საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ტკბილია, გემრიელია და... მავნებელი!
2010/05/24 12:36:05

დღესდღეობით ბაზარზე ლიმონათის დასახელებაც და ფასიც საკმაოდ მრავალფეროვანია. ქუთაისში 1000-ზე მეტი დიდი და მცირე ზომის სასურსათო მაღაზიაა, რომლებიც პროდუქციას საკუთარი მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინებით იღებენ. უცხოური წარმოების სასმელებთან ერთად, აქ, ქუთაისში ჩამოსხმული 10-ზე მეტი დასახელების ლიმონათია, რომელთა ფასი 20 თეთრიდან 50 თეთრამდე მერყეობს. მართალია, არსებობენ უფრო მაღალფასიანებიც და, შესაბამისად, მათ კონკურენციას ბაზარი არეგულირებს, მაგრამ მოსახლეობის სოციალური ფონი იმდენად დაბალია, რომ როცა არჩევანზე მიდგება საქმე, ხანდახან (უმეტეს შემთხვევაში) ფასი უფრო გადამწყვეტია, ვიდრე ხარისხი. რა თქმა უნდა,  არსებობენ გამონაკლისებიც, ვისთვისაც ყველაზე ფასეული ჯანმრთელობაა.

 

ნაზი გ. (გამყიდველი): „ყველანაირი ფასის ლიმონათს ვყიდი და არა მარტო ქუთაისში ჩამოსხმულს. ძირითადად 50 თეთრიან ლიმონათს ყიდულობენ, უფრო იაფიანიც მაქვს, თუმცა, იაფფასიანი სულაც არ ნიშნავს, რომ ის უხარისხოა... რა, ძვირი რომ ღირს, ის საუკეთესო გგონიათ?!“

„იაფფასიანი“ რომ ლიმონათის უხარისხობას არ ნიშნავს და მყიდველის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის - ამაზე დავა და კონკრეტული მაგალითების მოყვანა, ფაქტობრივად, ჩვენთვის შეუძლებელი აღმოჩნდა

2005 წლის პარლამენტის დადგენილებით, საქართველოში სანიტარული ინსპექცია გაუქმდა და მისი ფუნქციონირება 2010 წლის ბოლომდე  „დროებით“ შეჩერებულია. მიზეზად კორუფციის აღმოფხვრა და იმპორტის ხელშეწყობა სახელდება.

დღეს ადამიანი რომელიმე პროდუქტით რომ მოიწამლოს, არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც ამ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს. არც ლაბორატორიაა, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად გამოიკვლიონ საეჭვო პროდუქტი.

მართალია, ქუთაისში შეიქმნა ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია, პროდუქტის ავ-კარგიანობა გამოიკვლიოს, ამისთვის აკრედიტაციაც გაიარა და შესაბამისი აპარატურაც შეიძინა, მაგრამ... კანონმა თქვა - არაო. საკვები პროდუქტები და მათ შორის - სასმელებიც, ისევ შეუმოწმებელი აწყვია დახლებზე. მყიდველისთვის კი, მიუხედავად იმისა, თუ რა თანხას იხდის სასურველ ნაწარმში - ბოლომდე გაუგებარი რჩება რას ყიდულობს.

მანანა ლიპარტელიანი (მშობელი):  „რამდენიმე თვის წინ ბავშვს ლიმონათი ვუყიდე, დალია და, რომ შევხედე, შემეშინდა! მთელი პირი იმ ფერის ჰქონდა, რა ფერის ლიმონათიც დალია. მერე ცუდადაც გახდა, საშინლად  მოიწამლა  და   ექიმთან  მივიყვანე,  თუმცა,  ჩემი  ვარაუდი,  რომ ლიმონათით იყო მოწამლული - ვარაუდად დარჩა. როგორც მითხრეს, იმის ზუსტად დადგენა, ლიმონათმა მოწამლა თუ რაიმე სხვა საკვებმა, - შეუძლებელია“.

კავშირ „21-ე საუკუნე“-ს მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოში რეგისტრირებული საკვებისმიერი ინფექციებისა და ინტოქსიკაციების მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 2002 წელს 388 შემთხვევაა დაფიქსირებული, 2003 წელს - 437, 2004 წელს - 408, 2005 წელს - 761, 2006 წელს - 1289, ხოლო 2007 წელს - 2038.

 ამ მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ 2005 წლიდან ბაქტერიული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის რეგისტრირებული რაოდენობის ყოველწლიური ზრდა იწყება, 2004 წელთან შედარებით კი 2007 წლისთვის მონაცემები 5-ჯერ გაიზარდა. 2007 წლის შემდეგ მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა. შესაბამისად, ბოლო მონაცემებიც არ არსებობს.

ქუთაისში მსგავსი შემთხვევების სიხშირის გასარკვევად, დაავადებათა კონტროლისა და ეპიდემიოლოგიის სამსახურს ვეწვიეთ, თუმცა დაავადებათა კონტროლის სამსახურის უფროსმა კოტე გვეტაძემ, არა თუ ლიმონათებით მოწამლული ადამიანების ზუსტი რიცხვი, არამედ ერთი შემთხვევაც ვერ დაგვისახელა.

„საკმაოდ ხშირია მოწამვლის შემთხვევები, უფრო ხშირად ბავშვები მოდიან, რომელთა მშობლები ლიმონათს უჩივიან. თუმცა, მართლა ლიმონათით არის მოწამლული ეს ადამიანი, თუ რაიმე სხვამ აწყინა, ამის დადგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩვენ მსგავს დასკვნას ვერ გამოვიტანთ“, - აღნიშნა ბატონმა კოტემ და ისევ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უფროსთან - რეზო არველაძესთან გადაგვამისამართა. ბატონი რეზოსგან კი იგივე პასუხი მივიღეთ, რაც 2005 წლიდან 2010 წლის ბოლომდე კიდევ უცვლელი იქნება: კანონით ყველანაირი შემოწმება შეჩერებულია.

რაც შეეხება უშუალოდ ლიმონათებს, დღესდღეობით ზუსტი სტანდარტი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს „ნამდვილი“ ლიმონათი - არ არსებობს. თუმცა, არსებობს ლიმონათის წარმოების ერთი დაუწერელი საერთაშორისო სტანდარტი: „ლიმონათის წარმოებისათვის საჭირო წყალი აბსოლუტურად სუფთა, ხოლო ბოთლი კი გარეცხილი უნდა იყოს. მართალია, მსოფლიოში უპირატესობა პოლიეთილენის ჭურჭელს ეძლევა, მაგრამ ქართული რეალობისთვის მინის ბოთლი ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია.

ბოთლის სრულყოფილად გარეცხვა აუცილებელია, რადგან ბოთლმა, შეიძლება, მიკრობი გარეთ დების დროს აიღო, ან, უარესი, - იგი ნაგავსაყრელზე იყოს მოპოვებული. მიკრობის მოშორება კი მაღალი ტემპერატურის, წყლისა და კაუსტიკური სოდის გარეშე შეუძლებელია. თუმცა, გარეცხვამდე, ის წუნდების პროცესს გადის. მიუღებელია, ნავთის, ბენზინის, ან სამანქანო ზეთებისთვის გამოყენებული ბოთლი სარეცხ საამქროში მოხვდეს.

 

როგორი უნდა იყოს ლიმონათი? 

ბოთლის გარეცხვის პირველი ეტაპი არის ბოთლის დალბობა I40-145 გრადუსზე. მეორე ეტაპზე ბოთლი ირეცხება I80 გრადუსიან წყალსა და კაუსტიკურ სოდასთან ერთად. კაუსტიკური სოდის კონცენტრაცია უნდა იყოს ერთი პროცენტი და ამ მაჩვენებლის კონტროლი უნდა მოხდეს სისტემატურად.

I80 გრადუსზე გარეცხილ ბოთლს წყალი ევლება ორჯერ და შემდეგ ეტაპზე ხდება გარეცხილი ბოთლის დათვალიერება და მისი წუნდება. წუნდების შემდეგ, იწყება ჩამოსხმა, თუმცა ჩამოსხმამდე საჭიროა, დამზადდეს ხარისხიანი ლიმონათი...

ხარისხიანი ლიმონათის დამზადების რეცეპტი კი დარბილებული წყლით იწყება. წყლის დარბილება ხდება სპეციალურ ავზში, სადაც წყალს ემატება კირის რძე, რკინის სულფატი და ქლორის ხსნარი. პარალელურად ხდება წყლის დეზინფექცია და დარბილება. მასში შემავალი დროებითი სიხისტის მარილები გადადის მუდმივი სიხისტის მარილებში. შემდეგ მასთან შედის რეაქციაში რკინის სულფატი. რკინის მარილები მძიმეა და ილექება, წყლის დეზინფექცია კი ქლორით ხდება. შემდეგ წყალს უნდა მოსცილდეს მექანიკური მინარევები.

მომდევნო ეტაპზე წყალი გადადის ნახშირის ფილტრებში, სადაც ხდება წყლის გაწმენდა, მისთვის ქლორის გაცლა, გაფილტრული წყალი კი გადადის საამქროში, სადაც ერევა შაქრის სიროფი, ნატურალური ნაყენები და კვებითი არომატიზატორები.

რაც უკეთაა წყალი დარბილებული, მით უფრო მეტად იძენს და ინარჩუნებს გემურ თვისებებს.

შაქრის მისაღებად სპეციალურ ავზში შედის ორთქლი, რომლის გარე პერანგში იხარშება შაქარი. უხეში ფილტრით ხდება მინარევების მოცილება. შემდეგ ეტაპზე შაქარს უკეთდება პასტერიზაცია, ცივდება და გადადის ჩანებში, სადაც ემატება კომპონენტები ასორტიმენტის მიხედვით, მერე ისევ იფილტრება და გადადის საამქროში, სადაც ერევა დარბილებული წყალი, გაზი, ნაყენები. სიროფისა და წყლის დოზირება ხდება ავტომატურად.

გამზადებული ლიმონათი გადადის ჩამოსასხმელ მანქანაში, მერე გადადის დამხუფავ აგრეგატში, ხდება პროდუქციის ეტიკეტირება და მზა პროდუქცია მიდის საწყობში. ყველა ამ პროცედურის შემდეგ - ლიმონათი მზად არის.

 

როგორი არ უნდა იყოს ლიმონათი? 

ფაქტია, რომ I80 გრადუსიან წყალსა და კაუსტიკურ სოდაში ხელით ბოთლების რეცხვა ადამიანურ ძალებს აღემატება. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, კუსტარულ საამქროში ბოთლის გარეცხვა სწორედ ასე, ე.წ. აბაზანაში ხდება, რაც მინის სრულყოფილი დასუფთავების ალბათობასაც კი გამორიცხავს. სხვა საკითხია, როგორ ახერხებენ მსგავსი კუსტარული საამქროები წყლის დარბილებას, მის ფილტრაციას და ასე შემდეგ... დღეს აბაზანაში გარეცხილ ბოთლში ჩამოსხმული ლიმონათი, სტანდარტებისა და კანონში შესაბამისი მუხლის არ არსებობის გამო, მომხმარებლის წინაშე ჩადენილ დანაშაულად აღარ ითვლება. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უფროსი რეზო არველაძე იმის შესახებ, თუ რა ხარისხის ლიმონათი იყიდება დღეს ბაზარზე - კომენტარს ვერ აკეთებს. მისი თქმით, 2010 წლის ბოლომდე ყველანაირი შემოწმება კანონით შეჩერებულია.

ფაქტობრივად, არც ის კონტროლდება, რას ასხამენ და არც ის - რაში ასხამენ.

მაია ლიპარტელიანი, მშობელი: „ყველანაირი პროდუქტი არ უნდა იყიდებოდეს მაღაზიაში, მე ვაკონტროლებ, ჩემს შვილს რა უნდა ვუყიდო და რა - არა. რისი შეიძლება, მეშინოდეს. მაგრამ არის შემთხვევა, დამოუკიდებლად თვითონაც ყიდულობს ხოლმე. ჩემი ათი წლის შვილი ვერ ხვდება, რომ შეიძლება დაბალფასიანი საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისთვის. მისთვის სულ ერთია, რას იყიდის, ბავშვია და ვერ აანალიზებს. ამიტომ რაღაც კონტროლი აუცილებლად უნდა არსებობდეს.“

ამჟამად ქუთაისში ათეულობით სახის ლიმონათი ისხმება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამდენივე ლიმონათის ჩამომსხმელი საწარმო არსებობს, რადგან ამ თემაზე მუშაობის დროს ისეთი ლიმონათებიც აღმოვაჩინეთ მაღაზიებში,ბოთლის ეტიკეტზე ჩამოსასხმელი ადგილის მისამართი მითითებული რომ არ ჰქონდათ. 

შემდეგ ნომერში ჟურნალისტური გამოძიება სწორედ ლიმონათების ჩამომსხმელი საწარმოებით დაინტერესდება.

 

ანი ონიანი

მაკა ჩინიჯიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია