დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა პროგრამის განხორციელება დაიწყო
2013/03/11 12:47:56

სოფლის მეურნეობის განვითარება და მილიარდის დახარჯვა ამ სექტორში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ წინასაარჩევნო დაპირებების ასრულება და სოფლის მეურნეობის სექტორში სხვადასხვა პროგრამის განხორციელება დაიწყო.

 

სამინისტროდან გაზეთი „P.S.“-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, დაახლოებით, ერთი თვეა, დაფუძნდა „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი,“ რომლის საქმიანობაც, ძირითადად, მიმართული იქნება საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი         „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტისა“ და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ განსახორციელებლად. ფონდის მიზნები, ძირითადად, სოციალური ან კომერციულ-სოციალური პროექტების განხორციელების გზით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა.

 

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი

დღესდღეობით, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ამ სექტორში არის სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება, რომლის მიზანიცაა, დაეხმაროს გლეხებს საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელებაში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საგაზაფხულო პროგრამა ითვალისწინებს მცირემიწიანი ფერმერებისა და გლეხებისთვის ხვნისა და მიწის სხვა სამუშაოებში დახმარებას. მხოლოდ საგაზაფხულო პროგრამის ბიუჯეტი 190 მილიონი ლარია.

პროგრამის ფარგლებში, გლეხებს ასევე საშუალება მიეცემათ, შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, თესლი და სასუქი.

„ეს არის ქართული სოფლისთვის უდიდესი დახმარება, რომელიც საშუალებას მისცემს მცირემიწიან ფერმერებს, დაუბრუნდნენ მიწას, სოფელს და გაუჩნდეთ შანსი, მიიღონ დამატებითი შემოსავლები წარმოების გასაგრძელებლად,“ - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომლის ინფორმაციითაც, სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების პროცესი სხვადასხვა რეგიონში აგროვადების გათვალისწინებით  მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე მხოლოდ კომბინირებული ბარათები,  მეორე ეტაპზე კი ნომინალური ბარათები დარიგდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 11 თებერვლიდან კომბინირებული ბარათების გაცემა ქვემო ქართლის რეგიონიდან დაიწყო. დღეის მდგომარეობით, კომბინირებული ბარათები უკვე დარიგდა ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლში და იმერეთის რეგიონში (საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, ვანი, ბაღდათი, წყალტუბო, თერჯოლა, ტყიბული, სამტრედია). უახლოეს დღეებში კომბინირებული ბარათების დარიგება დაიწყება ხარაგაულის და ხონის რაიონებში, ასევე აჭარაში. საბოლოოდ,  ნომინალური ბარათები მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად დარიგდება.

 

ვინ მიიღებს ნომინალურ და ვინ - კომბინირებულ  სასოფლო-სამეურნეო ბარათს?! 

 

როგორც სამინისტროს პრეს-სამსახური აცხადებს, საგაზაფხულო პროგრამა, ჯამში, 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს დაეხმარება, ვისაც აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს. 

0.25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების მხოლოდ ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა; 

0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწათმესაკუთრეები (ეს არის ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფი), რომელთაც გააჩნიათ სახნავი ფართობები, მიიღებენ კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს  510  ლარის ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. 1 ჰა-ზე გასაცემი კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათი შედგება 2 კომპონენტისგან:

1. ნიადაგის ხვნა, ხნულის დადისკვა/გაფხვიერება;

2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი - 300 ლარის ღირებულებით.

ის ფერმერები, რომელთაც აქვთ ანალოგიური ზომის მრავალწლიანი ნარგაობა, მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის  ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით, რომლითაც შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან; 0.25 ჰა-დან 5 ჰა-მდე სახნავი ფართობის, ან მხოლოდ  მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები მიიღებენ 640 ლარის  ღირებულების მხოლოდ ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს,  რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან.

 

შეღავათიანი აგრო-კრედიტი სოფლის მეურნეობაში

 

„სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ფერმერებისათვის შეღავათიანი კრედიტების მიცემა იქნება, რომელიც ბიძგს მისცემს სექტორის განვითარებას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-ცენტრის მიერ „P.S.“-სათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შეღავათიანი  აგროკრედიტის  პროექტი  ფუნქციონირებას დაიწყებს  2013 წლის  მარტიდან. ამ პროექტის ფარგლებში შემუშავდა სამი ტიპის კრედიტი:

 

1. 6 თვიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის - 5 000 ლარამდე - უზრუნველყოფის გარეშე - საჭიროების შემთხვევაში, მცირე ფერმერები საწარმოო სეზონის დასაწყისში მიიღებენ 6 თვიან უპროცენტო სასაქონლო კრედიტს - განვადებას, რაც გულისხმობს, რომ ისინი მიიღებენ მათთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო ნედლეულს (გარდა სასუქისა) და არა თანხას; სეზონის დასრულების შემდეგ გადაიხდიან კრედიტის გაცემის მომენტისთვის დაფიქსირებულ საცალო ფასს, დამატებითი პროცენტის დარიცხვის გარეშე;

2. საშუალო და დიდი ფერმერების შეღავათიანი კრედიტით უზრუნველყოფა - 5 000-დან 100 000 ლარამდე - წლიური არაუმეტეს  7-8% - დიდი და საშუალო ფერმერების ხელშეწყობა განხორციელდება იაფი კრედიტებით უზრუნველყოფის გზით, ვისაც 2 წელზე ნაკლები ვადით, ესაჭიროება 5 000 ლარიდან 100 000 ლარამდე თანხა საბრუნავი კაპიტალისა, და რიგ შემთხვევებში ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად.

ამ ტიპის სესხებს მიიღებენ საშუალო და დიდი ფერმერები, რომლებიც არ არიან მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარები. ფერმერისთვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება 7-8%-მდე.

3. სასოფლო-სამეურნეო საწარმოების  დაფინანსება გრძელვადიანი და მოქნილი კრედიტი, არაუმეტეს 600000  აშშ  დოლარისა - საშუალოდ წლიური 3% - დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, რაც გულისხმობს მოსავლის აღების შემდგომი, ნებისმიერი სახის პროდუქციაზე დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის (სასაწყობე, დამფასოებელი, სამაცივრე მეურნეობები და გადამამუშავებელი საწარმოები), ასევე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვა) იაფი და გრძელვადიანი ფულადი რესურსით მხარდაჭერას.

 

2013 წელს ამ სქემით დაფინანსდება მინიმუმ 60-მდე საწარმო. მეწარმეთათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება, დაახლოებით, 3%.

 

სამინისტრო გლეხებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს ქმნის

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, რაიონებში  საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები იქმნება. საკონსულტაციო  ცენტრების ქსელის  ჩამოყალიბების მთავარი მიზანი სამინისტროს მიერ ქვეყანაში მასშტაბური პროგრამების თაობაზე რაიონებში მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება და ადგილზე ამ პროგრამების ეფექტურად განხორციელებაა.

როგორც სამინისტროში ამბობენ, ამ ეტაპზე მათი მთავარი მოვალეობა - სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების წარმატებულად განხორციელება იქნება. რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების შექმნა 20 მარტს დასრულდება. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, მთელი საქართველოს მასშტაბით, 59 მუნიციპალიტეტში იქმნება, სადაც  250 კვალიფიციური  სპეციალისტი დასაქმდება.

საქართველოს ყველა რაიონში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების შექმნით, გლეხებსა და ფერმერებებს  საშუალება  მიეცემათ, ადგილზე  მიიღონ  კვალიფიციური,  უფასო კონსულტაცია. ასევე, რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები გლეხებისა და ფერმერების საქმიანობისა და საჭიროებების შესწავლის საფუძველზე,  სასოფლო-სამეურნეო პრიორიტეტის მიხედვით, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს კონკრეტული რაიონისთვის. თითოეულ მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში არანაკლებ 5-6 ადამიანი დასაქმდება.

ნატო გუბელაძე

პაატა ცნობილაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1631
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია