დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ახალი მთავრობა თბილისელი კადრებით
2010/07/15 13:29:47

დღეს ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ ქალაქის განახლებული მთავრობ წარადგინა.

შეიცვალა მერის მოადგილე. დავით გორდულაძე ამჯერად თბილისელმა დავით ანდღულაძემ ჩაანაცვლა, რომელიც თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში მუშაობდა. ქალაქის მერი თვლის, რომ მას შესაბამისი გამოცდილებ და პროფესიული მონაცემები გააჩნია ამ პოსტზე სამუშაოდ, რაც თევდორაძის თქმით, ქუთაისს წაადგება.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა. ჩემი გამოცდილებით, რომელიც დამიგროვდა საჯარო სამსახურში მუშაობის დროს, მზად ვარ, ვემსახურო ქალაქს, რათა ჩვენი ქუთაისი იყოს ყველასათვის მიმზიდველი. გარდა ამისა, ვეცდები, საქალაქო სამსახურები უფრო მობილიზებულები იყვნენ, რათა მათი მუშაობა უფრო ეფექტური იყოს. ქუთაისის პრობლემები ცოტა ხნის წინ შევისწავლე. ძალინ მომწონს ეს ქალაქი, რომელიც თბილისის ძველ უბნებს მაგონებს. მაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც, პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებთ ქალაქის კეთილმოწყობით სამუშაოებზე, რადგან ამ კუთხით ბევრია გასაკეთებელი. ამასთანავე ვეცდებით სხვა პროგრამებიც დავხვეწოთ, რომელსაც ახლო მომავალში გავაჟღერებთ.“ - აღნიშნა ქალაქის მერის ახალმა მოადგილემ დავით ანდღულაძემ.

 

გარდა საკადრო ცვლილებებისა, ქალაქის მერიაში სტრუქტურული ცვლილებებიც განხორციელდა. ეკონომიკის სამსახურს ფუნქციები გაეზარდა და ამიერიდან აქ ტურიზმის განყოფილებაც შევა. სტრუქტურულად გაზრდილ სამსახურს მალხაზ ჭრელაშვილი უხელმძღვანელებს. მისივე განცხადებით: „ფაქტობრივად, ტურიზმის სამსახურის ფუნქციები ძალიან ახლოსაა ეკონომიკის განვითარებასთან. ამ მიმართულებებზე იქნება ძალინ ბევრი მუშაობა საჭირო. ქალაქს აქვს რეზერვები, რომლის ამუშავებასაც და გამოყენებასაც ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით.“

მალხაზ ჭრელაშვილიც თბილისიდან ქუთაისში საგანგებოდ ჩამოყვენილი კადრია. იგი მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო ეკონომიკის საკითხებში. 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად ახალგაზრდა თემურ ცამციშვილი დაინიშნა. იგი თვლის, რომ „სპორტი და ახალგაზრდობა ერთმანეთთან ჯაჭვით არის გადაბმული.“ მისი გეგმის ნაწილი ქალაქში ახალგაზრდული და სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციაა, რათა ქუთაისს კიდევ მეტი წარმატებული სპორტსმენი ჰყავდეს. თუმცა მისი კონკრეტული გეგმა, სავარაუდოდ, 2011 წელს ამოქმედდება, რადგან ამ წლის ბიუჯეტში ეს გეგმა დეტალურად გაიწერება. ეს გეგმა კი მიმდინარე წლის გეგმისგან სრულიად განსხვავებული იქნება.

ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურს ანდრო მაღლაკელიძე უხელმძღვანელებს, რომელიც კომპანია „ენერგო-პრო-ჯორჯიაში“ ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. „ამ კუთხით ქალაქში ძალიან ბევრია გასაკეთებელი. მე ჩემს ფიზიკურ და გონივრულ გამოცდილებას ამ საქმის წარმატებით განხორციელებას მოვახმარ.“ - აღნიშნა ანდრო მაღლაკელიძემ. მისი მოადგილე ჯემალ წულაძე იქნება, რომელიც ამ დრომდე კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

ადგილები გაცვალეს ქუთაისის დასუფთავების სამსახურის უფროსმა ნიკა მაჩიტიძემ და ადგილობრივი ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბესო გიორგბერიძემ. შეიქმნა ახალი საქალაქო სამსახური - კონტროლის საქალაქო სამსახური, რომელსაც კახა ქორიძე უხელმძღვანელებს, რომელიც პირდაპირ მერს დაექვემდებარება. საბინაო სამსახურს ინფრასტრუქტურისა და მართვის სამსახურები შეუერთდა, რომლის ხელძღვანელად ნარგიზა ჩოგოვაძე დაინიშნა. შეიცვალა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსიც. ვალერი კლდიაშვილი ამიერიდან ქალაქში ტრანსპორტის დარეგულირებაზე და მარშრუტების კეთილმოწყობაზე იზრუნებს. ეს ის საკითხია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მოსახლეობამ მოსაგვარებელ საკითხთა ნუსის თავში დაასახელა.

ახალი ხელმძღვანელი ჰყავს საფინანსო სამსახურს. ქუთაისის ფინანსებს ამჯერად თემურ ცაგარეიშვილი განკარგავს.

ქალაქის მერის გიორგი თევდორაძის განცხადებით: „ამ ცვლილებებით ხელისუფლება უფრო ადეკვატური იქნება იმ მოთხოვნილებებისადმი, რაც მოსახლეობის მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ქალაქში გამოიკვეთა. ქუთაისის თვითმმართველობა იქნება უფრო მობილური და შესაბამისი იმ მოთხოვნებთან, რაც მოსახლეობას გააჩნია. ასევე ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმ დაპირებებისადმი, რომელიც წინა საარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან იქნა გაცემული.“

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებებისა, ქუთაისის მერიაში გაჩნდა ახალი სამსახური - შესყიდვების სამსახური, რომელიც საფინანსო სამსახურს გამოეყო. შესყიდვების სამსახურის უფროსი კოტე რატიანია.

როგორც ქალქის მერმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, გადაადგილებები და ცვლილებები ქუთაისის თვითმმართველობაში უფრო დაბალ სტრუქტურებშიცაა მოსალოდნელი. თუმცა კადრების შემცირებაზე ქალაქის მერს არ უსაუბრია. ქუთაისის ახალი მთავრობა განახლებული შემადგენლობით მუშაობას უკვე შეუდგა. ცვლილებების მიუხედევად, მათი განცხადებით, გუნდური მუშაობის პრინციპი არ შეცვლილა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1515
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია