დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უპასუხისმგებლობა
2009/07/06 05:14:14

რატომ არ უერთდება საქართველო საერთაშორისო კონვენციას?

 

დედამიწის 71% მსოფლიო ოკეანეს უჭირავს, რაც წყლის სიუხვის ილუზიას ქმნის. მაგრამ სამეურნეო საქმიანობისთვის გამოუსადეგარია ჰიდროსფეროს 97,5%, ხოლო მტკნარი წყალი 2,5%-ია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სასმელი წყლის პრობლება 2050 წლისთვის კიდევ ათეულ ქვეყანას შეექმნება. დედამიწა უკვე განიცდის წყლის დეფიციტს. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში გაჩნდა ახალი პრობლემა - გრუნტის წყლების გადაჭარბებული ამოქაჩვა, რომლის შევსებაც აღარ ხდება. სასმელი წყლის დეფიციტი უფრო გამძაფრდა კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე და მოსახლეობის ზრდასთან ერთად. პარალელურად, შემაშფოთებელია წყლის ხარისხიც. ამ ეტაპზე მსოფლიოში მტკნარი წყლის 12% გამოიყენება, რაც წყლის მსოფლიო პრობლემას ნათლად წარმოაჩენს.

საქართველოს მთელი ტერიტორია შავი და კასპიის ზღვის აუზებს მოიცავს, რომელშიც 26 000-ზე მეტი მდინარე ჩაედინება. მიუხედავად ასეთი სიუხვისა, სასმელი წყლის დეფიციტი ჩვენს რეგიონშიც შეიმჩნევა. უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ხელისუფლება წყლის მართვის გაყიდვაზე ალაპარაკდა. ეს ფორმა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია აპრობირებული. საქართველოში ამ პროექტს ასახვისთანავე მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, თუმცა კონცეფციაზე ექსპერტთა და სპეციალისტთა ჯგუფი დღეს მუშაობას მაინც განაგრძობს.

წყლის რესურსების მართვაზე, გამოყენებასა და დაცვაზე წყლის გლობალური პარტნიორობის წარმომადგენელი, გიორგი ძამუკაშვილი გვესაუბრება.

- ბატონო გიორგი, მოდით, განვმარტოთ, რას ნიშნავს წყლის რესურსების მართვა?

- მართვის გარეშე შეუძლებელია წყლის რესურსის გამოყენება. ამიტომ ჩვენ მართვის ფორმები უნდა შევცვალოთ და ახალ, თანამედროვე მიდგომებზე უნდა გადავიდეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა მოწესრიგდეს კონკურენცია წყლის მიმწოდებლებს შორის და რესურსი უნდა გახდეს სოციალურად მიუკერძოებელი, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიურად მდგრადი. წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით ამჟამადაც მიმდინარეობს კონსულტაციები.

- წყლის მართვის გაყიდვა - რას ნიშნავს ეს და რა სახით უნდა მოხდეს?

- თბილისის წყალი, იჯარის საფუძველზე, კერძო ინვესტორის ხელშია გადასული. აქ საუბარია მართვაზე, ვალდებულებებზე, რომლის საფუძველზე მე, როგორც მომხმარებელმა, უნდა მივიღო ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყალი და საფასურიც, ბუნებრივია, უნდა გადავიხადო. მე ხარისხობრივად და რაოდენობრივად უნდა მივიღო ის წყალი, რომელსაც ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტები. დღეს წყლის მოხმარების გადასახადი ყველგან სხვადასხვაა. თბილისში დადგენილია, რომ ერთი სული მოსახლე დღე-ღამეში 800 ლიტრ წყალს მოიხმარს. საქმე ის არის, რომ ჩვენ დანაკარგების ფულსაც ვიხდით. რა თქმა უნდა, ამას არ უნდა ვიხდიდე და ეს მოსაწესრიგებელია. ამის მოწესრიგების თავი რომ არავის აქვს, ამიტომაც გადადის ის კერძოს ხელში. იგი დანაკარგებს მოაწესრიგებს და რაციონალურად დახარჯავს წყალს. ასევე მოახდენს ხარისხიანი წყლის მიწოდებას და, რა თქმა უნდა, წყლის მიწოდებაზე გრაფიკები უნდა ამოვარდეს. ეს უნდა განახორციელოს ინვესტორმა და რეაბილიტაციაც მოახდინოს.

- ამისთვის აუცილებელია უცხოური ინვესტიციების შემოსვლა?

- აუცილებელი არ არის. შეიძლება, სახელმწიფომ თვითონაც შეძლოს და გააკეთოს. უცხოეთში ამის პრაქტიკა არის. გასაკვირია ის, რომ საზოგადოებას არაფერს ეკითხებიან. საზოგადოება ვერ იღებს მონაწილეობას დაგეგმვაში, დაფინანსებისა და მართვის პროცესებში. როდესაც წყლის რესურსების მართვის პროცესი იწყება, იქ იქმნება გარკვეული ორგანო, რომელიც შეიძლება იყოს სააუზო საბჭო. ის საზოგადოებრივი მართვის ორგანოა, სადაც თავმოყრილია ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც თავის გეგმებს წარადგენს. ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო ორგანო, მაგრამ მე, პირადად, წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ეს იყოს კონკრეტულ უწყებაზე დაქვემდებარებული. იმიტომ, რომ ეს იქნება მიკერძოებული. გარდა ამისა, არ შეიძლება, მგეგმავიც და გამხორციელებელი, ერთი და იგივე იყოს.

- ჩვენთვის როგორი მოდელია მისაღები?

- ამაზე არაერთხელ ყოფილა მსჯელობა, როდესაც საპილოტე პროექტები ხორციელდებოდა. ხრამის აუზის ქართულ-აზერბაიჯანულ პროექტში შედგენილი იყო ინტეგრირებული მართვის გეგმა, სადაც ჩადებული გახლდათ ყველა მომხმარებლის ინტერესი - ვის რამდენი წყალი სჭირდება და რა რაოდენობით. პროექტში არ შეიძლება ის ჩაიდოს, რასაც ვერ შეასრულებ. ჯერ უნდა მოხდეს მოთხოვნის და არსებული რესურსის შესწავლა. არ შეიძლება საფრთხე შევუქმნათ რესურსის გამოყენებით ეკოსისტემას. ყურადღება უნდა მიექცეს, თუ რა რაოდენობის წყალი სჭირდება თავად ბუნებას, რათა მისი ცხოველმყოფელობა შენარჩუნდეს. რადგან არ შეიძლება, ეკოლოგიური თვალსაზრისით, დისბალანსი გამოვიწვიოთ.

- როდის გადავალთ იმ რელსებზე, რასაც წყლის მართვა ჰქვია?

- როდესაც ვამბობთ მართვას, აქ ხარისხობრივი და რაოდენობრივი მართვა იგულისხმება. მაგრამ ჩვენ ახალ რელსებზე გადასული არ ვართ და ჯერ კონცეფციაც არ გვაქვს. ორი წლის წინ იყო საუბარი და გაკეთდა წყლის რესურსების მართვის პოლიტიკის კონცეფცია. დოკუმენტი არ იყო კარგი, დაიწუნეს და არ დაამტკიცეს. ახლა უკვე მეორე ვარიანტზე მიმდინარეობს მუშაობა. ამ დოკუმენტზე მუშაობის დროს, თავისთავად ყველა დირექტივა გათვალისწინებული უნდა იყოს; რაც მთავარია განისაზღვროს, თუ როდის შევუერთდებით საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც  გვავალდებულებს წყლის ხარისხის ქვეყნის შიგნით და ტრანსსასაზღვრო ნაწილის მოწესრიგებას. აზერბაიჯანი მიერთებულია ამ კონვენციაზე და მუდმივად აქვს პრეტენზია ჩვენს მიმართ. იმიტომ, რომ აზერბაიჯანი მდინარე მტკვარს სასმელად იყენებს და ჩვენგან ძალიან ცუდი ხარისხის წყალი მიდის. ბუნებრივია, პრეტენზიები ექნებათ, რაც სამართლიანია. ამიტომ აზერბაიჯანული მხარე კატეგორიულად ითხოვს, კონვენციას დროულად მივუერთდეთ.

- რატომ ვერ ხერხდება ამ კონვენციაზე ჩვენი მიერთება?

- იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ვალდებულებების აღებას. ჩვენ კი ეს ვალდებულებები არ გვინდა, რომ ავიღოთ, რადგან მის შესრულებაზეც უნდა ვიფიქროთ, რაც, პირველ რიგში, წყლის ხარისხს მოითხოვს.

 

;;;

სპეციალისტთა ჯგუფი გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს წყლის კონცეფციის შექმნაზე. ჯგუფის წევრის, თამარ გუგუშვილის  თქმით:  „ამისთვის  ევროკავშირის  ოთხი  დირექტივა ავიღეთ. ერთ-ერთი - წყლის კანონმდებლობის შექმნაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს გარემოს დაცვის კანონმდებლობის წყლის სექტორში არსებულ კანონმდებლობასთან მიახლოება. მიზანია, მოვამზადოთ სახელმძღვანელო, თუ როგორ შეიძლება კანონმდებლობა მიუახლოვდეს ამ დირექტივებს. ასევე ვაკეთებთ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ანალიზს, თუ როგორ შესაბამისობაშია ამ დირექტივებთან.“

კონცეფციაზე მუშაობა, ალბათ, უახლოეს თვეებში დამთავრდება, ხოლო საკანონმდებლო ბაზაში შესატან ცვლილებებს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. რაც შეეხება კონვენციას, მასზე შეერთება ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი. მანამდე კი მტკვრის სისუფთავის შენარჩუნებაზე გარემოს დაცვის სამინისტროს მოუწევს ზრუნვა.

 

მარიკა ვაჭარაძე 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2420
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია