დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელმა დეპუტატმა საკუთარი ამომრჩევლის პრობლემები არ იცის
2013/05/20 11:57:36

რუსთაველის გამზირის 97 ნომრის მცხოვრებლები საკუთარ მაჟორიტარ დეპუტატს კახაბერ ნემსიწვერიძეს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

 

როგორც კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, გაუქმებული საკანალიზაციო ჭების და უკანონო მიშენებების გამო, მათ ეზოში გაუსაძლისი მდგომარეობაა. თუმცა, არაერთი მიმართვის მიუხედავად, დეპუტატი და შესაბამისი სამსახურები მათი პრობლემებით არ ინტერესდებიან.  

 

დარეჯან მანაგაძე, კორპუსის მცხოვრები: „ეს საკანალიზაციო ჭები მოძველებულია და შეცვლას საჭიროებს, მაგრამ მილების გამოცვლა კი არა, გაწმენდაც ვერ ხდება, რადგან პირველ სართულზე შესულმა „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიიის ფართის მესაკუთრემ და ბანკმა „კონსტანტამ“, შემოსვლის დროს, ჩვენს კორპუსში ეზო იყიდეს და გაფართოვდნენ. ამის გამო ეს ჭები შენობების ქვემოთ მოჰყვა და გარეთაც არ გამოიტანეს. ერთი თვის წინ გაიჭედა ჭები, ყურადღება რომ არავინ მოგვაქცია, მოვიყვანეთ სპეციალური მანქანა გასაწმენდად, მაგრამ ჭები ისე დაბლაა დარჩენილი, იქ შესვლა და გაწმენდა ვერ მოხერხდა. მერიაშიც მივედით, ერთი-ორჯერ დაგვეხმარა შესაბამისი სამსახური, მაგრამ ყოველთვის ვერავინ დაგვეხმარება. თავიდანვე, ბინის მომატებები რომ წავიდა, პირველი სართული კი არა, მეორე სართულიც ემატებოდა. ეს ჭები მაშინვე უნდა გამოტანილიყო და არქიტექტურის სამსახურს თავის დროზე არ უნდა გაეცა გაფართოების ნებართვა. მარტო ჭის პრობლემა არ გვაქვს, ამ ბინების გაფართოების გამო ეზო არ დაგვრჩა. მთავარი არქიტექტორი, კაბინეტში რომ ზის, გამოვიდეს და ნახოს, რა დღეში ვართ. როგორც ჩანს, საბუთებს ისე აწერენ ხელს, არც კითხულობენ! რომ დავურეკეთ, გვიპასუხა - დამავალოს მთავრობამ და გავაკეთებო. მთავრობამ თუ არ დაავალა, არ უნდა გააკეთოს? ჩვენს ეზოს ვუვლიდით, მაგრამ ახლა ისეთი მდგომარეობაა, საერთოდ არავის უნდა ეზოში ჩასვლა. მდინარესავით მიედინება კანალიზაციიდან გადმოსული წყალი და მთავარ ქუჩაზე გადის. ფანჯრებს ვერ ვაღებთ, ისეთი საშინელი სუნია, ნაგვითაა სავსე მთელი ეზო. ხანძარი რომ გაჩნდეს, ისე მცირე ფართობია დარჩენილი, სახანძრო მანქანა ვერ შემოვა.“

ნანა ხომერიკი, კორპუსის მცხოვრები: „ჩვენს მაჟორიტარს კახა ნემსიწვერიძეს დავურეკეთ და დახმარება ვსთხოვეთ, მაგრამ ამ საქმეზე რეაგირება - ნოლი. მეორედაც დავურეკე; გვითხრა, მოვალო, მესამედ კი საერთოდ არ უპასუხა ტელეფონს და იმიზეზებს, რომ დრო არ აქვს. რისი დრო არ აქვს - თავის ამომრჩევლებთან რომ მოვიდეს და ყურადღება მოგვაქციოს?  ბანკმა თვითონ გაწმინდა, თვითონაც შეაწუხა წყალმა - შევიდა მაგათ ფართშიც. მაგრამ თუ მთავრობამ არ მოგვაგვარებინა, ასე, სხვის იმედად, როდემდე ვიქნებით.“

პრობლემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია აქვთ „ელიტელექტრონიქსის“ მაღაზიის  მენეჯერსა და ბანკ „კონსტანტას“ წარმომადგენელს.

„ეს პრობლემა უკვე მოგვარდა, ერთი კვირის წინ იყვნენ მოსულნი და გაწმინდეს ჭები. საერთოდაც, სიმართლე არაა, თითქოს დალუქულიაო. შესაძლებელია შესაბამისი ტექნიკის მიყვანა, ჩასვლა და გაწმენდა. ჩვენგან არ მოდის ეს პრობლემა და, საერთოდაც, მიკვირს, რატომაა ეს მაღაზია ჩართული ამ პროცესში, ვინაიდან ჩვენ არაფერ შუაში ვართ,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა სოფო ვაშაყმაძემ.

ვინაიდან მაღაზია ფართში ქირითაა შესული, ამიტომ შენობის გაფართოების ნებართვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვებას ბინის მეპატრონესთან შევეცადეთ.

„ეს ფართი რამდენიმე წლის წინ მოძღვრისგან შევიძინე ამ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა არის. მიშენება უკვე იყო, ამიტომ არ ვიცი, ნებართვა ვინ გასცა, მაგრამ, როგორც ხდებოდა ადრე, მიშენებები, ეტყობა, იმ სიტუაციაშია გაფართოებული. საკუთრებაში კი გვაქვს ფართები, მაგრამ საჯარო რეესტრში არაა გატარებული: ერთი პიროვნება ვერ დაიკანონებს, ყველამ უნდა გამოთქვას სურვილი, აიკრიბა კიდეც ფული, მაგრამ შემდგომ არაფერი გაკეთებულა. რაც შეეხება უშუალოდ ჭებს, მე თვითონ ვითხოვდი გარეთ გამოტანას და დახმარებას, მაგრამ ადგილობრივებიდან  არავინ დაგვხმარებია. რამდენჯერმე ჩემი ხარჯებით გავწმინდე და ყოველთვის მე ვერ მოვახერხებ. საყოფაცხოვრებო ნივთებით იყო სავსე ჭა და მაღაზიაში მსგავსი არაფერია. საერთოდ, არ ვიცი, ბანკში რა მდგომარეობაა, მაგრამ ხელის შეწმენდა უშუალოდ ჩვენზე არ უნდა ხდებოდეს,“ - აღნიშნა ბინის მესაკუთრემ კოტე ფაჩუაშვილმა.

მაღაზიისგან განსხვავებით, პრობლემის წყაროს თავად „ელიტელექტრონიქსის“ მაღაზიას მიიჩნევს ბანკის წარმომადგენელი, რომელმაც ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე  არც კომენტარის ოფიციალურად ჩაწერა და არც ვინაობის გამხელა ისურვა, გასაუბრების დროს კი აღნიშნა:

„ბანკი არაფერ შუაშია, პირიქით - ჩვენ დავზარალდით და ჩვენ მოვიყვანეთ მანქანა გასაწმენდად. დიდი კამათის შემდეგ მაღაზია დავარწმუნეთ, რომ პრობლემა უშუალოდ მათგან მოდიოდა და გაღებული ხარჯის ნაწილი უნდა დაეფარათ. იცით, როგორი სიტუაციია? ვინაიდან ჩვენ კერძო საკუთრებაში ვიმყოფებით და მაღაზია კი ქირითაა, აქცენტი, რატომღაც, ყოველთვის მეპატრონეზე კეთდება, რაც არასწორია. გასაკვირია ის ფაქტიც, თუკი პრობლემის მიზეზები ჩვენ ვართ, ეს მოსახლეობა ჩვენ რატომ არ მოგვმართავს? აშუქებენ ინფორმაციას და ჩვენ არაფრის თქმის საშუალებას არ გვაძლევენ. იმ დღესაც ტელევიზია ჰყოლიათ და ჩვენთვის არავის მოუმართავს. ვინაიდან ჩვენ ვწუხდებით, ყველა პრობლემას ჩვენ ვაგვარებთ: ამ კორპუსში ხან ჭა გაიჭედა, ხან წყალი არ იყო და ხანაც დენს ითხოვენ. ერთმანეთთან დაპირისპირებულ ყველა მეზობელს თავისი მოთხოვნა აქვს და მათ ნამდვილად ვერ ავუვალთ. გაუსაძლისი სუნის გამო ეგენი კარებს მაინც დახურავენ და მე ბანკის კარს ხომ არ დავკეტავ?“ 

საკუთარი ამომრჩევლების პრობლემებსა და მათ მოთხოვნაზე ინფორმაციას არ ფლობს გამარჯვების მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ-დეპუტატი კახა ნემსიწვერიძე: „არ ვიცი, რა ხდება, ამ საკითხთან დაკავშირებით, და საერთოდაც, მაგ კორპუსიდან არავინ დამკავშირებია და დახმარებაც არავის უთხოვია. მე მაინც არ მესმის, რა შუაში ვარ, თუ იქ რაიმე არის აშენებული! ისე, კი მივალ და გავიგებ, რა ხდება,“ - აღნიშნა „P.S.“-თან საუბრისას ნემსიწვერიძემ.

იმის გარკვევას, თუ რამდენად სამართლიანადაა გაცემული არქიტექტურის სამსახურის მიერ მიშენებებსა და ფართების გაზრდაზე ნებართვა, სამსახურის ხელმძღვანელთან შევეცადეთ.

ვასილ მებურიშვილი, მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი: „პირადად ჩემს მიერ არაა ნებართვა გაცემული რუსთაველის გამზირის 97 ნომერ კორპუსში მდებარე ბანკისა და მაღაზიის გაფართოებასთან დაკავშირებით. ვინაიდან ახლა უკვე დასრულებულია, ეგ უკვე ზედამხედველობის სამსახურის  პრეროგატივაა. მოსახლეობამ უნდა მოიძიოს ის პროექტი, რომლის მეშვეობითაც მოახდინეს გაფართოება. რა თქმა უნდა, ჭები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩენილიყო შენობის ქვეშ და, ალბათ, პასუხისმგებელი ისაა, ვინც ამ სამუშაოებს აწარმოებდა და ვინც ჭები გარეთ არ გამოიტანა.  ის ფაქტი კი, თითქოს მოსახლეობას ვუპასუხე, რომ პრობლემას მხოლოდ მთავრობის დავალების შემდეგ მოვაგვარებდი, არასწორია და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე არავინ დამკავშირებია.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1738
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია