დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ემუქრება თუ არა ქუთაისის ბიუჯეტს სეკვესტრი?
2013/07/05 17:56:08

5 თვის მონიტორინგის შედეგები ცხადჰყოფს, რომ ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, ხარჯსა და შემოსავლებს შორის დისბალანსი საგანგაშოა

ბოლო წლების მანძილზე,  პირველად,  ქუთაისის ბიუჯეტმა შესაძლოა, სეკვესტრი განიცადოს. სეკვესტრის  მაღალ რისკებზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ ადგილობრივ თვითმმართველობაში. მერიის საფინანსო-სარევზიო კომისიის მიერ ჩატარებული 5 თვის მონიტორინგის შედეგები ცხადჰყოფს, რომ ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, ხარჯსა და შემოსავლებს შორის დისბალანსი საგანგაშოა.  ყველაზე პრობლემური სფერო, რომელიც ბიუჯეტის საერთო გეგმის შესრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არაფინანსური  აქტივების, ანუ  თვითმმართველობის ბალანსზე არსებული მიწისა და უძრავი ქონების გაყიდვიდან დაგროვილი თანხის დეფიციტია.  

2013 წლის ბიუჯეტის ამ ნაწილში მთელი წლის გეგმა  4 მილიონ  547 ათასი ლარია, ანუ ადგილობრივ თვითმმართველობას    მის საკუთრებაში  არსებული უძრავი ქონების გაყიდვიდან სწორედ ეს თანხა უნდა ამოეღო, მაგრამ ტენდერების დაგვიანებით გამოცხადებისა  და სატენდერო კომისიის არაეფექტური   მუშაობის გამო, თითქმის ექვსი თვის თავზე,  გეგმის  მხოლოდ 9.5 %-ით შესრულება მოხერხდა. საფინანსო–სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გოგიტა გოგელაშვილი ამბობს, რომ არსებული მონაცემებით, ბიუჯეტის სეკვესტრის რისკები მაღალია.

„დაახლოებით ორ კვირაში დავდებთ 6 თვის მონაცემებს, რაც, წინასწარ ვამბობს, სავარაუდოდ, ძალიან მძიმე იქნება, რადგან გაჩერებულია ტენდერები, ინფრასტრუქტურული პროექტები, პრობლემებია სათამაშო აპარატების ნაწილშიც.  გეგმა ვერ შეასრულა დასუფთავების სამსახურმა. ეს  მონაცემები ცხადჰყოფს,  რომ მდგომარეობა საგანგაშოა. მე პირდაპირ ვაცხადებ, თუ უახლოეს დღეებში არ ამოქმედდა ის პროგრამები, რომელიც არის ჩადებული ბიუჯეტში,  ძალიან ცუდ შედეგებამდე მივალთ.  ადგილობრივ თვითმმართველობას ჯერ კიდევ შეუძლია, „გადაარჩინოს" ბიუჯეტი.  მალე გაიაროს  ბიუროკრატიული პროცესები  და აამოქმედოს  ინფრასტრუქტურული პროექტები,“  – ამბობს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გოგიტა გოგელაშვილი.

მისივე თქმით, არაფინანსური აქტივების ნაწილში არსებული დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიწებზე ფასების ზრდა გახდა, რის გამოც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები არ იყიდება.

საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი ტარიელ მაკარიძე კი  პრობლემას მიწის ფასში ვერ ხედავს და ამბობს, რომ არაფინანსური აქტივების კლება აუქციონებისა და ტენდერების არგამოცახდებამ გამოწვია.

„ვინ და როდის გამოაცხადა ტენდერი, რომ გაყიდულიყო თვითმმართველობის ქონება? ცხადდებოდა აუქციონები? მე არ ვიცი ამის შესახებ.  მიწის ფასი აქ არაფერ შუაშია,“– ამბობს ტარიელ მაკარიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

საფინანსო სამსახურის უფროსის ახალი მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ავალიანი კი მიწის ფასის კლებას  გამორიცხავს და ბიუჯეტის დისბალანსის სხვა მიზეზებზე საუბრობს.

„მთავარ პრობლემას ქუთაისის ბიუჯეტს გაბერილი შტატები უქმნიდა.  800 ადამიანზე მეტმა წლის განმავლობაში 4-ჯერ აიღო პრემია. აქედან,  სამი იყო სრული, ერთი კი  ნაწილობრივი. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით თანხები გაიცემოდა შტატგარეშე თანამშრომლებისთვისაც.  რეორგანიზაციის შემდეგ, ამას დაემატა შრომის კოდექსით გათვალისწინებული ორთვიანი წინასწარი კომპენსაცია სამსახურებიდან  გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის. ყველა ეს თანხა ბიუჯეტის სახელფასო ფონდიდან გაიცემოდა, რამაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად შეცვალა საერთო სურათი.  

რაც შეეხება მიწებს, აქ უნდა ვიმუშაოთ საკრებულოსთან ერთად და მოვახერხოთ  მიწის საბაზრო და ნორმატიული ფასის დაბალანსება.  ტენდერებთან დაკავშირებით კი,  როგორც მე ვიცი, არის სურვილი იმისა, რომ კონკრეტულმა ინვესტორმა შეისყიდოს დაახლოებით ორ მილიონამდე  ღირებულების მიწა და ამით აღმოიფხვრას დისბალანსი. ამ მოცემულობის მიუხედავად, იმის გათვალისწინებით, რომ აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია, ვფიქრობ,  უახლოეს ორ-სამ თვეში არათუ გამოსწორდება მდგომარეობა, არამედ შესაძლოა, ქალაქის საერთო ეკონომიკურმა მაჩვენებელმაც აიწიოს,“ –ამბობს მერიის საფინანსო სამსახურის მოვალეობის  შემსრულებელი ირაკლი ავალიანი.

სატენდერო კომისია, რომელმაც ქალაქის ბიუჯეტი სეკვესტრისგან უნდა „იხსნას“, ქუთაისის მერიაში უკვე შეიქმნა. უახლოეს დღეებში კომისიის მთავარი ამოცანა გასაყიდი ობიექტების საპრივატიზაციოდ მომზადება და მათი აუქციონებისა და ტენდერების გზით გასხვისება იქნება.  ბიუჯეტის შესრულების 9 თვის თავზე  მთავარ ფინანსურ დოკუმენტში არაფინანსური  აქტივების მაჩვენებელი მკვეთრად უნდა შეიცვალოს, რისთვისაც სატენდერო კომისიამ მინიმუმ 2 მილიონის ღირებულების უძრავი ქონება უნდა გაასხვისოს.

გარდა ამისა, მოკლე ვადებში უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ქუთაისის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გადმორიცხული 13 მილიონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა  კვლავ ბიუჯეტს დაუბრუნდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1891
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია