დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სოფლის პროგრამა“ არასოფლური პრიორიტეტებით
2013/06/24 14:42:05

ხონში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. როგორც ხონის მუნიციპალიტეტში ამბობენ, ამ ეტაპზე პროექტის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტზე მუშაობენ, რის შემდეგაც შემუშავდება ყველა სოფლისთვის გათვალისწინებული ინდივიდუალური პროექტი.

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ყველა რაიონის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად სახელმწიფო დაფინანსებას იღებს. პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა, რაიონის მოსახლეობასთან შეთანხმებით, კონკრეტული სოფლის საჭიროებების მიხედვით უნდა დაიხარჯოს. იქიდან გამომდინარე, რომ სოფლებისთვის თანხის გადანაწილება ხდება არა არსებული პრობლემის გათვალისწინებით, არამედ - კონკრეტულ სოფელში მცხოვრებთა რაოდენობის მიხედვით, როგორც მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ამბობენ, ამის გამო, სოფლის რეალური საჭიროებების გათვალისწინება არ ხდება.

„ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. აკეთებენ იმას, რაც უფრო იაფი უჯდებათ. დასაქმება გვინდა ხალხს, სასმელი წყალი არ გვაქვს რამდენიმე წელია. უამრავი პრობლემაა სოფელში, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ - ამბობს სოფელ ძეძილეთის მცხოვრები ლევან გვიშიანი.

მიუხედავად იმისა, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ხონის რაიონში ყოველწლიურად ხორციელდება, მოსახლეობის დიდი ნაწილი პროექტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„არ ვიცი, არ გამიგია ამ პროექტის შესახებ. არავის არ უკითხავს ჩვენთვის რა პრობლემა გაქვთ და რით მოგეხმაროთო,“ - ამბობს სოფელ ივანდიდის  მცხოვრები დალი ბახტაძე.

ისეთ დიდ სოფლებში, როგორიცაა ძეძილეთი და დედალაური, რამდენიმე წელია, მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აქვს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, პრობლემის მოგვარება არაერთხელ დადგა დღის წესრიგში, თუმცა შესაბამისი თანხების მობილიზება ადგილობრივ ბიუჯეტში ვერ მოხერხდა.

რაიონის გამგებლის თქმით, შემუშავების პროცესშია პროექტი, რომლითაც აღნიშნულ სოფელში სასმელი წყლის პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.

„ჩვენი ბიუჯეტი ვერ წვდება ასეთ მასშტაბურ საკითხებს. ვერც სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ხერხდება მისი ჩასმა, ამიტომ ასეთ შემთხვევებში მგფ გვეხმარება ხოლმე. ახლა შემუშავების პროცესშია 300 ათას ლარიანი პროექტი, რომლის მიხედვითაც სოფელ ძეძილეთში საბოლოოდ გადაწყდება ეს საკითხი,“ - ამბობს ხონის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია.  

ხონის ბიუჯეტი, ისევე როგორც იმერეთის ყველა რაიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, ტრანსფერის თანხაზეა დამოკიდებული. მიმდინარე წელს ქალაქის ბიუჯეტის ადგილობრივი შემოსავლები მხოლოდ 200 ათასი ლარია. მიზერული  შემოსავლების გამო, რაიონი ვერ ახერხებს ინდივიდუალური პროექტების დაგეგმვას და მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად პრიორიტეტების გადანაწილებას.

მაგალითად, მიმდინარე წლის ბიუჯეტში, გასული წლების მსგავსად,  მთავარ პრიორიტეტს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა რაიონში ერთ-ერთი მასშტაბური და  სოფელ ძეძილეთის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება. გარდა ამისა, სოფელ  ივანდიდის მოსახლეობა რამდენიმე წელია, ითხოვს გზის მოასფალტებას, რაც ასევე დღემდე გადაუჭრელი საკითხია.

მიმდინარე წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო. როგორც მუნიციპალიტეტში ამბობენ, სოფლებში განსახორციელებელი პროექტების თვალსაზრისით, ძირითადი პრიორიტეტები უკვე გამოკვეთილია. კერძოდ, ისევე, როგორც გასულ წლებში, თანხა მოხმარდება გზების, სკვერების,  წყლის სისტემის შეკეთებას, მოედნების, სასაფლაოების შემორაგვასა და სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

პროექტის განხორციელება, დაახლოებით, ორ კვირაში უნდა დაიწყოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1873
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია