დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური დევნა, თუ კადრების ოპტიმიზაცია ქუთაისის მერიაში?
2013/06/24 14:46:51

თენგიზ თოფურიძე: ვერ ვიხსენებ, რომ წინა წლებში მომხდარი რეორგანიზაციის დროს ნაციონალები რომელიმე დაჩაგრული ადამიანის ადვოკატები გამხდარიყვნენ

 

 

ქუთაისის მერიაში კადრების რეორგანიზაცია  უკვე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მერიის თანამშრომლებმა, დიდი ხანია, იცოდნენ სამსახურებიდან მათი მოსალოდნელი გაშვების შესახებ, ადგილობრივი თვითთმართველობის და მუნიციპალიტეტების რამდენიმე ერთეულმა თანამშრომელმა მერიის წინ ფორმალური გამაფრთხილებელი აქცია გამართა. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ახალი მერი თანამშრომლებს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით უშვებს.

 

ამირან ძოწენიძე, ქუთაისის ვიცე-მერი: „ახალი მმართველობისგან კარგს არაფერს ველოდებით, რადგან ქუთაისის მერიაში თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება ხდება. ეს პროცესი რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია  რომ არაა, ძალიან მალე გახდება ცხადი. ამატებენ ახალ სამსახურებს, სადაც მათთვის კეთილსაიმედო ადამიანებს  და იმ პირებს ნიშნავენ, რომელთანაც ვალში არიან. ბატონმა მერმა რამდენიც არ უნდა იძახოს, რომ ეს მისი გაკეთებული არ არის და საკრებულოს უკვე ყოფილმა, გაქცეულმა „ნაციონალებმა“ გააკეთეს, თავს მაინც ვერ დაიძვრენს, რადგან ბრძანებებზე მისი ხელმოწერაა. ეს არის პოლიტიკური დევნა.

ერთადერთი, ვისაც ეს დევნა არ შეეხო, არის თენგიზ თოფურიძე, რადგანაც დამსახურებები აქვს ახალი ხელმძღვანელობის წინაშე. „პატრიოტების“ ინიციატივით, გაუშვებენ მხოლოდ იმ    „ნაციონალებს“, რომლებიც საკუთარი პრინციპების ერთგულნი დარჩნენ და სამსახურებზე არ გაყიდეს საკუთარი მეგობრები. სამწუხაროა, რომ ღალატი და მეგობრების გაყიდვა ფასობს და საზოგადოება ამას მშვიდად იღებს.“

გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე სამხარეო ადმინისტრაციიდან მიღებულ შემოთავაზებას დათანხმდება და ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას მიიღებს.

მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსის, ანდრო მაღლაკელიძის განცხადებით კი დიმიტრი კოპალიანი თვალდახუჭული აწერს ხელს გათავისუფლების ბრძანებებს, რადგან არც ერთ თანამშრომელს არ იცნობს და არც მათი პროფესიონალიზმის შესახებ აქვს ინფორმაცია.  ე.წ. რეორგანიზაცია მხოლოდ ერთი ადამიანის, გოჩა თევდორაძის დამსახურებაა და მის ქმედებას კანონიერებასთან კავშირი არ აქვს.

გათავისუფლებულთა სიაში მოხვდნენ შესყიდვების სამსახურის უფროსი ანდრო მაღლაკელიძე,  ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი ზაზა სულაძე, სამხედრო საქალაქო  სამსახურის უფროსი გიგა ზაუტაშვილი და საბინაო სამსახურის უფროსი კახა ხვარეშია. საერთო ჯამში, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით თანამდებობა მერიის ცხრა სამსახურის უფროსმა დატოვა.

როგორც კახა ხვარეშიამ მედიასთან განაცხადა, ის თავად მივიდა ბრძანების წამოსაღებად და აღნიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ნაკლებად დარჩება პროფესიონალი კადრები და, სავარაუდოდ, თანამდებობას მერიაში დასაქმებულთა 80 პროცენტი დატოვებს. მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ სამსახურების უფროსებმა თავიანთი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართონ.

ქუთაისის მერიაში დაწყებული მასშტაბური რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის პროცესს გამოეხმაურა დიმიტრი კოპალიანი. მერი ამ მოვლენების ავტორად საკუთარ თავს არ მოიაზრებს და ამბობს, რომ ეს პროცესი მის მოსვლამდე იყო დაწყებული. მისი თქმით, გათავისუფლების შესახებ დოკუმენტები გაცილებით ადრე მომზადდა, ვიდრე ის ქალაქის მერად დაინიშნებოდა.

„ერთი თვით ადრე მომზადდა დოკუმენტები, რომელიც სამსახურების უფროსების გათავისუფლებას ითვალისწინებდა. მათზე დატანილი იყო ხელმოწერებიც. საერთოდ, მხოლოდ ქალაქის მერი არ აწერს ხელს გათავისუფლების შესახებ განცხადებას. იურისტის და სხვების ხელმოწერებიც არის იქ. მე როცა მოვედი, ეს პროცესი უკვე  დაწყებული იყო. ამ დეტალებზე უფრო ვრცლად თენგიზ თოფურიძეა საქმის კურსში,“ - ამბობს დიმიტრი კოპალიანი.

კოპალიანმა ასევე რეორგანიზაციის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქუთაისის ბიუჯეტში ხარჯები აჭარბებს შემოსავლებს, რის გამოც აუცილებელი იყო კადრების შემცირება.

„კატასტროფულ მდგომარეობაშია ჩვენი ბიუჯეტი. 20-30%-ია შემოსავლები, ხარჯები კი 80%-ს აჭარბებს. სწორედ ამან გამოიწვია რეორგანიზაცია, ჩვენი მიზანია, ცვლილებები მოხდეს იმიტომ, რომ როგორმე დავეხმაროთ ბიუჯეტს,“ - განაცხადა დიმიტრი კოპალიანმა.

რაც შეეხება სამსახურებიდან გათავისუფლებულ უფროსებთან შეხვედრას, ამას შეურაცხმყოფელს და პროვოკაციულს უწოდებს კოპალიანი. მისი თქმით, სამსახურების ყოფილმა უფროსებმა მასთან შეხვედრის დროს პოლიტიკური არაპროფესიონალიზმი გამოავლინეს:

„მე განაწყენებულიც კი ვარ მათი საქციელის გამო. შემოვიდნენ ჩემს კაბინეტში და ცდილობდნენ ჩემს კომპრომეტირებას, რაც არასწორია. როცა არ იცი ადამიანის წარსული და მიდიხარ მასთან პოლიტიკურ პროვოკაციაზე, ეს არის არაპროფესიონალიზმი. ამის შემდეგ მათ დაიწყეს არასწორი ინფორმაციის გავრცელება ამ შეხვედრის შესახებ, რაც გაჟღერდა კიდეც პრესის საშუალებით. მე მინდა, მოვუწოდო მათ, ნუ ქმნით პროვოკაციულ სიტუაციებს. ადგილობრივი თვითმმართველობა არის სამუშაო დაწესებულება!“ - განაცხადა დიმიტრი კოპალიანმა.

ოპონენტებს უპასუხა მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თენგიზ თოფურიძემ: „17 მაისს გამოცხადდა რეორგანიზაციის პროცესი, რის შესახებაც ეცნობა ყველა თანამშრომელს. მერიაში 800 ადამიანი მუშაობს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებით, მათი რაოდენობა უმნიშვნელოდ, 10-15 პროცენტით შევამცირეთ. ეს ყველაფერი კანონიერად მოხდება. პოლიტიკურ დევნაზე საუბარი არაა. მე არასოდეს ვყოფილვარ იმ გუნდის წევრი, რომლის წევრებიც მოღალატეს მიწოდებენ და, საერთოდ, არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. მე ყოველთვის საჯარო მოხელე ვიყავი. ეს ადამიანები წინა წლებში თვითონ იყვნენ რეორგანიზაციის დამწყებნი და არ მახსოვს, რომელიმე მათგანი დაჩაგრული   ადამიანის   ადვოკატი    ყოფილიყო.“

თოფურიძე არც უარყოფს და არც ადასტურებს ვიცე-მერის პოსტზე მისი დანიშვნის საკითხს. შეგახსენებთ, რომ ვიცე-მერების პოსტზე თენგიზ თოფურიძე, კოტე ლომიძე და გია შარაბიძე მოიაზრებიან.

თენგიზ თოფურიძისგან განსხვავებით, რეორგანიზაციის მიმდინარე პროცესს პოლიტიკურს უწოდებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე.

„ახალ მერს უნდა, რომ ახალი გუნდი ჰყავდეს, ეს ასეა ყველგან და ამაში გასაკვირი არაფერია. თუკი ვინმე თვლის, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება, დიახ, ეს პილიტიკური პროცესია.  სამსახურს ვერ შეინარჩუნებენ ის ადამიანები, რომლებიც 17 აპრილის აქციისათვის ხალხს აგროვებდნენ და მერიაში ზონდერსაქმიანობას ეწეოდნენ. მათ აქვთ უფლება, მიმართონ სასამართლოს და კანონის ფარგლებში გაარკვიონ, სამსახურიდან მათი გაშვება რამდენად სამართლიანად მოხდა.“

„ნაციონალებისგან“ განსხვავებით, მერიაში მიმდინარე გათავისუფლებებს დადებითად აფასებენ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრები, რომლებმაც მერიის თანამშრომელთა აქციის პარალელურად, ადმინისტრაციული შენობის წინ ბრიფინგი გამართეს და საქართველოს მთავარ პროკურორს „უსუსური“ უწოდეს. „ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ახალ მერს და მიგვაჩნია, რომ სამსახურების თანამშრომლები სამართლიანად თავისუფლდებიან. რადგან ისინი მონაწილეობდნენ გაყალბებებსა და კორუფციაში.  უსუსურია პროკურატურა და არჩილ კბილაშვილი, რომ „ნაციონალებს“ ამდენს აბლატავებენ.  მიგვაჩნია, რომ მერიაში 800 უსაქმური არ უნდა იყოს,  ისინი 10 მილიონს ხარჯავენ ხელფასებისა და პრემიის სახით მაშინ, როდესაც ადამიანები შიმშილობენ,“ - განაცხადა გოგი წულაიამ.

აღსანიშნავია, რომ მერიაში გათავისუფლებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი კადრები კონკურსის წესით დაინიშნებიან, თუმცა უკვე გახდა ცნობილი რამდენიმე პიროვნების ვინაობა, რომელთაც სამსახურების ხელმძღვანელთა ვაკანტურ თანამდებობაზე შეთავაზება უშუალოდ „ქართული ოცნებისგან“ მიიღეს. ეს დაანონსებულ კონკურსს ეჭვქვეშ აყენებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1770
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია