დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონსტიტუციური შეტევა პრეზიდენტის „განსაიარაღებლად“
2013/02/25 12:45:58

პრეზიდენტის ხელში არსებული დესტაბილიზაციის იარაღი - ასე უწოდებს „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებას, სახლში  გაუშვას პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა, დაითხოვოს  პარლამენტი და ერთპიროვნულად დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და  მინისტრთა კაბინეტი. ამ დესტაბილიზაციის იარაღის განეიტრალების ეგიდით დაწყებულმა პროცესებმა კი, შესაძლოა, დროზე ადრე აამოქმედოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია.„რაც შეეხება ჩვენი საკონსტიტუციო ინიციატივის მთავარ ამოცანას, იგი მიღწეულია - პრეზიდენტის ხელში არსებული დესტაბილიზაციის იარაღი მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა და საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ქართველ ხალხს არ მოუხდება მისი განიარაღება,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა.

„კოალიციას ჰქონდა შიში, რომ პრეზიდენტმა შეიძლება, გამოიყენოს კონსტიტუციის მე-80 და 81-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილება, რომლის თანახმად მას მთავრობის და პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს, ანუ მას შეუძლია, კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყოს. მე არ მიმაჩნია, რომ ეს გამართლებული შიში იყო, რადგან არც პრეზიდენტის და არც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში არ შედის, ეს მათთვის პოლიტიკური ხარაკირი იქნება. ამ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვების შანსი ამ ეტაპზე არ აქვს,“ - ამბობს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ  დემეტრაშვილი საინფორმაციო სააგენტო „პირWელ“-თან საუბარში.

მიხეილ სააკაშვილი კი საჯაროდ ამტკიცებს, რომ ხელისუფლების შიში უსაფუძვლოა და ის ბიძინა ივანიშვილის მთავრობის დათხოვნას არ გეგმავს, ამიტომ ასეთი ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობს.

„მე თავიდანვე განვაცხადე და ახლაც ვადასტურებ, რომ მე, როგორც პრეზიდენტს, ამ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით მთავრობის დათხოვნის არანაირი გეგმა არ გვქონია.

ამ კონსტიტუციით აირჩა ეს უმრავლესობა და მაშინ მათ ერთხელაც არ გაუპროტესტებიათ ეს კონსტიტუცია. ამ უფლების გამოყენების არავითარი სურვილი არ მაქვს, რადგან ქართველმა ხალხმა ოქტომბრის არჩევნებზე უმრავლესობით მართვის მანდატი მათ მისცა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც ხაზგასმით მიუთითა „ქართულ ოცნებას“, რომ ქართველ ხალხს არჩევნებზე მათთვის კონსტიტუციური უმრავლესობა არ მიუცია.

მაინც რამდენად დაასუსტებს სააკაშვილის უფლებამოსილებას კონსტიტუციის ის ახალი რედაქცია, რომელიც ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე საუბარი დაიწყო მისი დებულებების მანამდე ამოქმედებაზე.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელიც იმ საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა, რომელმაც 2010 წელს ახალი რედაქცია შეიმუშავა, ამბობს, რომ კონსტიტუციის იმ რედაქციის თანახმად პრეზიდენტის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად იკვეცება, თუმცა ეს არ ნიშნავს გადასვლას საპრემიერო რესპუბლიკაზე. დემეტრაშვილის აზრით, ამ შემთხვევაში სახეზე იქნება შერეული მმართველობა.

დემეტრაშვილის თქმით, ჯერ არამოქმედებულ კონსტიტუციაში არის 24 ცვლილება, რომელიც პოლიტიკურ ძალთა ბალანსს ცვლის. კერძოდ, მნიშვნელოვნად მცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილებები მთავრობის გაძლიერების ხარჯზე.

ახალი რედაქციით, პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება, დაითხოვოს მთავრობა და, მათ შორის, ძალოვანი მინისტრები. ასევე მას ჩამოერთმევა უფლება, გააუქმოს მთავრობის გადაწყვეტილებები.

გარდა ამისა, პრეზიდენტი კარგავს კანონპოექტების წარდგენის უფლებას. ამასთან, უფრო მარტივი ხდება პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა - თუ დღეს ვეტოს დასაძლევად საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების ხმების 3/5 ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, ახალი კონსტიტუციით, პარლამენტისთვის პრეზიდენტის ხისტი ვეტოს დასაძლევად უბრალო უმრავლესობაც საკმარისი იქნება.

ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტს რეფერენდუმის დანიშვნის უფლებასაც ართმევს, თუმცა მას პლებისციტის ჩატარების უფლება უნარჩუნდება.

ამასთან, ახალ კონსტიტუციით შემოდის კონტრასიგნაციის ცნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პრეზიდენტს რაიმე საკანონმდებლო აქტის გამოცემა უნდა, თანხმობა მას პრემიერმა უნდა მისცეს.

მიუხედავად პრეზიდენტის უფლებამოსილების მნიშვნელოვნად შეკვეცისა, ახალი კონსტიტუცია მას მთავრობის დათხოვნის უფლებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში უნარჩუნებს: თუ პრეზიდენტი ხედავს, რომ პარლამენტი ქმედითუუნაროა, შექმნას უმრავლესობა და ამის გამო ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, პრეზიდენტს შეუძლია დაითხოვოს               „იმპოტენტი პარლამენტი“ და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. დემეტრაშვილი განმარტავს, რომ ასეთი რამ მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში ბევრი სხვადასხვა პოლიტიკური ძალა შევა და ისინი ერთმანეთში ვერ თანხმდებიან.

კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ ახალი კონსტიტუციით ქვეყნის პირველ პირად მაინც პრეზიდენტი რჩება, რადგან ხელისუფლების შტოებს შორის არბიტრის ფუნქცია სწორედ მას ეკისრება და ამავე დროს, უნარჩუნდება ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის ფუნქცია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1803
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია