დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის კატასტროფული რისკები
2013/06/21 19:54:34

ინტერნეტპორტალ www.psnews.ge-თან არსებულ Press-კლუბში  მორიგი პრესკონფერენცია გაიმართა, ამჯერად ქუთაისის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარესთან, გიორგი გოგელაშვილთან. პრესკონფერენციის მთავარი თემა საფინანსო -სარევიზიო კომისიის მიერ განხორციელებული მონიტორინგი იყო.

სარევიზიო კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნა, რომელიც ქუთაისის მერიის რამდენიმე სამსახურის მიერ საბიუჯეტო თანხების განკარგვას ასახავს, საგანგაშო სურათს იძლევა: დასკვნის თანახმად, არაფინანსური აქტივებიდან შემოსული თანხა ბიუჯეტით გათვლილი თანხის მხოლოდ 9,5 პროცენტია, რაც საგანგაშოა ბიუჯეტის შესრულების კუთხით, და იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქალაქში პრივატიზაციის პროცესი, ფაქტობრივად, გაჩერებულია.

ქუთაისის ბიუჯეტს კატასტროფული უწოდა ქალაქის მერმა, დიმიტრი კოპალიანმაც. მისივე განცხადებით, სწორედ არასწორად გაწერილმა ბიუჯეტმა გამოიწვია მერიაში რეორგანიზაციის საჭიროება. იქონია თუ არა საკრებულოს სარევიზიო კომიტეტის დასკვნამ გავლენა მერიის სამსახურების უფროსების გათავისუფლებაზე  და უკავშირდება თუ არა საბიუჯეტო კრიზისი მერიაში მიმდინარე კადრების ოპტიმიზაციას? ამ კითხვებზე გიორგი გოგელაშვილის პასუხი ასეთია: "ქუთაისის ბიუჯეტში ადგილობრივი შემოსავლები 17 200 000 ლარს  შეადგენს, აქედან 5 მილიონი ლარი მიდის ხელფასებზე. ამ მიმართულებით, მე ვეთანხმები ქალაქის მერს, 17 მილიონიდან სერიოზული თანხა მიდის ადმინისტრაციული რესურსის შენახვაზე... ჩვენ არა ვართ სოციალურად განვითარებული ქვეყანა, რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი, მე მგონი, ის თანხები, რომელიც მიდის ადმინისტრაციული რესურსის შენახვაზე, უმჯობესია, გადანაწილდეს სოციალურ პროგრამებზე ან სხვა პროგრამებზე, როგორიცაა ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამა, რომლის განვითარებაც უკეთესს შედეგს მოუტანს ქალაქს... რეორგანიზაცია აუცილებელია იმისათვის, რომ მობილური და მოქნილი იყოს ყველა პროგრამა. და თითოეულმა თანამოქალაქემ მიღოს ის მოსალოდნელი შედეგი, რაზეც არის გათვლილი ბიუჯეტი, ზოგადად."

სარევიზიო კომისიის მიერ ამ ეტაპზე შემოწმებულია მერიის 4 სამსახურის: საბინაო, დასუფთავების, ქონების მართვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურების საქმიანობა. შემოწმების შედეგად მიღებულ მოკვლევაში რამდენიმე ციფრი განსაკუთრებით საინტერესოა - საბინაო სამსახურს პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში   5 თვის განმავლობაში მხოლოდ 17,5 პროცენტი, რაც თანხობრივად  450 900 ლარს შეადგენს, როცა ბიუჯეტით 2 519 000 ლარია გათვლილი. ეს გამოიწვია იმან, რომ ტენდერები საბინაო სამსახურმა  დაგვიანებით ჩაატარა. თებერვლის მაგივრად გამოცხადდა აპრილის თვეში, ტენდერების ასეთმა დაგვიანებულმა გამოცხადებამ, ბუნებრივია, შეაფერხა სამუშაო პროცესები. გოგიტა გოგელაშვილის აზრით, ქუთაისში ბევრი კორპუსი, შესაძლოა, ზამთრის პერიოდში გადაუხურავი, ღია ცის ქვეშ დარჩეს .  

გარკვეული ცდომილებებია დასუფთავების სამსახურის ბიუჯეტშიც. ბიუჯეტით დასუფთავების სამსახურისთვის 1 400 000 ლარია დაგეგმილი. ქუთაისში  60 000 ოჯახი  და 5 ათასამდე იურიდიული პირია და მათგან მხოლოდ 1 150 000 ამოღებაა შესაძლებელი. თუმცა გაცილებით დიდი ციფრი იქნა ბიუჯეტში ჩადებული. გოგიტა გოგელაშვილის აზრით, თანხის გაზრდა ხელოვნურად მოხდა, რათა, ბიუჯეტის შესრულების მოტივით, ტარიფის გაზრდა მომხდარიყო.

გოგიტა გოგელაშვილი: "საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ბიუჯეტის ასეთი გაწერა  მიზანმიმართულად ხდებოდა, რათა მომხდარიყო ბიუჯეტის სეკვესტრი. შევარდნაძის პერიოდის მერე, ბიუჯეტის სეკვესტრი არ მომხდარა, ეს არის სერიოზული ლაფსუსი იმ ხელისუფლების, რომლის მმართველობის პერიოდშიც ხდება ასეთი რამ. მინდა ოცნებები გავუცრუო იმ ადამიანებს, ვინც ამას ელოდებოდა, ჩვენ გვაქვს სამუშაო გეგმა, და ამ ბიუჯეტს ბოლომდე მივიყვანთ."

კანონის თანახმად, 2014 წლის ბიუჯეტზე მუშაობა საკრებულოს მარტის თვეში უნდა დაეწყო. თუმცა, მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესმა 2014 წლის ბიუჯეტზე ზრუნვა გადადო. საკრებულოს სარევიზიო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ 2014 წლის ბიუჯეტი ხალხთან ერთად მიღებული და ხალხის  ბიუჯეტი იქნება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1781
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია