„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, მოზარდზე ძალადობის ფაქტის დამალვა დასჯადი გახდება. ადმინისტრაციული ჯარიმა სოციალური მომსახურების სააგენტოს იმ თანამშრომელს დაეკისრება, ვინც მოზარდის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს არ გაახმაურებს. კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ, სამედიცინო და სასწავლო–სააღმზრდელო დაწესებულება, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტო, ვალდებული იქნება, ოჯახში ან სხვა გარემოში ბავშვზე ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტის არშეტყობინება სამართალდარღვევად ჩაითვლება და კანონდამრღვევ პირს ფულადი ჯარიმა დაეკისრება. სააგენტოს ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სამსახურის თანამშრომლის მიერ მოზარდის მიმართ ძალადობის ფაქტის დამალვის პირველი შემთხვევა, თანამშრომლის 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
რაც შეეხება რიგით მოქალაქეს, კანონპროექტი არასაჯარო პირის მიმართ მსგავს ვალდებულებებს არ ითვალისწინებს.
კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების შემცირებას ემსახურება. კანონპროექტის განხილვა შემოდგომის საპარლამენტო სესიაზე მოხდება.