დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში სიღარიბის ერთ–ერთ მიზეზად ფარმაცევტული კომპანიების მოგების მაღალი მარჟა სახელდება
2013/06/20 10:26:15

არის თუ არა საქართველოში სიღარიბის ერთ–ერთი მიზეზი ფარმაცევტული  კომპანიების მოგების მაღალი  მარჟა?

 

შეგახსენებთ: საერთაშორისო  სავალუტო   ფონდი საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასების შესახებ საუბრობს.

 

ფონდმა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში კერძო სადაზღვევო კომპანიების დარჩენის რეკომენდაცია გასცა და აღნიშნა, რომ  საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვით   ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, მედიკამენტებზე  არსებული მაღალი ფასებიც შემცირდება.

 

მათივე თქმით, რეფორმა მედიკამენტების მაღალი ფასის პრობლემას  ამ დრომდე ვერ აგვარებს. 

 

„მისიის რეკომენდაციაა, რომ კერძო სადაზღვევო სისტემა უნდა შენარჩუნდეს, ხოლო პროცედურები და მათ მიმართ მოთხოვნები გაძლიერდეს. რეფორმა ვერ აგვარებს მედიკამენტების მაღალი ფასის/თანადაფინანსების პრობლემას (რაც ხშირად გაღარიბების მიზეზი ხდება) და არასაკმარისი კეთდება „ჯენერიკ“ (ნაკლებხარჯიანი) მედიკამენტების გამოყენებისთვის“, - ნათქვამია სავალუტო ფონდის დასკვნაში.

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით,  სადაზღვევო  და ფარმაცევტული ბაზარი  სრულიად სხვადასხვა ტიპის სფეროებია და ერთადერთი, რამაც შეიძლება   მედიკამენტების გაიაფება გამოიწვიოს, კონკურენტუნარიანი   გარემოს შექმნაა. თუმცა ჭიჭინაძის განმარტებით, ამ მხრივ მიმდინარე წელს არაფერი შეცვლილა და   ფარმაცევტულ ბაზარზე ამ დრომდე  იგივე კომპანიები ოპერირებენ, რომლებიც გასულ წელს საქმიანობდნენ, და მათ ბაზარზეც გასული წლების ანალოგიური წილები უჭირავთ.  

 

"თუ  ბოლო პერიოდში ფასები უმნიშვნელოდ შემცირდა, ეს ალბათ კომპანიების კეთილი ნებაა და მეტი არაფერი," – აცხადებს ჭიჭინაძე. 

 

მისივე თქმით, მის ორგანიზაციას მედიკამენტების ფასების კვლევა  მიმდინარე წელს არ ჩაუტარებია, თუმცა ორის წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, კომპანიები მედიკამენტების რეალიზაციას 100 %–იანი ფასნამატით  ახორციელებდნენ. 

 

ქართულ ბაზარზე მედიკამენტების ფასების ერთ–ერთი ბოლო კვლევა  2012 წელს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ჩაატარა. კვლევის შედეგების თანახმად, ფასების კლება   მხოლოდ ორიგინალური ბრენდების  27 პროცენტსა   და დაბალფასიანი გენერიკების  21 %–ს შეეხო. დანარჩენ მედიკამენტებზე კი გაზრდილი  ფასები  შენარჩუნდა.  

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ 2012 წლის კვლევის მიხედვით, მედიკამენტების საშუალო ფასნამატები 102%–ს შეადგენს. შედარებისთვის: იტალიაში ეს მაჩვენებელი 49%–ია, პოლონეთსა და უნგრეთში კი 27%. ეს კი ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ მოგების მარჟებს შორის ევროპისა და საქართველოს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის მსგავსი პროპორციის განსხვავებაა.  

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ეკონომიკური პროექტების ხელმძღვანელის ხერალდ დე ბურის განცხადებით, ფარმაცევტულ ბაზარზე ზოგადად საკმაოდ მაღალი მოგების მარჟაა, განსაკუთრებით ჯენერიკ მედიკამენტების ნაწილში.

 

„ყველა მონაცემის გამოკვლევის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოგების მარჟები მცირდება, მაგალითად თუ 2009 წელს ჯენერიკ მედიკამენტებზე ფასნამატი 103% იყო, 2011 წელს 85% ია, ორიგინალურ ბრენდებზე 90% 2009 წელს და 32% 2011 წელს.

ამასთან უნდა ითქვას, რომ ჩვენ ყველა მედიკამენტის დაანგარიშება არ მოგვიხდენია, რადგან ეს შეუძლებელი იქნებოდა, მეთოდოლოგია და წამლების შერჩევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით მოხდა. 

 

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ იმ წამლების დიდ ნაწილზე, რომლებიც ჩვენ შევისწავლეთ, ფასები, პირიქით, გაიზარდა და შემცირება მხოლოდ მცირე ნაწილს შეეხო.

 

ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ, მოგების მარჟები მცირდება, თუმცა ჩვენ ვეჭვობთ, რომ ეს მხოლოდ მედიკამენტების მცირე ნაწილზე ფასების შემცირებას ეხება. 

 

ორიგინალურ ბრენდებზე ფასები სერიოზულად შემცირდა, თუმცა ჯენერიკ წამლებზე ფაქტიურად იგივე რჩება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა გაზარდეს დანახარჯები წარმოებაზე და რასაც აწარმოებენ, საკუთარ აფთიაქში ყიდიან, უწევენ რეკლამას,“ – განუცხადა  ხერალდ დე ბურიმ commersant.ge–ს.

 

მედიკამენტებზე ფასების შემცირებაზე საუბრობენ ახალი ხელისუფლების წამომადგენლები, მათ შორის ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები. ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ ტენდენციას  ოლიგოპოლიების დაშლას უკავშირებს. თუმცა თავად კომპანიები აცხადებენ, რომ წამლების გაიაფება ობიექტური პროცესია. 

 

მაგალითად, „პე ეს პეში“ ამბობენ, რომ ფასების შემცირება მომწოდებლებთან მოლაპარაკების შედეგად მოახერხეს.

 

მომწოდებელთან მოლაპარაკებების ფონზე შეამცირა მედიკამენტებზე ფასები კომპანია „ავერსმაც“. მაგალითისთვის კომპანიას შემდეგი მედიკამენტები მოჰყავს:  "ნორვასკის" ღირებულება 60 ლარიდან 12 ლარამდე შემცირდა, ხოლო "იმიგრანის" ფასმა 81–დან 18 ლარამდე დაიკლო.  


ფარმაციის საკითხების ექსპერტის  თინა ტურძელაძის განცხადებით,   მიმდინარე წელს ფარმაციის  ბაზრიის კვლევა  არ ჩატარებულა. ხელისუფლება  გარკვეული მედიკამენტების მონიტორინგს ატარებს, რაც ტურძელაძის შეფასებით საკმარისი არ არის, რადგან  მეთოდოლოგია რეალურად არ არსებობს, რასაც კვალიფიციური ანალიზიც არ ქონაც ემატება. 


ტურძელაძის   განცხადებითვე, დღეს ფასების მხრივ ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილება არ  მომხდარა და შესაბამისად, საგრძნობლად ვერც მარჟა შემცირდებოდა. 


ექსპერტის  განმარტებით, დღეს  ქართული სადისტრიბუციო ქსელი 50–ჯერ უფრო ძვირია,  ვიდრე ამერიკული. 


„ქართული სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც  იმპორტს, ლოგისტიკას და განაწილებას გულისხმობს,  საქართველოში  ამერიკაზე გაცილებით ძვირი ჯდება,“ –  აცხადებს ტურძელაძე. 


მისივე  თქმით, დღეს ქართულ ბაზარზე  მედიკამენტის ფასი და ხარისხი ერთმანეთთან შეუსაბამოა.

 

წყარო: comersant.ge

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1980
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია