დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დათო ტურაშვილი: „მივუსაჯეთ და „უნდა მოიხადონ“ ქუთაისში!“
2012/11/12 13:37:49

„ფეისბუქზე“ არაერთგის გააზიარეს დათო ტურაშვილის გამოსვლა „შუა დღის შოუში“, სადაც მწერალი ახალ წიგნებს და სხვადასხვა ლიტერატურულ პროცესებს მიმოიხილავს. მწერალმა ერთ-ერთი გადაცემისას განსახილველად მოიტანა ავთანდილ ნიკოლეიშვილის წიგნები და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდა, გაიცნონ ქალაქი, რომელშიც უნდა იმუშაონ. 

მწერალი იზიარებს საქართველოს დეცენტრალიზაციის იდეას და თვლის, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნისთვის!
გთვაზობთ გადაცემის ამ ნაწილის ჩანაწერს.

დათო ტურაშვილი: არ შემეძლო, თან არ წამომეღო საინტერესო ავტორის, პოეტის, მეცნიერის, პუბლიცისტის, ბატონ ავთანდილ ნიკოლეიშვილის წიგნები. ვინც ლიტერატურას სწავლობს, მას ეს სახელი კარგად მოეხსენება. ისაა ავტორი ქრესტომატიული წიგნების, გახლავთ ქუთაისელი. ესაა წიგნები, რომლებიც აუცილებლად გამოადგებათ ჩვენს ახალ პარლამენტარებს. ქუთაისი ჩვენთვისაა ძალიან უცნობი ქალაქი. იმის გამო, რომ საუკუნის  დასაწყისში ქუთაისიდან მოხდა ძალიან დიდი მიგრაცია, ამისათვის მადლობა უნდა ვუთხრათ ქუთაისელებს,  რომლებმაც კულტურის ცენტრი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანეს. სამაგიეროდ, თავად ქუთაისი დაზარალდა. მერე კომუნისტების პერიოდში ცდილობდნენ, რომ  ინდუსტრიულ ცენტრად ექციათ, მაგრამ შედეგად დაგვრჩა საბჭოური არქიტექტურა, რომელიც იქ არსებობს.

დიმიტრი ობოლაძე: მაშ, გაჩნდა სიმღერა - „ქუთაისი ქალაქია ინდუსტრიის მშენებელიიი“..

დათო ტურაშვილი: ჰოდა, ქუთაისისგან რომ ინდუსტრიის მშენებელი არ გამოვიდოდა, ხომ იცოდნენ? ჰოდა, ძალიან მიხარია, რომ ქუთაისი იბრუნებს თავის ძველ დიდებას.  ანტიკური წყაროები, პროკოფი კესარიელი და სხვები წერენ მასზე, ესაა ქალაქი, სადაც არგონავტები ჩავიდნენ. ზუსტად ეს ქალაქი იყო და ამიტომ ძალიან მიკვირს, რა უნდოდა მედეას ძეგლს ბათუმში. ბათუმში პორტია და ისედაც განვითარდება. ასეთი ბრენდი გაქვს და განვითარება უნდა:  დადგი მედეას ძეგლი ქუთაისში! ახლა პარლამენტი იქ  არის, ბევრი უცხოელი ჩამოვა. რომ იკითხავენ, რა ქალაქიაო, - ესაა მედეა-კოლხის ქალაქი, მამამისი აქ ცხოვრობდა, რეზიდენცია აქ ჰქონდა. ბათუმში რა უნდოდა მედეა-კოლხის ძეგლს?

დიმიტრი ობოლაძე: გადატანას რა უნდა, რო?:))

დათო ტურაშვილი: ერთი მიწოლა უნდა! (ღიმილით). აი, აქაა წიგნები, რომელთა შემოქმედება საერთოდ უცნობია. აი, მაგალითად,  დავით წერეთელი. ვინმემ იცის, ვინაა დავით წერეთელი? აკაკი წერეთლის უფროსი ძმა, უტკბილესი კაცი, თავის დროზე კარგი მწერალი, კარგი პუბლიცისტი, აჭარა რომ დედასამშობლოს დაუბრუნდა, ყველაფერი დატოვა და აჭარაში წავიდა სამოღვაწეოდ. მადლობა ბატონ ავთანდილს, რომ ასეთი კაცი არ დაგვიკარგა.  კიდევ ერთი  კრებული, რომელიც მარტო პარლამენტარებს კი არა, იმ ხალხსაც გამოადგება, ვინც პარლამენტარებს თან გადაჰყვა სამუშაოდ ქუთაისში. მე პარლამენტის შენობა ძალიან მომწონს, ეკზიუპერის სპილოს მაგონებს და ყველაფერი მომწონს, რაც ლიტერატურას მაგონებს. პარლამენტიდან რომ გამოხვალ, ირგვლივ სულ საშინელი საბჭოური არქიტექტურაა. აი, ესაა პაოლო იაშვილის მოგონებები, თუ რა ქალაქი იყო ქუთაისი თუნდაც 100 წლის წინათ. ეს იყო მაგარი, საოცარი ქალაქი.

ბაია დვალიშვილი: მე რეზო გაბრიაძემ შემაყვარა ქუთაისი...

დათო ტურაშვილი: აი, რეზო გაბრიაძის ქუთაისი! ოღონდ, ესაა ქუთაისის ბოლო კუდი. საქართველოს  კულტურის  ცენტრიო... კი არა, სამყაროს ცენტრი იყო ქუთაისი... ლიტერატურის თვალსაზრისით, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში.   ბუნებრივია,   ეს   დაიწყო  აკაკის  დროს,  მაგრამ  მერე   ცისფერყანწელებმა იმდენად მოახდინეს მთელი ლიტერატურული ენერგიის კონცენტრირება, რომ  ქუთაისი იყო კულტურული დედაქალაქი. შემდეგ ცისფერყანწელები გადმოვიდნენ თბილისში და ამით, ცხადია, დაზარალდა ქუთაისი. 

ბაია დვალიშვილი: თეატრი, ჩემო ბატონო?

დათო ტურაშვილი: თეატრი... როცა აქედან წავიდა ლადო მესხიშვილი, ქუთაისში და ბათუმში საოცარი თეატრი შექმნა.  მანამდე კიდევ იყო  კოტე მარჯანიშვილი...

დღეს ეს პარლამენტარები გამოვლენ პარლამენტის შენობიდან და ფიქრობენ: „რაა ეს? სად გადმოგვაგზავნესო? „მე ვთხოვდი ამ  პარლამენტარებს, მივიდნენ ქალაქის ცენტრში, კლასიკური გიმნაზია სადაცაა, შესასვლელში ორი დაფაა: აქეთ „ბარსაა“, აქეთ - „რეალ მადრიდი“. სუნთქვა შეგეკვრება, ისეთი ხალხი სწავლობდა. ვისაც შეუქმნია ქართული ლიტერატურა, ქართული მეცნიერება, ქართული კულტურა, ყველას აქვს ეს სკოლა დამთავრებული. საოცრებაა, იმ სიას რომ წაიკითხავ, თვალებს არ დაუჯერებ! წარმოუდგენელი ამბავია, რომ ერთ სკოლაში, თითქმის ერთ დროს, ამდენი სახელოვანი  ადამიანი სწავლობდა.         

დიმიტრი ობოლაძე: აი, კაფეები რომ გააკეთონ - აქ ცხოვრობდა..

დათო ტურაშვილი: თეთრ ხიდთან გააკეთეს „ცისფერყანწელების“ კაფე, მაგრამ პროცესი უნდა დაიწყოს და ყველაფერი გაკეთდება.  დეცენტრალიზაცია თუ არ დავიწყეთ, რომ ეს საბჭოური თავკომბალა დასრულდეს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ დარწმუნებულია, რომ  ბრიტანეთის დედაქალაქში კი არ ცხოვრობს, არამედ - სამყაროს დედაქალაქში ცხოვრობს. ეს ჩვენ გვგონია, რომ რახან დედაქალაქია, მაინც თბილისში უნდა იცხოვრონ. ეს დეცენტრალიზაციის პროცესი დაიწყო და რატომ უნდა დააბრუნონ? თუ იმიტომ უნდათ კონსტიტუციური უმრავლესობა, რომ  უკან დაბრუნდნენ, საშინელება იქნება.

მოვისმინე ვახტანგ ხმალაძის კომენტარი. ის საპატივცემულო, მშრომელი, გამრჯე და პატიოსანი ადამიანია. მან თქვა, პარლამენტი იმიტომ უნდა გადმოვიტანოთ თბილისში, რომ მთავრობა და პარლამენტი (აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება) სხვადასხვა ქალაქში ვერ იმუშავებსო. შე დალოცვილო, რაღა პარლამენტი უნდა გადმოვიტანოთ უკან, - ამხელა შენობა ავაშენეთ! - ეს მთავრობაც ქუთაისში გადავიტანოთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ დეცენტრალიზაციისკენ.

მე მიხარია, რომ ამ პარლამენტშიც მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც საბჭოურად არ აზროვნებენ. ბევრი საეჭვოც აღმოჩნდა. ვინც არასაბჭოურად აზროვნებს და იცის, რასაც ნიშნავს დეცენტრალიზაციის პროცესები, ალბათ, არ დაუჭერენ მხარს უკან დაბრუნებას. კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ პარლამენტი არის ქუთაისში და ამ 150 კაცს ქართველმა ხალხმა მიუსაჯა ქუთაისში მოღვაწეობა. ჩვენ რომ ესენი ავირჩიეთ, კონსტიტუციაში ასე გვეწერა და ჩვენ მაგათ მივუსაჯეთ. და რომ ჰგონიათ, პირადი პრივილეგიებისათვის და ცხოვრების მოსაწყობად მოდიან, დავამთავრეთ! მივუსაჯეთ და „უნდა მოიხადონ“ ქუთაისში! 4 წელიწადს „მოიხდიან“ და მერე გადავწყვეტთ, შემდეგ „ვადას“ ვის მივუსჯით. ეს საკამათო არ არის.

დიმიტრი ობოლაძე: ჰო, მაგრამ მაგაზე ერთი ამბავი იქნება, ალბათ...

დათო ტურაშვილი: გავიგე, დიმა, მაგრამ ჩვენ უნდა დავამთავროთ ეგ ამბავი, რომ ხელისუფლება ერთპიროვნულად წყვეტდა, რა უნდა გაეკეთებინა და როგორ. საზოგადოებასაც უნდა ჰკითხონ. ძალიან მომეწონა, რომ ქუთაისში პირველი დღე იყო და პირველივე დღეს დახვდნენ და გააპროტესტეს. ძალიან კარგი, დროზე უნდა გავაპროტესტოთ, თორემ ახლა ხომ უკვე გვიანაა, ამდენი ხალხი რომაა ნაწამები და დახოცილი? მე არა მაქვს იმის ილუზია, რომ ცვლილებები მარტო ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, ჩვენზეცაა დამოკიდებული, ხალხზე. იქ, პარლამენტშიც, უცნაური ხალხიც მოხვდა, ზოგიერთებს არ დავასახელებ, 2000 წელს მილიონ სამუშაო ადგილს რომ გვპირდებოდნენ. ჩემი სიდედრი სულ მეუბნებიდა, როდის დაიწყებ, დათოო, მუშაობას? მე კი ვეუბნებოდი: აი, 2000 წელს დაველოდოთ, მილიონ სამუშაო ადგილში ერთი ჩემი როგორ არ იქნება-მეთქი. იმის მერე ამდენი ტყუილი აქვთ ნათქვამი და ახლა კიდევ მოხვდნენ პარლამენტში. ანუ - თუ კიდევ ვინმეს მაინც შეეშინდება ქუთაისის საბჭოური არქიტექტურის, ბატონი ავთანდილის კიდევ ერთ წიგნს შევთავაზებ: „ევროპელი ავტორები ქუთაისის შესახებ.“

ესაა მისიონერებისა და ელჩების წერილები და მოგონებები ქუთაისზე - როგორი იყო ქუთაისი შუა საუკუნეებში. მოგეხსენებათ, მისიონერები ინფორმაციას იღებდნენ რელაციონერებისგან იმ ქვეყნების შესახებ, სადაც მოღვაწეობა უხდებოდათ. და არა მარტო მისიონერების, - ელჩების მოგონებები, გამბას, არტურ ლაისტის, დიუმას... სულ 20-მდე ავტორის მოგონებები. პარლამენტის შესასვლელში  გააკეთონ ერთი წიგნების მაღაზია და აიღონ ეს წიგნები და გაიგონ ამ დეპუტატებმა, რა ქალაქში მოხვდნენ.

დიმიტრი ობოლაძე: არც ერთი დეპუტატი წიგნის გარეშე!

დათო ტურაშვილი: მართლა, ხუმრობა იქით იყოს და, ბატონ დავითს ვულოცავ პარლამენტის თავმჯდომარეობას და  არ მაქვს საშუალება, თორემ ვაჩუქებდი ამ წიგნებს.

 

მოამზადა ელისო გოლეთიანმა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1680
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია