დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჰერკულესი“: პოლიციამ აქაურობას გაარიდა მუშები, ვინაიდან ქარხნის საქმიანობას უშლიდნენ ხელს.
2013/06/28 13:21:25

რატომ მუშაობდა ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე?

ავანგარდში მდებარე ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა გახსნის დღიდან არაერთხელ გამხდარა მუშების თუ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უკმაყოფილების მიზეზი.

2011 წელს მოსახლეობა უკმაყოფილებას ქარხნის გამონაბოლქვის გამო გამოთქვამდა, მათი განცხადებით, ქარხანა ფილტრების გარეშე მუშაობდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორია, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, მთლიანად კვამლში იყო გახვეული. მათ უკმაყოფილებას ისიც ამძაფრებდა, რომ, მათივე განცხადებით, კვამლის და გაუსაძლისი სუნის გამო მოსახლეობასთან ერთად მათი სასოფლო სამეურნეო პროდუქციაც ნადგურდებოდა. თუმცა, ქარხნის დირექცია მსგავს საყვედურებს არ იღებდა და აღნიშნავდა, რომ ქარხანა ფილტრებით მუშაობდა და გამონაბოლქვი სულაც არ იყო საზიანო. „მით უმეტეს ამხელა მნიშვნელობის  საწარმოსთან რა მოსატანია მათი მწვანილი,“ - განაცხადა მაშინ გაზეთ „პოსტსკრიპტუმთან“ საუბრისას ქარხნის გენერალურმა დრექტორმა პაატა ჩხენკელმა.

მოგვიანებით ქარხნის ადმინისტრაციას მუშებიც დაუპირისპირდნენ. გაფიცულები ანაზღაურების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა სპეციალური უნიფორმების შეძენას უკავშირდებოდა, თუმცა საქმე პოლიციამდე მივიდა და აქციის მონაწილეები სამართალდამცავებმა დროებით დააკავეს და ჯარიმების გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

2012 წლის შემოდგომაზე ქარხანამ მუშაობა დროებით შეაჩერა. გაჩერების ზუსტი მიზეზი იმ დროისათვის უცნობი იყო და მომხდარი პირველი ოქტომბრის არჩევნებს დაუკავშირეს. მიმდინარე წელს კი ქარხანამ მუშაობა კვლავ გაახლა, მაგრამ არასრული დატვირთვით. ქარხანაში არსებული სამუშაო გრაფიკი და მძიმე პირობები გახდა პარტია  „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ბრიფინგის მიზეზი, სადაც პარტიის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ საჯაროდ აღნიშნა, რომ ქარხნის მეპატრონე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო მერებიშვილია.

psnews.ge დაინტერესდა, ადგილზე გაერკვია,  რა მდგომარეობაა სინამდვილეში ქარხანაში და ნამდვილად არის თუ არა ვანო მერაბიშვილი ქარხნის მეპატრონე, რისთვისაც ქარხნის დირექტორის მოადგილეს ვასილ ჩხენკელს გავესაუბრეთ.

– რა სისულელეა, საიდან მოაქვს ამ გოგი წულაიას ასეთი ჭორები?  ალბათ, ქულების ჩაწერა უნდა. პირადად მე ვანო მერაბიშვილი ამ ქარხანაში არასოდეს მინახავს, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ გახსნის დროს იმყოფებოდა. რაც შეეხება გაჩრებას: პირველი ოქტომბრის არჩევნები და მერაბიშვილის დაკავება  არაფერ შუშია, უბრალოდ, რადგან რეალიზაცია არ ხდებოდა,  ქარხნის მუშაობა დროებით შეჩერდა, ახლა კი დავიწყეთ წარმოება. რა გაჩერებაზეა საუბარი – ქარხანაში მშენებლობაც მიმდინარეობს, ამ ზაფხულს არასრული განაკვეთით ვიმუშავებთ, შემოდგომიდან კი – სრულ დატვირთვით.

– ქარხნის მისამართით „თავისუფალი საქართველოს“ მხრიდან გამოთქმული იყო შენიშვნა 12-საათიანი სამუშაო გრაფიკის და სპეციალური უნიფორმების არ ქონის გამო.

– 12 საათით რომ მუშაობენ, ეს სწორედ აქ მომუშავეების სურვილით ხდება.  გავაკეთეთ სპეციალური დოკუმენტი, რომელსაც 99%-მა ნებაყოფლობით მოაწერა ხელი. მათ საათობრივად ვუხდით და ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს. პირიქით, უკეთესიც იქნებოდა, რომ ასეთი გრაფიკი არ აერჩიათ, რადგან დასვენებული კაცი მოგვივა აქ. რაც შეეხება ფორმას – ჩვენ ყველას დავურიგეთ ეს ფორმა, მაგრამ თვითონ არ უფრთხილდებიან, სამი-ოთხი თვე ხომ მაინც უნდა ეყოთ ფორმები, ყოველდღე ხომ არ მივცემთ? თან – ზოგს მაღალი ტემპერატურის გამო არ უნდა და არ იჩერებს ტანზე. მათი საშუალო ანაზღაურება 450-დან 600 ლარამდეა (ქარხნის დათვალიერებისას შევნიშნე, რომ მუშების უმრავლესობა ღუმელთანაც და სხვა სახის სამუშაოებზეც სწორედ ფორმისა და ჩაფხუტის გარეშე მუშაობდა. ავტ).

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2011 წელს გაფიცული მუშების დასარბევად სპეცრაზმი თბილისიდან ჩამოვიდა და დარბევას უშუალოდ ადევნებდნენ თვალს იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და სხვა მაღალჩინოსნები

არანაირი სპეცრაზმი არ ჩამოუყვანიათ. რა დანაშაული აქ იყო, რომ სპეცრაზმის ჩამოყვანა გამხდარიყო საჭირო? უბრალოდ, პოლიციამ აქაურობას გაარიდა მუშები,  ვინაიდან ქარხნის მუშაობას უშლიდნენ ხელს.

– სად გაარიდა, სამმართველოში?

– ვინც დანაშაული ჩაიდინა – კი.

– დანაშაულში რა იგულისხმება?

არ ვიცი, კონკრეტულად, მაგი ალბათ პოლიციას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ისინი ქარხნის მუშაობას და მანქანების გასვლას უშლიდნენ ხელს, ამიტომაც მოხდა მათი გაყვანა.

– ქარხნის გამონაბოლქვის გამო ადგილობრივებმა თქვენი მისამართით არაერთხელ გამოთქვეს  შენიშვნა, მიმართეს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას. მუშაობს თუ არა ქარხანა ამჟამად ფილტრებით?

– ქარხანა ნორმების სრული დაცვით მუშაობს, რამდენიმეჯერაა შემოწმებული და გამონაბოლქვი არავისთვისაა საზიანო. ეს უბრალოდ მათი ახირება იყო.

აქვს თუ არა ქარხანას გარემოზე ზემოქმედები ნებართვა?

– დიახ აქვს, იყო პერიოდი, როდესაც დროებითი ნებართვა გვქონდა. ეს დანაშული არაა, რადგან ასეთი ნებართვით საქართველოში  ბევრი საწარმო მუშაობს.

***

არადა, 2011 წლის ივნისში, სწორედ ამ თემაზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ დღიდან გახსნისა ქარხანა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე მუშაობდა. აღნიშნული დაადასტურა გარემოს დაცვის სამინისტრომ. „გარემოს მონიტორინგის სააგენტოს“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული ნებართვის გარეშე მსგავსი სიმძლავრის ქარხნის ერთი დღე მუშაობაც კი კანონდარღვევაა. მიუხედავად ამისა, ქარხანა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე წლების განმავლობაში მუშაობდა, რის მიზეზადაც იმჟამინდელი მაღალჩინოსნების ლობირება სახელდებოდა.

***

სამწუხაროდ, თავად მუშებთან გასაუბრება ამჯერად ვერ მოვახერხეთ. დირექტორის მოადგილის განმარტებით, ისინი სამუშაო საათების გამო ვერ მოიცლიდნენ.

psnews.ge შეეცდება უახლოეს მომავალში მათი პოზიციაც გაგაცნოთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1712
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია