დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაგავსაყრელი - პარლამენტის სანაცვლოდ?
2013/04/29 12:30:09

გია თევდორაძე:პარლამენტის გადატანა ერთადერთი დაპირებაა, რასაც ქართული ოცნებაასრულებს

 

 

მთავარი რედაქტორის წინათქმა

ამ ბოლო დროს ქუთაისელებისათვის ლამის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემად იქცა პარლამენტის გადატანა-არგადატანის საკითხი. ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ რეგიონულ მედიასთან მარტში  გამართულ პრესკონფერენციაზე, სხვა შეკითხვებთან ერთად, გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ სახელით  ბატონ ბიძინას დავუსვი შეკითხვა, სადაც ვინტერესდებოდი: პარლამენტის სანაცვლოდ, ქუთაისისთვის სხვა რა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმებოდა, რომელიც ქალაქის სიცოცხლისუნარიანობას და ფუნქციურ დატვირთვას გააუმჯობესებდა. მაშინ ამ კითხვაზე პრემიერისგან საკმაოდ ზოგადი პასუხი მივიღეთ...

შემდეგ კი, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მთავრობის კანცელარიამ სხვადასხვა სამინისტროს დაავალა პასუხის მომზადება და ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა მათ:

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან ერთად, რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების ფარგლებში ქ. ქუთაისის სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის, მათ შორის, გადამამუშავებელი მრეწველობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების ძირითადი მიმართულებები გააცნოს გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ რედაქციას და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს მთავრობის კანცელარიას.“

გასულ კვირაში რედაქციამ უკვე მიიღო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხი, მისი კომპეტენციის ფარგლებში:

„მიმდინარე წელს დაიწყება ქუთაისისთვის ახალი ნაგავსაყრელის მოწყობა. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, პრაქტიკულად, სრულდება. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო KFW-ს მხარდაჭერით ახორციელებს. KFW ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაციაა მსგავსი პროექტების დაფინანსების სფეროში.

„მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ უზრუნველყოფს პროექტის ზედამხედველობას და ქუთაისში, ნიკეას ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელის მაქსიმალურად უსაფრთხო რეჟიმში გადაყვანას (შემოღობვა, მიწის სამუშაოები და ა.შ.).

2013 წელს ქალაქ ქუთაისში დაგეგმილია გზის საფარის აღდგენის და კაპიტალური შეკეთების სამუშაოები, რომელიც მოიცავს ქალაქის ძირითად ნაწილს.

გარდა ამისა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაგეგმილია ქუთაისში „ხარაზოვის“ ბაღში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები“.

სხვა სამინისტროებისგან, ჯერჯე-რობით, ქუთაისის განვითარებისთვის დაგეგმილი რაიმე პროექტების შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მთავრობის წარმომადგენელთა ოფიციალური წერილის შესაბამისად, ჯერჯერობით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქუთაისისთვის უნდა გაკეთდეს, ნაგავსაყრელის მოწესრიგებაა. ანუ, ჯერჯერობით, ნაგავსაყრელი - პარლამენტის სანაცვლოდ. თუმცა, სხვა სამინისტროების პასუხებს როცა მივიღებთ, მაშინ გამოჩნდება როგორია ახალი ხელისუფლების საოცნებო ქუთაისი.

 

ნატო  (გულიზა) გუბელაძე,

გაზეთ „P.S.“-ის და ინტერნეტპორტალის www.psnews.ge-

მთავარი რედაქტორი

 

დავინტერესდით, გაგვეგო, რას ფიქრობენ რიგითი ქუთაისელები და ჩინოვნიკები აღნიშნულ გეგმებთან  დაკავშირებით. მართალია, გამოკითხულთა მოსაზრება მთელი ქალაქის მოსახლეობის აზრს არ წარმოადგენს, მაგრამ საზოგადოების დამოკიდებულებაზე გარკვეულ შთაბეჭდილებას ქმნის.

თამილა ცერცვაძე, მოქალაქე: „ჯერ ერთი, არ უნდა გადმოსულიყო პარლამენტი, მაგრამ, რახან გადმოვიდა და ამხელა ხარჯი გაიღო  სახელმწიფო ბიუჯეტმა, აღარ უნდა წაიღონ უკან. იყოს ქუთაისში და იმუშაონ აქ, რაღაც მაინც იფუნქციონირებს ამ ქალაქში. რაც შეეხება იმ პროექტებს, რასაც რეგიონული განვითარების სამინისტრო ჰპირდება ქუთაისს, აბსურდულია. რა გამოდის, ჩვენი ქალაქი მეტს არაფერს იმსახურებს? მართალია, ნაგავსაყრელის პრობლემა გვაწუხებს, მაგრამ ეკონომიკა და სოციალური პრობლემები  მეტი  გვაქვს, დასაქმება უნდა ხალხს... ამ კუთხით რას გვპირდებიან, ისაა მთავარი?“

ელგუჯა თავაძე, 55 წლის, მოქალაქე: „წინა მთავრობას გზების დაგების გამო აკრიტიკებდნენ  და  კითხულობდნენ: „გზები ვჭამოთო?“ რა გამოდის, ისევ გზების ჭამა გვიწევს? პარლამენტი, შეიძლება, არაფერს უკეთებს ამ ქალაქს, მაგრამ სახელად ხომ მაინც არის საპარლამენტო ქალაქი. მე ნიკეაზე ვცხოვრობ და ნაგავსაყრელის პრობლემა ორმაგად მაწუხებს. კარგია, თუ ამ პრობლემას ვინმე მოაგვარებს. გზების რეაბილიტაციაც კარგია, მაგრამ საწარმო უნდა გახსნან, ხალხი დაასაქმონ და ბაღებზე და სკვერებზე მერე იზრუნონ.“

ეკა ცუცქირიძე, მოქალაქე: „რას დაარბენინებენ ამ პარლამენტს - ან ჩვენ დაგვიტოვონ, ან თბილისელებს, რა საჭირო იყო მაგის გადმოტანა? პარლამენტარები აქ არ ცხოვრობენ და ქალაქს რა სარგებელი ექნება? მაგრამ თუ მხოლოდ ეგ პროექტები აქვთ ჩვენს ქალაქთან დაკაშირებით, ძალიან სამწუხაროა. ხალხი უნდა ჩართონ ქალაქის პრიორიტეტების განსაზღვრაში. მილიონებს გზებზე და ნაგავსაყრელებზე რომ ხარჯავენ, ხომ შეიძლება, რაიმე საწარმო გახსნან? კარგია გაპრიალებული გზები და დასუფთავებული ქალაქი, მაგრამ მთავრობა მარტო მაგისთვის არ აგვირჩევია, საარსებო საშუალება უნდა ხალხს. კი იცვლება რაღაცეები უკეთესობისკენ, მაგრამ უკვე შვიდი თვე გავიდა და აღარაა საკმარისი.“

თეონა, 21 წლის, სტუდენტი: „ვერ ვხვდები, რატომ არ უნდათ პარლამენტი ქუთაისში? ერთაერთი რამაა, რაც აცოცხლებს ამ ქალაქს. რა ნაგავსაყრელი და გზები, თუ არავინ ჩამოვიდა ამ ქალაქში, ვისთვის აგებენ გზებს? კი, ჩვენც გვინდა გზები,  მაგრამ მე პარლამენტის არსებობა გაცილებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია.“

ზურა იობიძე, სპორტსმენი: „რა მოუტანა პარლამენტმა ქალაქს? არც არაფერი, მაგრამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კი გაცილებით მნიშვნელოვანია, იმ სამუშაოებზე ხომ ადგილობრივები დასაქმდებიან, მერე სხვა პროექტები წამოვა. აბა, ასე ერთიანად ვერ ავშენდებით. რომელ ქუთაისელს არ აწუხებს, თუნდაც, ნაგავსაყრელის პრობლემა? ამაზე უნდა ვიზრუნოთ, პრობლემები მოვაგვაროთ,თორემ არც პარლამენტს ექნება აზრი ამ ქალაქში და, საერთოდ, არც პრეზიდენტის რეზიდენციას!“

 

პარლამენტის დარჩენა-არდარჩენაზე და რეგიონული განვითარების სამინისტროს ქუთაისურ გეგმებზე მკაფიო მოსაზრება გააჩნია ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მღვდელაძეს:

- არა მგონია და არც არავისგან მომისმენია, ვინმეს საკითხი ისე დაესვას, რომ პარლამენტის საპირწონედ კეთდებოდეს ახალი ნაგავსაყრელი და ხდებოდეს შიდა გზების რეაბილიტაცია. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მისი კომპეტენციიდან გამომდინარე გიპასუხათ და იმ პროექტებზე გამცნოთ, რაც ამ კუთხით დაიწყება ქუთაისში  მიმდინარე წელს.

- ბატონო მამუკა, კითხვა იმგვარად იყო დასმული, რომ პარლამენტის გადატანის სანაცვლოდ, რას ჰპირდებოდა მთავრობა ქალაქს სხვადასხვა სფეროში და, რადგანაც მხოლოდ რეგიონული განვითარების სამინისტრო გამოგვეხმაურა, ხომ არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ მიმართულებითაა პროექტები?

- სხვა სამინისტროს, ალბათ, სხვა პროექტი ექნება და, კონკრეტულად, ისინი გიპასუხებენ ამის შესახებ. არავინ ელოდება, რომ კოსმოდრომი აშენდება ქუთაისში, იმ პროექტებს კი, რაზეც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაცნობათ, კარგად ვიცნობ და, დამერწმუნეთ, ნამდვილად წაადგება ქალაქს. ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროგრამებია პრიორიტეტული, რასაც ჰქვია გზები, საკანალიზაციო სისტემები, ნაგავსაყრელი, რაზედაც საუბარი ყოველთვის იყო, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ უკვე დაწყებულია ეს პროექტები. ნაგავსაყრელთან დაკავშირებით 15 მილიონის ფარგლებშია საუბარი, 13 მილიონი ლარი დამტკიცებულია 19 ქუჩის, შიდა გზების მოწესრიგებისათვის. ამ რაოდენობის  თანხა შარშანაც არ დახარჯულა, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო წელი იყო. დაახლოებით, 7 მილიონი ლარი დაიხარჯა  გასულ წელს. 39 მილიონია გათვალისწინებული წყალსარეაბილიტაციო პროექტზე, რაც ამ კუთხით არსებულ პრობლემას მოაგვარებს. ასევე ხარაზოვის ბაღში არსებული შენობის რეკონსტრუქცია მოხდება და გაკეთდება კულტურული ცენტრი. მაგრამ მე ნამდვილად არ მივესალმები, რომ ეს პარლამენტის სანაცვლოდ მოხდეს, თუმცა ამაზე საუბარიც კი არსად ყოფილა.

 რაც შეეხება პარლამენტის დარჩენა -არდარჩენის საკითხს, მე ყოველთვის მქონდა მკაფიო მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. ნაწილობრივი გადმოტანა არაა საკმარისი, მაშინ მთელი ადმინისტრაციული ცენტრი  და აღმასრულებელი ორგანოები უნდა გადმოვიდეს,  რაც კიდევ მილიარდიან ინვესტიციას გულისხმობს და, თუ ჩვენ მზად ვართ ამ ხარჯისთვის, უნდა შევთანხმდეთ საზოგადოებასთან, რომ მოხდება საკანონმდებლო ორგანოს სრული გადმოსვლა. თუ ამისთვის  არა ვართ მზად, მაშინ ამ შენობაზე, რომელშიც სერიოზული თანხები დაიხარჯა, აუცილებლად უნდა გვქონდეს მზა გეგმა - რა უნდა განთავსდეს. ეს უდიდესი შენობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს უფუნქციოდ. მოსაზრებების დონეზე ვიტყვი, კარგი იქნება აქ  მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტი განთავსდეს, რომელიც გამოირჩევა უნიკალურობით, არა მარტო რეგიონში, არამედ - უფრო მასშტაბურად. ასევე შეიძლება საგანმანათლებლო სფეროზეც გაკეთდეს აქცენტი. სტუდენტური ინვესტიცია გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისათვის.

პარლამენტის გადატანის კატეგორიული წინააღმდეგია ქალაქის ყოფილი მერი, ამჯამად საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე, რომელიც აცხადებს, რომ ვერანაირი ნაგავსაყრელი პარლამენტის მნიშვნელობას ვერ ჩაანაცვლებს და აღნიშნული პროექტებით მთავრობა ისეთს ვერაფერს ჰპირდება ქალაქს, რაც მათი მმართველობის დროს არ განხორციელებულა ქუთაისში.

„პარლამენტი ყველაფერთან ერთად ნიშნავდა დიდ შედეგს იმერეთისათვის და მისი გადატანა გამოიწვევს ქუთაისის უფუნქციოდ დარჩენას. საკანონმდებლო ორგანოს არსებობა ქალაქში, სხვა ღირებულებებთან ერთად, ნიშნავს, რომ ქუთაისელ ახალგაზრდებს არ მოუხდებათ პერსპექტივის საძებნელად ქალაქიდან გასვლა და ქალაქი დაცული იქნება ახალგაზრდა ენერგიის გადინებისგან. რაც შეეხება იმ პროექტებს, რასაც სამინისტრო და, ზოგადად, მთავრობა სთავაზობს ქუთაისს, თუნდაც, პარლამენტის სანაცვლოდ, აბსურდული და თითიდან გამოწოვილია. მოსახლეობამ არ უნდა დაუშვას, რომ ქალაქმა პარლამენტი დაკარგოს. ინფრასტრუქტურის განვითარება   პარლამენტის თანმდევი პროცესია. ჩვენ დაწყებული გვქონდა ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარება, ასევე - შიდა გზების მოწესრიგება, რაც 2014 წელს უნდა დასრულებულიყო. ამიტომ ამ პროექტებით მანიპულირება გულუბრყვილობაა და მეტი არაფერი. ეს იგივეა, ბავშვს ერთი სათამაშო წაართვა და მეორე შეაჩეჩო მის სანაცვლოდ.  ვინც პარლამენტის გადატანას ეთანხმება, ჩათვალოს, რომ ქუთაისის სასიკვდილო განაჩენს აწერს ხელს. როგორ უნდა შეხედონ მომავალ თაობას თვალებში? ყოველნაირად შევუქმნით იმის ბარიერებს, რომ გადატანაზე თანხმობა არ მიიღონ, კონსტიტუციურად მონიჭებული ყველა უფლებით ბოლომდე ვიბრძოლებთ, ყოველ ღონეს მივმართავთ და პარლამენტს ქუთაისში დავტოვებთ. აქვე დავამატებ, რომ პარლამენტის გადატანა ერთადერთია  იმ  დაპირებათაგან,   რომელსაც „ქართული  ოცნება“  ხალხს   უსრულებს,“ - განაცხადა გია თევდორაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1567
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია