დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხარაგაულში მოსახლეობა დაბინძურებულ წყალს იღებს
2013/06/24 23:21:39

„ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ  შეხვედრას, სემეკის თავმჯდომარესთან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ თათარაძეც ესწრებოდა. სწორედ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მისამართით გამოთქვა შენიშვნები არასამთავრობო ორგანიზაცია „პი ემ არ ტის - საზოგადოების მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის“ მენეჯერმა რუსუდან გურგენიძემ. მისი თქმით, ხარაგაულის რაიონში წყალმომარაგების სისტემაში უამრავი ხარვეზი არსებობს, თუმცა მიუხედავად კომპანიისადმი არაერთი მიმართვისა, მოსახლეობა  კვლავ სასმელად უვარგის წყალს მოიხმარს.

psnews.ge ხარაგაულში არსებულ პრობლემებზე რუსუდან გურგენიძეს გაესაუბრა:

– პირველი და უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ხარაგაულში წყალმომარაგების სათავე ნაგებობები არ არის წესიერად გაკეთებული და წყალი ყოველთვის  მღვრიე მოდის, განსაკუთრებით კი წვიმიან ამინდში. არ ხდება სასმელი წყლის დაქლორვა ისე, როგორც საჭიროა, კუსტარული კასრები დგას და პირდაპირ იქედან მიეწოდება ქლორი სათავე ნაგებობებს. მართალია, წვეთ-წვეთ ჩადის, მაგრამ კასრი თავღიაა, რაც, თავის მხრივ, ქმნის პრობლემებს. ზოგიერთ წყალსაცავზე საერთოდ არ არსებობს საქლორატორო, რაც ნიშნავს იმას, რომ დაქლორვა კვირაში ერთხელ ხდება მაშინ, როდესაც გამდინარე წყალი ეტაპობრივად საათში ერთხელ უნდა იქლორებოდეს. არ ხდება ლაბორატორიული გამოკვლევები, აღარც ლაბორანტი ჰყავთ, რომელიც წყლის შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად აწვდიდა სათავე ნაგებობების თანამშრომლებს, რის შემდეგაც ხდებოდა ნორმების დარეგულირება.

რაც შეეხება სათავე ნაგებობის მცველებს, თითო საცავს თითო მცველი ჰყავს ისე, რომ 30 დღის განმავლობაში 24 საათის მანძილზე ერთი ადამიანი იცავს წყალსაცავს, სათავე ნაგებობაზე კი არა არის ერთი ოთახიც კი, სადაც ისინი გაჩერდებიან და იმუშავებენ. სპეციალურად უნდა დაუძახო და მიიყვანო ნაგებობებთან. ამიტომ მის თქმა, რომ სათავე ნაგებობებს მცველი ჰყავს, არაფერს ნიშნავს და ხარაგაულში, ფაქტობრივად, სათავე ნაგებობები დაუცველია.

– რაც შეეხება აბონენტთა აღრიცხვას ამ მხრივ რა მდგომარეობაა?

– აბონენტთა აღრიცხვასთან დაკავშირებით ის პრობლემაა, რომ ქალაქის ზრდასთან ერთად, აბონენტების ახალ ქსელებზე დაერთება არ ხდება, ერთადერთი პასუხი, რაც აქვთ, ისაა, რომ თურმე  ახალ მოსახლეებთან წყალი არ ადის და რატომ უნდა მოახდინონ მათი აღრიცხვა? არადა, ამ დროს, მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებულ კანონში წერია, რომ ნებისმიერი აბონენტის მიმართვის შემთხვევაში, კომპანიამ მათთან წყლის მიყვანა უნდა უზრუნველყოს. ვინაიდან წყალმომარეგება უკვე აღარაა მუნიციპალიტეტების საკუთრება, ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას ვერ უზრუნველყოფს და, ფაქტობრივად, ეს ადამიანები რჩებიან ჰაერში გამოკიდებულნი. პრობლემაა გადასახადთან დაკავშირებით. თუკი ოჯახი ოთხი წევრისგან შედგება, ოთხივე ცალ-ცალკე აბონენტად არის აღწერილი, მერე მიხვდნენ, რომ ერთი ოჯახის წევრები არიან, მაგრამ მათ დაგროვილი დავალიანება მიუვიდათ 75-90 ლარის ოდენობით.

ადგილობრივმა მოსახლეობამ საკრებულოს მიმართა, მათ, თავის მხრივ, წერილობით მიმართეს მარეგულირებელს და წყალმომარაგების კომპანიას და საკრებულოს სხდომაზე დასწრება შესთავაზეს, თუმცა, ისინი არ ჩამოვიდნენ და წერილი გამოგზავნეს, სადაც ეწერა, რომ შეგვეძლო მათთვის განცხადებით მიგვემართა. კომპანიაში აცხადებენ,რომ წყალი ხარისხიანია, კარგია, რომ იქლორება, ასევე აბონენტების აღწერა ხდება და საერთოდაც ხარაგაულში ცხოვრება მშვენიერია და რომ ჩვენ ვართ შარზე.

- წყლის გადასახადი როგორა იანგარიშება, სულადობით თუ მოხმარებული წყლის რაოდენობით?

– გამოანგარიშებით დადგინდა, რომ წყლის საფასურის ზედა ზღვარი ტონა წყალზე 35 თეთრია, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს თანხა 50 თეთრი გაეხადათ, რაც მოსახლეობამ გააპროტესტა. მით უმეტეს, რომ ამ თანხას ვერ დაამატებენ კანალიზაციის ხარჯებს, რადგან ხარაგაულში კანალიზაცია არ არსებობს. აღსანიშნავია ის, რომ  ხარაგაულში წყალმომარაგებაზე ერთი თეთრის ელექტროენერგია არ იხარჯება, რადგან წყალი თვითდინებით მოდის. მოსახლეობიდან ყოველთვიურად გადასახადის სახით 6000 ლარი შემოდის, რომლიდანაც 2000 ლარი გადის ხელფასის სახით, ე.ი. 4000 ლარი მოგება რჩება. სისტემა ხარაგაულში გერმანიის განვითარების ბანკმა გააკეთა და წყალმომარაგების კომპანიას გამრიცხველიანებული ქსელი ჩააბარა, ახლა კი იმის თქმა, რომ წყალმომარაგების კომპანიამ არასწორად გაკეთებული სისტემა ჩაიბარა, არასწორია და ეს მოსახლეობის პრობლემა არაა.

„ნეტა მარტო ხარაგაულში იყოს ეს პრობლემა!“-აღნიშნა შეხვედრაზე მყოფმა  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის თანამშრომელმა.  კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის მიხეილ თათარაძის განცხადებით კი, ლაბორატრიული შემოწმება ხარაგაულში ზესტაფონიდან ხდება, რაც რუსუდან გურგენიძის თქმით, შეუძლებელია, რადგან ზესტაფონის სერვისი ყოველ საათში წყლის დაქლორვას და შემოწმებას ვერ შეძლებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4262
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია