დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„რა, სემეკს და საგზაო დეპარტამენტს თქვენი არჩეული მერი უხელმძღვანელებს?“
2009/07/01 09:39:06

ქუთაისში  სამი დიდი სტრუქტურის - სემეკის, კონტროლის პალატისა და საგზაო დეპარტამენტის გადმოტანას ქალაქის ფუნქციურ დატვირთვასა და მისი დეცენტრალიზაციის ხარისხის მატებას უკავშირებენ, თუმცა ამას - ზოგიერთ შემთხვევაში უფრო, ფსევდოდეცენტრალიზაციის შეფასებაც ეძლევა. დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის პრობლემებზე ექსპერტს, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს, კოტე კანდელაკს ვესაუბრეთ.

-  ბატონო კოტე, ქუთაისისათვის რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს სამი მნიშვნელოვანი სტრუქტურის გადმოტანა და რა კონტექსტში შეიძლება განიხილოთ ეს ადგილმონაცვლეობა?

- ეს არის, უბრალოდ, დაწესებულებების გადმოტანა ქუთაისში და ქალაქისთვის რაღაც ადმინისტრაციული დატვითვის მიცემა. მინდა აღვნიშნო, რომ ცენტრალური ხელისუფლების ოფისების გადმოტანას ქუთაისში  უფრო მეტად ის დატვირთვა აქვს, რომ იქ მოქალაქეთა მიმოსვლა მაინც გააცხოველოს - გაჩნდეს სამუშაო ადგილები. თუ სემეკში რაღაც საკითხების გასარკვევად მოქალაქეები თბილისში ჩადიოდნენ, ახლა ჩამოვლენ ქუთაისში. ეს,  ერთგვარად, ხელს შეუწყობს გარკვეული ფინანსების შემოდინებასა და მოძრაობას.

ამ ყველაფერთან დეცენტრალიზაცია არანაირ კავშირში არაა,  თბილისიდან დედაქალაქი რომ გადმოიტანონ ქუთაისში, ან სოხუმში, ეს დეცენტრალიზაცია არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ დედაქალაქის შეცვლა.

- თუმცა, ოფიციალურ განცხადებებში აქცენტი ამაზე კეთდებოდა...

- დეცენტრალიზაციად ეს როგორ შეიძლება მოვიაზროთ, რა, ამ სტრუქტურებს მინისტრები ან მთავრობა აღარ უხელმძღვანელებს, თუ თქვენს არჩეულ მერს დაექვემდებარება?! დეცენტრალიზაცია, არსობრივად, სულ სხვა რაღაცაა, ეს დეკონცენტრაციაც კი არ არის. ეს არის მხოლოდ ერთი ოფისის გადატანა ქუთაისში.

- რაც შეეხება ქუთაისში პარლამენტის გადმოტანის ჯერ არც ისე აქტიურ ვერსიას, რამდენად რეალური შეიძლება იყოს, მითუმეტეს საუბარია იმის შესახებ, რომ ბათუმის ოპერის თეატრის დამპროექტებელი კომპანია  ქუთაისის პარლამენტის შესაძლო შენობაზეც მუშაობს. 

- არ ვიცი, მაგრამ, პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს, სხდომები სად ჩატარდება, ბოლო ორი თვე ისედაც  არ ტარდებოდა

- რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს თვითმმართველობის საქმიანობა, თუ ქალაქს განვითარების სტრატეგიული გეგმა არ ექნება?

- თუ გეგმა არსებობს და გაწერილია გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა  უნდა, კარგია. უკეთესია, როცა გეგმის მიხედვით, თანმიმდევრულად მოქმედებ. ამ გეგმის შემუშავებაში მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული, რათა პრიორიტეტების განსაზღვრაში მათაც მიიღონ მონაწილეობა. ეს გამჭვირვალობასაც ხელს უწყობს. თუმცა ტყუილად გეგმის დაწერასაც არ აქვს აზრი, თუ მერე მისი განხორციელების საშუალება არ იქნება. თუ ვიცით, რომ 5-6 წელიწადში, ვთქვათ, ქალაქში მაგისტრალი აშენდება, იქ ქარხანა აღარ უნდა ავაშენოთ, ან რაღაც სხვა ობიექტი, რომელიც, შეიძლება, მალე დასანგრევი გახდეს.

ჩვენთან, სამწუხაროდ, ისე დამკვიდრდა, რომ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა ფიქტიურ ხასიათს ატარებს. მას  ზოგჯერ იმიტომაც წერდნენ, რომ კანონის მოთხოვნა იყო და რეალურად მის შესრულებას არც არავინ მისდევს. ამ გეგმების შედგენას ასევე ხელს უშლის ისიც, რომ არ არის განსაზღვრული, საქართველოში სად რა ტიპის თვითმმართველობა შეიძლება იყოს

- თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გამოცხადების ამბავს რომ სპონტანურად ვიტყობთ, ეს რამდენად ნორმალურია და რამდენად უნდა იყოს ასეთი ინიციატივები ქალაქის განვითარების გეგმაში გაწერილი?

-  ამ ტიპის ინიციატივის გახმოვანების წინ  ხანგრძლივი მსჯელობა უნდა გამართულიყო - იმის შესახებ, რას მოუტანს ინდუსტრიული ზონა ქალაქს. ქალაქი ამისთვის უნდა მოემზადოს ინფრასტრუქტურულად და, ბუნებრივია, ასეთი გადაწყვეტილებები უფრო გააზრებული და ნაკლებსპონტანური უნდა იყოს.

- არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, რამდენად შესაძლოა შეელიოს ხელისუფლება თვითმმართველობაში უმრავლესობას?

- არჩევნების დანიშვნა არ გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლება რამის დათმობას აპირებს, მას პარლამენტში ოპოზიციის უმრავლესობით მოსვლის უფრო ეშინია, ვიდრე ადგილობრივ თვითმმართველობაში. იმიტომ, რომ იქ რეალური სადავეებია. თვითმმართველობას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში,  თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა, ხელისუფლებას უფრო მეტი ბერკეტი აქვს, ის ფიქციად და პოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად აქციოს. თუ მას ფინანსები არ ექნა და იქ იყვნენ სულ ოპოზიციის წარმომადგენლები, მოხდება დაპირისპირება, რადგან დღესდღეობით ინსტიტუციურად გაძლიერებული არ არის ადგილობრივი თვითმმართველობა. უკვე საუბარია მმართველობის ამ სისტემაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე, გარკვეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკანონმდებლო ცვლილებებზე.

შეგვიძლია გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ  წინა მოწვევის საკრებულოებში მრავლად იყვნენ  წარმოდგენილი ოპოზიციის წევრები. ხშირ შემთხვევაში ქალაქის მერები მაშინდელი მოქალაქეთა კავშირის ოპოზიციას წარმოადგენდნენ, მაგრამ ვერაფერს ცვლიდნენ, რადგანაც ქვეყანაში ფისკალური დეცენტრალიზაცია არ არსებობდა. არც დღეს არის დეცენტრალიზაცია. რეგიონები დამოკიდებულია ცენტრის წყალობაზე. ამის კარგი მაგალითია სოფლის დახმარების პროგრამა. წესით, ეს დახმარება თავიდანვე უნდა ყოფილიყო გაწერილი და გამოთანაბრებით ტრანსფერში ასახულიყო, მაგრამ ეს გამოჩნდა როგორც პრეზიდენტისა და ცენტრალური ხელისუფლების წყალობა. აქედან გამომდინარე, თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა, ადვილი შესაძლებელია, ასეთი „წყალობები“ ცენტრალურმა ხელისუფლებამ აღარ დაუშვას. ამით ხალხს იმას დაანახებს, ოპოზიციას რომ აირჩევ, რა მშიერი და მწყურვალი ხარ.

- ამ რეალობებში, შეუძლია თუ არა თვითმმართველობას  ძლიერი რგოლი გახდეს?

- შეუძლია, თუ  გამბედაობას მოიკრებს. დღეს, კანონმდებლობით, ბევრი შეზღუდვა კი დაუწესდათ, მაგრამ ამავე კანონის ფარგლებში მას შეუძლია, საკუთარი ნება და პროტესტი გამოხატოს და ამის უამრავი საშუალება არსებობს. შეუძლია, შეეწინააღმდეგოს ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა უკანონო დავალება, კანონის მიხედვით გაწერილია ის, რომ საკრებულო მერიის საკადრო პოლიტიკაში ვერ ჩაერევა. მაგრამ კანონში წერია ისიც, რომ საკრებულოს ექსკლუზიური უფლებაა ნებართვების გაცემა. და სწორედ ამ დროს შეუძლია, უფრო პრინციპული იყოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2281
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია