საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თურქი „სიძის“ დაგებული მახე
2010/03/01 13:47:12

ულამაზესი ქუთაისელი ქალბატონი თათა (სახელი შეგნებულად შევცვალეთ) ორი თვის წინ  კინაღამ ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა: ერთ-ერთ ახლობელ ქალბატონს და მის თურქ „მეუღლეს“ თათასა და მისი დისთვის სამუშაო შეუთავაზებიათ თურქეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქში. პირობები ისეთი მაცდუნებელი ყოფილა და „კეთილი“ ცოლ-ქმარიც ისე უშურველად ჰპირდებოდათ ღირსეულ მასპინძლობას, რომ დები უყოყმანოდ დათანხმებულან.  

ბედნიერი შემთხვევა და იქ მცხოვრები თურქი მეზობლების აქტიური თანადგომა რომ არა, ისინიც უდავოდ გაიზიარებდნენ ტრეფიკინგის უთვალავი ქართველი მსხვერპლის ბედს. 

 

თათამ იმიტომ გადაწყვიტა, თავისი ამბავი გიამბოთ, რომ გულწრფელად სურს, გააფრთხილოს ის ქუთაისელი ახალგაზრდა ქალბატონები, ვინც ვინმე ნატოსა და ფადის დახმარებით ახლა აპირებს თურქეთში სამუშაოდ გადასვლას. 

როგორც თათა ამტკიცებს, ეს არის სუტენიორისა და მასთან დაკავშირებული ქსელის კლასიკური ისტორია. მრავალი ფაქტით შეიძლება იმის დადასტურებაც, რომ თურქ „ქმარს“ ქართველ მეძავზე დაქორწინება მხოლოდ იმიტომ სჭირდებოდა, ოფიციალური დოკუმენტების მეშვეობით გაეიოლებინა საზღვარზე თავისი მიმოსვლა, ქართველი ქალების    „შეგროვება“ და დიდი ფულის შოვნა. 

ისინი საქმიანობას განაგრძობენ და, სავარაუდოდ, ქუთაისში „ცოცხალი საქონლის ახალი პარტიაც“ გამზადებულია.

- ფრთხილად იყავით! ნათესავსაც კი არ ენდოთ! - საკუთარი მაგალითით აფრთხილებს გოგონებს ცრემლმორეული ახალგაზრდა ქალბატონი, რომელმაც შესაბამის ორგანოებს უკვე მიმართა, რედაქციას კი იმიტომ ესტუმრა, ტრეფიკინგის სავარაუდო მსხვერპლთა გაფრთხილება შემდეგ დაგვიანებული არ აღმოჩნდეს.

რამდენიმე თვის წინ ჩემმა მეზობელმა და ნათელ-მირონმა ნატომ და მისმა თურქმა მეუღლემ ფადიმ თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ალანიაში სამუშაოდ მიგვიწვიეს მე და ჩემი და თამუნა. გვპირდებოდნენ მაღალ ანაზღაურებად სამსახურს სამოდელო სფეროში. ორივე ადამიანი გარეგნულად ისეთი კეთილშობილი და გულწრფელი ჩანდა, ფადიმ კი ბაგრატის ტაძარში ისე ილოცა და ისე მოკრძალებული, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყო ნატოსთან ერთად, რომ ეჭვიც არ შეგვპარვია მის პიროვნულ ხიბლში.

ბოლო რამდენიმე წელია, წელიწადში მხოლოდ 3-4 თვე მიწევს მუშაობა, მარტოხელა დედას ოჯახის რჩენა მიჭირს. ამიტომ დავთანხმდი ფადის და ნატოს წინადადებას და რამდენიმე დღეში თურქეთ-საქართველოს საზღვარიც გადავლახეთ. ორდღენახევარი ვისხედით ავტობუსში, ცხადია, არაკომფორტულ პირობებში, მაგრამ ყველაფერს ავიტანდი, ოღონდაც შვილებისთვის სარჩო მეშოვა.

გზადაგზა, ცოტა არ იყოს, შიშმა შემიპყრო. ჯერ იყო და, ავტობუსში დამონტაჟებულ ტელევიზორს გვაყურებინებდნენ, სადაც თურქეთის სატელევიზიო არხებმა არაერთხელ აჩვენეს, რა ამაზრზენ ყოფაში ჰყავდათ იქ მოტ-ყუებით ჩაყვანილი, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხან ზღვაში ტივტივებდნენ ყელგამოჭრილები და ხანაც ცოცხლად დამარხულებს იყვნენ, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ  - ვიდეოთვალის მეშვეობით აღმოაჩენდნენ ხოლმე. თურქების მიერ გადაღებული ეს ფილმები, რომლებიც სერიალების სახით ყოვლდღიურად გადის მათსავე ტელევიზიებში, განსაკუთრებული სისასტიკით წარმოადგენს ქვეყანაში არსებულ რეალობას, ემიგრანტთა მწარე ყოფას. ყველაფერს ვუყურებდით და ამას ისიც დაერთო, რომ როგორც კი თურქეთის ქალაქ ალანიას მივუახლოვდით, ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა სიძემ, ფადიმ, ჩვენს მიმართ დამოკიდებულება აშკარად შეიცვალა, ყველა ნაჩვენებ კადრს საკუთარ „კომენტარს“ უმატებდა: აი, რა შეიძლება დავმართოთ ადამიანებს ჩვენ, თურქებმა, თუ ჩვენს ნება-სურვილს არ მოყვებიანო (ნახევრად დამტვრეული რუსულით, ვითომ ხუმრობდა).

ჩემს დას ჩუმად ვკითხე, ნეტა, ამათ ხო არ დაავიწყდათ ჩვენი ნათესაობა, ან საკმაოდ ოფიციალური სტატუსის მქონე ქალს, წლების მანძილზე სხვადასხვა თანამდებობაზე რომ მიმუშავია, რამეში ხომ არ გამხვევენ, ამ ცინიკოსს ჩვენც ტრეფიკინგის მსხვერპლად ხომ არ ვეგულებით-მეთქი. დანიშნულების ადგილზე შუაღამის 4 საათსა და 30 წუთზე ჩავედით. შევნიშნეთ, რომ გზაში ჩანთებიდან სამგზავრო ფული გაგვიქრა. ჩვენი თავგზის ასაბნევად, „მასპინძლებმა“ მომხდარი ჩვენი ავტობუსის ყოფილ ქართველ მგზავრს დააბრალეს, თქვეს: ამას, აბა, თურქი არ იკადრებდაო!

ჩასვლისთანავე იქ, ღია კაფის წინ, დაგვხვდა ახალგაზრდა ქართველი ქალი, სახელად ნათია, ნატოს და ფადის ახლობელი. ნათიამ უმალ შეგვიცნო და დაბნეულმა გვკითხა: თქვენ აქ რა გინდათ, ქალბატონო თათა, მე სხვა ქალებს ველოდიო!

ცოტა ხნით მარტონი დავრჩით. ნათიამ სწრაფად გაგვანდო, რომ იქ თურმე ქალებს საშინელ სამსახურს სთავაზობენ მისი და და სიძე, მოტყუებით ჩაჰყავთ, ძირითადად - ნათესავები და მდგომარეობას ისე უქმნიან, საბრალო ქალები უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ: მათ ჰპარავენ ფულს, პასპორტს, ტანსაცმელს, შემდეგ უღებენ შიშვლებს სურათებს და აშანტაჟებენ, თუკი მოითხოვენ სამშობლოში დაბრუნებას... ასეთი იმ დროისათვის ოთხი გოგონა ჰყავდათ, როგორც ნათიამ გვითხრა. მანვე გვირჩია: ამაღამ რომ იყვიროთ, შეიძლება, ჩემმა  თურქმა  სიძემ  პოლიციას  შეატყობინოს და ტყუილი დასმენისათვის დაგიჭიროთ... ამიტომ ჩემთან წაგიყვანთ, ბინაში, ხვალ კი ფულს ვიშოვნი და როგორმე საქართველოში გაგაპარებთო. გაგვაფრთხილა, პასპორტები საგულდაგულოთ დაგვემალა და მათი მოწოდებული არც დაგველია, არც გვეჭამა არაფერი: შეიძლება, გაგაბრუონო და...

რამდენიმე ხანში „სიძე“ დაბრუნდა. ნათიასა და მას შორის დაძაბული საუბარი და ჩხუბი დაიწყო. როგორც ჩანს, ფადის ჩვენი სასტუმროში წაყვანა უნდოდა, ნათია კი არ ანებებდა. საბოლოოდ, ნათიამ თავისი გაიტანა, საკუთარ ბინაში მიგვიყვანა. ეს იყო მდიდრულ კვარტალში, საერთო საცხოვრებელში არსებული ოროთახიანი კომფორტული ბინა. ნათიაც უკადრის საქმეებში იყო ჩართული... მოგვიანებით გვაჩვენა დასერილი ვენები, იმაშიც გამოგვიტყდა, რა საძრახის ცხოვრებასაც ეწეოდა და შეგვპირდა: მე რაც მჭირს, ამას არავის ვუსურვებ, ვიბრძოლებ, აქედან მშვიდობით გაგამგზავროთო. იგი, აშკარად, უხერხულად გრძნობდა თავს ჩვენს წინაშე.

ცოტა ხანში ნათიას დაურეკეს. მან გვითხრა, ახლა მოდიან, ეცადეთ, წინააღმდეგობა გაუწიოთ - ვინც იქნება, ყველა ცემეთ კიდეცო. თან მე მითხრა, აჩვენე შენი საბუთი, რომ ნამდვილად პოლიციაში მუშაობდიო (პოლიციის არა, მაგრამ ვიყავი ერთ-ერთი ოფიციალური სტრუქტურის თანამშრომელი). ისიც დაუმატა: თუ მე წამიყვანეს და აღარ დავბრუნდი, როგორმე ქუთაისს თავად დაუკავშირდითო.

მართლაც, ჩვენ დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ, ხელდახელ შევეხეთ ორივე სუტენიორს - ფადის და მის ძმას. ბინიდან გაცეცხლებულები გაცვივდნენ.

იმ დილის 9 საათიდან მეორე დღის შუადღემდე მშიერ-მწყურვალები ვეყარეთ ბინაში, ნათია არ ბრუნდებოდა. მივხვდით, სუტენიორები  შიმშილით და უფულობით ცდილობდნენ ჩვენს დაშინებას.

ამასობაში ბინაც დავათვალიერეთ, იქნებ გამოსადეგი დოკუმენტები გვეპოვა. აღმოვაჩინეთ ნაწერები, საიდანაც დასტურდება, რომ ნატო და ფადი საქართველოდან წაყვანილ ქალებს შანტაჟითა და მოტყუებით ითრევენ ბინძურ საქმეებში და დიდძალ ფულს შოულობენ...

ამან მთლად თავზარი დაგვცა.

კიდევ უფრო საშინელება იყო, როცა ნათიას მოაკითხა ტრეფიკინგში ჩათრეულმა ერთმა 18 წლის ზესტაფონელმა გოგომ. რაკი მისი მეგობარი - ბინის პატრონი არ დახვდა და ჩვენ კი იქ                    „მომუშავენი“ ვეგონეთ, მოხსნა პირი და ენით უთქმელი საზიზღრობები ილაპარაკა გარყვნილების ფორმებზე, მეძავი ქალების მაზანდაზე, საკუთარ ფიზიოლოგიურ „ღირსებებზე“. თან, ცოტა შეეჭვებული, გვეკითხებოდა: ფულს არ მაძლევენ, 7-8 თვის მერე მპირდებიან და, ნეტა, ხომ არ „გადამაგდებენო.“

ეს წამხდარი გოგო ფადის ძმასთან იყო დაახლოებული და აუცილებლად გაგვცემდა, ამიტომ ვინაობა დავუმალეთ და მისთვის აღარც დახმარება გვითხოვია. რაღაც სხვა გზა უნდა მოგვეძებნა.

მართალია, ბინის გასაღები გვქონდა (ძალით ხელში ჩაგდებული), მაგრამ გაქცევას ვერ ვბედავდით: ჯერ ერთი, ლიფტი ფასიანი იყო, ჩვენ კი ფული არ გაგვაჩნდა, მეორეც - ვიწრო კიბე, რომელსაც, ეტყობა, იშვიათად იყენებდნენ, მეტად საშიშად გვეჩვენებოდა: ხომ შეიძლებოდა, ჩასაფრებულებს გაზის ბალონი შემოესხურებინათ, ან რაღაც ხერხით ხელში ჩავეგდეთ.

ვიმედოვნებდით, იქნებ, ვინმე სულიერი გამოჩნდეს და საშველად მოვუხმოთო. დღენახევარი გავიდა ამ მოლოდინში, სანამ ჩვენი ბინის აივნიდან მეორე სართულზე გადმომდგარ პატარა თურქ ბიჭუნას დავინახავდით. დავუძახე და ლექსიკონიდან ამოწერილი ფრაზებით  შევეცადე, გამეგებინებინა, რომ ვითხოვდი კომპიუტერს, ან რაიმე გზით საელჩოსთან დაკავშირებას. გაკვირვებულმა ბავშვმა უფროსებს გააგებინა. ისინი საოცრად გულისხმიერი, კეთილშობილი ადამიანები აღმოჩნდნენ, თურქმა მეზობლებმა. მოგვიყვანეს ბინის მამასახლისი, იმან კი სახლის მესაკუთრეს შეატყობინა, რომ ბინაში უცხოელები იყვნენ მიტოვებული. მესაკუთრემ ქართველი გოგონა მოიყვანა თარჯიმნად. მისი მეშვეობით გავაგებინეთ ბინის მცხოვრებლებსაც და პოლიციასაც ჩვენი ამბავი. თურქმა მეზობლებმა ძალიან განიცადეს. ის კი არა, ერთი გულაჩუყებული მოხუცი ქალბატონი გულში მიხუტებდა: ნუ გეშინია, შვილო, შენს თავს არავის დავანებებ, ჩემს საწოლში ჩაგიწვენ და ისე დაგაძინებო.

მოიყვანეს ნათიაც. ფადი, რასაკვირველია, არ გამოჩენილა. და იქ ყველაფერი გავარკვიეთ, რაც ამ ვაჟბატონს და ტრეფიკინგში ჩართულ მის ფეხმძიმე ცოლს ქუთაისშივე დაუგეგმავთ:

ვინაიდან ჩემი და გათხოვილი იყო, მას გაქირავებას უპირებდნენ, მე კი ვიღაც მოხუც თურქზე „მათხოვებდნენ“ დიდი ფულის საფასურად.

 

*** 

თათამ აქ დაასრულა თხრობა.

დასკვნა თავად გააკეთეთ, მშვენიერო ქალბატონებო!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2043
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია