დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკონომიკის განვითარებას პოლიტიკური ნება სჭირდება
2013/07/16 13:21:24

ბოლო ათწლეულებია,  საქართველოს ეკონომიკას პრობლემები აქვს. მართალია, სოციალური ფორმაციების გარდამავალ ეტაპზე მეურნეობის დარგებს ყოველთვის ექმნება ბარიერები, მაგრამ  ჩვენს ქვეყანაში პროგრესირება ეკონომიკას ნაკლებად ეტყობა.

 საგანგაშო მდგომარეობაა მაისიდან მოყოლებული – არცთუ საიმედო „საქსტატის“ მონაცემებითაც კი, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 0% -ს არ აღემატებოდა. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების გაცნობის გარეშეც თვალნათლივ ჩანს, რომ ქვეყნის ეკონომიკა არასახარბიელო მდგომარეობაშია და სწრაფად უნდა გატარდეს გადამჭრელი ღონისძიებები.

 მოსახლეობას ნაკლებად აინტერესებს ის, რომ ახალმა ხელისუფლებამ მიიღო ეკონომიკური მემკვიდრეობა, რომელიც თითქმის არ არსებობდა. წინა ხელისუფლება ეკონომიკური ზრდის წარმოსადგენად ბიზნესს აყაჩაღებდა და შედეგს ახლა ვიმკითო, – ამბობენ „ეკონომიკის მამები“. თუმცა დღეს კარგად ჩანს, რომ დაპირებული 60 (ზოგჯერ-100) საწარმო არსად შენდება; სოფლის მეურნეობაში გადასროლილი 180 მილიონი შემოდგომამდე ვერ მოიტანს შედეგს, თანაც, სოფლის მეურნეობის შემოსავალი ვიწროფერმერული მეურნეობის წელში გამართვას ემსახურება, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე „სტახანოვურ“ ნახტომს ვერ გააკეთებს და მაკროეკონომიკურ გათვლებზე ზეგავლენის მოხდენასაც ვერ შეძლებს.

ინფრასტრუქტურაში 10%-ით მეტი საბიუჯეტო ხარჯების (შარშანდელ პირველ ექვს თვესთან შედარებით) შეტანამაც ვერ აჩვენა ეკონომიკაში პოზიტივი, რადგან რამდენიმე პროექტი დაკონსერვდა (მაგალითად, თბილისის შემოვლითი სარკინიგზო ხაზი, რომელზეც გათვალისწინებული სამუშაოების 60% უკვე შესრულებულია) და ამას ემატება საშუალო ან დაბალი საფეხურის მოხელეთა არაპროფესიონალიზმი, ასევე ნაკლები ინიციატივები და ნოვაციებისადმი ინერტულობა.

ფინანსთა მინისტრი, ხადური,  მაინც დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს: ,,შარშანდელ ამავე პერიოდში ეკონომიკის ზრდა სახელმწიფოს უხეში ჩარევით იყო განპირობებული. ფული იხარჯებოდა პარლამენტის, იუსტიციის სახლის, ასევე ბათუმში ტაუერის მშენებლობებზე. სახელმწიფო ბიზნესმენებს წამგებიან პროექტებში მონაწილეობას ავალდებულებდა. ეკონომიკურ ზრდას ბიზნესის თავისუფლებითა და განვითარებით უნდა მივაღწიოთ. ეკონომიკა მხოლოდ თავისუფალი და კონკურენტუნარიანი ბიზნესით გაიზრდება. არ იქნება 6%-იანი ზრდა, მაგრამ სეკვესტრი მოსალოდნელი არ არის. სახელმწიფო ბიუჯეტიდან წლეულს დაგეგმილი ყველა ხარჯი გაიწევა“.

ეკონომიკის 6%-იანი ზრდა თავად ეკონომიკის მინისტრსაც წარმოუდგენლად მიაჩნია და თვლის, რომ  5%-მდე ზრდაც მისასალმებელი იქნება. ეროვნული ბანკის და სსფ-ის პროგნოზით, 2013 წელს ეკონომიკის პროგრესი 4%-ით შეიძლება განისაზღვროს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი თუ მსოფლიო ბანკი უკვე რამდენიმე წელია, რაც  თავიანთი რეკომენდაციებით „თავის ჭკუაზე გვატარებს“, თუმცა მაინც არ ჩანს წინსვლა. არაპოპულარულია იმის თქმა, რომ სსფ-ს და მსოფლიო ბანკს  ღარიბი ქვეყნებისათვის არ მოაქვს წარმატებები, თუმცა უარყოფითი შედეგი კარგად ჩანს.

 როგორც ექსპერტი დემურ გიორხელიძე ამბობს, ეკონომიკის ფეხზე დასადგომად საჭიროა დასაქმება: „საქართველოში ჭკვიანი ადამიანების უზარმაზარი ფენაა, ე.წ. მეწარმეთა ლატენტური ფენა, რომლებიც იმის გამო, რომ ქვეყანაში ფულის კატასტროფული შიმშილია, ვერაფერს აკეთებენ. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს ვუთხარი, რომ რამდენიც უნდა უტრიალონ ე.წ. სპეციალისტებმა თუ უცხოელებმა, ქვეყანაში არის ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პრობლემა - ფულის მასის პრობლემა, სავალუტო კურსის პრობლემა და სანამ ეს საკითხი არ გადაიჭრება, ვერც ფონდები და ვერც მსოფლიო ბანკის მითითებები ვერაფერს შეცვლის.“

 საპარტნიორო და დონორი ფონდების დაარსება ეკონომიკის გამაბრწყინებელი ვერ იქნება. ნებისმიერი მოქალაქე გეტყვით, რომ ასეთი ფონდები, შესაძლოა, კარგად მუშაობდეს დემოკრატიულ დასავლეთში, მაგრამ საქართველოში მასზე ხელი ადამიანთა ნაწილს თუ მიუწვდება. თუნდაც იაფი კრედიტის აღება სოფლის მეურნეობაში ჩასადებად ჩვეულებრივი ფერმერისთვის წარმოუდგენელია. ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ისევ წარმატებით ყიდიან 15 და მეტ პროცენტად საკუთარ ფულს, იაფი ფული კი, სავარაუდოდ, ისევ იმ ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც „ახლოს“ არიან ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შევარდნაძის დროს, ემახსოვრება მკითხველს, ბატონი ედუარდის ნათესავებს „ეხსნებოდათ ბიზნესის ნიჭი“, მათ შორის – ყველაზე მომგებიან სფეროებში: კავშირგაბმულობასა და ენერგომატარებლების იმპორტში. სააკაშვილის ზეობის დროს საუბრობდნენ სამთომოპოვებით, საგანმანათლებო, ენერგეტიკულ და თითქმის ყველა სფეროს მიკერძოებაზე. მიხო სვიმონიშვილის სოფლის მეურნეობის მინისტრობიდან წასვლას მოჰყვა მისი ფერმერული მეურნეობის აყვავება (ქვემო ქართლში სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობის ზოგიერთი დარგი). თქვენ წარმოიდგინეთ და, დღევანდელ აგროსფეროს „მამებს“ სვიმონიშვილის წარმატება სანიმუშოდ აქვთ წარმოჩინებული. არადა, ის აქტივები, რომელიც ნამინისტრალს გააჩნია, ადვილად არავის ჩაუვარდება ხელში (მარტო „ჩემპიონი“ რომ იყიდოთ, რა თანხა დასჭირდება ადამიანს?! „ჩემპიონი“ მერძეულობით გამორჩეული ძროხაა და დღეში 52 ლიტრ რძეს იძლევა, რაც ჩვენთან გავრცელებული ჯიშის ძროხის 5 ეგზემპლარს უტოლდება პროდუქტიულობით).

 ეკონომიკის განვითარებას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური ნება, წარმოება გათავისუფლდეს  ფსევდოსაბაზრო მარწუხებისგან. ბიზნესწრეების წარმომადგენლები უნდა ხვდებოდნენ  არა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს, არამედ მათ უნდა მოჰქონდეთ ინვესტიცია საქმეში. ტაშის ტყაპუნი იმის გამო, რომ არაბმა შეიხმა ან ევროპელმა მეწარმემ ფული შემოიტანა ქვეყანაში, არასწორია. პროფესიონალი ბიზნესმენი ხელისუფლებისგან თავს შორს იჭერს. ბიზნესის წარმომადგენელი იხდის გადასახადს და არ ზის უმაღლესი კლასის შეხვედრებზე მინისტრებთან, პრემიერთან ან პრეზიდენტთან, რადგან ბიზნესისთვის დრო  ფულია.

 1989 წლის შემდგომი  ფსევდოსაბაზრო ეკონომიკის შემხედვარე, ვასკვნით: საქართველოში ეკონომიკის განვითარება არ ხდება. სამეწარმეო ბერკეტების გამოყენება ინვესტიციით თუ ფონდების დახმარებით უნდა ემსახურებოდეს სოციალური დონის აწევას და არა – ცარიელი ციფრების პრეზენტირებას. არც ისე დიდი ხნის წინ დასახელდა საქართველოში ყველაზე წარმატებული ორგანიზაციები. პირველი ადგილი ერგო აზერბაიჯანულ „სოკარს“, რომელსაც ბევრი მძღოლისთვის უთოფო ყაჩაღის სტატუსი აქვს. „სოკარის“ გარდა, წარმატებულად დასახელდა „ვისოლი“ და „ლუკოილი“ (ნათელაშვილის მტკიცებით, ამ უკანასკნელს უკავშირდება პარლამენტის ვიცესპიკერის, მანანა კობახიძის, მაზლის სახელი), „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი“ და რიტორიკული შეკითხვა დავსვათ: ჩამოთვლილთაგან რომელ წარმატებულ ორგანიზაციას აქვს უმწიკვლო (აპოლიტიკურ-არანეპოტისტურ-  არაპროტექციონული) იმიჯი?!

სოფლის მეურნეობაში წასული თანხა უკვე რეფორმად არ მოიაზრება, ეს იყო გლეხებისთვის ერთჯერადი დახმარება (საკმაოდ სოლიდური). ცხადია, რომ ბიზნესი არ ვითარდება, რადგან სახელმწიფო არ ან ვერ აკეთებს იმას, რაც გასაკეთებელია. როცა ბიუჯეტის ანალიზს აკეთებენ, ორი მნიშვნელოვანი ელემენტი ,,გვეჩხირება“ თვალში: ეკონომიკის დაპროგნოზებული 6%-იანი ზრდა (რაც, დღეის მონაცემებით, არ არსებობს) და 3%-იანი ინფლაცია, რომელსაც, როგორც ფინანსისტები ამტკიცებენ, ხელოვნურად ნარჩუნდება ფულის ნიშნების ხელოვნური დეფიციტით.

 თუ 6%-იანი მშპ-ს ზრდა გვექნება ინფლაციის 3%-იანი მაჩვენებლის თანადროულად, მაშინ 100 წელი დაგვჭირდება დაახლოებით იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა გაუთანაბრდეს პოლონეთს ან ბალტიისპირა ქვეყნებს.

 გათავისფლდა თუ არა საქართველოში ბიზნესი სახელისუფლებო წნეხისგან? ბუნებრივია,  ვერ წარმოვიდგენთ იმას, რომ ივანიშვილმა წილები მოითხოვოს და კეზერაშვილის მსგავსი რესურსი გამოიყენოს ბიზნესის დატერორებისთვის, მაგრამ ,,დიდი ხუხას“ ფაქტორი აჩენს კითხვებს საზოგადოებაში.

 ბიზნესიდეების გენერაციის გარდა, საჭირო იქნება იაფი კრედიტის რეალურად გაცემა, სამამულო წარმოების ხელისშეწყობა ბაზარზე, სამოქალაქო მიდგომა მზა პროდუქციაზე, თუმცა ჩამოთვლილთაგან ჯერ არცერთი არაა რეალური.

ზაფხულის გამო წინა პლანზე წამოიწია ტურიზმმა. ისეთ ტურისტულ ქვეყნებშიც, როგორიც ესპანეთი და საბერძნეთია,  ფიასკო განიცადა ეკონომიკამ და ევროკავშირის შემოწირულობებით ირჩენს თავს საბერძნეთი! ქართული ტურიზმი კი ამ ქვეყნების პოტენციალსა და ინფრასტრუქტურულ სიძლიერემდე ვერ მივა. სხვა საკითხია სერვისის და ფასის საკითხი. მართალია, ნამდვილი ტურისტების ოდენობა ქვეყანაში კი იგრძნობა წინა წლებთან შედარებით (მატება, დაახლოებით, 45%-ია), თან დამსვენებელთა შორის უცხოელთა ხვედრითი წილი კიდევ უფრო მეტია, რაც უცხოური თახების დალექვას უწყობს ხელს. მაისამდე საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, ვიზიტორთა ოდენობა შარშანდელთან შედარებით, მესამედით მაინც გაიზარდა და მილიონ-ნახევარს გადააჭარბა, თუმცა რამდენად გამდიდრდება  შავიზღვისპირეთის მოსახლეობა, ეს ცალკე საკითხია. ძვირი ელექტროენერგია, საკვები, ტრანსპორტი სერვერს აიძულებს, რომ ბევრი სტუმარი მიიღოს იაფად, რათა ჯამში მოგება იყოს თვალშისაცემი. თურქების 20, აზერბაიჯანელთა 56, სომხების 55 პროცენტიანი მატება ვიზიტორის სტატუსით მისასალმებელია, რასაც აღმოსავლეთ ევროპელთა გაზრდილი ნაკადიც თვალშისაცემს ხდის, რაც, ძირითადად, ქუთაისის იაფი ავიარეისების ხარჯზე ხდება (22 ევროდან ბილეთის ღირებულება მგზავრებს საშუალებას აძლევს, რომ მოკლე ვიზიტითაც ჩამოფრინდეს საქართველოში) – ეს კი სააკაშვილის „ახირების“ წარმატებად უნდა ვაღიაროთ, სწორედ მისი ინიციატივა იყო ასეთი იაფი ფრენებისთვის ქუთაისის აეროპორტის მოწყობა.

 ტურიზმზე ეკონომიკის დაყრდობა  ნაკლებად საიმედოა, თუმცა მას ექნება სეზონური ეფექტი. ვნახოთ, რა ოფიციალური მონაცემები გვექნება შუა სექტემბრისათვის, როცა, ფაქტობრივად, იხურება საზაფხულო-საზღვაო ტურიზმის სეზონი.

სასიამოვნოდ გაკვირვება უყვარს პრემიერს ხალხისო, უთქვამთ ხშირად. გაკვირვება არ გვინდა, წარმოების ამუშავება მართლა წაადგება სახელმწიფოს. მუნიციპალიტეტებში მსჯელობენ იმაზე, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ბევრად უფრო ინფრასტრუქტურული იქნება, ვიდრე სოციალური, რადგან დასაქმებული ადამიანი თავადაც კარგად გადაწყვეტს, რაში გამოიყენოს  თანხა, რომელსაც თავად გამოიმუშავებს.

 ამ ეტაპზე კავშირგაბმულობის, ენერგოსფეროსა და საბანკო საქმიანობის წარმატებულობა პირდაპირ კავშირშია მაღალ ტარიფებთან. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, კომუნიკაციის საშუალებები ჩვენთან ძვირია, მიუხედავად ჰიდროენერგეტიკული რესურსებისა, დენი ზედმიწევნით ძვირია (ენერგომატარებლების სიძვირეზე ამ ეტაპზე მკითხველის ყურადღებას არ შევაჩერებ) და საბანკო სისტემა მომხმარებლებისთვის კაბალურია.

 სახელმწიფოს არსებობის ძირითადი წინაპირობა კი ეკონომიკა (პოლიტიკასთან ერთად) რჩება ისევ, ამას კი ყურადღება უნდა მიაქციონ „ზევით“...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1884
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია