაც ჰქვია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრი და სამუშაოებს მათი დასკვნის საფუძველზე ვიბარებ. ამასთან,  ჩვენი სპეციალისტები, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს, სასამართლოს ექსპერტებთან ერთად მუშაობენ და  საკმაოდ დიდ გამოცდილებას იღებენ,“ - ამბობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი არაბიძე.  

საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2009 წელს დაფინანსებული პროექტები 2010 წლის პროექტების ჩამონათვალშიც მოხვდა. ასე მაგალითად, 2009 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში ეკლესიისათვის სახურავის შესაძენად  2 640 ლარი დაიხარჯა, 2010 წლის პროექტების ჩამონათვალში იმავე პროექტისათვის (მარტოთუბნის ეკლესიის სახურავის მოწყობა) 6545 ლარია გამოყოფილი. ამ ფაქტს მუნიციპალიტეტში ასე განმარტავენ:

„სოფლის პროექტების ფარგლებში არც ერთ სოფელში ერთი და იგივე სამუშაო არ დაფინანსებულა. 2009 წელს გამგეობის მიერ სოფლის მხარდაჭერი პროექტით  გამოყოფილი თანხიდან სოფელ მარტოთუბნის ეკლესიისათვის 2640 ლარის ფარგლებში შეძენილ იქნა სახურავისათვის საჭირო ფიცარი და თუნუქი. დადებული პირობის თანახმად, მოსახლეობა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფდა სახურავის კოჭების შეძენასა და დააფინანსებდა გადახურვით სამუშაოებს. 2009 წლის ბოლოს აღმოჩნდა, რომ მოსახლეობამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და ეკლესია კვლავ გადაუხურავი რჩებოდა. ანუ მასალები დასაწყობებული იყო. მოგვიანებით, როდესაც 2010 წლის სოფლის მხარდამჭერი პროგრამით ამ სოფელმა კვლავ მიიღო გარკვეული თანხა, მოსახლეობამ მოითხოვა, მისცემოდათ საშუალება, 2010 წელს მაინც დაესრულებინათ ეკლესიის გადახურვა. ამიტომ ჩვენის მხრივ შედგა ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც შეძენილ იქნა ხის კოჭები და დაფინანსდა გადახურვითი სამუშაოები(ხელოსნების ხელფასი). ანუ სოფლის მხარდაჭერი პროექტით სულ დაიხარჯა 6545 ლარი,“ - ამბობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ალანია.

მარტოთუბნის მსგავსი სიტუაციაა სოფელ ქველეთუბანშიც.  2009 წელს საუბნო გზების რეაბილიტაციისათვის ამ სოფელში 3 ათასი ლარი დაიხარჯა, 20010 წელს კი იგივე გზის შეკეთებისთვის - 5 500 ლარი.

ანალოგიური სიტუაციაა სოფელ სადგურ სვირში, 2009 წელს სანიაღვრე არხების მოწყობისათვის ამ სოფელში 3000 ლარი დაიხარჯა, მიმდინარე წელს იმავე სამუშაოსათვის 7 176ლარია გამოყოფილი.

რატომ დაფინანსდა 2009 წელს გაკეთებული პროექტები 2010 წელსაც? ამ ფაქტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ასე განმარტავენ.

ქველეთუბანი დილიკაურის თემში შემავალი პატარა სოფელია. როგორც სოფლების უმრავლესობაში, აქაც ურთულეს მდგომარეობაშია საუბნო გზები. 2009 წელს  გამოყოფილი  თანხით  მოხდა  გზის  დახრეშვა-დაგრეიდერება, მარტივი ტიპის სანიაღვრეების გაკეთება, მაგრამ 2009 წელს გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იყო, ბოლომდე მოგვარებულიყო პრობლემა, შესაბამისად სარეაბილიტაციო  სამუშაოები ჩაუტარდა გზის გარკვეულ მონაკვეთს. 2010 წლის სოფლის პროექტების დაგეგმვისას ამ სოფელში კვლავ აქტუალური იყო სოფლის გზა, მოსახლეობის მოთხოვნით აქცენტი ისევ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაკეთდა და სოფლისათვის გამოყოფილი თანხა მთლიანად ამ მიმართულებით წავიდა. ამჯერად სოფლის გზის სხვა მონაკვეთზე. ვერ ვიტყვი, რომ ბოლო 2 წელიწადში სოფელმა გზის ბოლომდე პრობლემა მოიგვარა, მცირე თანხებით  შეუძლებელია  სრულყოფილი  სამუშაოების ჩატარება, მთის ქანით თუ ხრეშით დამუშავებული მონაკვეთები სისტემატურად საჭიროებენ ხელშეწყობას,“ - ამბობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ალანია.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2010 წლის პროექტები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

 

მანანა ქველიაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2085
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია