დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ის, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის
2013/03/25 12:07:15

ადამიანი ამოწმებს ოქროს სინჯს, ხოლო ოქრო - ადამიანის ღირსებას. (ტ. ფულერი)

 

 

ამასწინათ ერთი საინტერესო  ფაქტის მომსწრე გავხდი, რამაც გადამაწყვეტინა ამ სტატიის დაწერა: სიყვარულის დღეს მეუღლისათვის საჩუქრის ასარჩევად სავაჭრო ცენტრში გავედი. ჩემი ყურადღება ერთმა ლამაზმა წყვილმა მიიპყრო, საქორწილო საჩუქრად ოქროს ყელსაბამს ირჩევდნენ. გამყიდველის აქტიურობითა და დაძაბული მზერით მივხვდი - „ოქროს“ ნივთს აჩეჩებდა. ყელსაბამს შევხედე და, ყველაფერი ცხადი გახდა. დავაპირე წყვილისათვის მერჩია, არ ეყიდათ, მაგრამ ისეთი ბედნიერები იყვნენ, მივხვდი, მათთვის სულ ერთი იყო, რა ხარისხის ოქროს ყელსაბამი ექნებოდათ. იმ მომენტში გავჩუმდი, მაგრამ მინდა ამ სტატიით ვუთხრა  სათქმელი იმ ლამაზ წყვილსაც და ყველას, ვისაც ძვირფასი ლითონისგან დამზადებული სამკაულები უყვარს.

დღეისათვის საიუველირო ნაკეთობის გაყალბება მნიშვნელოვნად „მომგებიანი“ ბიზნესია.  ოქროს ნივთი ზომით პატარაა, ამიტომ მისი გადატანა კონტრაბანდული გზით მოსახერხებელია. ერთეულ მოცულობას გააჩნია მაღალი ღირებულება და ამასთან მისი დამზადება არ მოითხოვს რთულ ტექნოლოგიას და დიდ სამუშაო ადგილს.

როგორ შეიძლება ოქროს ნივთების გაყალბება?

ოქროს იმიტირების ძალიან ბევრი ხერხი არსებობს. ყველაზე მარტივია ე.წ. „ბოშათა ოქრო“, რაც ნიშნავს, რომ  ოქრო გაჯერებულია   თითბერით, ბრინჯაოთი, ფოლადით, ალუმინით. უფრო ხშირად გამოიყენებენ ისეთ შენადნობებს, რომლებიც ფერით ძალიან ჰგავს ოქროს და მხოლოდ გამოცდილ იუველირს და ექსპერტს შეუძლია განსხვავება.  ამიტომ ოქროს ნივთის შეძენისას კარგად უნდა დაათვალიეროთ, აქვს თუ არა დამღა. არ შეიძლება ენდოთ თუნდაც ახლობელ გამყიდველს.

ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ნივთის ელფერს ან ბზინვარებას.   გამოცდილი თვალისათვის ვერცხლს გააჩნია განსაკუთრებული სითეთრე და ბზინვარება. პლატინაც ძალიან თეთრია, მაგრამ ნაკლებ ბზინავი ლითონია. თეთრი ოქრო ოდნავ მოყვითალო ფერისაა. ზედაპირზე დაკვირვებით - ვერცხლი ჰაერზე შავდება, სპილენძი და მისი შენადნობები იფერება მწვანე ფერით. მელქიორი გაცვეთილ ადგილებზე ოდნავ მოყვითალო ფერისაა.

თუ ნაკეთობა ყვითელი ფერისაა, არ ნიშნავს, რომ ის ოქროა!              დავაკვირდეთ, ხომ არ არის უბან-უბან ატკეჩილი ზედაპირზე, ან გახეხილი საფარი და ხომ არ ჩანს სადმე ძირითადი ლითონი. თუ ნივთზე საფარი  ქარხნული გზით არის  დამზადებული, მაშინ მასზე იქნება წარწერა Gold filled 1/20 14 KT.G.F. გლინვით დატანილი  ფურცლოვანი 14 KT ოქროს სქელი საფარი  ნაკეთობის საერთო წონის არანაკლებ 1/20 ნაწილისა.

სიმძიმე (ხვედრითი წონით): აწონეთ, ან ხელში შეათამაშეთ ნაკეთობა. წმინდა ოქროს ხვედრითი წონაა 19.3(გ/სმ3),  ხოლო 5850 სინჯის ოქროს ხვედრითი წონაა 13.1(გ/სმ3).

პლატინა ორჯერ მძიმეა ვერცხლზე და თეთრ ოქროზე. ალუმინი ძალიან მსუბუქია. საიუველირო ნაწარმის ხარისხი დამოკიდებულია არა ფერზე, არამედ - ოქროს შემცველობაზე ანუ სინჯზე. ჩვენთან ყველაზე პოპულარულია 750 სინჯი (7500 ნიშნავს, რომ 1000 გ. შენადნობში ოქრო არის 750გ).

საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ძალიან პოპულარული იყო ყვითელი ოქრო ან მისი კომბინაცია თეთრ ოქროსთან. ახლა მოდაშია ფერადი ოქრო. ფერების მიხედვით არსებობს:

მწვანე ოქრო - შეიცავს  თუთიას Zn და ნიკელს Ni;

ცისფერი ოქრო - ოქროს და  ფოლადის (რკინის) შენადნობია პროპორციით  1,8:6; 

შავი ოქრო - შეიცავს  ოქროს (Au) და კობალტის (Co) შენადნობს დამატებული გადამწვარი ვერცხლი და  იასამნისფერი ოქრო - 7500 (სინჯის შენადნობი ალუმინთან);

მუქი იასამნისფერი ოქრო  - ოქროს შენადნობი ალუმინთან (7500);

ვარდისფერი ოქრო - ოქროს შენადნობია ნიკელთან და სპილენძთან (5830) .

 

არსებობს შენადნობები, რომლებიც საერთოდ არ შეიცავენ ოქროს. თუმცა ამ შენადნობებისაგან დამზადებული „ოქროს ნივთები“, შესაძლებელია, შეგვხვდეს ბაზრობებზე. 

მოზაიკური ოქრო - 66% სპილენძისა და 34% თუთიის შენადნობი  თვითნაბადი ოქროს შეფერილობით;

ფრანგული ოქრო  (oreide) - სპილენძის 80%; თუთიის 15%; და კალის 5% შენადნობი (ან 86,13% სპილენძი, 13% თუთია, 0,4% კალა და 0,6% რკინა);

პლატინორი - მკვეთრი ოქროსფერი ფერის შენადნობი, შეიცავს - 57% სპილენძს, 18% - პლატინას, 10% - ვერცხლს, 9% - ნიკელს და 6% თუთიას; 

ტომპაკი.  ეს არის რუსული საქარხნო ტერმინი, სპილენძ-თითბერის შენადნობი (90%-Cu; 10%-Zn). სპილენძი აძლევს მოწითალო ფერს და ანიჭებს ანტიკოროზიულ თვისებებს.

ფინჩბეკი  (pinchbeek) ანუ  „ინგლისური ოქრო“ - სპილენძ-თუთიის შენადნობი (83-93% სპილენძი), შექმნილია ინგლისელი მესაათის ქრისტეფორე პინჩბეკის მიერ, გამოიყენება ბიჟუტერიის დასამზადებლად.

ალუმინიანი ბრინჯაო - მუქი ყვითელი ფერის შენადნობი (სპილენძი 90%, ალუმინი 10%).

არსებობს ძვირფას ლითონთა სინჯების სხვადასხვა მეტრული და მისხლური (ზოლოტნიკური) კარატული  სინჯების სისტემები:

ტრადიციულად, ოქროს სიწმინდე იზომება ბრიტანულ კარატებში.  ამ სისტემით ძვირფასი ლითონების (100%) მაქსიმალური სინჯი არის 24 (24K)კარატი, რომელიც შეესაბამება „კიოლნის“ მარკას, ანუ 233,855 გრამს. ოქროს  1 კარატი ? 9,744 გ.

მე-18 საუკუნის ბოლოს რუსეთში ჩამოყალიბდა სინჯების სისტემა, ე.წ.მისხლური სისტემა. ამ სისტემის მიხედვით, ძვირფასი ლითონებისათვის მაქსიმალური სინჯი იყო 96 მისხალი (100%-იანი პირობითი სისუფთავის ლითონისათვის), ხოლო ამ სისტემაში მაქსიმალური სინჯი ტოლი იყო 96-ის. სინჯები მისხალურ სისტემაში გვიჩვენებდა ერთ ფუნტში მისხალის (ზოლოტნიკების) რაოდენობას.  1927 წლიდან შემოიღეს, სინჯების მეტრული სისტემა.

ნაკეთობის ხარისხის მანიშნებელია მასზე დასმული დამღა, რომლის ფორმას ადგენს ქვეყნის სასინჯი ზედამხედველობის სამსახური.სასინჯი ზედამხედველობა სასინჯზე ჯერ კიდევ  IV საუკუნეში ჩამოყალიბდა ბიზანტიაში, ხოლო VIII  საუკუნის მეორე ნახევარში შემოღებული იქნა საფრანგეთსა და გერმანიაში, 1300 წელს, ინგლისში, 1700 წელს რუსეთში პეტრე  I-ის დროს.  IV საუკუნეში ანალოგიური ინსტიტუტი საქართველოშიც არსებობდა. ჯერ კიდევ მაშინ  სინჯების მონიშვნა ნაკეთობებზე წარმოებდა დამღების საშუალებით. სინჯები და დამღების ელემენტები რუსეთში შემოღებულ იქნა მე-17 საუკუნის ბოლოს, რუსული ნაციონალური ბაზრის ჩამოყალიბების პერიოდში. ოქრო და ვერცხლი იდამღებოდა მოსკოვში. რუსეთში  პეტრე I-ის მიერ განხორციელებული  რეფორმები  შეეხო ოქროსა და ვერცხლის წარმოებასაც. აიკრძალა ოქროსა და ვერცხლის „გაყალბება“ თუთიის, სპილენძისა და კადმიუმის შერევით.

1997 წლიდან საქართვეელოს ტერიტორიაზე სასინჯი ინსპექციის შიფრების კუთვნილება შეიცვალა ძვირფასი ლითონებისა და მათი ნაწარმის სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღები, სადაც საკონტროლო ნიშნად შემოღებულია ბორჯღალო.  1998 წლიდან  საქართველოში იწყება დადამღვის ახალი ეტაპი.

 

დამღა უნდა იყოს მკაფიო გამოსახულებით და არა „ბუნდოვანი“. მაგრამ დამღის არსებობა არ ნიშნავს, რომ ნივთი ყალბი არ არის. დეტალურად უნდა მოვახდინოთ ნივთის ცალკეული ნაწილის დათვალიერება: აკურატულად არის თუ არა თვალი ჩასმული, სუფთად არის თუ არა შენაერთი ადგილები  მირჩილული. არააკურატული მუშაობა ყოველთვის გასცემს ფალსიფიკატორს. თუ იმ ადგილს, სადაც მიმაგრებულია შესაკრავი, ეტყობა ღრმა ფხაჭები - ეს ნიშნავს, რომ შესაკრავი სხვა ნივთისაა (დამღა ყოველთვის ისმება შესაკრავზე). სავარაუდოა, რომ ადგილი აქვს სიყალბეს.

დამღა უნდა ჰქონდეს ნივთის ყველა ნაწილს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი ნაწილი შეიძლება იყოს ხარისხიანი, ხოლო მეორე - ფალსიფიცირებული.  სასურველია, იცოდეთ დამღის წაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დამღა ამოღებულია ხმარებიდან, მაინც გვხვდება თანამედროვე „ფსევდო ოქროს“ პროდუქციაზე.

ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, ძვირფასი ლითონების ნაკეთობების  ექსპორტისა და იმპორტის პროცედურის გამარტივებისათვის ვენის საერთაშორისო კონფერენციაზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 1972 წლიდან მიღებულ იქნა სინჯის დამადასტურებელი საერთაშორისო ნიშანი „სასწორი“. თეფშებს შუაში  მითითებულია  სინჯის აღმნიშვნელი ციფრი.

 

ბაზრობებზე ხშირად  ნახავთ ორდენებისა და მედლების მყიდველებს, მაგრამ საინტერესოა, თუ იცით მათი ქიმიური შემადგენლობა.

მაგალითისთვის განვიხილოთ  ლენინის ორდენის   საპასპორტო მონაცემები:

  • · ნაკეთობის საერთო წონა 33,62  გ.
  • · ოქროს მარკა ЗлСрМ 950 – 25.
  • · სუფთა ოქროს წონა 28,60 გ.
  • · ლენინის პორტრეტი, პლატინა, ჩამოსხმულია Пл 98,80  ან  99,93 გ.
  • · პლატინის წონა 2,75გ.

 

***

ოქროს ბირჟების მდგომარეობის დღევანდელი სიტუაციის გაანალიზებით    მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ;

ნუ იყიდით  სამკაულებს  შეუმოწმელად , უმჯობესია შეიძინოთ ნივთი საფირმო მაღაზიებში. თუ გინდათ, ახლობელს საჩუქარი გაუკეთოთ, უმჯობესია, აჩუქოთ ოქროს ზოდი. საქართველოში ოქროს ზოდის ყიდვა შესაძლებელია: 
 ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში (ლეონიძის ქ. ?3/5), ნებისმიერმა პირმა შეიძლება იყიდოს 2.5, 5, ან 10  გრამის წონის სტანდარტიზებული ოქროს ზოდები. აგრეთვე  კომერციული ბანკების მეშვეობით. ნებისმიერ კლიენტს შეუძლია, იყიდოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატი, რომელიც წარმოადგენს მფლობელის მოთხოვნას ეროვნული ბანკის საცავში არსებულ 20 გრამიან სტანდარტიზებული ოქროს ზოდზე.

 

დარეჯან რობაქიძე,

საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7843
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია